დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ხინთიბიძე: „პრობლემის ძირითადი არსი სამოქალაქო განათლების დაბალ ხარისხში მდგომარეობს“
ლევან ხინთიბიძე: „პრობლემის ძირითადი არსი სამოქალაქო განათლების დაბალ ხარისხში მდგომარეობს“
სულ ნანახია 1678
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

რატომ არ არიან აქტიურები ახალგაზრდები პოლიტიკაში და რატომ  ჩნდებიან ისინი აქტიურად მხოლოდ  საარჩევნო პერიოდში - ამ და სხვა საკითხებზე ჩვენს კითხვებს „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ხინთიბიძე უპასუხებს.

 

- ბატონო ლევან, თქვენი ინფორმაციით, რამდენად არიან პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ახალგაზრდები და თუ ისინი არ არიან აქტიურად ჩართულები, რა არის ამის მიზეზი?

 

- თუ ამ საკითხს საერთო ეროვნული მასშტაბით შევხედავთ, ახალგაზრდების აქტიურობა პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო ინერტულია, ვიდრე - მეტად აქტიური, თუმცაღა, საერთო სტატისტიკური მაჩვენებელი ამ თვალსაზრისით თითქმის არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ კვლევებს, რომლებიც მხოლოდ განსაზღვრული თემის ირგვლივ  ზომავს ახალგაზრდების აქტიურობის დონეს. ბუნებრივია, ამ არეალში არ მოიაზრება სტუდენტური ახალგაზრდობა, რომლებიც ყოველთვის დგას ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების ავანგარდში და ეს უდაოდ მისასალმებელია. ოღონდ მსგავსი აქტიურობა მეტ-ნაკლებად იგრძნობა მხოლოდ დიდ ქალაქებში (განსაკუთრებით დედაქალაქში), ხოლო რეგიონების ახალგაზრდობა ამ მიმართულებით უფრო ინდიფერენტულია.

 

პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურობა არ ნიშნავს მხოლოდ  ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციას. შესაძლოა, ხელისუფლება არ იყოს ყველას ცხოვრების ასპარეზი და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ხელისუფლების (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი) მიერ პოლიტიკის ჩამოყალიბების, პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებისა და მმართველობითი ფორმის შერჩევის საკითხში კი ნამდვილად უნდა ისმოდეს ახალგაზრდების აქტიური ხმა და ეს უკანასკნელი განსაზღვრავს კიდეც სამოქალაქო ატიურობის დონეს. სამოქალაქო აქტიურობა კი, სამწუხაროდ,  ჯერ კიდევ, რბილად რომ ვთქვათ, არასაკმარისია, ჩვენი რეგიონის მაგალითზეც რომ ვისაუბროთ. ამ საკითხში კი, ჩემი მოსაზრებით,  პრობლემის ძირითადი არსი სამოქალაქო განათლების დაბალ ხარისხში მდგომარეობს.

 

- ბოლო პერიოდში ახალგაზრდები მხოლოდ  არჩევნების დროს ერთვებიან პოლიტიკური პარტიების თუ სხვა ორგანიზაციების აქტივობებში. თქვენი აზრით, ეს სწორი ტაქტიკაა?

 

 

- მე ვიტყოდი, რომ არცთუ მასშტაბურად არიან ჩართულები, თორემ სხვა შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობა, განსაკუთრებით კი აქტიური საარჩევნო ხმის უფლების გამოყენება, ეს გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი სამოქალაქო ვალდებულება დემოკრატიულ ქვეყანაში. თუ დააკვირდებით, ხშირ შემთხვევებში აქტიური საარჩევნო ხმის უფლების გამოუყენებლობის დონე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მისი გამოყენების, ეს კი ნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესში ბევრი ხმა, უბრალოდ, „იკარგება“ და არ მიდის დანიშნულების ადგილამდე, ხოლო  მათი დიდი წილი კი ახალგაზრდებზე მოდის.

 

არჩევნებში ახალგაზრდების ერთი ნაწილის გააქტიურება ძირითადად გამოიხატება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების (სუბიექტების) მხარდაჭერაში, მათი რეკლამირების მიზნით სამომავლო პოლიტიკური (გნებავთ ეკონომიკური) დივიდენდების მისაღებად და ეს ნორმალური პროცესია. მეორე ნაწილი კი მონაწილეობს ქვეყანაში რეალური და სასიკეთო ცვლილებების განხორციელების მიზნით და ჩვენთვის სასურველია, რომ მათი რიცხვი რაც შეიძლება, დიდი იყოს, რადგანაც ქვეყნის მართვასა და სასურველი პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა, პირველ რიგში, არჩევნებში მონაწილეობითაა განპირობებული.

 

- თქვენი ორგანიზაცია ყოველ არჩევნებს აკვირდება და აქტიურად ეცნობა წინასაარჩევნო პროგრამებს. თქვენი აზრით, პოლიტიკური პარტიების პროგრამები რამდენად არის ორიენტირებული ახალგაზრდებზე?

 

- სიმართლე გითხრათ, მე ჯერ კიდევ რეალურ გათვლებზე დაფუძნებული სრულყოფილი საარჩევნო პროგრამა  არ მინახავს. ის, რაც წარმოდგენილი გახლდათ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ, ეს იყო მხოლოდ თეზისებად ჩამოყალიბებული საარჩევნო მესიჯები. მსგავს მესიჯებში კი ცალკეულ შემთხვევებში გახლდათ ახალგაზრდული ინტერესები გათვალისწინებული, მაგრამ ასეთი მიდგომები ჩვენი ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით საერთო ამინდს ვერ ქმნის. გარდა ამისა, საინტერესო გარემოება გახლავთ ის ფაქტი, რომ არცერთი სუბიექტის არჩევით ორგანოში მოღვაწეობის ძირეული ანალიზი არ გაკეთებულა იმ კუთხით, თუ რა დაპირებები გაიცა მის მიერ  „საარჩევნო პროგრამის“ შესაბამისად და რა მივიღეთ მისი მანდატის ამოწურვის შემდგომ. ასეთ ფონზე კი მნიშვნელობა ეკარგება იმ საკითხს, თუ რა ჩაიწერება და რა არა ამ ე.წ. „საარჩევნო პროგრამაში“.

 

- და ბოლოს, ძირითადად რა პრობ-ლების წინაშე დგას ახალგაზრდები?

 

- მთავარი და ძირეული, ჩემი მოსაზრებით ეს გახლავთ განათლება. მის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება და მისი მომავალი. ქვეყნის მართვა უნდა გადაიბაროს და მისი ბედი უნდა განსაზღვროს სრულყოფილი განათლების მქონე, პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვილმა და საქმეში გამოცდილმა ახალგაზრდობამ, რომელსაც წარმატებებს ვუსურვებ ქვეყნის სასიკეთოდ.

 

გიორგი გირკელიძე

(გაზეთი „21-ს ქვევით“),

ჟანა მეგრელიშვილი

 

(გაზეთი „გურია ნიუსი“)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია