საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
მაჟორიტარული ოლქების გათანაბრება - რესურების წყალში გადაყრა თუ კვალიფიუიცრი დეპუტატების არჩევა
მაჟორიტარული ოლქების გათანაბრება - რესურების წყალში გადაყრა თუ კვალიფიუიცრი დეპუტატების არჩევა
სულ ნანახია 1028
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში.

საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, ერთ მაჟორიტარზე მოდის 47 558 ამომრჩეველი. განსხვავებულია მანდატის წონა სხვადასხვა საარჩევნო ოლქში.

 

მაგალითად, მთაწმინდაზე მანდატის წონა (ამომრჩეველთა რაოდენობა გაყოფილი 73-ზე) არის 1.08,  ვაკეში - 2.0-მდე, საბურთალოზე - 3.0-მდე, ისანში - 2.28, გლდანში 3.0-მდე). ამჟამად საბურთალოც, გლდანიც და ყაზბეგიც ირჩევენ თითო-თითო დეპუტატს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ჯგუფი მუშაობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს პარლამენტში 77 დეპუტატი ისევ პროპორციული წესით ავირჩიოთ, ხოლო 73-ვე მაჟორიტარის მანდატს ჰქონდეს თანაბარი წონა, ანუ ისე, რომ სხვაობამ არ გადააჭარბოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ფარგლებს.

„არსებობს  სამუშაო ვარიანტი. რომლის მიხედვითაც თბილისში, ნაცვლად ათისა, იქნება 18 მაჟორიტარი, - ამბობს პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე, -  ქუთაისსა და ბათუმში, ერთი მაჟორიტარის  ნაცვლად, აირჩევენ 3-3 მაჟორიტარ დეპუტატს; რუსთავში - ნაცვლად ერთისა - ორს, სიღნაღისა და დედოფლის- წყაროს მაჟორიტარული ოლქები გაერთიანდება, ლაგოდეხს დაემატება ყვარლის სოფლები: ბაღჯოიანი, ცხენისწყალი. ყვარელის მაჟორიტარულ ოლქს დაემატება თელავის ნაწილი: ნაფარეული, ფშავისხევი - ის სოფლები, რომლებიც ახლოს არის ყვარელთან. თელავი და ახმეტა დარჩება ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებად. მარნეულს ორი მაჟორიტარი ეყოლება. წალკისა და დმანისის მაჟორიტარული ოლქები გაერთიანდება.  ბოლნისის რამდენიმე სოფელი დაემატება მარნეულს. გარდაბნის 20 ათასი ამომრჩეველი დაემატება თეთრიწყაროს ამომრჩევლებს. დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარული ოლქები გაერთიანდება. კასპი დარჩება ცალკე მაჟორიტარულ ოლქად და მას გორიდან დაემატება ხურვალეთი და ნადარბაზევი.

 

ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი თითო მაჟორიტარს აირჩევს, ქარელი - ერთს და გორიდან დაემატება სკრა და რამდენიმე მიმდებარე სოფელი. ხაშური, ხობი, სენაკი, ახალციხე, ჭიათურა, საჩხერე დარჩება ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებად. ბორჯომს დაემატება ახალციხის რამდენიმე სოფელი და ერთი მაჟორიტარი ეყოლება.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში გამონაკლისის სახით იქნება თითო-თითო მაჟორიტარული ოლქი, რადგან ეროვნული უმცირესობებითაა დასახლებული.

 

ხარაგაული და ბაღდათი გაერთიანდება ერთ მაჟორიტარულ ოლქად და დაემატება ზესტაფონის რამდენიმე სოფელი, სავარაუდოდ - ძირულა, შროშა და განთიადი; სამტრედიის მაჟორიტარული ოლქის ნაწილი გაერთიანდება ვანთან, ნაწილი - ხონთან; ზუგდიდში ორი მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება; მესტია დარჩება ცალკე, როგორც ყველაზე მაღალმთიანი რეგიონი.“

ნოდარ ებანოიძის აზრით, სერიოზული სირთულეები ახლავს 2016 წლისთვის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, არსებობს ობიექტური გარემოებები, რომელთა დაძლევას დრო სჭირდება.

 

მისივე ინფორმაციით,  საკანონმდებლო ინიციატივა, რომ 2016 წლის შემდგომ არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს, დეპუტატთა ჯგუფმა უკვე დაარეგისტრირა და ამჟამად მიმდინარეობს მისი საჯარო განხილვები.

 

„მაჟორიტარული ოლქების ასეთი წესით გათანაბრებას არც საერთაშორისო ორგანიზაციები შეეწინააღმდეგებიან, - ვარაუდობს პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე, - მთავარია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში იყოს ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობა.

 

სერიოზული გამოწვევებია პარლამენტის წინაშე და ბევრი სამუშაო გვაქვს. მაჟორიტარული ოლქების ასეთი გადანაწილება ხელს შეუწყობს კვალიფიციური დეპუტატების არჩევას პარლამენტში.“

 

არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“,  სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ იქნება საკმარისი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნაში უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემისა და გარემოს ჩამოსაყალიბებლად. მმართველმა კოალიციამ  2020 წლის არჩევნებისთვის დაგეგმილი საარჩევნო სისტემის ცვლილება 2016 წლის არჩევნებისთვის უნდა განახორციელოს, რაც, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ადვილად მოსწრებადია.

 

„არსებული ერთმანდატიანი მაჟო-რიტარული ოლქების გათანაბრება და მრავალმანდატიანად გადაკეთება ძალზე რთული იქნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს სხვადასხვა გეოგრაფიულ-ისტორიული მახასიათებლების მქონე ბევრი ოლქის მექანიკურ გაერთიანებას და განსაკუთრებით მცირე ტერიტორიული ერთეულების საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლობითობის სერიოზულ შესუსტებას. შესაბამისად, თუ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, მაჟორიტარული ოლქების გათანაბრების რეფორმა გასაწევი შრომისა და რესურსების წყალში გადაყრა იქნება,“ - მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

„მივესალმები, თუ 2016 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას შევძლებთ, მაგრამ ტექნიკურად ეს არ იქნება იოლი. ერთი წლის წინ რომ გვეფიქრა ამაზე, უკეთესი იქნებოდა, - ამბობს პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე, - უმრავლესობის შიგნით არ არსებობს ერთიანი აზრი. ზოგი ფიქრობს, რომ მაჟორიტარის არარსებობა გამოიწვევს პრობლემებს მუნიციპალიტეტებში. საერთოდ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რა დატვირთვა აქვს მაჟორიტარულ სისტემას.

ჩემი კოლეგების ნაწილი, ფაქტობრივად, ცხოვრობენ თავის მაჟორიტარულ ოლქში და პარლამენტში მოდიან მხოლოდ სესიაზე ხმის მისაცემად.

 

მე ამირჩიეს იმისათვის, რომ ვიმუშაო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და არა იმისთვის, რომ საარჩევნო ოლქში ვიჯდე და მხოლოდ შენიშვნებს ვიძლეოდე ადგილზე.“

 

ნინო კაპანაძე

 

 გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია