დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეს უნდა იცოდეთ!
ეს უნდა იცოდეთ!
სულ ნანახია 2589
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საარჩევნო სამართალი

არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა.

 

საარჩევნო სამართლის პრინციპები

 

საარჩევნო სამართალი ეფუძნება ხუთ ძირითად პრინციპს, ესენია: საყოველთაობა, თანასწორობა, ფარულობა, თავისუფალი და პირდაპირი არჩევნები.

საყოველთაო საარჩევნო პრინციპი - ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად სქესის, რასის, ეროვნების, პოლიტიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, ანიჭებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

 

თანასწორობის საარჩევნო პრინციპი გულისხმობს, რომ მოქალაქეებს თანაბარი საარჩევნო უფლებები გააჩნიათ და ყველა ხმა ერთნაირი ძალის მქონეა.

არჩევნების ფარულობის პრინციპი თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვას ემსახურება. ფარულობის პრინციპი უზრუნველყოფს ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენას.

თავისუფალი არჩევნების პრინციპი გულისხმობს ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენას ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

პირდაპირი არჩევნების პრინციპი ნიშნავს, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებს უშუალოდ ამომრჩევლები ირჩევენ პირდაპირი წესით.

 

ამომრჩეველთა ერთიანი სია

 

ამომრჩეველთა სია საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტია, რადგანაც ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციის შემთხვევაში ეძლევა.

 

vybidytkjdfybf% იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე არ იქნება რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა.

ამრიგად, ამომრჩეველთა ერთიანი სია  არის საქართველოს საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომლის საშუალებითაც ამომრჩეველს შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

 

ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება

 

ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელი ორგანოა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო). აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიის შედგენაზე და ამ უკანასკნელში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე ცესკო მხოლოდ არჩევნების პერიოდში არ მუშაობს. კერძოდ:

მონაცემების დაზუსტება და შესაბამისი შესწორებების შეტანა ხდება ყოველ წელს და ეს პროცესი  4 ეტაპად ხორციელდება:  1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და  1 ნოემბერს. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების დაზუსტებას ცესკო სხვადასხვა უწყებებიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს.

 

ამომრჩეველთა ერთიანი სიის შედგენისათვის ცესკოსათვის მონაცემების მიწოდებაზე ერთდროულად პასუხისმგებელია შემდეგი დაწესებულებები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; დაზვერვის სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; საქართველოს საკონსულო დაწესებულებები; საქართველოს უზენაესი სასამართლო.

 

ზემოაღნიშნული დაწესებულე-ბები ცესკოს გადასცემენ საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ასევე საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს. ამ მონაცემების საფუძველზე ცესკო ახდენს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლებას და შესაბამისი ცვლილებების ასახვას.

 

რა პრინციპით ხდება  ამომრჩევლის განაწილება საარჩევნო უბნების მიხედვით?

პირი ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირდება იმ მისამართის მიხედვით, რომელიც მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს. შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიანი სია უბნების მიხედვით ნაწილდება ამომრჩეველთა რეგისტრაციის ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

განმარტება: რეგისტრაციის ადგილი გულისხმობს მისამართს, რომელიც მითითებულია ამომრჩევლის პირადობის მოწმობაში ან რომელ მისამართზეც პიროვნება ფიქსირდება სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველი არჩევნების დღეს უნდა გამოცხადდეს იმ საარჩევნო უბანზე, რომელიც შეესაბამება მისი რეგისტრაციის ადგილს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩეველი  ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

 

როგორ გადაამოწმოთ, ხართ თუ არა რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში?

ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის წევრების მონაცემების შესახებ და ამ მონაცემებში ცვლილების განხორციელება, კერძოდ:

ცესკოს ვებგვერდზე თითოეულ ამომრჩეველს  გვარის და პირადი ნომრის საშუალებით  შესაძლებლობა აქვს, გადაამოწმოს ინფორმაცია მისი ერთიან სიაში რეგისტრაციის თაობაზე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდშინებისმიერ დროს, ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა.

ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიის გაცნობის უფლება აქვს ასევე საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს და  დამკვირვებელ ორგანიზაციას.

ამომრჩეველთა სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვვევაში, ზემოაღნიშნულ სუბიექტებს უფლება აქვთ, მოითხოვონ შესაბამისი უზუსტობის გასწორება. აღნიშნულ განცხადებას განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, განცხადების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო არჩევნების პერიოდში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-14 დღისა.

 

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს. ეს განკარგულება მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. არჩევნების დღემდე მე-13-დან მე-10 დღემდე ამომრჩეველთა სიებში ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამომრჩეველმა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა ვერ მოასწრო ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციის მიზნით საარჩევნო კომისიისთვის მიმართვა იმის გამო, რომ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, საავადმყოფოში ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ამომრჩევლის მიმართვის საფუძველზე (განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში) მისი რეგისტრაციის საკითხს განკარგულებით წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლებიდაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამომრჩეველს. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს.

 

როგორ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა, როდესაც მას არ შეუძლია საარჩევნო უბანზე მისვლა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად?!

 

 საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო უბანზე მისვლა. ასეთ შემთხვევაში თავად საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათთვის საარჩევნო ყუთის სახლში მიტანას,  რათა მას ქონდეს შესაძლებლობა მაინც მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. კანონმდებლობა ასეთ გამონაკლისს უშვებს შემდეგ შემ-თხვევებში:

 

1.ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

2. ამომრჩეველი ატიმრობაში იმყოფება და იქ არ იხსნება საარჩევნო უბანი;

3. ამომრჩეველი სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება და იქ არ იხსნება საარჩევნო უბანი;

4. ამომრჩეველი სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც სახელმწიფო საზღვრიდან შორსაა განლაგებული და მასში არ იხსნება საარცევნო უბანი.;

5. იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

თუ ამომრჩეველი ზემოჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს, მას შეუძლია არჩევნებამდე 2 დღით ადრე მაინც მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას. მიმართვა შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი განცხადების ფორმით, ასევე სატელეფონო ზეპირი შეტყობინების საშუალებით.

 

 

მოამზადეს: ქეთევან მამამთავრიშვილმა და

 

პაატა ცნობილაძემ

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია