დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვინ და რატომ გაათავისუფლა „ნაციონალი“ „ქუთსერვისჯგუფის“ დირექტორი?
ვინ და რატომ გაათავისუფლა „ნაციონალი“ „ქუთსერვისჯგუფის“ დირექტორი?
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 1976
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის მერიასთან არსებული დასუფთავების კომპანია „ქუთსერვისჯგუფის“ ყოფილი დირექტორი ლაშა დვალიშვილი, თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძეს ადანაშაულებს. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იგი დაკავებული პოსტიდან გაუშვეს, პოლიტიკურად განსხვავებული ორიენტაციაა.

ლაშა დვალიშვილი მერიის კუთვნილი კომპანიის დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებდა. იგი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. დვალიშვილი ჰყვება, რომ, დაახლოებით, სამი თვის მანძილზე კომპანიაში შესაბამისმა სამსახურმა შემოწმება დაიწყო. ამის პარალელურად, იგი მერის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა და პოსტის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამის შემდეგ კი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დვალიშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს.

„სამი თვე ამოწმებდნენ კომპანიას, შექმნეს ფოტოკოლაჟი და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გამათავისუფლეს პოსტიდან. მითხრეს, რომ სანაგვე ურნები მანამდე უნდა გაგვეცალა, ვიდრე გაივსებოდა, რაც ცხადია, მოგონილი მიზეზია. ერთადერთი რეალური მიზეზი, რის გამოც გამიშვეს, არის ის, რომ  ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. კოტე ლომიძემ ისიც კი მითხრა,„პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის პარტიული ლიდერის გოჩა თევდორაძის დავალებაა ასეთიო,“ - ამბობს ლაშა დვალიშვილი.

შპს „ქუთსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტიდან გაშვების ფაქტს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციაში. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი თევდორაძემ, ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე ისაუბრა და უწყებათაშორის კომისიას წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ მსგავს ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

ვინ და რატომ გაათავისუფლა ლაშა დვალიშვილი დაკავებული პოსტიდან? ამაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში პასუხი არ აქვთ. ბრალდების მთავარი ადრესატი კოტე ლომიძე ამბობს, რომ დვალიშვილის გათავისუფლების მომენტში, 4 ოქტომბერს, იგი მერის მოვალეობას არ ასრულებდა.

„მე მაშინ ვიცე-მერი ვიყავი, მერის მოვალეობას კი თენგიზ თოფურიძე ასრულებდა, შესაბამისად, ჩემი მისამართით დვალიშვილის ბრალდება უსაფუძვლოა. გარდა ამისა, პოლიტიკურ ზეწოლას ნებისმიერ შემთხვევაში გამოვრიცხავ, რადგან მერიის თანამშრომელთა 60%  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და ისინი დღემდე მუშაობენ ჩვენთან,“ - განაცხადა კოტე ლომიძემ.

დვალიშვილის გათავისუფლებაზე საუბარი არ სურს ვიცე-მერს თენგიზ თოფურიძეს. თოფურიძემ მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან კატეგორიული უარი განაცხადა.

„ეს არის ჩემი კონსტიტუციური უფლება, არ გავაკეთო კომენტარი.“ - მედიისთვის გაკეთებული ეს განცხადება თოფურიძის მისაღებში გააჟღერეს.

შპს „ქუთსერვისგჯუფი“ ქუთაისის მერიაში 2011 წელს შეიქმნა. მას ქალაქის 87 ქუჩის დასუფთავებაზე აქვს აღებული პასუხისგებლობა.

ლაშა დვალიშვილი უკვე ჩაანაცვლა მისმა მოადგილემ. კომპანიის ახალი უფროსი, ქუთაისის მერიის საფინანასო სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ცაგარეიშვილი გახდა. იგი „ქუთსერვისჯგუფის“ დირექტორად მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია