საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
რა უნდა იცოდნენ ადგილობრივმა მედიაპორტალებმა
რა უნდა იცოდნენ ადგილობრივმა მედიაპორტალებმა
ავტორი: ლალი შენგელია
სულ ნანახია 894
ავტორი:
ლალი შენგელია
მსგავსი სიახლეები

„ადგილობრივი ინფორმაციული პორტალი, როგორც ცალკეული მედია-პროდუქტი“, - ამ თემაზე ქართული ადგილობრივი გაზეთების წარმომადგენლებისთვის პოლონურმა ფონდმა   „განათლება დემოკრატიისათვის“ სამდღიანი ტრენინგი გამართა თელავის მედიაკაფეში.   ტრენინგებს წარმართავდნენ: ფონდის კოორდინატორი აგნეშკა ნოვინკა, პოლონეთის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილობრივი გაზეთის, კვირეული „პშელომის“, ასევე, პორტალ „przelom.pl“-ის გამომცემელი, ადგილობრივი გაზეთების ასოციაციის თავმჯდომარე ალიცია მოლენდა და ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი“-ს ტრენერი მარჩინ ბანკი. საქართველოში პროექტის პარტნიორია კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი ICFJ.

 

ქართული რეგიონული მედიასაშუალებებიდან ტრენინგში მონაწილეობდნენ პოლონური პროექტის პარტნიორი გაზეთები და ინტერნეტპორტალები: „P.S.“ („პოსტსკრიპტუმი“), „ჩემი ხარაგაული“, „ოკრიბანიუსი“, „კახეთის ხმა“, „სპექტრი“, „სამხრეთის კარიბჭე“, „მთავარი სამეგრელოში“, „თრიალეთის ექსპრესი“, „ზუგდიდელები“, „სვანეთი“, „გურიანიუსი“, „გურიის მოამბე“.

 

„ვებ-გვერდის ევოლუცია საინფორმაციო პორტალამდე, როგორ გავიცნოთ მკითხველი და როგორ მოვიქცეთ ინფორმაცისთან“ - ეს იყო შეხვედრის საკვანძო საკითხები. ტრენერებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: თუ როგორ უნდა უზრუნველყონ ქართული ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა გაზეთში დაბეჭდილი რეკლამის პორტალზე განთავსება და პირიქით. განხილულ საკითხებს შორის იყო ასევე google რობოტის მუშაობის პრინციპის გაცნობა - ჟურნალისტური ტექსტისთვის როგორ უნდა შეირჩეს საკვანძო სიტყვები და როგორ უნდა ვარჩინოთ პორტალი. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ტრენერები მხოლოდ თეორიულ პოსტულატებს არ ეყრდნობოდნენ და საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებდნენ ადგილობრივი ქართული მედიის გამომცემლებსა და ჟურნალისტებს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ტრენინგზე პოლონურმა ფონდმა უკვე მეორედ გამოაცხადა კონკურსი პროექტის მონაწილე ადგილობრივი გაზეთებისათვის რამდენიმე ნომინაციაში, რაც დიდი სტიმულია რეგიონის ჟურნალისტებისათვის, რომ გააუმჯობესონ პორტალის მუშაობა, შექმნან მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალები თუ ნიუსები. გამარჯვებულები ჯილდოვდებიან როგორც ციფრული ტექნიკით, ასევე - პოლონეთში სტაჟირებით.

 

ტრენინგის დასასრულს ჩვენ ბლიც-ინტერვიუ ჩავწერეთ პოლონური ფონდის კოორდინატორთან, ქალბატონ აგნეშკა ნოვინკასთან, რომელმაც საუბარში აღნიშნა, რომ ადგილობრივ გაზეთებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და მათი ნაბიჯი ზუსტად უნდა იყოს გათვლილი. ისინი უნდა აშუქებდნენ ლოკალურ დონეზე არსებულ პრობლემებს და არ უნდა ავიწყდებოდეთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სწორედ ეს აინტერესებს. 

 

 

ბლიცი

 

- ქალბატონო აგნეშკა, რომელი წლიდან ახორციელებთ საქართველოში პროექტებს და რა არის თქვენი მიზანი?

 

-ფონდი „დემოკრატიული აღმოსავლეთი“ საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს. აღნიშნული პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ასევე, პროექტი თანადამფინანსებელია პოლონურ-ამერიკული ფონდის „თავისუფლების“ პროგრამა RITA-ს ფარგლებში და ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“.

 

ჩვენ ვცდილობთ, დემოკრატიის განვითარების გზაზე მხარი დავუჭიროთ ზუსტად იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიის მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამენ. აქედან გამომდინარე, შევარჩიეთ ქვეყნები, სადაც ვახორციელებთ პროექტებს და  მათ შორის არის საქართველოც. მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ რთულ გზაზე.

 

- რა ნიშნით არჩევთ ადგილობრივ მედია ორგანიზაციებს? 

 

- შეხვედრაზე მოწვეული არ იყვნენ  იმ გაზეთის წარმომადგენლები, რომელებიც არ არიან დამოუკიდებლები. ვმუშაობთ მხოლოდ იმ მედიაპორტალებისა და გაზეთების წარმომადგენლებთან, რომელებიც დამოუკიდებლად საქმიანობენ დემოკრატიის გზაზე და, ბუნებრივია, უჭირთ ნაბიჯების გადადგმა. თავდაპირველად ჩვენ ვეძებდით თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე არსებულ მცირე ადგილობრივ გაზეთებს, რომლებიც ყველაზე დაბალ დონეზე იქნებოდა. მიგვაჩნია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებული დამოუკიდებელი გაზეთი ძალიან დიდი საყრდენი და საფუძველია დემოკრატიზაციის გზაზე.

 

- რა საკითხები აქვთ გამოსასწორებელი რეგიონებში მედიაპორტალებს?

 

- ქართული ადგილობრივი გაზეთებისა და პორტალების ძირითადი პრობლემა არის ის, რომ მათ უნდათ, რომ  მოიცვან მთელი ქვეყანა, უფრო ფართო რეგიონისთვის მუშაობდნენ, ვიდრე მათი ლოკალური სივრცეა. ნაკლებად აფასებენ იმას, რომ მუშაობდნენ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ადგილობრივ გაზეთში უნდა იყოს მხოლოდ ლოკალური ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აინტერესებს. ქვეყნის ფარგლებში მიმდინარე მოვლენებს ადგილობრივი მოსახლეობა ცენტრალური ტელევიზიითა და  გაზეთებიდან ისედაც ნახავს. 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია