დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმე - ნაფიცი მსაჯულების „დამოკლეს მახვილი“
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმე - ნაფიცი მსაჯულების „დამოკლეს მახვილი“
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 1825
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე
მსგავსი სიახლეები

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ნაფიცი მსაჯულების „დამოკლეს მახვილი“ აღმოჩნდა, რადგან ამ  ინსტიტუტის მიმართ აშკარა კითხვები არა მხოლოდ იურისტებში, არამედ საზოგადოებაშიც გააჩინა.

 

ამ გახმაურებულ საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს კი რადგან ამ საქმეზე 9-თვიანი პატიმრობის ვადა  წლის 12 ივნისს ეწურებოდა, პროკურატურამ სხვა საქმეზე ახალი ბრალი წაუყენა, ხოლო თბილისის  საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა, არც მეტი არც ნაკლები, ცრუ დასმენის ფაქტზე შეუფარდა.

 

როგორც მთავარი პროკურატურა აცხადებს, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ 2014 წლის 22 სექტემბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულს „ცრუ ინფორმაცია“ მიაწოდა და განუცხადა, რომ მას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ამ ბრალდებას ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია წამების, თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, არ შეიძლება იყოს პირის/პატიმრის წინააღმდეგ მიმართული და გამოყენებული, ან გახდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.

 

„მსგავსი პრეცედენტი ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს, არა მხოლოდ გიორგი ოქროპირიძის მიმართ წაყენებული ბრალის დასაბუთებულობასა და მართებულობასთან დაკავშირებით, არამედ არსებითად აყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე სახელმწიფო მიერ არაერთგზის ნაკისრი - წამების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებას“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს აღნიშნული ბრალი მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში დატოვების მიზნით წაუყენა, რადგან ვადა ეწურებოდა და  მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახი ითხოვდა, ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან არ გამოეშვათ. ამას დაემატა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა ვერ გაამართლა, სრული კრახი განიცადა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ლაშა მახარაძის მკვლელი დაისაჯოს.

„რა თქმა უნდა, ლაშა მახარაძის დაზარალებულ ოჯახს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა აქვს, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, როგორ რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ,“ - განაცხადა პრემიერმა. მეთოდებს კი მთავარმა პროკურატურამ მალევე მიაგნო.

 

ამრიგად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სერიოზულ, გახმაურებულ საქმეზე ვერდიქტის გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება ვერ შეძლო. როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს  გამამტყუნებელი განაჩენისათვის ერთი ნაფიცი მსაჯულის ხმა დააკლდა.

 

„არ მოველოდით იქიდან გამომდინარე, რა მყარი ფაქტებიც არსებობს სისხლის სამართლის საქმეში. დადასტურებულია, რომ ლაშა მახარაძე გიორგი ოქროპირიძემ მოკლა. დღეს მოვისმინე ლაშა მახარაძის დედის განცხადებები, რაც სრულიად გასაგებია,“ - განაცხადა შოთაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მიიჩნევს, ასეთ განსაკუთრებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილება პროფესიონალმა მოსამართლეებმა უნდა მიიღონ.

 

 

ufemvlt,f se fhf yfabwb    vcf]ekt,bc bycnbnenb(!

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება პროცედურულად ძალიან რთული იქნება.  მურუსიძის განმარტებით, აღნიშნული ინსტიტუტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს მოსამართლეს. „ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება პროცედურულად რთულია. ინსტიტუტის გაუქმების სურვილი რომ მქონდეს, ამ ეტაპზე შეუძლებლად მიმაჩნია,“ - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით კი საზოგადოების მენტალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი ამ ეტაპზე ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის საკმარისი არაა. როგორც კაიკაციშვილმა აღნიშნა, ბევრმა ქვეყანამ, სადაც ეს ინსტიტუტი ფუნქციონირებდა, ის უკვე გააუქმა.

 

„ჩვენი საზოგადოების მენტალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი ამ ეტაპზე საკმარისი არაა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის. ამასთან, როცა ვსაუბრობთ საერთაშორისო გამოცდილებაზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საერთოდ, მთელს მსოფლიოში სულ 25 ქვეყანაში ასებობს ეს ინსტიტუტი. დღესდღეობით, აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეების მხოლოდ 3-4% განიხილება, ინგლისში 4%. ზოგ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, ბელგიაში და საბერძნეთში ის უკვე გააუქმეს,“ - განაცხადა კაიკაციშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე ახზე  „არგუმენტების დროში“.

 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი ფაქტის საფუძველზე არ უნდა მოხდეს ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება და ასევე, მისი აზრით,  აუცილებელია აღნიშნული საკითხის განხილვა და დეტალური ანალიზი  მოხდეს  პროფესიულ წრეებში   და არა პოლიტიკურ წრეებში. როგორც საია-ს  ხელმძღვანელი აღნიშნავს, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტს საქართველოში გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება აღნიშნული ინსტიტუტის მოქმედების შეფასება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აცხადებს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები აქვს, ხოლო ამ ინსტიტუტში გაუქმებას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება.

 

„ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს შესახებ“ კონსტიტუციაში წერია: თუ კონსესუსს ვაღწევთ და ვთანხმდებით ცვლილებებზე, ამას განხილვა და კონსტიტუციური ცვლილება სჭირდება. ამ სისტემას, რა თქმა უნდა, აქვს ხარვეზები. მე თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, იგივე პოზიციაზე ვარ, რომ ხარვეზები არსებობს სისტემაში, თუმცა აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეებიც,“ - განაცხადა ბესელიამ  და დასძინა, რომ გაუქმდეს თუ არა საერთოდ აღნიშნული ინსტიტუტი, გადაწყვეტილების მიღება ცალსახად არ შეიძლება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია