დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით (დათო) ბერ”ენიშვილის ხსოვნას
დავით (დათო) ბერ”ენიშვილის ხსოვნას
სულ ნანახია 1513
ავტორი:

საწუთრო ნაადრევად დატოვა კიდევ ერთმა კარგმა ქუთათურმა. 14 მაისს  საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე ცრემლითა და ყვავილებით გააცილა შესანიშნავი პიროვნება, ისტორიკოსი, არქეოლოგი, მკვლევარი, სამშობლოს დიდი პატრიოტი დავით ბერძენიშვილი.

იგი უყვარდა ქალაქს! და ამას ადასტურებს სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმული არაერთი ასეთი შეფასება: „ადამიანი - კეთილშობილება“, „დიდი კაცი“, „ჭეშმარიტი ქართველი რაინდი“,      „ქართული პოეზიის ტრფიალი“, „უპატიოსნესი, უწესიერესი ადამიანი“, „სიკეთის განსახიერება“, „დაუღლელი მკვლევარი და დიდებული შემფასებელი ქართული ფოლიანტებისა“, „ჩვენი სულის კაპიტანი“, „განუმეორებელი მასწავლებელი“...

 

დავით ბერძენიშვილი წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების გამგედ, იყო ქუთაისსა და მის გარშემო ჩატარებული მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური ექსპედიციების აქტიური მონაწილე, სიცოცხლის ბოლომდე დაუღლელად იკვლევდა ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, კულტურის, სიძველეთმცოდნეობის აქტუალურ საკითხებს, წერდა წიგნებს, სამეცნიერო  ნაშრომებს, მონუმენტურ გამოკვლევებს, საგაზეთო და საჟურნალო სტატიებს.

 

ცალკე უნდა აღინიშნოს მისი პედაგოგიური მოღვაწეობა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში, კოლეჯებში, სერგეი მესხის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა-ლიცეუმში. ის ახალგაზრდა თაობას უშურველად გადასცემდა თავის ღრმა ცოდნას და, რაც მთავარია, აყვარებდა მშობლიური ქვეყნის ისტორიას, კულტურულ ფასეულობებს. დათო, ალბათ, მთელ ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი იყო, რომელმაც მოსწავლეთა შეფასების ტესტური ფორმა სრულიად დამოუკიდებლად შემოიღო და ასევე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ იმათგან, ვინც ბავშვებს, საგანთაშორისი კავშირის მეშვეობით, მრავალმხრივ განათლებას აძლევდა. სწორედ ახალგაზრდა თაობას, ისტორიის საგნის სწავლებას და საგამოცდო ტესტებს ეძღვნება მისი უკანასკნელი წიგნიც, რომლის ფართოდ აღიარებას ის, სამწუხაროდ, ვეღარ მოესწრება.

 

დავით ბერძენიშვილი არ ყოფილა რომელიმე პარტიისადმი მიკერძოებული ადამიანი. იგი მართლაც რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სამაგალითო  შვილი იყო თავისი  სამშობლოსი. გულთან მიჰქონდა საზოგადოებრივი  ჭირ-ვარამი და არასოდეს წასულა ზნეობრივ კომპრომისზე, როცა სასწორის პინაზე ქვეყნის ბედი დადებულა. გვახსოვს, როგორ განიცდიდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ამბებს, 2008 წლის აგვისტოს ომს, საყდრისის აფეთქებას, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ყველა იმ ნიუანსს, რომელიც, საბოლოო ჯამში, უშუალო კავშირში იყო ქვეყნის მომავალთან.

დათო თავის ვეებერთელა გულში იტევდა ყველა ტკივილს და მაინც ყოველთვის ახერხებდა, იმედიანი სიტყვა და კეთილი ღიმილი არ დაეშურებინა მოყვასისათვის, ეცხოვრა პატიოსნად, ლამაზად და ამაღლებულად, ქალბატონ მაიასთან ერთად, სწორედ ამ  მაგალითზე აღეზარდა საფიცარი ქალ-ვაჟი - ცვატა და გვანცა, თავისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეები და სტუდენტები.

 

ჩვენ ასეთი გვიყვარდი და ასეთსავეს დაგიმახსოვრებთ, ჩვენო დათო! ჩვენო წმინდა, სპეტაკო, განუმეორებელო კაცო!

 

ერთგან წერდი: „...ხან რაღაცას უნდა დავეყრდნოთ, ხან მიწაში უნდა ჩავძვრეთ და, ზოგჯერ, ზეცაში უნდა გავფრინდეთ. იმდენს ვიზამთ, სამგანზომილებიან სივრცესაც გადავლახავთ...“

ეს „ფეისბუქზე“ შენი უკანასკნელი ღიმილი იყო, რომელიც მეგობრებს საკუთარ ფოტოსთან ერთად დაგვიტოვე.

 

და მართლაც გადალახე სამგანზომილებიანი სივრცე!..

 

 

 

მეგობრები

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია