საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
მაჟორიტარის ბიურო სოციალური დახმარების სააგენტოს ფუნქციებს ითავსებს?
სულ ნანახია 1680
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

მოსახლეობასთან ურთიერთობის რა ხერხები და მეთოდები აქვთ დეპუტატის ბიუროებს რეგიონებში,რა სიხშირით ხვდებიან მაჟორიტარები თავიანთ ამომრჩეველს და ძირიტადად რა პრობლემებით მიმართავს მოსახლეობა დეპუტატის ბიუროს, - ამ საკითხების გარკვევას შეეცადნენ ჟურნალისტები: ნინო კაპანაძე, ცოტნე მუსელიანი, სოსო ქუმსიაშვილი, გიორგი გირკელიძე და ჯანა მეგრელიშვილი შემდეგ რაიონებში: ხარაგაულში, ლენტეხში, გურჯაანში დაოზურგეთში.

 

ხარაგაულის დეპუტატის ბიურო ხელისუფლების ოპოზიციაში?!

 

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნოდარ ებანოიძის, ბიუროში სამი თანამშრომელია. ჰყავთ წარმომადგენელი ბორითსა და კიცხში.  ყოველ თვეში ბიურო ცენტრალური ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარით ფინანსდება. ამაში შედის თანამშრომელთა ხელფასები და ოფისის ხარჯები.

 

ბიუროს ხელმძღვანელი მარი ბერაძე  საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას მიიჩნევს. დეპუტატის ბიუროში სამოქალაქო განათლების ცენტრიც კი არსებობს, სადაც  ხარაგაულის საჯარო სკოლების უფროსკლასელებს ცნობილმა იურისტებმა, უფლებადამცველებმა და პოლიტიკოსებმა - წაუკითხეს ლექციები ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფოს არსზე, გენდერულ საკითხებსა და აქტიურ მოქალაქეობაზე.

 

მარი ბერაძის  ინფორმაცით, მაჟორიტარი წევრის ბიურო ყოველდღე იღებს მოქალაქეებს. “ხშირად მათ მაჟორიტართან პირადად შეხვედრა სურთ. საპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, ნოდარ ებანოიძე ვერ ახერხებს კონკრეტული გრაფიკით ხარაგაულში მოსვლას. თუმცა, ორ კვირაში ერთხელ მაინც ხვდება მოქალაქეებს. ვადგენთ მასთან შეხვედრის მსურველთა რეესტრს. როცა დეპუტატი იქნება ბიუროში, ვატყობინებთ მოქალაქეებს,” - ამბობს მარი ბერაძე.

 

მისივე თქმით, ბიუროს მოქალაქეები, ძირითადად, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავენ. დეპუტატი შუამდგომლობებს აგზავნის შესაბამის უწყებებში. მიმდინარე წლის რვა თვეში ბიუროში 90-მდე განცხადებაა შესული.

 

“ბოლო სამი თვეა, შეიცვალა სოციალური დახმარების წესი და ბევრ ოჯახს დახმარება შეუწყდა, - ამბობს მარი ბერაძე, - ამ საკითხის მოგვარება ნაკლებად არის გამგებლის ან დეპუტატის კომპეტენცია, მაგრამ დახმარებას მაინც ითხოვენ.”

 

გარდა ბიუროში მოქალაქეების მიღებისა, ბიუროს თანამშრომლები სოფლებში ხვდებიან მოსახლეობას. მარი ბერაძე ამბობს, რომ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოც სოფელში ინდივიდუალურად შეხვდნენ მოსახლეობას და ოჯახ-ოჯახ გაეცვნენ მათ პრობლემებს.

 

“ვთვლი, რომ დეპუტატის ბიუროს თანამშრომელთა ინდივიდუალური შეხვედრები მოსახლეობასთან არის საჭირო და ეფექტური. მოსახლეობა უფრო გულწრფელია მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, ვიდრე - საერთო შეხვედრებზე,” - მიიჩნევს მარი ბერაძე - “სოფლებში ძირითადი პრობლემა უგზოობაა, ჩვენ გასვლითი შეხვედრები ზამთრის ბოლოსა და გაზაფხულის დასაწყისში გვქონდა. ვნახეთ, რომ ამ დროს გზებზე გაუსაძლისი მდგომარეობაა. მოსწავლეებს უჭირთ როგორც სოფლის ცენტრალურ, ისე შიდა საუბნო გზებზე გადაადგილება.მაგალითად, სოფელ ჩხერის ზედა უბანი, სადაც მუდმივად ხუთი ოჯახი ცხოვრობს, ზამთარში უგზოობის გამო მოწყვეტილია სოფლისა და მუნიციპალიტეტის ცენტრს. სასწრაფოს მანქანა ვერ ადის ზამთარში”. აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ბიურომ წერილობით მიმართა გამგეობას და საკრებულოს სხდომაზე ის ფოტოებიც წარადგინა, რა პრობლემებიც სოფლებში დააფიქსირეს.

 

“ინფორმაციის წარდგენის მიზანია, რომ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თანხით მოგვარდეს ეს საკითხები, ან გაითვალისწინონ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას,” - ამბობს მარი ბერაძე.

ბიუროსგან საკრებულოს სხდომაზე ინფორმაციის წარდგენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საკრებულოს დეპუტატებისგან.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძის თქმით, “ეს მონტაჟები და კინოფილმები” მისთვის მიუღებელია. “საინტერესოა, თქვენ რას წყვეტთ, გარდა იმისა, რომ ნეგატიური ინფორმაცია გამოიტანეთ. მოსახლეობა მაბარებს, სად არის ბატონი ნოდარიო. ყველა პრობლემა საკრებულოს მაჟორიტარებზე გადმოდის,” - ამბობს მანანა ბარბაქაძე.

 

საკრებულოს წევრ ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო მხოლოდ პრობლემების წარმოჩენითაა დაკავებული და საქმეს არ აკეთებს. “არ გვჭირდება ჭკუის დარიგება ბიუროსგან,” - ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

 

“გასაკვირი იყო საკრებულოს წევრების რეაქცია, - იხსენებს მარი ბერაძე ორი თვის წინანდელ ამბავს, - დეპუტატს  აქვს უფლება, რომ მსგავსი ინფორმაცია მიაწოდოს საკრებულოს და დაეხმაროს მათ მოგვარებაში. ეს უფრო დადებითად უნდა ყოფილიყო აღქმული. აუცილებლად გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს და შევისწავლით მათ პრობლემებს. ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად კი ვიმუშავებთ ამ პრობლემების დასაძლევად.”

 

 

ლუნტეხში დეპუტატი წელიწადში 2-3-ჯერ ახერხებს მოსახლეობასთან შეხვედრას

 

გოგი ლიპარტელიანი უკვე მესამედ არის  საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან. დეპუტატის ბიურო დაბა ლენტეხში გამგეობის შენობაში მდებარეობს და სამი თანამშრომლით არის წარმოდგენილი: ბიუროს უფროსი - თორნიკე გასვიანი,  თანამშრომლები - ნინო ბენდელიანი და ჟანა გასვიანი. ბიუროს მუშაობის და დეპუტატთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ნინო ბენდელიანს გავესაუბრეთ.

 

- ქალბატონო ნინო, რამდენად ხშირად ხვდება დეპუტატი ქვემო სვანეთის მაცხოვრებლებს, ბოლო პერიოდში როდის იყო დეპუტატი მოსული მუნიციპალიტეტში და რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ მისგან?

 

- ის წელიწადში 2-3-ჯერ მაინც ამოდის მოსახლეობასთან შესახვედრად, თუმცა, ბევრი პარლამენტშიც აკითხავს და იქ მიმართავს თავისი პრობლემების შესახებ. ბოლოს 26-27 აგვისტოს იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა როგორც დაბა ლენტეხში, ასევე ჩოლურის და ლაშხეთის თემებში.დაახლოებით 100-მდე პიროვნებას ესაუბრა. აბსოლუტური უმრავლესობა პირადი, სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოგვმართავს, ხშირია რაიმე ოპერაციის დაფინანსების თხოვნა,  2012 წლიდან ჩვენთან დაახლოებით 200-მდე წერილობითი განცხადება შემოვიდა, წელს დაახლოებით 50-მდე. ხშირად დეპუტატი იძულებული ხდება, საკუთარი თანხა გაიღოს განმცხადებლის დასახმარებლად. ის ძალიან ბევრს დაეხმარა,  უამრავი ოპერაცია დააფინანსა, თითქმის არ დარჩენილა ქვემო სვანეთში ოჯახი, რომელსაც რაიმე პრობლემის გამო მისთვის არ მიემართოს და ის არ დახმარებოდეს. როგორც კი დეპუტატი გამოჩნდება, თითქმის მაშინვე ყველამ იცის, რომ ის აქ არის.

 

ახლახანს შემოვიდა დევნილების თხოვნა, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით და შესაბამის სამინისტროსთან უნდა გაკეთდეს შუამდგომლობა.

 

- ახალგაზრდობასთან დაკავშირებით თუ გადაუწყვეტია დეპუტატს რაიმე პრობლემები?

 

- ახალგაზრდებს ჰქონდათ თხოვნა გასულ წლებში და დეპუტატმა პირადი სახსრებით შეიძინა მათთვის ბილიარდის მაგიდები დაბა ლენტეხში, სოფელ ხელედში და ჩოლურის თემში, ასევე ტენისის მაგიდა ჩოლურში. ქვემო სვანეთის ყველა სკოლის ექსკურსიებიც დააფინანსა. ქვემო სვანეთის სტუდენტების დაახლოებით 80:-ის  სწავლის გადასახადს ის იხდიდა საკუთარი სახსრებით, ვისაც სახელმწიფო გრანტი არ ჰქონდა, თითქმის ყველას ის აფინანსებდა. 2014-15 წლებში, განცხადებები სტუდენტების დაფინანსების თხოვნით, შედარებით შემცირდა.

 

 

გურჯაანის მაჟორიტარსაც, რითადად, სოციალურად დაუცველები აკითხავენ

 

 “ჩვენთან ძირითადად სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეები მოდიან. წერენ განცხადებას პარლამენტის წევრ, მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის სახელზე, ჩვენ ამას ვარეგისტრირებთ, ვაცნობთ პარლამენტის წევრს და შესაბამისად ხდება რეაგირება. დეპუტატი ზრუნავს იმაზე, რომ მათმა განცხადებამ მიაღწიოს შესაბამის ადრესატამდე - ამბობს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გოჩა სიბაშვილი.

 

მხოლოდ ბოლო თვეების მანძილზე სოციალური დახმარების მოხსნის გამო ბიუროს ასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა, რათა დეპუტატს მათთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან ეშუამდგომლა.

 

რაც შეეხება მაჟორიტარის შეხვედრებს ამომრჩეველთან და მათი პრობლემების გაცნობას, ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს: “თითქმის ყველა სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ ვფლობთ ინფორმაციას. ზოგადად, თანამშრომლებისთვის საქმიანობის გადანაწილებაც ზონალური პრინციპით ხდება. მოგეხსენებათ, გურჯაანი არ არის პატარა რაიონი, სოფლების მიხედვით არსებული ინფორმაცია ერთად იყრის თავს, რის შემდეგაც ადგილზე ვეცნობით ამა თუ იმ პრობლემას. მიღებულ ინფორმაციას ვამუშავებთ და მიგვაქვს პარლამენტის წევრებამდე”. 

 

გოჩა სიბაშვილი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ადგილობრივ თვითმმართველობასთან შუამდგომლობის საკითხებს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი        “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მის და მისი ბიუროს მიმართ კეთილგანწობილები არ არიან, რითაც ისევ საზოგადოება და მათი ამომრჩეველი ზარალდება. “ბოლო დროს ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციასაც კი არ გვაწვდიან”.

 

ოზურგეთელები თავიანთ დეპუტატს ტელევიზორიდან უფრო იცნობენ...

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრები, შაქრო ახალაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები უფრო მეტად უნდა ხვდებოდნენ ამომრჩეველს და ეს შეხვედრები შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.”მაგალითად, ჩვენს დეპუტატთან, ზვიად კვაჭანტირაძესთან შეხვედრაზე  არ ვყოფილვარ. მე ვფიქრობ, რომ სოფელში უნდა ჩამოვიდეს და დაინტერესდეს ხალხის ბედით. ჩვენთან სოფელში არც გაზია, არც წყალია და სხვა ბევრი პრობლემაცაა. გაგვაცნოს, რა გააკეთა ამ სამი წლის განმავლობაში, მხოლოდ ტელევიზორში ხომ არ უნდა ვხედავდეთ დეპუტატს?! - გვითხრა შაქრო ახალაძემ.

 

სოფელ ლიხაურში მცხოვრები ავთანდილ ცეცხლაძე ამბობს: - ახლა თქვენ ხართ დეპუტატი თუ რა? არ მინახავს ნამდვილად ჩვენი დეპუტატი. კანონის ფარგლებში კი უნდა ხვდებოდეს ხალხს, მაგრამ მე ნამდვილად არ გამიგია, ხვდება თუ არა ის მის ამომრჩეველს.

 

ოზურგეთელი ელიკო ტრაპაიძე ფიქრობს, რომ თუ დეპუტატი შეხვდება ამომრჩეველს, მისი პრობლემის გადაჭრა უნდა შეეძლოს.”რა აზრი აქვს, რომ შევხვდეთ, ყველაფრის იმედი დაკარგული მაქვს. თუკი შეხვდება მოსახლეობას, მაშინ ჩვენი პრობლემებიც უნდა მოაგვაროს, მარტო შეხვედრას რა აზრი აქვს?! ხალხის გულისტკივილს უნდა იზიარებდეს” -  მიაჩნია მას.

 

***

 

რა სიხშირით უნდა ხვდებოდეს მაჟორიტარი-დეპუტატი ამომრჩეველს, ამ კითხვაზე “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” სამოქალაქო ჩართულობის კოორდინატორმა, გიორგი თოფურიძემ განგვიმარტა, რომ “პარლამენტის რეგლამენტით, პლენარული სხდომების მომდევნო კვირის სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი განკუთვნილია პარლამენტის წევრების ამომრჩეველთან შეხვედრებისთვის.”

 

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” 2012-2013 წლების ანგარიშში იყო მითითებული, ამჯერადაც ზეპირი მიმართვიანობა აჭარბებს წერილობითს. საერთო ჯამში ყველაზე მეტი მიმართვა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით) ჰქონდათ შემდეგ მაჟორიტართა ბიუროებს: სოსო ჯაჭვლიანი - 5378; ზურაბ აბაშიძე - 3052; ზვიად კვაჭანტირაძე - 1364; შოთა ხაბარელი - 1343; ეკა ბესელია - 1249.

 

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის, ბიუროს პრესსამსახურის, ნინო კუკულაძის თქმით, შემოსული წერილების უმეტესობა სოციალური ხასიათისაა.

 

-მოქალაქები მოგვმართავენ შეწყვეტილი სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაფინასების, გზის რეაბილიტაციის, წყლის სისტემის აღდგენის, ბუნებრივი აირის შეყვანის და ა. შ. მოთხოვნებით. დეპუტატის შუამდგომლობები იგზავნება როგორც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სხვადასხვა სამინისტროსთან. ზვიად კვაჭანტირაძის შუამდგომლობების უმეტესობა კმაყოფილდება.

 

 ჩვენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ზვიად კვაჭანტირაძეს, რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ბატონო ზვიად, ჩვენს მიერ გამოკითხული, თქვენი ამომრჩევლების უმეტესობა ამბობს, რომ დეპუტატი ხშირად უნდა ხვდებოდეს სოფელში ამომრჩეველს და ინტერესდებოდეს მათი პრობლემებით.

- თქვენი რესპონდენტების აზრს ვეთანხმები.

 

- ბატონო ზვიად, რატომ ვერ ახერხებთ ამომრჩეველთან ხშირ შეხვედრებს?

 

 - მართალია,  ორგანიზებულ მიღებას ბოლო ორი-სამი თვეა, ხშირად  ვერ ვატარებ და ამის უმთავრესი მიზეზი  საზღვარგარეთის მივლინებებია. როგორც იცით, ვხელმძღვანელობ ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს და ამავე დროს ვარ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რასაც ძალიან დიდი დრო მიაქვს, თუმცა არასწორია, რომ ამომრჩევლებს ხშირად არ  ვხვდები. მე მუდმივი და უშუალო კონტაქტი მაქვს ამომრჩევლებთან. ამ კონტაქტს ჩემი ბიურო უზრუნველყოფს. არცერთი, ხაზგასმით ვამბობ, არცერთი მომართვა არ რჩება რეაგირების გარეშე. მაქსიმალურად ვცდილობთ, რეაგირება იყოს პროდუქტიული და ამომრჩევლებს დავეხმაროთ რაც კი ჩვენს ძალებშია, ყველა გზით.

 

- ბოლოს როდის შეხვდით თქვენს ამომრჩეველს და რა საკითხებზე გქონდათ საუბარი?

 

- ბოლოს ამომრჩევლების ჯგუფს შევხვდი 15 სექტემბერს. მანამდე კი ოზურგეთის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშგების დღეს. ამ შეხვედრებზე სხვადასხვა ყოფით პრობლემებზე იყო საუბარი და ზოგიერთი კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის გზებს ვეძებთ.

 

ზოგადად, უნდა გითხრათ, რომ წლის ბოლოსთვის ვაპირებ ფართო შეხვედრის ორგანიზებას ოზურგეთელებთან,  სადაც არა მხოლოდ დღემდე გაწეულ საქმიანობაზე, არამედ ქვეყნის წინაშე მდგარ სხვადასხვა საჭირბოროტო  საკითხებზე გვექნება საუბარი. - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 


 ნინო კაპანაძე (ხარაგაული, გაზეთი “ჩემი ხარაგაული”),

ცოტნე მუსელიანი (ლენტეხი, გაზეთი “სვანეთი”),

სოსო ქუმსიაშვილი (გურჯაანი. გაზეთი “სპექტრი”),

გიორგიგირკელიძე (ოზურგეთი, გაზეთი “21-ს ქვევით”),

 

ჟანა მეგრელიშვილი (ოზურგეთი, “გურიანიუსი”)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია