საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ციფრული მაუწყებლობა საქართველოში: რა რჩება ისევ პრობლემად?
ციფრული მაუწყებლობა საქართველოში: რა რჩება ისევ პრობლემად?
ავტორი: ლალი შენგელია
სულ ნანახია 1310
ავტორი:
ლალი შენგელია
მსგავსი სიახლეები

17 ივნისიდან ქვეყნის ფარგლებში მოქმედი ანალოგური სატელევიზიო სიგნალები აღარ იარსებებს. საქართველო, როგორც საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრი, ამ თარიღისთვის  განსაკუთრებული ინტენსიობით ბოლო ერთი წელია, ემზადება. აღნიშნული ეტაპი ევროპის განვითარებულ ქვეყნებში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ვალდებულება 2006 წელს აიღო.

 

მაგალითისთვის, გაციფრულების პროცესს დიდ ბრიტანეთში თითქმის 14 წელი დასჭირდა, ბელგიასა და შვედეთში 8-8 წელი, გერმანიასა და საფრანგეთში 6-6 წელი.

რთული ტექნოლოგიური და საკანონმდებლო პროცესის შედეგად  ციფრული სიგნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გავრცელდეს. ბოლო კონსულტაციები პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს. კომიტეტი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები კომიტეტს  მესამე მოსმენით 10 ივნისს უნდა დაემტკიცებინა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებობა ცნობილი, მათ შორის დიგიტალიზაციის რა გრაფიკი შეიმუშავა ხელისუფლებამ, ანუ როდის და რა რიგითობით მიიღებენ ციფრულ სიგნალს საქართველოს რეგიონები.

აღმოჩნდა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე 17 ივნისიდან ჯერ მხოლოდ თბილისში მცხოვრები მოსახლეობა გადავა.

მთავრობაზეა დამოკიდებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც ამ ეტაპზე შპს „სტერეო I“-ის მიერ წარმოდგენილი ახალი გრაფიკის შესაბამისად №MUX-B და  №MUX-E ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე მსჯელობს. გადაწყვეტილება  16 ივნისს 16:00 საათზე უნდა მიიღონ. საკითხის ზეპირი მოსმენა 4 ივნისს უკვე შედგა.

კომისიაში განმარტავენ, რომ ახალი გრაფიკის აუცილებლობა შპს „სტერეო I“-ის მიერ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ქსელის ფორმირების სამუშაოების ლიცენზიით განსაზღვრული გრაფიკის ვადების დარღვევა გახდა. რის გამოც კომპანიამ წერილობით გაფრთხილებაც კი მიიღო. „იმ შემთხვევაში, თუ 16 ივნისამდე საქართველოს მთავრობა, თავისი დადგენილებით, შეიმუშავებს საქართველოში ანალოგური ტელემაუწყებლობის გათიშვის ეტაპობრივ გრაფიკს, ის (გრაფიკი) აისახება შპს „სტერეო I“-ს №MUX-B და  №MUX-E ლიცენზიებშიც,“ - განუცხადა GeoDigital.TV-ს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აღნიშნავს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას 17 ივნისისთვის ვერ ასწრებენ მეზობელი ქვეყნებიც - აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი.

 

„თუ ვერ მოასწრო მოსახლეობამ სეტ-ტოპ ბოქსების შეძენა, რაც აუცილებელია, ეს იმათთვის, ვინც სიგნალს ოჯახური ანტენით ღებულობს, გარკვეული პეროდის განმავლობაში გვინდა, რომ დარჩეს ორივე წყარო. პარალელულ რეჟიმში ხდებოდეს მოხმარება, როგორც ანალოგურის, ასევე - ციფრული მაუწყებლობის,“ - ამბობს ტყემალაძე.

 

ხანგრძლივი თუმცა, ალბათ, არასაკმარისი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, რეგიონებში საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია,  რა საჭირო იყო ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა? ესეც რომ არა, უმეტესობისთვის პრობლემას წარმოადგენს ციფრული სიგნალის მისაღებად  საჭირო მოწყობილობის set-top box-ის შეძენა, რაც სამომხმარებლო  ტექნიკის  მაღაზიებში უკვე იყიდება. მისი ფასი 50 ლარიდან იწყება. სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000და ნაკლებია, სპეციალური დახმარების ფარგლებში სეტ-ტოპ ბოქსებს უფასოდ მიიღებენ. დახმარების მიღმა რჩებიან  პენსიონერები, რომელთაგან განსაკუთრებით დიდი პრობლემის წინაშე დგანან  მარტოხელები.

ამ საკითხთან დაკავშირებით რედაქციას სპეციალურად დაუკავშირდა ქუთაისის მკვიდრი, 72 წლის ნანი ხომერიკი. მისი თქმით, ძალიან რთულია, როცა სახელმწიფო არ ითვალისწინებს მოსახლეობის შესაძლებლობებს. მას არ შეუძლია, გადაიხადოს თანხა სიგნალის მისაღებად. უკმაყოფილოა, რომ ციფრული სიგნალის მისაღებად საჭიროა სპეციალური მოწყობილობის ყიდვა, ამით კი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი, მეორე არხის და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ხილვა შეეძლება. საკაბელო ტელევიზიის ინსტალიაციისთვის ყოველთვიური გადასახადის გადახდა ერთჯერადად და დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.

 

„მთელი საქართველო გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე, ამის შემდეგ თუ ჩართული არ იქნები ამ მაუწყებლობაში, ტელევიზორი გამეთიშება. იმისთვის, რომ ვუყურო არხებს, მომიწევს, ჩავრთო საკაბელო ტელევიზია. ამაზე დამატებითი გადასახადი მექნება. როგორ გავწვდეთ ამდენ გადასახადს. ჩვენი მიზერული პენსიიდან, რომელიც 150 ლარია, კომუნალური გადასახადები გადავიხადო, ჭამა არ მინდა თუ სმა. თუ რადგან პენსიონერები ვართ, არც ტელევიზია გვინდა, არც ჩაცმა და დახურვა?“ - აღნიშნა ნანი ხომერიკმა.

 

საინტერესოა, რა პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა. რამდენი ადამიანია ინფორმირებული აღნიშნული სიახლის  შესახებ და მზად ციფრულ საეთერო სიგნალზე გადასასვლელად?

 

ამასთან დაკავშირებით, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მივმართეთ კითხვით: ჩატარებული ჰქონდათ თუ არა კვლევა და ფლობდნენ  თუ არა ინფორმაციას, საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი შეძლებდა 17ივნისიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, აქვთ საჭირო სახსრები და შესაძლებლობა, თავად მოაგვარონ აღნიშნულ მაუწყელობაზე გადასვლასთან დაკავშირებული პრობლემები?

 

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს პრესსპიკერის, სალომე გელაშვილის თქმით, ციფრული მაუწყებლობის სააგენტო მოქმედებს მისთვის მინიჭებული ბიუჯეტისა და მთავრობის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც არ ითვალისწინებდა კვლევების ჩატარებას. ამასთან, ამგვარი კვლევის  სანდოობა უფრო მაღალი იქნებოდა, თუ კვლევას ჩაატარებდა არა ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, არამედ - პროცესში ჩართული რომელიმე ნეიტრალური მხარე.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს საიტზე მოცემულია კითხვარი, რომელზეც ამ დროისთვის პირველ კითხავზე: „იცით თუ არა, რომ 2015 წლიდან საქართველო გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე“ - უპასუხა 7720 მნახველმა, რომელთა 87% ადასტურებს, რომ იცის ამ ცვლილების შესახებ. ხოლო კითხვაზე: „ხართ თუ არა მზად მაუწყებლობაზე გადასასვლელად“, 9617 მნახველიდან მხოლოდ 48%-მა გასცა დადებითი პასუხი, 52% კი ჯერ მზად არაა გადავიდეს ახალ ციფრულ მაუწყებლობაზე.

ბოლო 3-4 დღის განმავლობაში თითქმის 2000-მა ადამიანმა დააფიქსირა პასუხი, შედეგად კი მივიღეთ საზოგადოებაში არსებული რეალური სიტუაციის ამსახველი სტატისტიკა. საიტზე შემსვლელთა ნახევარზე მეტი არ არის მზად ციფრული მაუწყებლობისთვის.

 

ხოლო კითხვაზე: გაქვთ თუ არა კონტაქტი იმ მოსახლეებთან, რომლებსაც არ აქვთ სოც. დახმარება, წარმოადგენენ  საპენსიო ასაკს და მათი ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსიაა, 150 ლარის ფარგლებში. რამდენად  გაქვთ გათვალისწინებული მათთვის ციფრული მაუწყებლობის  მიღებისთვის საჭირო მოწყობილობის  „სეთ-თოფ ბოქსის“ შეძენა, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსგან შემდეგი პასუხი მივიღეთ:  სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომლებსაც აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი და რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია (2014 წლის ნოემბრის მონაცემებით). სეთ-თოფ ბოქსის „მონტაჟი“  გულისხმობს კაბელების მიერთებას და არხების მოძებნას.   შეერთების სქემა და ტექნიკური პარამეტრების გადაწყობის თანმიმდევრობა მოსახლეობას შეუძლია, იხილოს საინფორმაციო ფლაერებში, რომელიც მოსახლეობას არაერთხელ ურიგდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.digitaltv.ge, შეუძლიათ მოგვმართონ სოციალურ ქსელში www.facebook.com/digitaltv.ge . 24 საათის განმავლობაში მუშაობს ცხელი ხაზიც: 1480

 

იმისათვის, რომ მოსახლეობამ მოულოდნელი სიურპრიზებისგან თავი დაიზღვიოს, მნიშვნელოვანია  ციფრული სიგნალის მიღების გზა აირჩიოთ. თანამგზავრული, საკაბელო, IPTV თუ მიწისზედა ციფრული ტელევიზია.

 

თქვენი არჩევანი არსებულ ბიუჯეტზე და არხების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თანამგზავრულ, საკაბელო, IPTV სერვისები ფასიანია. ამავდროულად, ტელეპროვაიდერები მომხმარებელს ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ, არხების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია