დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წლები, წლები, მოლოდინის წლები...
წლები, წლები, მოლოდინის წლები...
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 2016
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე
მსგავსი სიახლეები

21-22 მაისს მსოფლიოს ყურადღება ლატვიის დედაქალაქ რიგისკენ იყო მიმართული, სადაც ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი გაიმართა. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ სამიტზე საქართველომ მაქსიმუმი მიიღო. ოპოზიცია პირიქით ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიამ „საშემოდგომო“ გამოაყოლა, რადგან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ჯერ კიდევ არ მოხდა, რასაც ასე ელოდნენ საქართველოს მოქალაქეები რიგის სამიტიდან.

 

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეოთხე სამიტში ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე 6 ქვეყნის: საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელორუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველო რიგის სამიტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

 

„რიგის სამიტზე ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რისი მიღებაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. მისივე განმარტებით, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება და დალოდება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეძლონ.

 

„პროცესი 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს უნდა დაწყებულიყო. მოლდოვამ სწორედ ამის გამო მიიღო უვიზო რეჟიმი. ჩვენ სწორედ ორი წლის წინ დავიწყეთ, როცა ხელისუფლებაში მოვედით. ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან დიდი ნახტომი გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი რეფორმები, წინსვლა ევროკავშირისკენ, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ასე რომ, ჩვენ უკვე ის მაქსიმუმი შევძელით, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ნამდვილად მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი იმისა, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო სამიტის დეკლარაციის ტექსტში და ზოგადად სამიტზე. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სამიტის დეკლარაცია - ეს არის ერთობლივი განცხადება 34 ქვეყნისა. ეს დეკლარაცია შედეგია ძალიან სერიოზული კონსენსუსის, ასევე ძალიან სერიოზული მოლაპარაკების, ნამდვილად ძალიან დიდი კომპრომისის შედეგი იყო და ის, რაც აისახა, ყველაფერი დღევანდელი შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო,“ - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ  ბერუჩაშვილი.

 

ასევე, მინისტრის განცხადებით, ის სამი ქვეყანა, რომელსაც ასოცირებული შეთანხმება აქვს ევროპასთან, დამატებითი რესურსის სახით მიიღებს 2 მილიარდის დახმარებას, რაც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციის  ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მუშაობას შეუწყობს ხელს. საპარლამენტო ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დელეგაციას ევროკომისიამ საშემოდგომო გამოაყოლა, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში რიგის სამიტის შედეგების შეფასებისას განაცხადა: „ეს საშემოდგომო გამოსწორებადია, უბრალოდ, თუ იქნება პოლიტიკური ნება, გუნდური მუშაობა და ძალისხმევა,“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი მიიჩნევს, რომ საქართველომ, პირიქით, უკან დაიხია დასავლეთთან ურთიერთობის საკითხში და ეს გამოჩნდა როგორც ნატო-ს სამიტზებ ისე რიგაში. ნინო ბურჯანაძის თქმით, ევროპა თავის ტკივილს არ გაიჩენს და ვიზალიბერალიზაციას არ მისცემს იმ ქვეყნებს, საიდანაც შეიძლება, ადამიანების დიდმა ნაკადმა სწორედ ევოპისაკენ აიღოს გეზი.

„მე არაფერს არ ველოდი რიგის სამიტიდან და ვფიქრობ, ერთადერთი გამონაკლისი ვიყავი პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც თვეების განმავლობაში ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, შედეგი იქნებოდა ის, რაც დადგა. მე ამას ვამბობდი ნატო-ს სამიტთან დაკავშირებითაც, ვამბობდი, რომ რიგის სამიტზე არ იქნება არც ვიზალიბერალიზაცია და არც რაიმე წინსვლა ევროკავშირთან გაერთიანებასთან დაკავშირებით, ამის გამო ლამის ანათემას გადამცეს და ყველაფერი, რა თქმა უნდა, ე.წ. ჩემს პრორუსულ პოლიტიკას მიაწერეს იმიტომ, რომ არავის არ უნდა მოისმინოს არასასიამოვნო, მაგრამ რეალური ანალიზი. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში არამარტო იმას ვერ მივაღწიეთ, რომ რუსეთთან გაგვეუმჯობესებინა ურთიერთობა, არამედ საგარეო პოლიტიკური რეალობა გავაუარესეთ. რეალურად, ჩვენ უკან დავიხიეთ იმ მიმართულებითაც, რასაც დასავლეთთან ურთიერთობა ჰქვია და ეს გამოჩნდა როგორც ნატო-ს სამიტზე, ისე რიგაში,“ - განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხი კიდევ გადაიწევს, არის ის რეალური პოლიტიკა, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონთან მიმართებაში არსებობს.

„ასეთ დონეზე ტექნიკური დეტალები არაფერ შუაში არ არის. პოლიტიკური გადაწვეტილებაა მთავარი და მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ განსაკუთრებით არაფრით ჩვენზე წინ არც ალბანეთი იყო თავის დროზე, როდესაც ნატო-ში გააწევრიანეს, არც მოლდოვა არ არის განსაკუთრებული, თუმცა სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ილუზიებით არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ რეალური პოლიტიკიდან უნდა გამოვიდეთ. მათ შორის დასავლეთთანაც და რუსეთთანაც მიმართებაში, ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ის ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც მე მაქვს,“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.

 

„ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინა რუსეთის ინტერესები. მით უმეტეს, რომ არცერთი ქვეყანა, არც უკრაინა და არც საქართველო არ იყვნენ მზად ვიზალიბერალიზაციისთვის. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მათ მოსკოვის ინტერესები ამ ფონზე უფრო იოლად გაითვალისწინეს. მათ ჩათვალეს, რომ არაფრის გამო რუსეთის გაღიზიანება არ ღირდა. ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, თითქოს იმ დონეზე ვართ, რომ ახლა გვეკუთნოდა ვიზალიბერალიზაცია. გარდა ამისა, ჩვენთან ისეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ახლა რომ ჩვენთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიეცათ, ქვეყნიდან ძალიან ბერი ადამიანი წავიდოდა და ევროპაში შრომითი მიგრანტი აღმოჩნდებოდა,“ - მიიჩნევს  ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებში თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

 

„ვფიქრობ, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი მეტად მშვიდი და დადებითი პროცესია. მართალია, სამიტისთვის დასახულ ზოგიერთ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ პროცესი წინ მიდის და არსებობს ძალიან კარგი შანსი, - განსაკუთრებით, მე ვიტყოდი, საქართველოსათვის და ასევე უკრაინისთვისაც, - რომ კიდევ უფრო წინ წავიდნენ. შესაძლოა, საქართველომ, მისი მხრიდან დამატებითი ძალისხმევის შემთხვევაში, მიმდინარე წელსაც კი მიაღწიოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ეს სულაც არ არის გამორიცხული. სწორედ ეს არის მთავარი და ეს ჩვენს პარტნიორებს უნდა შევატყობინოთ. ამიტომ არ ვეთანხმები მათ, ვინც მხოლოდ უარყოფით მხარეებზე საუბრობს“ - განაცხადა ლინკიავიჩუსმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას.

 

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის დეკლარაციის 23-ე პუნქტში, რომელსაც „თავისუფლად გადაადგილება და ხალხთა შორის კონტაქტები“ ეწოდება, ნათქვამია, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის მონაწილეები 2015 წლის ბოლოსთვის მოელიან საქართველოსა და უკრაინის მიერ სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული რეფორმების შესრულებას, რაც სპეციალური ანგარიშით ევროკომისიამ უნდა შეაფასოს. ევროკომისიის დასკვნა კი, რომელზეც არის დამოკიდებული ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლა, 15 დეკემბერს გახდება ცნობილი. 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია