საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ძველი უთო და ძლიერი „ფენი“ - ვენეციაში საქართველოს სახელით
სულ ნანახია 839
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ილია ზაუტაშვილის მულტიმედიური პროექტი „საზოგადოებრივი აზრი“ ვენეციის თანამედროვე ხელოვნების 56-ე საერთაშორისო ბიენალეზე

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის თანამედროვე ხელოვნების 56-ე საერთაშორისო ბიენალეზე კიდევ ერთი ქართული პროექტია წარმოდგენილი. მხატვარ ილია ზაუტაშვილის მულტიმედიური პროექტი  „საზოგადოებრივი აზრი“ მონაწილეობას იღებს ბიენალეს ოფიციალური პარალელური პროგრამის ფარგლებში წარდგენილ საერთაშორისო გამოფენაში - „ნახტომი შეუცნობადში“.

 

გამოფენაში „ნახტომი შეუცნობადში“ მონაწილეობს მსოფლიოს 20 ქვეყნის 40 ნამუშევარი. სამხრეთ კავკასიიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან, პროექტში მხოლოდ საქართველოა წარმოდგენილი.

 

ბიენალეს მთავარ გამოფენასა და ნაციონალურ პავილიონებთან ერთად, ოფიციალური პარალელური პროგრამა (Official Collateral Events) ბიენალეს სტრუქტურის ნაწილია და  წარმოდგენილია ბიენალეს ძირითად კატალოგში, საიტსა და ბიენალეს საინფორმაციო პუბლიკაციებში.

 

„საზოგადოებრივი აზრი“ წარმოადგენს მულტიმედიურ ინსტალაციას - ფართო საუთაო მაგიდაზე მოთავსებულია ძველი უფუნქციო უთო, რომლის ფსკერზეც ფიქსირებულია მეტალის რელიეფური წარწერა ინგლისურად „PUBLIC OPINION. საუთოო დაფას ფარავს ქსოვილი (ატლასი), რომელზეც დაბეჭდილია ადამიანთაჯგუფების და აქტუალური, სოციალური და კულტუროლოგიური შინაარსის მქონე მონოქრომული ფოტო-კოლაჟი. ქსოვილი მაგიდიდან ეფინება იატაკს და ფარავს მის გარკვეულ ნაწილს. ნაჭრის ქვეშ, იატაკზე მოთავსებული ორი ძლიერი „ფენი“ აფრიალებს ქსოვილს.

 

კონცეფცია: საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება, თუმცა ვერ ახდენს რეალურ ცვლილებას, რადგან საზოგადოებრივი ინიციატივები ხშირად იკარგება სისტემისა და ყოველდღიურობის ლაბირინთებში.

 

ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გასტანს. „ნახტომი შეუცნობადში“ იმართება ვენეციის „გრანდ კანალზე“ მდებარე მე-15 საუკუნის სასახლეში - Palazzo Loredan dell’ Ambasciatore. სახელწოდება „dell’ Ambasciatore“ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ შენობა ავსტრიის იმპერიის ელჩებისთვის იყო განკუთვნილი. სასახლე ვენეციის წინა ორ ბიენალეზე მასპინძლობდა ახალი ზელანდიის ნაციონალურ პავილიონს. იგი ცნობილი მისამართია ბიენალეზე დამსწრე ჟურნალისტებისა და არტ-პროფესიონალებისთვის.

 

პროექტის კურატორების გადაწყვეტილებით, ვენეციის ბიენალეს დასრულების შემდეგ, ილია ზაუტაშვილის ინსტალაცია „საზოგადოებრივი აზრი“ ნაჩვენები იქნება სეულის ARKO-ს (კორეის არტ საბჭო/Korea Art Council) საგამოფენო დარბაზში.

 

პროექტის ფარგლებში NUOVA ICONA ატარებს ასევე, ხელოვნებისა და გარემოს საკითხებისადმი მიძღვნილ ორდღიან სამეცნიერო კონფერენციას „კონტინენტალური საუზმე“, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი ორი მომხსენებლით - მხატვარი ილია ზაუტაშვილი და პროექტის კომისარი მაგდა გურული.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, ქართულ ნაციონალურ პავილიონს წელს პროექტი „მცოცავი საზღვარი“ წარმოადგენს. პროექტი სხვადასხვა საკნისგან შემდგარ სისტემურ ჯაჭვს წარმოადგენს. ის ინტერაქტიულია. მის შინაარსს წარმოადგენს „საზღვარი, როგორც გეოგრაფიული დანაწევრების სისტემა და ამავდროულად, როგორც ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც განიცდის ევოლუციას საზოგადოების ცნობიერებასთან ერთად - დავამსხვრიოთ საზღვრები ცნობიერებაში და დავინახოთ მსოფლიო საზღვრების გარეშე და პირიქით“.

 

2015 წლის ვენეციის 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, საქართველოს სახელით პროექტის კურატორია - ნია მგალობლიშვილი, არტისტები - რუსუდან გობეჯიშვილი, ირაკლი ბლუიშვილი, ნია მგალობლიშვილი, სოფია შევარდნაძე, ია ლიპარტელიანი და ჯოზეფ საბია.

 

 

ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა და უკვე საუკუნეზე მეტია, ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ხელოვნების ცენტრად ითვლება. საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია