საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ლენტეხელი ახალგაზრდები არჩევნებზე დავაფიქრეთ
სულ ნანახია 867
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

თუ აირჩიე, ვეღარ გადაირჩევ!

 

როგორც წესი, არჩევნები მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მოახლოებისას გვახსენდება და აღარც პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციები იწუხებენ თავს, რომ მანამდე  შეგვახსენონ თავიანთი არსებობა. არადა, სწორედ არჩევნების შედეგებზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული ჩვენი მდგომარეობა, თუ ვინ იქნებიან სახელმწიფოს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის სათავეებთან, როგორი დამოკიდებულება და მიდგომა ექნებათ მათ სხვადასხვა პრობლემისადმი.

 

სამწუხაროდ, ბევრს არა აქვს გააზრებული, თუ როგორი მნიშვნელოვანია არჩევნები. ეს ხშირად იმით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთებს არ აქვთ სათანადო ცოდნა ან არც უნდათ, თავი შეიწუხონ ამ საკითზე ფიქრით. ზოგს საკუთარი არჩევანი ვაჭრობის საგნადაც კი აქვს გადაქცეული და არჩევნებიდან არჩევნებამდე სარფიანადაც ვაჭრობს.

 

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის“ პროექტის პროექტის ფარგლებში გადავწყვიტეთ, გაგვერკვია ქვემო სვანეთის ახალგაზრდების ცოდნა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებში. ამ მიზნით მარტივი კითხვებისგან ტესტი შევადგინეთ და 17-30 წლის ახალგაზრდებს ანონიმურად შევსება ვთხოვეთ.

ეს არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. ზოგიერთმა ახალგაზრდამ როცა შეიტყო, რომ ტესტი არჩევნების თემატიკაზე იყო, კატეგორიული უარი გვითხრა მის შევსებაზე. ,,პოლიტიკა არ მაინტერესებს“ - იყო მათი არგუმენტი. ჩვენ მაინც მოვახერხეთ 11 ახალგაზრდის გამოკითხვა. ამ გამოკითხვას, ბუნებრივია, არა აქვს პრეტენზია, ჩაითვალოს სოციოლოგიურ კვლევად, მაგრამ ის გვაძლევს საშუალებას,  დავფიქრდეთ არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

 

გამოკითხულთა უმრავლესობამ  სწორად გამოიცნო ის, რომ საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომ უახლოესი საპარლამენტო საერთო არჩევნების ჩატარება 2016 წელს არის დაგეგმილი და საქართველოს პარლამენტი აირჩევა  4 წლის ვადით.

 

გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, ყველაზე დამაბნეველი გამოდგა კითხვა, რომელიც ეხებოდა პარლამენტში არჩეული დეპუტატის გამოწვევის საკითხს. გამოკითხულთა 73%-მა მიიჩნია, რომ თუ ამომრჩევლებს არ მოეწონებათ მათ მიერ არჩეული დეპუტატის საქმიანობა პარლამენტში, მაშინ მათ აქვთ ბერკეტები, გადაირჩიონ ან უკან გამოიწვიონ ეს დეპუტატი.

 

არა, ძვირფასო მკითხველო, თუ თქვენ პარლამენტში ან საკრებულოში აირჩევთ დეპუტატს, ამის შემდეგ რამდენიც უნდა ინანოთ, მას ვერ გადაირჩევთ და ის დეპუტატად დარჩება უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, თუ რაიმე დანაშაული არ ჩაიდინა.

 

სწორედ ამიტომ,  წინასწარ უნდა დაფიქრდეთ კარგად, ვის არჩევას გეგმავთ და ისეთ პარტიებს თუ  პიროვნებებს  გამოუცხადოთ ნდობა, რომელთა მომავალ საქმიანობაში ეჭვი არ შეგეპარებათ. სჯობს, არჩევნებზე ფიქრით და მსჯელობით მანამ დავკავდეთ, სანამ გვიანი იქნება.

 

ცოტნე მუსელიანი

 

გაზეთი „სვანეთი“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია