დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
“მხოლოდ კაცის თვალით დანახული რეალობა ვერ იქნება სრულყოფილი”
“მხოლოდ კაცის თვალით დანახული რეალობა ვერ იქნება სრულყოფილი”
სულ ნანახია 2365
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

რას ფიქრობენ  ახალგაზრდები რეგიონებში  - საჭიროა თუ არა ქალის როლის გააქტიურება პოლიტიკაში?

 

საჭიროა თუ არა ქალის გააქტიურება პოლიტიკაში,რატომ უნდა ავირჩიოთ ქალები ხელისუფლებაში და  რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება, ითამაშონ მათ ქვეყნის მართვაში? - ეს კითხვები ხშირად ისმის და პასუხები მრავალფეროვანია. თუ ისტორიას გადავხედავთ, ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, ნაკლები იურიდიული უფლებები და შეზღუდული პროფესიული შესაძლებლობები ჰქონდათ. ქალის უმთავრესი მოვალეობა  ოჯახი და შვილები იყო. ჯერჯერობით მამაკაცების უმრავლესობა ისევ ფიქრობს, რომ ქალების ადგილი სამზარეულოშია. თუმცა, ქალებმა მაინც შეძლეს, მიეღწიათ იმისთვის, რომ საზოგადოებაში აღქმულ იმიჯთან ახალი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ქალის სახის შერწყმა მომხდარიყო.

 

ვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ახალგაზრდები რეგიონებში და ადგილობრივი გამოცემების ჟურნალისტებს  მცირე გამოკითხვების გაკეთება ვთხოვეთ.  გთავაზობთ  რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან

 

 

 

იმერეთი. ქუთაისი

 

მიხეილ აბულაძე, 21 წლის: - ქალის პოლიტიკაში ჩართულობა საჭიროცაა და აუცილებელიც. ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები. მხოლოდ კაცის თვლით დანახული რეალობა ვერ იქნება სრულყოფილი.

 

ბაჩო ნადირაძე, 19 წლის: - ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში მთავარია პროფესიონალიზმი და არა ის, თუ რამდენი ქალი ან მამაკაცი იქნება ჩართული მასში. შესაძლოა, იყოს უფრო მეტი განათლებული ქალი ან მეტი განათლებული მამაკაცი, ანუ “მთვარია ხარისხი და არა რაოდენობა”.

 

ლოლა დარსაძე, 21 წლის: - საბოლოოდ უნდა დავამსხვრიოთ ქართველი მამაკაცის მითი, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოშია საჭირო...ქალი ბევრად უფრო მიზანდასახულია, მან იცის, რა არის მთავარი და საჭირო, ის ასჯერ გაზომავს და ერთხელ გაჭრის.

 

ქეთი მუკბანიანი, 22 წლის: - ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ქალების ყოფნა პოლიტიკაში. თუმცა, თუ იქნებიან, ამის წინააღმდეგიც არ ვარ.

 

ნინო ჯიქია, 19 წლის: - ბევრ ქვე-ყანაში არის სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც  ქალებს არ შეუძლიათ, იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებნი. ეს პრობლემა, ვფიქრობ, არის ჩვენთანაც. თუმცა რამდენიმე თვის წინ მეტად საპასუხიმგებლო პოსტი, თავდაცვის მინისტრობა, სწორედ ქალმა ჩაიბარა. ეს საკმაოდ კარგი მაგალიათია. 

 

ქეთი ლომიძე, 21 წლის: - ერთხელ მეგობრები განვიხილავდით ამ საკითხს. ჩვეულებისამებრ ბიჭების ნაწილმა აღნიშნა, რომ ქალების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ამ ფონზე სასიამოვნოდ და გასაოცრად მომეჩვენა ასევე ჩემი ერთ-ერთი მეგობრის, ოღონდ ბიჭის კომენტარი “ნებისმიერი ქალი, რომელსაც ესმის სახლის მართვაში  წარმოქმნილი პრობლემები, გაიგებს პრობლემებს, რომლებიც იქმნება ქვეყნის მართვის დროს- ეს მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებია და მეც ვეთნხები მას”.

აჭარა

 

ნიკა აზნაურიშვილი ,19 წლის,  ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი ნამლისევი: - თითქმის ყველა ჩატარებული კვლევისა და გამოკითხვის შედეგი მოწმობს, რომ ქართველი ხალხი ჯერ კიდევ შეპყრობილია სტერეოტიპებით, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში უნდა იყოს. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია სტერეოტიპების დამსხვრევა და თუ ქალს სურვილი აქვს, გახდეს პოლიტიკოსი, ამავდროულად შესაბამისი განათლება უწყობს მას ხელს, რატომაც არა ქალი პოლიტიკაში?

 

ლუიზა დევაძე 30 წლის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კაპრეშუმი: - დღევანდელი გადმოსახედიდან მამაკაცები ისე უნიათოდ მუშაობენ, რომ ქალის გააქტიურება საჭიროა ქართულ პოლიტიკაში, თავისი გამჭრიახი გონე-ბითა და შრომისუნარიანობით.

 

გიორგი რიჟვაძე, 17 წლის, ხულოს მუნიციპალიტეტი, დაბა ხულო: - ჩემი აზრით, ეს მაინც ალბათ უფრო ინდივიდუალურია და რეგულაციებით შეუძლებელია თანამდებობებზე გენდერული ბალანსის შენარჩუნება.  ამისთვის მეტი სივრცე და შესაძლებლობა უნდა შეიქმნას, ასევე არაფორმალური განათლების სახით ახალგაზრდობიდანვე უნდა მოხდეს ქალების მაქსიმალური ინფორმირება.

 

 

სამეგრელო. ფოთი

 

დიანა ხარებავა 17 წლის,  სტუდენტი: - ქალის როლის გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სასურველი იქნება, თუ 2016 წლის არჩევნებში კანდიდატებს შორის უფრო მეტ ქალბატონს ვიხილავთ.

 

თამუნა ყაზარაშვილი  26 წლის,  ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების უფროსი სპეციალიტი: - ქალს  ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში და ისტორიასაც თუ გადავხედავთ,   მუდამ გადამწყვეტი მნიშვნელოვანი  როლი ეკავა. ლიდერ და აქტიურ  ქალს პოლიტიკაში  ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია .

 

 ემა ბოგდამენკო 17 წლის, კოლეჯის სტუდენტი: - ქალს, გარდა ოჯახის მოვლისა, სხვა საქმის გაძღოლაც თავისუფლად შეუძლია. ამის ნათელი მაგალითებიც, ჩვენდა საბედნიეროდ, მრავლადაა. ძალიან გამიხარდება, რაც უფრო მეტი ქალი გამოჩნდება პოლიტიკაში და მათი შესაძლებლობები მხოლოდ სამზარეულოში ტრიალში არ ჩაიკარგება”.

 

 

კახეთი. თელავი

 

საბა სახვაძე, სტუდენტი: - ვფიქრობ, რომ მანდილოსნებს აქვთ ქვეყანაში მნიშვნელოვანი წამყვანი თანამდებობების დაკავების საკმარისი უნარები.  მაგალითად, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები ქალები არიან. მითუმეტეს, თავდაცვის სფეროს პირველად ჰყავს ქალი მინისტრი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგადაც უძღვება. ეს ფაქტები გვარწმუნებს, რომ ქალბატონებს აქტიურ პოლიტიკაში ეფექტურად ჩართვის სერიოზული პოტენციალი გააჩნიათ.

 

თათული აივაზაშვილი, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე: - ახალმა გამოწვევებმა დღეს წინ წამოსწია ქალის როლი პოლიტიკაში. თუმცა, ვფიქრობ, რომ ქალის როლი აქტიურ პოლიტიკაში  ნაკლები უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ქალი და პოლიტიკა შეუთავსებელი ცნებებია, რადგან ქალს ოჯახისთვის დრო არ დარჩება. მირჩევნია, შვილს მეტი დრო დავუთმო და სახლში დროზე მივიდე, ვიდრე ის კვირაში ერთხელ ვნახო, ვერ მივიღო მის აღზრდაში მონაწილეობა და ვერ ვხედავდე როგორ იზრდება, ჩემთვის ეს მიუღებელია.

 

 გიორგი ბაღანაშვილი, სტუდენტი: - ჩემი აზრით, დღეს საქართველო გამართული და წარმატებული პოლიტიკური პარტიების სიმცირეს განიცდის და ქალის ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების გამრავალფეროვნებასაც შეუწყობს ხელს.

 

ქვემო ქართლი. თეთრიწყარო

 

ნელი ნასონოვა 18 წლის: - ქალის და მამაკაცის უფლებები ჩვენს ქვეყანაში კანონით თანასწორია და არც პოლიტიკაში არ უნდა ვიყოთ ქალები უმცირესობაში. მამაკაცთან შედარებით, ქალი უფრო განსხვავებულად ფიქრობს, განსხვავებული შეხედულებები აქვს.

 

ნინო წიკლაური 18 წლის: - გლობალიზაციის პროცესმა და მსოფლიოში მიმდინარე ახალმა გამოწვევებმა წინ წამოწია ქალის როლი, თუმცა მამაკაცები ხშირად ხელს არ უწყობენ ქალებს, აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები. რაც უფრო მეტი მანდილოსანი გამოავლენს საკუთარ თავს ამა თუ იმ საქმეში, მით უკეთესია ქვეყნისთვის.

 

ჯემალ ბორცვაძე, 21 წლის: - ვფიქრობ, ქალის როლი უმნიშვნელოვანესია პოლიტიკაში, რადგან ისინი არიან მშვიდობისმოყვარენი, ყოველთვის ცდილობენ, მშვიდობიანი გზებით დაარეგულირონ ურთიერთობები. ასევე, ქალები არ არიან მიდრეკილნი ძალის გამოყენებისკენ, ომებითა და კონფლიქტებით გადაჭრან პრობლემები. თუმცა, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური მართვის სტილი ადამიანის სქესზე კი არა, ფსიქოლოგიურ ხასიათზეა დამოკიდებული, რადგან არსებობენ მშვიდობისმოყვარე მამაკაცები და მებრძოლი ქალები.

 

 

გამოკითხვები ჩაატარეს:

 

ანა ჯიქია (ქუთაისი, “ახალი გაზეთი”),

ეკა ბარამიძე (აჭარა, გაზეთი “ბათუმელები”),

ინგა გვასალია (ფოთი , გაზეთი “მთავარი თემა სამეგრელოში”),

ნატალია ცისკარიშვილი (თელავი, გაზეთი “კახეთის ხმა”),

 

ნინა ბექაური (დიდგორი,  გაზეთი “დიდგორელები”)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია