საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გარეთ გამოტანილი დაგვიანებული ამბები
გარეთ გამოტანილი დაგვიანებული ამბები
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 1501
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე
მსგავსი სიახლეები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოთხმა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის - პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. ხელისუფლებამ და „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეებმა ეს პარტიის დაშლის დაწყებად აღიქვეს, თავად „ნაციონალები“ კი ამბობენ, რომ მათი წასვლა საერთო სურათს ვერ შეცვლის. წასული დეპუტატები კი აცხადებენ, რომ მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მესამე გამოცდა ვერ ჩააბარა.

 

 

ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს და პარტიაში არსებულ პრობლემებზე საუბარი დაიწყეს. როგორც მათ  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, როგორიც იყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება და პოლიტიკურად გადარჩენა, პარტიამ მესამე გამოცდა - კომპეტენტურ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება - ვერ ჩააბარა.

 

„პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად... მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა, სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა. ჩვენთვის არასოდეს ყოფილა მოტივაცია 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მიღების იმედი, რაც ჩემთვის, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივნისთვის, სავარაუდოდ, გარანტირებული იყო. მეტიც, ჩემთან ერთად ენმ-იდან წამოსული არცერთი კოლეგა არ აპირებს 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას, რადგან სჯერა, რომ საზოგადოება სიახლეს ითხოვს, - განაცხადა პარტიის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, მოწინააღმდეგის დასამარცხებლად, საჭიროა პოლიტიკური სპექტრი ახლებურად გადანაწილდეს. მათივე თქით, ისინი ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაზე დროისა და ენერგიის ხარჯვას არ აპირებენ და მათი მიზანია, ხელისუფლებას ჩამოაცილონ არაფორმალური მმართველი ოლიგარქი. რაც შეეხება პარტიის დატოვების ფორმასა და დროს, როგორც ოთხი დეპუტატი განმარტავს, ინფორმაციის გაჟონვა და პროცესების დაჩქარება მათგან დამოუკიდებლად მოხდა.

 

 

„ფორმა და დრო არ ყოფილა ჩემი და ჩემი მეგობრების შერჩეული. ჩვენ ვაპირებდით, ჩვენი გადაწყვეტილება გაგვეზიარებინა იმ ადამიანებისთვის პარტიის შიგნით, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა. მე მქონდა კონსულტაცია პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, რომელმაც ითხოვა გარკვეული პერიოდი საერთოდ არ გამეხმაურებინა გადაწყვეტილება. ჩვენ პირობა დავიცავით. ინფორმაციის გაჟონვა და პროცესების დაჩქარება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებლად. ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვასწარით იმ ადამიანებისთვის ჩვენი გადაწყვეტილების წინასწარ გაცნობა, რომლებთან ურთიერთობაც ჩვენთვის ძვირფასია,“ - აღნიშნა პარტიის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

რაც შეეხება ყოფილი „ნაციონალების“ სამომავლო გეგმებს, როგორც პავლე კუბლაშვილი ამბობს, ძველმა სახეებმა უკანა პლანზე უნდა გადაინაცვლონ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აღარ უნდა მიიღონ.  ამის შესახებ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ არჩევნებში შესაძლოა მონაწილეობა მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძემ მიიღოს.

 

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, იმ გუნდმა, რომელიც ახალ პოლიტიკურ ცენტრს ვქმნით, ზურაბ ჯაფარიძის გარდა, რომელიც შედარებით ახალი სახეა პოლიტიკაში, უკანა პლანზე უნდა გადავიწიოთ, ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აღარ უნდა მივიღოთ. ხელი უნდა შევუწყოთ ამ ცენტრის ჩამოყალიბებას, მასში ახალი პოლიტიკოსების გამოჩენას და სწორედ მათი მეშვეობით შეიძლება ახალი სისხლი შევძინოთ ქართულ პოლიტიკას. ეს არის მნიშვნელოვანი, საზოგადოება ამას ითხოვს. ეს ჩანს ყველა კვლევაში,“ - განაცხადა კუბლაშვილმა.

 

ყოფილი თანაპარტიელების ამ გადაწყვეტილებას ოლიგარქის მხრიდან ზეწოლას უკავშირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი და ამ ნაბიჯს არაადეკვატურს უწოდებს. გაბაშვილის თქმით, რომ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება 3 წლის განმავლობაში განხორციელებული ზეწოლის გამო მიიღეს. ხოლო პარტიის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია კი მიიჩნევს, რომ ამ პიროვნებების გადაწყვეტილება არასერიოზულია და მათ დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლეს.

 

„სამწუხაროდ, ეს არის არასერიოზული, უპასუხისმგებლო, ინფანტილური გადაწყვეტილება. მთავარ ოპოზიციურ ძალაში ყოფნა ეს სერიოზული პასუხისმგებლობაა და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა ჯაფარიძემ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო. მაგრამ ამით ბევრი არაფერი არ იცვლება, ყველას ესმის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი რეალური ალტერნატივაა, ივანიშვილის ხელისუფლების და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ხედვა, კონკრეტული გეგმა და უნარი, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და ჩვენ ამისთვის ვაპირებთ მუშაობას,“ - განაცხადა ბოკერიამ, რომელიც არ ელოდება, რომ პარტიას კიდევ ვინმე დატოვებს. ბოკერიას თქმით, მათი წასვლა საერთო სურათში არაფერს ცვლის.

 

 

დაიწყო თუ არანაციონალური მორაობისდაშლა?!

 

„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გაცილებით უფრო ადრე დაიწყო.


მისი თქმით, ოთხი დეპუტატის წასვლამდე, გაცილებით უფრო ადრე დატოვა მოძრაობა ბევრად სერიოზულმა ძალამ.

 

„ვგულისხმობ ნიკა რურუას და მის თანაგუნდელებს, რომლებმაც საზოგადოება „ივერია“ შექმნეს. ეს იყო მართლა რეალურად ძლიერი ძალა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ეყრდნობოდა წლების განმავლობაში. მათ მოძრაობა გაცილებით უხმაუროდ დატოვეს. ისე, თითქოს პარტიაში შიგნით არაფერი ხდებოდა. ეცადნენ, თავიანთი წასვლით დარტყმა არ მიეყენებინათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და თვითონ დისტანცირებულები ყოფილიყვნენ ამ ძალისგან. მთავარი საყრდენი სწორედ მაშინ გამოეცალა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამის შემდეგ ძალიან სწრაფად გაჩნდა ჭორი, რომ გიგა ბოკერიაც ტოვებდა პარტიას. თუმცა ვფიქრობ, რომ ბოკერია პარტიას ვერ დატოვებდა, რადგან რეალური ძალა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეცალა, სწორედ იმიტომ გამოეყო, რომ მასთან იდენტიფიცირების სურვილი   აღარ     ჰქონდა,“ - განაცხადა კაკაბაძემ „პირველ პრესკლუბში“.

 

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია 2016 წლის არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ 4 წევრის წასვლას ტაქტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს, რომელიც მათ დასავლელმა პარტნიორებმა უკარნახეს.   როგორც მაისაიამ  „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურს გადაწყვეტს და რადგანაც საქართველოში, არცერთ პოლიტიკურ ძალას ამომრჩეველთა მაღალი ელექტორატი არ ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვიტეს, რომ დაიშალონ და სხვადასხვა პარტიებთან გაერთიანდნენ. ასევე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევის მიზეზი  მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირების მცდელობაც შეიძლება იყოს.

 

„გარკვეული ძალები ცდილობენ დისტანცირება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილისგან, როგორც პიროვნებისგან, რადგანაც მისი პოლიტიკური ლიდერობის მზე დიდი ხანია ჩაესვენა და ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გვამთან არავის არ სურს ურთიერთობა,“ - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „პირველ პრესკლუბში“.

 

„ნაცმოძრაობაში“ ყოველთვის იყო წინააღმდეგობები, მაგრამ მათ ეს გარეთ არასოდეს გამოჰქონდათ. მე ნამდვილად არ ვიცი, ახლა რა ხდება „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ როგორც ჩანს, ერთ-ერთმა წინააღმდეგობამ თავი იჩინა.  „ნაციონალებს“ ახლა უფრო ერთიანობის დემონსტრირება სჭირდებოდათ, ვიდრე დაშლა და ნაწილ-ნაწილ არჩევნების მოგებისთვის ბრძოლა. თუ ოთხი დეპუტატი დააარსებს რაღაც პოლიტიკურ ძალას, ბუნებრივია, მათ დასჭირდებათ სერიოზული ფული, საინფორმაციო მხარდაჭერა, მთელი რიგი ფაქტორებია, რომ მათ ყველაფერი ეს თამაშად არ უნდა უღირდეთ,“  - ამბობს პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში და დასძენს, რომ ზეწოლასაც არ გამორიცხავს, ვინაიდან ამგვარი რამ ჩვენს სახელმწიფოში სამწუხარო პრაქტიკაა.

 

„გითხრად სიმართლე, მე ის მიკვირს, რომ „ნაციონალებმა“ აქამდე როგორ შეინარჩუნეს ერთიანობა. მართლაც საინტერესოა ახლა რა მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი. იმედია, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, თუ რა მოხდა და, საერთოდ, რა ხდება „ნაციონალებში“ - მიიჩნევს ბატონი შარაშენიძე.

 

რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, მმართველი ძალის პოლიტიკოსების კომენტარებში აშკარად ამბობენ - ესენი აქამდეც უნდა დაშლილიყვნენ. მაგალითად, თბილისის მერი დავით ნარმანია        „ნაციონალური მოძრაობიდან“ რამდენიმე დეპუტატის წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მერის თქმით, ეს არის იმ პროცესების ლოგიკური გაგრძელება, რაც პარტიაში ბოლო დროს მიმდინარეობდა.

 

„სიმართლე გითხრათ, ცოტა მიკვირს, რომ ეს აქამდე არ მოხდა. ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესებისა, რაც იქ მიმდინარეობდა ბოლო პერიოდში. ვფიქრობ, ეს არ არის ბოლო და კიდევ იქნება ძალიან საინტერესო მოვლენები,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი წევრის წასვლა პარტიაში პრობლემებზე მიუთითებს. როგორც ჯავახიშვილმა რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, ოპოზიციური პარტიის დაშლა, ცენტრალურ გამზირზე შეკრებილი ბედნიერი ხალხისთვის სასარგებლო იქნება.

 

„რაღაცა ჭირს პარტიას, როცა იშლებიან. რაც მალე დაიშლებიან, მით უკეთესი საქართველოსთვის. საბოლოო ჯამში, მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება,“ - განაცხადა ჯავახიშვილმა.

 

დაიშლება  თუ არა ბოლომდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაქრება პოლიტიკური არენიდან, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, დღეს აშკარაა, რომ პარტიის შიგნით არსებობს პრობლემები და მიმდინარეობს შიდაპარტიული გადანაწილებები. ამის საბოლოო შედეგს კი, სავარაუდოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვნახავთ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია