დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წინასაარჩევნო კამპანია საგარეჯოში - ამომრჩეველთა და კანდიდატთა პრეტენზიები
წინასაარჩევნო კამპანია საგარეჯოში - ამომრჩეველთა და კანდიდატთა პრეტენზიები
სულ ნანახია 1633
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

წინასაარჩევნო განწყობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არაერთგვაროვანია. 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და მოსახლეობა  ჯერ კიდევ არ ფლობს ინფორმაციას, ოფიციალურად რამდენი სუბიექტია დარეგისტრირებული.

 

საგარეჯოელების ნაწილი აცხა-დებს, რომ ისინი არჩევნებში მონაწილებას არ იღებენ, რადგან ვითარების შეცვლის იმედი არ აქვთ. სხვა ნაწილი ფიქრობს, რომ მისი მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში მნიშნელოვანია.

 

„არჩევნებზე წავალ, მაგრამ მოსახლეობაში არჩევნების მიმართ დამოკიდებულება არცთუ დადებითია. მათ მიაჩნიათ, რომ მათი ხმა არაფერს შეცვლის. მეც ასე ვფიქრობ, თუმცა ყველა არჩევნებში ვიღებ მონაწილებას და არც ახლა მინდა, რომ ჩემი ხმა გაუქმდეს. წინასაარჩევნო განწყობა ქალაქში არ იგრძნობა, არავინ საუბრობს ამ თემაზე“, - აცხადებს საგარეჯოელი ია გოცირიძე.

 

რაც შეეხება ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში, იორმუღანლოს თემში შემავალ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, ისინი განმარტავენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა დონის არჩევნები მოდის.

 

„საიდან ვიცი, რა არჩევნებია ან როდის მოდის. მე მინდორის კაცი ვარ და საქონელს ვწყემსავ. თუ მეცლება, წავალ, მაგრამ სად არის მაგდენი დრო. არც ვიცი, ვინ არიან კანდიდატები, ვის უნდა მივცე ხმა“, - აცხადებს ჩვენთან საუბარში სოფელ ქეშალოში მცხოვრები იმქა მამედოვი.

 

წინასაარჩევნო პერიოდში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ  აზერბაიჯანულ თემებში  ეთნიკური უმცირესობებისათვის ძირითად პრობლემას ენობრივი ბარიერი წარმოადგენს. 35 წლის აზირ აბდულაევი ქართულად ვერ მეტყველებს, თუმცა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ქართული წერა-კითხვა იცის და საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა არ გაუჭირდება.

 

მისივე განცხადებით, იორმუღანლოელი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა ქართული იმ დონეზე იცის, რომ ბიულეტენზე წაკითხვა და არჩევანის გაკეთება შეძლოს, თუმცა პირად საუბარში განმარტავს, რომ ყველაზე კარგი საშუალება საკუთარ ენაზე დაბეჭდილი ბიულეტენით სარგებლობაა, რაც ყველას გაუადვილებს საარჩევნო პროცედურებს.

 

„ვინც კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, იმას მივცემ ხმას. მართალია, ქართული არ ვიცი და ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ ცოტა კითხვა ვიცი, ამიტომ არ გამიჭირდება კანდიდატების სახელებისა და გვარების წაკითხვა. ჩვენს სოფლებში ქართული ენა ცალკეც უნდა ისწავლებოდეს. ვინც ქართულ სკოლას ამთავრებს, მათ კარგად იციან  ენა, მაგრამ ვინც არა, მათ უჭირთ.“

 

საგარეჯოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას აფასებენ მაჟორიტარობის კანდიდატი ქალბატონებიც. კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თამარ ხიდაშელი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანია სამართლიან და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს.

 

,,წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და ვთვლი, რომ წინასაარჩევნო გარემო თავისუფალია, ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს აქვს თავისუფალ გარემოში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლება, მათ ხელი არ ეშლებათ. აქტიურად ვხვდები მოსახლეობას“.

 

საკუთარ წარმატებასა და გამარჯვებაში, ხიდაშელის მსგავსად, დარწმუნებულია მაჟრიტარობის კანდიდატი პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილიც. მისი განცხადებით, იგი მოსახლეობას არ უყურებს, როგორც ხმებს.

 

„ჩემი ოპონენტის მხარდასაჭერად საგარეჯოში, სოფლებში ჩამოდიან მაღალი თანამდებობის პირები, მინისტრები, მოადგილეები და სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ წინასაარჩევნო კამპანიაში. მე პრეტენზია მაქვს იმ საარჩევნო კოდექსთან, რომელიც მსგავსი კანონებით არის სავსე.“

 

წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი. მისი განმარტებით, უპრიანი იქნება, თუ კანდიდატები გაითვალისწინებენ უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან.

 

„ეს არის კანონით გარანტირებული ინსტიტუტი, რომელიც ყოველი არჩევნების დროს აკონტროლებს და ზედამხედველობას უწევს საჯარო დაწესებულებებში მომუშავე პირების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების შესრულებას. მათ სწორი რეკომენდაციები შეიმუშავეს და  მიუთითეს, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო კანონდებლობა არ არის სრულყოფილი, რომელიც იძლევა სრულ განმარტებას წინასაარჩევნო აგიტაციასა და პროპაგანდის, მასში მონაწილე პირების უფლებამოსილებაზე, ამიტომ საჭირო გახდა დამატებითი რეკომენდაციების შემუშავება, რომელმაც შეავსო ის ბუნდოვანი მუხლები, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ პერიოდთან დაკავშირებით. “

 

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, მოსამართლისა, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა, საქართველოს სახალხო დამცველისა, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა, საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა,  სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

 

ნატალია ცისკარიშვილი

 

გაზეთი „კახეთის ხმა“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია