დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პლასტელინიდან პრეზიდენტამდე
პლასტელინიდან პრეზიდენტამდე
ავტორი: ნატო გუბელაძე
სულ ნანახია 2207
ავტორი:
ნატო გუბელაძე
მსგავსი სიახლეები

რიგგარეშე არჩევნების ზღვარზე...

 

დიდი ამბებია საყველიეში, დიდი!  - უთუოდ ეს პერიფრაზი გაგახსენდებათ „დათა თუთაშხიადან“, საქართველოში დღეს შექმნილ სამთავრობო კრიზისთან დაკავშირებით.

 

მას შემდეგ, რაც მეშვიდე მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, მთავრობის ნდობის საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს. კონსტიტუციით, ახალი მთავრობა პრეზიდენტმა 7 დღეში უნდა წარუდგინოს პარლამენტს.

 

თუმცა, იმ მოტივით, რომ სამინისტროების მუშაობა არ  შეფერხებული-ყო, ირაკლი ღარიბაშვილმა, ფაქტობრივად, ერთ დღეში წარუდგინა ახალი მთავრობის სია პრეზიდენტს, რათა დაჩქარებული წესით, იმავე დღეს გადაეცა პარლამენტისთვის.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა ბრიფინგზე დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი - თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.

 

რაც შეეხება კაბინეტის დანარჩენ წევრებს, მათი შემადგენლობა უცვლელია: ეკონომიკის სამინისტრო - გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის სამინისტრო - კახა კალაძე, ჯანდაცვის სამინისტრო - დავით სერგეენკო, დევნილთა სამინისტრო - სოზარ სუბარი, განათლება - თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობა - ოთარ დანელია, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა - ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტრო - ნოდარ ხადური, კულტურის სამინისტრო - მიხეილ გიორგაძე, საგარეო საქმეთა სამინისტრო - თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის სამინისტრო - თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულების სამინისტრო - გიორგი მღებრიშვილი.

 

ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე - პაატა ზაქარეიშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კი ისევ გელა დუმბაძეა წარდგენილი.

 

ამ წარდგენისთანავე სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი გაჩნდა: „ახლა გამოჩნდება, მარგველაშვილი მართლა პრეზიდენტია, თუ პლასტელინი“.

 

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში მთავრობის წარდგენა ერთი კვირით გადადო, რითაც თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა, ხოლო საზოგადოების თვალში დაამტკიცა, რომ პლასტელინი არ არის.


გიორგი მარგველაშვილმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს. მე, როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მინდა დავსვა შემდეგი კითხვა: რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? ამ რთული ვითარების ფონზე მე მინდა, მივცე საშუალება როგორც პრემიერ-მინისტრს, ისევე პარლამენტს, რომ მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ კონსტიტუციით ჩემთვის მონიჭებულ ერთადერთ უფლებას და ერთი კვირით გადავდებ ხელმოწერას,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურად გამოეხმაურნენ პრეზიდენტის უარს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ და მომღიმარ „სმაილიკებთან“ ერთად ასეთი სტატუსიც გავრცელდა - „ღარიბაშვილი ბჭობდა, მარგველაშვილი იცინოდაო“. ისიც ითქვა, პრემიერმა ქუთაისში, პარლამენტში დასამტკიცებლად გაგზავნილი მთავრობა რიკოთიდან მოაბრუნაო. აქვე  მრჩეველები გამოუჩნდნენ ბიძინა ივანიშვილსაც: ახლა კი დროა, ბიძომ დუდუს დაურეკოსო... (დუდუ ხომ გახსოვთ, ყოვლისშემძლეა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“).

 

მოკლედ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პატივი უნდა ვცეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და დაველოდოთ პრეზიდენტის მიერ ახალი მთავრობის წარდგენას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ერთი კვირის ვადაში წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. თავის მხრივ, პრეზიდენტისთვის პრემიერის კანდიდატურა წარდგენილი უნდა იყოს უმრავლესობის მიერ (არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ), ხოლო მინისტრობის კანდიდატურები - პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის მიერ, რაც ამ ერთი კვირის ვადაში უნდა მოესწროს.
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

 

პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.


მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში - მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.


ამასთან, თუკი მთავრობას პარლამენტში ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა შეექმნება და ამ მხრივ კონსტიტუციით გაწერილი ყველა პროცედურა და ვადა დაირღვევა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

 

მივა თუ არა საქმე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე, რამდენიმე კვირაში გამოჩნდება. ზღვარი თეორიულად ძალიან ახლოა!

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია