დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ევროპული გზა
საქართველოს ევროპული გზა
სულ ნანახია 1658
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს უახლესი ისტორია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს. ამ პრიორიტეტების ირგვლივ არის გაერთიანებული მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, საზოგადოება, მოქალაქეები, თაობა, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ 20 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება და თაობა, რომელიც დღეს და მომავალშიც ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება.

 

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დინამიკა უდავოდ დადებითად უნდა შეფასდეს. ჩვენ 2013 წლის ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გავაფორმეთ, რაც თავად ევროინტეგრაციის პროცესს შეუქცევადს ხდის.

 

რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების წარმატებული განხორციელება?

 

ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანას დემოკრატიული პრინციპები, ეკონომიკური და სტაბილური განვითარება, პროგრესი, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების პატივისცემა აერთიანებს. დღეს ევროკავშირში 500 მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს და მათი თანაცხოვრების მთავარი პრინციპი ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის უფლებების დაცვაა. მათ აქვთ საერთო ბაზარი და კეთილდღეობა, რომელიც ევროპის ყველა მოქალაქისათვის არის ხელმისაწვდომი. ტრადიციულად, ევროპა პროგრესსა და განვითარებასთან იყო ასოცირებული. ქრისტიანობაც ევროპაში დაიბადა. ევროკავშირის დევიზია           „ერთობა მრავალფეროვნებაშია“. ეს მართლაც ასეა. 28 ქვეყნის კულტურული, რელიგიური, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა და ტრადიციები ამდიდრებს ევროპულ კულტურას და საინტერესოს ხდის მას. ეს არის კავშირი, რომელსაც 24 ოფიციალური ენა აქვს; სადაც ყველა თანაბარი უფლებით სარგებლობს; ყველას აქვს განათლების მიღების საშუალება; ყველას შეუძლია თავისი რწმენის მიხედვით აღმსარებლობა;  ტრადიციებს, კულტურას, ფოლკლორს ყველა პატივს სცემს; კანონი ყველას თანაბრად იცავს.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საბაზრო სივრცეა. ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს 2014 წლის 1 სექტემბრიდან აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა. რეალურად ეს არის ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე დიდი სივრცე, თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობა არ გვიზღუდავს სხვა ბაზრების ათვისებას. მთავარია, ჩვენ მინიმალური შეცდომებით და მაქსიმალური წარმატებით შევძლოთ გარკვეული ვალდებულებების დაკმაყოფილება. რაც შეეხება ვალდებულებებს, ეს არის ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ არა მხოლოდ იმისათვის, რომ ჩვენ ევროპულ ბაზარზე შევაღწიოთ, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს უკეთესი, გვქონდეს ჯანსაღი გარემო და  უვნებელი პროდუქტით. ასოცირების შეთანხმება ევროკავშირში წევრობას არ ნიშნავს. ეს არის ჩვენი უკეთესი მომავლის, განვითარების, ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების გარანტი. ასოცირების შეთანხმება არის ვრცელი დოკუმენტი და იმ შეთანხმებათა ნუსხა, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრების დონე, როგორც პოლიტიკური, სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური და სოციალური, მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ასოცირების შეთანხმებით იფარება პრაქტიკულად ყველა სფერო: განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, კანონის უზენაესობა, მოწესრიგებული სავაჭრო ურთიერთობები, რეგიონული მოწყობა, დეცენტრალიზაცია, უსაფრთხო დაცული საზღვრები, სურსათის უვნებლობა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და სხვა მრავალი საკითხი. ამიტომ არის ასოცირების შეთანხმება ყოვლისმომცველი დოკუმენტი და ჩვენი ქვეყნის რეფორმირების გეგმა. მის წარმატებულ განხორციელებას ჩვენს განვითარებასა და ძლიერ, ეკონომიკურად მზარდ და დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს სტაბილური და უსაფრთხო მომავლისათვის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა და ამ გზაზე საზოგადოების კონსოლიდირებასა და სიმყარეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საჭიროა მეტი სიფრთხილე, რათა პოლიტიკურ ჭიდილს ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ძლიერ ოჯახში დაბრუნების პერსპექტივა არ დავუკარგოთ.

 

ელენე გოცაძე

„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“

 

 დირექტორი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია