დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ორი საქართველოს სინდრომი
ორი საქართველოს სინდრომი
სულ ნანახია 1505
ავტორი:

9 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კამერების წინ განაცხადა: ეს დღე იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ომი ქართველმა მოიგოო. იმავე დღეს გორში დემონსტრაცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ქალაქში სწორედ ამ ქართველის ბიუსტი აღმართეს სიამაყით.

 

 

ამ კადრების ნახვისას წამის სისწრაფით კვლავ შეგვახსენა თავი რეალობამ, რასაც პირობითად შესაძლოა ორი საქართველოს სინდრომი ვუწოდოთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მდგომარეობა, როდესაც საზოგადოება ერთსა და იმავე ფიზიკურ სივრცეში, მაგრამ ორ სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს - ერთი ნაწილისთვის სტალინი დიდი ქართველია, რომელმაც ომი მოიგო, მეორისათვის კი უბრალოდ ტირანი, რომლის მიერ მიყენებული იარები ჯერ კიდევ მკაფიოდ ამჩნევია საზოგადოების ცნობიერებას.

 

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს უახლესისტორიას, დავინახავთ, რომ ორ პარალელურ საქართველოში ცხოვრება და ერთი და იმავე მოვლენების ორი, ხშირად რადიკალურად განსხვავებული ხედვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა: საქართველოში ჯერ კიდევ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას „კარგი“ იყო თუ „ცუდი“ სტალინი; ხოლო რაც უფრო ვუახლოვდებით დღევანდელობას, განსხვავებული აზრების დუღილის ტემპერატურა სულ უფრო მატულობს - გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის და ახლა უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდთან მიმართებაში.

 

ამ საკითხზე ასე მწვავედ არ დავფიქრდებოდი, რომ არა მაღალი თანამდებობის მქონე ევროპელი სტუმრის არასაჯარო, მაგრამ საკმაოდ ფართო წრეში გაკეთებული კომენტარი - ერთ-ერთ ქართველ თანამდებობის პირთან შეხვედრის პოზიტიურ შთაბეჭდილებებს რომ გვიზიარებდა:  „თუმცა ვიცი, რომ პოლიტიკურ ოპოზიციას ის ძალიან არ მოსწონს მისი...“ (აქ ცოტათი შეყოვნდა) - და გრძელი სათქმელის მოკლედ თქმა რომ სხვაგვარად ვეღარ მოახერხა because in Georgia everybody is a suspect-ო თქვა და აქ დაამთავრა.

 

ვერაფერს იტყვი, საკმაოდ მძიმე დიაგნოზია ნებისმიერი საზოგადოებისათვის და სხვა თუ არაფერი  გარე დამკვირვებლის ეს შეფასება დაფიქრებას მოითხოვს ჩვენგან.

რატომ ხდება ისე, რომ პრაქტიკულად ვერცერთ ისტორიულ პერიოდთან მიმართებაში ვერ შევთანხმებულვართ, რა მოხდა და როგორ შეფასებას იმსახურებს მომხდარი?

 

ალბათ იმიტომ, რომ ყველა ამ ეტაპზე ჩვენი საზოგადოება უშვებდა (მოითხოვდა კიდეც) ორი დაპირისპირებული ბანაკის და შესაბამისად - „გამარჯვებულების“ და „დამარცხებულების“ არსებობას, რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ადანაშაულებდნენ (ამიტომაცაა, რომ in Georgia everybody is a suspect); არასდროს, არცერთ პერიოდთან მიმართებაში თავი არ შეგვიწუხებია იმ რთული და მტკივნეული, მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი სავარჯიშოს გაკეთებით, რასაც მომხდარის გააზრება და მისთვის სახელის დარქმევა, შეფასების მიცემაქვია.

 

არადა, სხვა ქვეყნების უკვე კარგად შესწავლილ გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, საკუთარი გამოცდილებაც კარგად გვიჩვენებს, რომგადაუმუშავებელი“ წარსული, განსაკუთრებით თუ ის გარკვეულ ტრავმებთანაა დაკავშირებული, უკვალოდ არსად ჰქრება, გამუდმებით ცოცხლდება და თავის ყალიბში აქცევს დღევანდელობასაც და მომავალსაც.

 

წარსულის გააზრების პროცესი (ე.წ. dealing with the past) გამოიარა არაერთმა, მათ შორის ევროპულმა საზოგადოებამ. პროცესის პირველი საფეხური, ესაა ფაქტების შეძლებისდაგვარად ობიექტურად (ანუ ყველა მხარისათვის მეტნაკლებად მისაღები ნარატივის) დადგენა, ანუ ნარატივის შექმნა, ხოლო შემდეგ მათთვის სახელის დარქმევა - ანუ შეფასება, რითაც მიიღწევა ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი თუ ყველა არა, რიგ საკითხებთან მიმართებაში მაინც. ხდება ისეც, რომ რჩება შეუთანხმებელი საკითხები, მაგრამ მათთან დაკავშირებით საზოგადოება იმაზე მაინც თანხმდება, რომ ვერ შეთანხმდა და ასე აგრძელებს არსებობას.

 

წარსულის გააზრების მთავარი ღირებულება ისაა, რომ ფაქტებსა და მოვლენებზე მინიმალური საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევის პროცესი რაციონალურ ჩარჩოში მიმდინარეობს და შეძლებისდაგვარად დაცლილია სუბიექტივიზმის, ირაციონალური შიშებისა თუ რადიკალიზმისაგან. ეს პროცესი ქმნის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ მოუსმინოს მსხვერპლსაც და მოძალადესაც (შესაბამისად - ეს ორიც დაიცალოს ემოციისა და ტკივილისაგან), გაიაზროს მომხდარის არსი და მიზეზები. ეს კი, როგორც წესი - საზოგადოების დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის შერიგების ან - სულ ცოტა - საზოგადოებაში, მისი არსებობის გაგრძელებისათვის აუცილებელი თანხმობის მინიმალურ ხარისხს მაინც წარმოშობს. შერიგება თუ არა, თანხმობის ასეთი ხარისხი  მაინც, სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისათვის, რომ „დამარცხებულებმა“ და „გამარჯვებულებმა“ შეძლონ თანაცხოვრების ერთსა და იმავე სივრცეში გაგრძელება, არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ სივრცეშიც. მაგრამ იმისათვის, რომ შერიგება რეალურად მოხდეს, აუცილებელია „გამარჯვებულმაც“ და „დამარცხებულმაც“ ერთნაირად იცოდეს, ვის ან რას ურიგდება, რას ეთანხმება, მეხსიერების რა ნაწილს ივიწყებს და რით აგრძელებს თანაცხოვრებას მომავალში. მომხდარი სახელდება და ანალიზი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ წარსული ისევ არ განმეორდეს.

 

წარსულზე თანხმობის მიღწევის პროცესი უნდა წამოვიდეს ქვემოდან, ზემოდან - ეს ვერ მოხდება. სწორედ ამიტომ, ამ პროცესებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადამიანის უფლებათა დამცველების როლი განსაკუთრებით დიდია.

 

სამწუხაროდ, ვერცერთ ზემოთხსენებულ ისტორიულ მონაკვეთთან მიმართებაში ქართულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, თუ უფლებადამცველებმა ვერ მოვახერხეთ ამ როლის შესრულება, რის გამოც, ალბათ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ საზოგადოებაში თანდათან დაგროვილი იმ გაუცხოებისა და რადიკალიზაციის გამო, რაც ჩვენი ცხოვრების წესადაც კი იქცა  - პოლიტიკაში, ქუჩაში, სოციალურ ქსელებში თუ სამზარეულოს საუბრებში.

 

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენში არცერთი გარდამტეხი ეტაპის შემდეგ არ მომხდარა წარსულის გააზრება და სახელდება, არსებობს ორი საქართველო და ორი სიმართლე. და კიდევ არსებობს ნახევარი სიმართლე.

გახშირებული საუბრები იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარეობს შერჩევითი მართლმსაჯულება, პოლიტიკური სასამართლო პროცესები ამის კარგი მაგალითია.

 

ადგილობრივი, და რიგ შემთხვევებში, გარე დისკურსიც ჩვენს შესახებ ან მხოლოდ „ცხრა წელზე“ აკეთებს ცალსახა აქცენტს, ან იმაზე, რომ საქართველოში კონკრეტული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ მიმდინარეობს დევნა. და ეს ორი განსხვავებული ნარატივი ძალიან ცოტა, თითქმის უმნიშვნელო სივრცეს ტოვებს საიმისოდ, რომ სიმართლე, რომელსაც, როგორც წესი - ორი მხარე აქვს - სრულად დავინახოთ და ვთქვათ.

 

საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებში იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნიშნები, რეალობის ისეთივე ცალმხრივი და მიკერძოებული აღქმაა, როგორც საუბარი მხოლოდ „ცხრა წელზე“. მიუხედავად ამისა, ერთნი მხოლოდ პირველ საკითხზე საუბრობენ, მეორენი კი - მხოლოდ მეორეზე, ერთინიუანსის“ გათვალისწინებით - ოპოზიციის დევნაზე საუბარი გამბედაობის და მიუკერძოებლობის ნიშნად აღიქმება, ხოლო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფლებადარღვეულ ადამიანებზე საუბარი - ცალსახად მარგინალიზებულია საზოგადოებრივი აზრის დომინანტ წრეებში.

 

შესაძლოა, ამის გასამართლებლად ის არგუმენტი მოვიტანოთ, რომ „ცხრა წელი“ წარსულია, ხოლო პოლიტიკური ნიშნით დევნა - აწმყო. თუმცა, თუ ცოტა დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ ასეთი მიდგომა ცალსახად უთანასწორო მიდგომას აკანონებს ადამიანთა მიმართ, რასაც ვერც ადამიანის უფლებათა სამართალი და ვერც ეთიკური პრინციპები ვერ გაამართლებს.

 

ასევე მარგინალიზებულია საუბრები „სამართლიანობის აღდგენაზე“. თავად ტერმინი კი გემოვნების ამბავია (თუმცა მას იყენებს ისეთი ავტორიტეტული ფიგურა, როგორიცაა მაგალითად, თომას ჰამერბერგი), მაგრამ მის უკან მდგომ კონცეფციას სრულიად მყარი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, რომელიც სივრცეს არ ტოვებს დისკრეციისა და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებებისთვის: თუ არსებობს უფლებადარღვეული ადამიანი, არსებობს მისი უფლებაც დარღვეული უფლების აღდგენაზე (რაც მათ შორის გულისხმობს დამნაშავის გამოვლენას და მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას); ეს ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, ისეთივე ფუნდამენტური, როგორიცაა, მაგალითად, სამართლიანი სასამართლოს უფლება.

 

თუმცა მიჭირს გავიხსენო ტელეგადაცემა, სტატია ან რამე სხვა საჯარო აქტივობა, რომელიც ამ საკითხზე რაციონალურ, სამართლებრივ არგუმენტებით გამყარებულ მსჯელობას, პრობლემის გონივრული მოგვარების შესაძლებლობას შესთავაზებდა საზოგადოებას და არა ყვირილამდე მისულ ემოციებს ან საკითხზე ცინიკური ტონით საუბრებს.

 

ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ საზოგადოების ორი დაპირისპირებული ნაწილი პრაქტიკულად გაიძულებს, ან ერთ ნახევარ-სიმართლეს მიეკედლო, ან მეორეს - მაშინ როდესაც, რეალურად, სიმართლე მხოლოდ ამ ორის ერთდროული გააზრებით შეიძლება დაინახო. პერიოდულად ვიღებთ ხოლმე ისეთ აბსურდულ სიტუაციებსაც, როდესაც ვცდილობთ ან სიმართლის ერთი ნაწილი „ჩავაჩოჩოთ“ თვალთახედვიდან, ან მეორე, და ამას ადამიანის უფლებათა თუ დემოკრატიის პატივისცემის სახელით ვაკეთებთ!

 

აქამდე საჯარო დისკუსია მხოლოდ „ყველა დასასჯელისა“ და „უფლებების აღდგენის პოლიტიკური მიზანშეწონილობა/მიზანშეუწონლობის“ კატეგორიებით მსჯელობის ჩარჩოებს ვერ გასცდა.

 

დღემდე ვერ მოვახერხეთ რაციონალური საუბარი იმაზე, როგორ უნდა მოხდეს დარღვეული უფლებების აღდგენა ისე, რომ ამით ახალი უფლებადარღვევის ფაქტები არ მივიღოთ.

 

ამ საკითხზე პასუხისმგებლობას ვერც ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება გაექცევა, რომელმაც უფლებების მძიმე დარღვევებში გამოხატული კონკრეტული ადამიანების ტრაგედიები პოლიტიკურ საჯილდაო ქვად აქცია და ვერ უზრუნველყო, წარსულის გააზრებისა და სახელდების პროცესი ადამიანის უფლებათა პრინციპების პატივისცემით წარმართვა.

 

შედეგადგადაუმუშავებელი“ წარსული არსად წასულა და ის ჩვენი ყოველდღიური რეალობის ნაწილად რჩება, ამიტომაცაა, რომ სრულიად უწყინარ და არადაკავშირებულ თემებზე საუბარიც კი ხშირად მისკენ მიდის.

 

ამასობაში საქართველოში შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნები ჩნდება, რომელსაც პოლიტიკური სუნი ასდის.

 

მაგრამ მართლმსაჯულება შერჩევითი და უსამართლოა არამხოლოდ ბრალდებულების მიმართ, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც თავს სწორედ ამადამიანების მიერ უფლებადარღვევი  მსხვერპლებად მიიჩნევენ. ამ უკანასკნელთა მდგომარეობ, ე.წ. ორმაგ მსხვერპლობას ჰგავს, რადგან მართლმსაჯულების სისტემამ (სახელმწიფომ) ჯერ მათი უფლებების დარღვევის შესაძლებლობა დაუშვა, ახლა კი არანაირ პასუხს არ აძლევს იმაზე - მოხდება თუ არა, როგორ ან როდის მათი უფლებების და შესაბამისად - შელახული ღირსების აღდგენა.

 

ამას ემატება ისიც, რომ რიგ შემთხვევაში დომინანტი დისკურსი, რიგ შემთხვევაში კი უბრალოდ დუმილი ამ თემაზე, ამ ადამიანებს ბნელი კუთხეებისაკენ, „უხილავობისაკენ“ მიერეკება, საიდანაც მათი ხმა მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფის ხმად ისმის და სხვა არაფრად. მსხვერპლების ასეთ იგნორირებას და ლეგიტიმური საჯარო დისკურსიდან გარიყვას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების მსგავსად, ასევე ასდის ნაცნობი, ტკბილ-მწარე პოლიტიკური სუნი, მაგრამ ამაზე საუბარი ცოტას თუ უნდა დღევანდელ საქართველოში.

 

2012 წლის 1 ოქტომბრიდან ჩვენ ყველამ ერთად გავუშვით ხელიდან შანსი - გაგვეაზრებინა წარსული, სახელი დაგვერქმია მომხდარისათვის და მოგვეხდინა წარსულისclosure“, ანუ საკუთარი ცხოვრების წიგნის ეს თავის დაგვეხურა, რასაც ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა ახალი თავის, ახალი სიცოცხლის დაწყება და ენერგიის სრულად მიმართვა იმ ახალი გამოწვევებისაკე, რაც ქვეყნის წინაშე არცთუ ცოტა დგას. ამის ნაცვლად 1 ოქტომბერი იქცა იმ პოლიტიკურ წყალგამყოფა, რომელიც სულ უფრო და უფრო ამცირებს სივრცეს სრული სიმართლისთვის, რაც ორივე მხარისათვის ძალიან მწარე, მაგრამ ასე აუცილებელი მოსასმენია.

 

რასაც დღეს ვხედავთ ისაა, რომ ჩვენი უახლესი ისტორიის ეს ჯერაც არდახურული თავი გრძელდება, სხვადასხვა - ხშირად არცთუ სასიამოვნო ფორმებს იღებს და არ აძლევს შესაძლებლობას აწმყოს - საკუთარი დინებით იაროს.  ამიტომაცაა, რომ ჩვენ ირგვლივ დიდ წილად არაფერი იცვლება, წარსული თითქოს არასოდეს მთავრდება, ის რეინკარნირდება და გრძელდება აწმყოში.

 

რთული სათქმელია, რას მოგვიტანს მომავალში წარსულის ეს ღიად დატოვებული ჭრილობები.

 

 

 

ანა ნაცვლიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია