დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარიამი - ანა ფრანკის მეგობარი
მარიამი - ანა ფრანკის მეგობარი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 5576
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ორპირელი მოსწავლის წარმატება და კონკურსში გამარჯვებით მოპოვებული ამსტერდამის საგზური

 

„ვიდრე „ანა ფრანკის დღიურის“ წაკითხვას დავიწყებდი, ვფიქრობდი, განა რას დაწერდა 13 წლის გოგონა ისეთს, რომ წიგნად გამოუშვეს და მსოფლიომ აღიარა. ამიტომ თავდაპირველად კითხვას ვალდებულების მოხდის მიზნით შევუდექი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ნამდვილად ვცდებოდი, რადგან ესაა წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ ყველა ადამიანი დაფიქრდება და ანას მიბაძავს, რომ გახდეს უკეთესი, ვიდრე არის დღეს,“ - ასე ფიქრობს 16 წლის მარიამ გოჩელაშვილი, რომელიც საგანმანათლებლო კონკურსის - „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია გამარჯვებული გახდა. კონკურსი განხორციელდა საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don’t Worry, Be Healthy!-ის ფარგლებში, საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და „ანა ფრანკის სახლის“ ერთობლივი თანამშრომლობით, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.


მარიამი ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირში ცხოვრობს, ორპირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. უნდა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდეს. ჯერ უცნობია, მის სურვილს რა მომავალი აქვს, თუმცა, ის კი ნამდვილად იცის, რომ რამდენიმე დღეში კონკურსის კიდევ ორ გამარჯვებულთან ერთად ხუთი დღით ამსტერდამში გაემგზავრება და ანა ფრანკის სახლ-მუზეუმს დაათვალიერებს.


ბევრ კონკურსში მიუღია მონაწილეობა, თუმცა, ასეთი დიდი წარმატება არასოდეს სწვევია. როგორც თავად ამბობს, კონკურსის მასშტაბიდან გამომდინარე (რამდენიმე ათასი საკონკურსო ნამუშევარი შეგროვდა მთელი საქართველოდან), გამარჯვებას არ ელოდა, მაგრამ მისმა თემამ ჟიურთან ერთად საქართველოს პირველი ლედი იმდენად მოხიბლა, რომ მარიამი ერთადერთი გამარჯვებულია, რომელსაც პირადად სანდრა რულოვსმა დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.


 „არ ველოდი გამარჯვებას, მით უმეტეს, თუ თავად ქალბატონი სანდრა დამირეკავდა, გამარჯვებაზე მეტად სწორედ იმის დაჯერება გამიჭირდა, რომ პირველი ლედი მილოცავდა წარმატებას. მიხარია, რომ შრომა დამიფასდა, ეს ჩემთვის ნამდვილად კარგი სტარტი და სტიმულია უკეთესი სწავლისთვის. ვგრძნობ, რომ ანას სახლ-მუზეუმის ნახვისას ბევრად უკეთ შევიგრძნობ 13 წლის გოგონას განცდებს, თუმცა ანა ფრანკი უკვე ჩემი მეგობარი და კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვიცხოვრო უკეთესად, ისე, რომ სხვებს დავეხმარო...“

 

 მარიამმა მისი თემის გამოქვეყნების უფლება ექსკლუზიურად გაზეთ „P.S.“-ს მისცა. აი ისიც:

 

 

„ანა ფრანკის დღიური“ და მისი როლი 21-ე საუკუნეში

 

ანა ფრანკი

 

სავარძელში მოვკალათდი. მუხლებზე წიგნი მიდევს - „ანა ფრანკის დღიური“.  ვფიქრობ, ღირს თუ არა წაკითხვა, განა რას დაწერდა 13 წლის გოგონა ისეთს, რომ მისი წიგნად გამოშვება გადაწყვიტეს?

 

წიგნი გვერდზე გადავდე, ლეპტოპი ავიღე და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება დავიწყე. საძიებო სისტემაში ჩავწერე „ანა ფრანკი“ და წამებში მივიღე ინფორმაცია.

„გერმანია-ჰოლანდიის სისხლიანი ომის ქარტეხილში, მამის მიერ ნაჩუქარი რვეული 13 წლის გოგონამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი დროის მამხილებელ დოკუმენტად აქცია“...


ლამაზად გაფორმებულ წიგნს გავხედე. მომეჩვენა, იქიდან ჩემთვის, ჯერჯერობით, უცნობი 13 წლის ანა ფრანკი მიღიმოდა.


კითხვა დავიწყე. ჩემებს ჰგონიათ, მხოლოდ ვკითხულობ, მე კი - ანასთან ერთად ორი უმძიმესი წელი „გავატარე“.


რა ღრმა და ლამაზი სული ჰქონია.


სულმოუთქმელად ვკითხულობ ომის შესახებ დაწერილ თითოეულ სიტყვას. ვხვდები, ყველა ომი განსხვავებულია!.. მაგრამ ყველა ომი საშინელია!...


1942 წლის 8 ივლისი - ანას ტკივიალიანი დღიურის პირველი ფურცელი. პირველად იგრძნო ომის ძალა.


8 ივლისი... 8 აგვისტო, 2008...


მაშინ გაცილებით პატარა ვიყავი... პირველად ამოვიკითხე დედის, მამის, დეიდას სახეზე - ომი.  ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილმა მეზობლის ნიკამ რომ ჩაიარა ჩვენს ქუჩაზე, ცრემლმორეული, შეშფოთებული თვალები გააყოლეს ჩემებმა. ეს იყო ჩვენი ომი...


ფურცელს ფურცელი ენაცვლება, ჩემში კი სხვადასხვა გრძნობა ებრძვის ერთმანეთს: გაოცება, იმედი, შიში ერთმანეთში აირია. ალბათ იმიტომ, რომ მე ისეთი საშინელება არ გამომივლია, როგორიც ანამ. მეშინია, ანა სულიერად არ დაეცეს.


კითხვას ინტერესით ვაგრძელებ. ნუთუ ანას შეეშინდება?


შემრცხვა, როგორ დავეჭვდი, როგორ ვიფიქრე, რომ ფარხმალს დაყრიდა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდა? შემრცხვა ერთი პატარა ებრაელი გოგოს წინაშე, მისი გამბედაობის წინაშე.


ვხვდები, მან ბევრი შეძლო - მე ახლა მის დღიურებს ვკითხულობ!


ვგრძნობ ჩემს უმწეობას: მე ხომ უკვე აღარაფრის შეცვლა შემიძლია. ალბათ, ანა მეტყოდა: „ხან ზეციური აღმაფრენა მოგიწევს, ხან ღრმა მწუხარება: მაგრამ ნუ გეშინია, სანამ შეგიძლია უშიშრად ახედო ცას, სანამ გული წმინდა გაქვს, ბედნიერება მუდამ შენთანაა.“ 


მივყვები ფურცლებს, დავიბოღმე! ჩემში სიძულვილი იკიდებს ფეხს, მძულს ყველა, ვინც ასე გაწირა ანა და არამარტო ის. ვფიქრობ, შევძლებ თუ არა იმათ დასჯას, ვინც უდანაშაულო ხალხის სიცოცხლით ირთობდა თავს. ხოცავდა, ჟლეტდა და თავს ირწმუნებდა, რომ ამით სამართლიანობას ემსახურებოდა. შევძლებდი სამართლიანობისთვის მათ დასჯას?


ამ წინააღმდეგობათა ჭიდილში დავიკარგე. და როცა შურისძიების გრძნობით იმ ბოროტ არსებებს გავუტოლდი, გამოსავალი ანამ მაპოვნინა: „ასწიე თავი. კვლავაც დადგება უკეთესი დრო“...


წიგნი დროებით გვერდზე გადავდე.


რას მეუბნება ანა?


მივხვდი, უფლება არ მქონდა, ვინმე შემეძულებინა, მიუხედავად ჩემში განვითარებული რადიკალურად განსხვავებული ემოციისა. სწორედ ეს ვისწავლე ანა ფრანკისგან - სამართლიანობა, ტოლერანტობა, განსჯის უნარი. ანამ მასწავლა სიცოცხლის სიყვარული, სწრაფვა უკეთესობისაკენ. ყველაზე მთავარი - მასწავლა, რომ ვყოფილიყავი სხვისთვის უკეთესი მაგალითი. არ ვიცი, შევძლებ ამას? ვარ კი ძლიერი?  შევძლებ, სიკვდილს თვალებში ჩავხედო და მაინც თამამად ვთქვა, ანასავით: „ქვეყანა უჩემოდაც იარსებებს, ხოლო ისტორიის გაჩერება არავის შეუძლია“. და სიკვდილის მოლოდინში მაინც ვიოცნებო გადარჩენაზე, რათა მძიმე განსაცდელის შემდეგ დავეხმარო სხვებს.


მინდა, მოვნახო საშუალება, რომელიც დამეხმარება, გავხდე უკეთესი, ვიდრე ვარ, გავხდე ისეთივე, როგორიც ანა ფრანკია. ანამ მიმანიშნა, როგორ უნდა მოვიქცე.


გიორგიმაც... ჩემი ბიძაშვილია, ავღანეთში მსახურობდა. ჩამოსული ყვებოდა, როგორ მიუახლოვდა ფეხშიშველი ავღანელი, თავის ენაზე რაღაც სთხოვა. გიორგი მიხვდა, რა უნდოდა. წყლით სავსე მათარა მიაწოდა. ასე გახდნენ მეგობრები. არც ენა ესმოდათ ერთმანეთის, არც ერთ ღმერთზე ლოცულობდნენ, მაგრამ ავღანელი ყოველდღე მიდიოდა ჩემს ბიძაშვილთან „სასაუბროდ“...


ჩვენ, ადამიანები, სხვადასხვა ვართ, მაგრამ ერთნი! ნუთუ გვაქვს რამე გასაყოფი?


ღირდა ამ დღიურის  წაკითხვა.


წიგნი გვერდზე გადავდე, სავარძელში მოვიკუნტე და... თითქოს კინოკადრმა ჩაიარა ჩემ თვალწინ: ანას ტყვია გულთან ახლოს მოხვდა, თითქოს ფრთხილად დაეცა. გახუნებული, ნაცრისფერი „ჟაკეტის“ ჯიბიდან რვეული გადმოვარდა. წარმოვიდგინე, როგორ აიღო ხელში მამამისმა, ოტო ფრანკმა წვიმაგამოვლილი ანას დღიური და უბეში ჩაიდო...


წიგნს გადავხედე. რამდენ რამეს იტევს - სიკეთეს და ბოროტებას, ომს და მშვიდობას, სიძულვილს და სიყვარულს, შურისძიებას და მიტევებას, ტოლერანტობას...


 

ანამ არჩევანის უფლება მომცა...

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია