დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ტრეფიკინგი თუ უფლებებში გაურკვეველი ქართველი ძიძები გერმანულ ოჯახებში
ტრეფიკინგი თუ უფლებებში გაურკვეველი ქართველი ძიძები გერმანულ ოჯახებში
ავტორი: თამარ გოგიჩაიშვილი
სულ ნანახია 1585
ავტორი:
თამარ გოგიჩაიშვილი
მსგავსი სიახლეები

ტრეფიკინგისათვის სახელმწიფო საზღვრები არ არსებობს. ეს არის დანაშაული, რომელსაც საერთაშორისო ხასიათი აქვს, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში მისი აღქმა ვიწრო ჭრილში ხდება - არ არის აუცილებელი, ვინმემ მაინცდამაინც პასპორტი და პირადი ნივთები წაგართვას და სადმე, ბნელ ოთახში გამოგკეტოს იმისათვის, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლად ჩაითვალო. დამნაშავეები სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ, რომ მსხვერპლი აკონტროლონ.

ტრენინგებზე ასწავლიან, რომ ტრეფიკინგის მიზანი ადამიანის ექსპლუატაციაა, რომლის ნიშნებში შედის არამარტო ადამიანის სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება (რატომღაც, უპირველესად ტრეფიკინგს სწორედ ამასთან აიგივებენ), არამედ პირის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვა, ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის პირობებში ჩაყენება. ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც ავსტრია და გერმანიაა, სადაც ტრეფიკინგის მინიმალური მაჩვენებელია, არაინფორმირებულობის გამო, ქართველ თუ არაქართველ ახალგაზრდებს (27 წლამდე) უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ წელიწადის ან თვეების გატარება.

 

ვინც იცის, ან არ იცის, რას ნიშნავს, განვუმარტავთ, რომ ოპერობა ესაა პროგრამა ევროპის ქვეყნებს შორის. ძიძად ყოფნის შესაძლებლობა ეძლევათ 18-27 წლამდე ასაკის გოგო-ბიჭებს და მისი მიზანია, სხვა ქვეყნის კულტურისა და ენის გაცნობა. მოვალეობები: ბავშვის მოვლა (უმეტეს შემთხვევაში), შეთანხმებისამებრ, მარტივ საოჯახო საქმეებში დახმარება, ასევე, იშვიათ შემთხვევაში - ბაღის მოვლა, სადილის მომზადება, დაუთოება.

ოპერმა კვირაში უნდა იმუშაოს არაუმეტეს 30 საათისა, შაბათ-კვირა თავისუფალია. მას ევალება ენის კურსებზე სიარული, რაშიც მასპინძელი ოჯახი ხელს უწყობს, შეთანხმებისამებრ უხდის დაზღვევისა და სამგზავრო ბილეთის თანხას. ძიძის ხელფასია გერმანიაში - 260 ევრო, ავსტრიაში - 300.

წასვლის გზები: ინტერნეტსაიტები (მასპინძელი ოჯახების ან სააგენტოების) და გერმანული ენის ქართველი პედაგოგი, რომელიც ამზადებს საბუთს, ერთგვარად შუამავლობს ძიძასა და ოჯახს შორის.

აუცილებელია გერმანული ენის ა1-ის დონეზე ცოდნა.

ვინაიდან გერმანიაში ოპერ გოგონად პირადად მეც ვიმყოფებოდი, შეხება მქონდა ახალგაზრდა ძიძებთან და შესაბამისად, ისტორიებიც ძალიან ბევრი დამიგროვდა. 

ლია, 10 წელია ბერლინში (გერმანია) ცხოვრობს: „მეგონა, არაჩვეულებრივ ოჯახში მოვხვდი. ვიცოდი, რომ ბავშვებისთვის უნდა მიმეხედა, მაგრამ ცხოველების მოვლაც დამეკისრა. რომლებიც ხელშეკრულებით არც კი მეკუთვნოდა. თავიდან ყველაფერს ინტერესით ვაკეთებდი, მაგრამ  ძალიან ალერგიული გავხდი. ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო. მშობლებს ვერ ვუკავშირდებოდი, სანამ ტელეფონს ვიყიდიდი, მასპინძლები მერეც მეუბნებოდნენ, რა ამბავია ამდენი რეკვაო. 6 თვის შემდეგ, როცა ხმის ამოღება დავიწყე, შევჩივლე, რომ ზედმეტ საათებს ვმუშაობდი. არ ელოდნენ, თან არ უნდოდათ ჩემი გაშვება.

ამ ხნის განმავლობაში არც ვიცოდი, ვისთვის რა უნდა მეკითხა, მერე ენის კურსებზე მითხრეს სააგენტოს მისამართი და წავედი. გამოვიცვალე ოჯახი და მაშინ ვიგრძენი შვება. 5 წლის თავზე გადავწყვიტე ფიქტიური ქორწინების გაფორმება. დავუმეგობრდი სომხებს, რომლებმაც მომიძებნეს ერთი კაცი, გადავედით დანიაში, ჩემთვის უცხო ხალხთან ერთად. ფული გულში მქონდა ჩაკრული, ჩამალული, წინასწარ 3000 უნდა მიმეცა. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან დიდ საფრთხეში ვიმყოფებოდი. ხომ შეიძლებოდა ტრეფიკინგის მსხვერპლი გავმხდარიყავი?! თან არავინ მახლდა, არავის ეცალა. ვერც ვერავინ მომაგნებდა, მაგრამ გამიმართლა. ახლა პასპორტისთვის ვიბრძვი. საქართველოში რომც მომინდეს წამოსვლა, ამ ყველაფერს წყალში ვერ ჩავყრი. არ ვიცი, რად მიღირდა ეს ყველაფერი!“

თინა, 4 წელია ვენაში (ავსტრია) ცხოვრობს: „მე ოჯახმა პასპორტი საერთოდ ჩამომართვა. ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ ხარ და უნდა ვიცოდეთ, სად წახვალო. ენა სკოლაში ნასწავლი მქონდა, თან - გადავემზადე და ამიტომ კომუნიკაცია არ გამჭირვებია. საქართველოდან გერმანულის მასწავლებელმა გამიშვა. ყოველ შაბათს მამუშავებდნენ და თავდაპირველი 30 სამუშაო საათი 60-ზე ავიდა. გერმანულის მასწავლებელს ვერ ვუკავშირდებოდი, უამრავი მაილი მივწერე ინტერნეტკაფედან. ოჯახის წევრებს ერთმანეთთან დაძაბულობა ჰქონდათ. ერთ დღეს დამიძახეს და მითხრეს - ბარგი ჩაალაგე, აეროპორტში მიდიხარო. ჩავალაგე, რა უნდა მექნა: მიმიყვანეს აეროპორტში, ჩამაბარეს და გამომიშვეს.“

კიდევ რამდენიმე რესპოდენტს გაცილებით რთული თავგადასავალი ჰქონდა, მაგრამ მათ არ ისურვეს ამის გახმაურება. არადა, მსმენია, რომ მასპინძელი მამაკაცის ხისტი „ალერსის“ მსხვერპლნი გახდნენ, თუმცა, ოღონდ საქართველოში არ დაბრუნებულიყვნენ და მორჩილად იტანდნენ „მოფერებას“.

27 ახალგაზრდიდან მხოლოდ 3-ს  ჰქონდა „ზღაპრული ოპერობა“ (ისინი დღემდე იმ ოჯახებში ცხოვრობენ, მიუხედავად ვადის ამოწურვისა), 16-მა რთულ პირობებში მყოფმა ძიძამ ძლიერი ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო. მიუხედავად ამისა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყველა ის მძიმე სიტუაცია, როგორშიც ჩვენი ემიგრანტები ხვდებიან საზღვარგარეთ და რომლის მოსმენაც კი ძალიან ძნელია, არათუ გაძლება, ტრეფიკინგად ვერ ჩაითვლება და საზოგადოებაში ამის თაობაზე მცდარი წარმოდგენა აქვთ ხოლმე.

 

ტრეფიკინგი თუ მძიმე შრომითი პირობების ისტორიები?!

მაინც რა არის ტრეფიკინგი?! როგორც იურისტი პაატა ცნობილაძე ამბობს, ხშირად ხდება, რომ სხვა სახის სამართალდარღვევებს ტრეფიკინგთან აიგივებენ. თუნდაც ის დამცირება, შიმშილი ან უხეში მოპყრობა საზღვარგარეთ არ ნიშნავს, რომ ეს ყველა შემთხვევა ტრეფიკინგია. ტრეფიკინგი უფრო მეტად ორგანიზებული დანაშაულია, ვიდრე ერთი ოჯახის მხრიდან გაუსაძლისი პირობების შექმნა.

„ტრეფიკინგის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია რამდენიმე ელემენტი ერთობლივად არსებობდეს. კერძოდ, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ ჩადენილი ქმედებები, არამედ ქმედების მიზანი - ადამიანის ექსპლუატაცია. თუ რა ითვლება ექსპლუატაციად, კანონი ამასაც განსაზღვრავს. ეს არის იძულება, დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩაბმა, ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის ამოღება. ასევე, ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება“ - აცხადებს იურისტი და დასძენს, რომ არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად, კანონი კიდევ უფრო აკონკრეტებს, თუ რა არის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება. კერძოდ, ეს არის ისეთი მდგომარეობის შექმნა, სადაც პირი სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშაოს ან ეწევა მომსახურებას ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, თუმცა აქ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი, რაც დამახასიათებელია ტრეფიკინგისთვის - პირს არ შეუძლია ამ მდგომარეობის შეცვლა დამნაშავეზე დამოკიდებულების გამო.

„შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ტერმინი - პირზე დამოკიდებულება - ბუნდოვანია, თუმცა, ზუსტად იმის გამო, რომ პრაქტიკაში არ ყოფილიყო ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი, კანონმდებელმა ისიც დააკონკრეტა, თუ რა არის პირზე დამოკიდებულების პირობები - მსხვერპლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის კონტროლი, თავისუფლების შეზღუდვა ნებისმიერი სახით, თუნდაც მეთვალყურის მიჩენით და მსხვერპლის თავისუფალი გადაადგილების კონტროლით. ასევე, ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის კონტროლი ნებისმიერი სახით ან პირისათვის იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნა“ - განმარტავს იურისტი პაატა ცნობილაძე.

მისივე თქმით, ვინაიდან ტრეფიკინგის დანაშაული საკმაოდ ბევრ ელემენტს მოიცავს, ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების უფლება აქვს მხოლოდ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს, რომელიც შეიქმნა 2006 წელს და მას ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო. როდესაც საბჭო კონკრეტული პირის საქმეს განიხილავს და მიანიჭებს მას მსხვერპლის სტატუსს, ამ უკანასკნელს უფლება აქვს ისარგებლოს სპეციალური სახელმწიფო ფონდის მომსახურებით - მათ შორის, თავშესაფარი იქნება ეს, ფსიქოლოგთან რეაბილიტაცია თუ ერთჯერადი კომპენსაცია.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენა არ ისჯება. კანონი დანაშაულად აცხადებს ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობასაც, როდესაც პირმა იცის ამის შესახებ. თუმცა, კანონი ერთ დათქმასაც აკეთებს - თუკი ასეთი პირი გამოძიების დაწყებამდე შესაბამის ორგანოებს მიაწვდის ინფორმაციას და ხელს შეუწყობს გამოძიების წარმართვას, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. იურისტის თქმით, ამ დათქმის მიზანია, ხელი შეუწყოს ტრეფიკინგის დანაშაულების გახსნას და ტრეფიკინგთან ბრძოლას.

დასასრულს მინდა ვთქვა, რომ ჩემი ოპერობის დროს ნაკლებად  ვიცნობდი ანტიტრეფიკინგულ ბუკლეტებსა და კანონებს, ახლა კი, როცა მათ საკმარისად გადავხედე, გადავწყვიტე, ლიას, თინას, თამთას, თეას და საზღვარგარეთ დარჩენილ ყველა მეგობარს მოკლედ ვუთხრა:

 

გახსოვდეთ, კანონგარეშეა:

 

ადამიანისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც ის ანაზღაურებით  არაადეკვატური ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშაოს ან ეწევა მომსახურებას და მას არ  შეუძლია ამ გარემოების შეცვლა, სხვა პირზე დამოკიდებულების გამო.

პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევა, კონტროლი, დაზიანება, განადგურება.

თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და კონტროლი

ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მიმოწერის და სატელეფონო კონტაქტის შეზღუდვა ან კონტროლი.

პირისათვის იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნა.

 

 

ეს რჩევები მეც ტრეფიკინგის პრევენციის პროექტიდან შევიტყვე, რომელსაც საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს გრანტის ფარგლებში და რომლის ადმინისტრირებასაც „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახდენს. ვფიქრობ, რომ ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და თითოეულ ადამიანამდე მიტანა ძალიან მნიშვნელოვანია.

 სწორედ ამავე პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრებიდან ჩემთვის ცნობილი გახდა იმ ცხელი ხაზების არსებობაც, სადაც ტრეფიკინგის სართხის არსებობისას შესაძლებელია დარეკვა, რომ დაგეხმარონ. აქაც აუცილებლად გაგიზიარებთ ამ ცხელი ხაზის ნომრებს:

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელი ხაზი (+995 32) 2 100229;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ცხელი ხაზი                                              (+995 32) 2411716

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია