დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როგორ გადააქციეს პარკირება ქუთაისში „ბივშტექსად“
როგორ გადააქციეს პარკირება ქუთაისში „ბივშტექსად“
ავტორი: ბაია ნანიკაშვილი
სულ ნანახია 1885
ავტორი:
ბაია ნანიკაშვილი
მსგავსი სიახლეები

აქვს თუ არა პირადი ინტერესი პარკირების მოსაკრებელში ქუთაისის მერს და რა კავშირშია ის ორჯერ ჩაშლილ აუქციონთან?

 

ქუთაისში პარკირების აუქციონი მეორედ ჩაიშალა. ამ დროს ქალაქში არსებულ ყველა პარკირების ადგილიდან დღემდე იკრიბება თანხა. ქუთაისის თვითმმართველობაში აცხადებდნენ, რომ ტენდერის ჩატარების შემდეგ პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, აუქციონიც და პრობლემის მოგვარებაც გადაიდო.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-მ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კერძოდ, ორგანიზაციაში თვლიან, რომ ტენდერი მიზანმიმართულად ჩაიშალა ქუთაისის მერის ინტერესების გამო.

 

გარდა ამისა, ორგანიზაციის დამფუძნებელი გია გოქაძე ქალაქის მერის მიერ ტელეეთერით გაკეთებულ განცხადებასაც ეხმიანება, რომელშიც შოთა მურღულია ქალაქში პარკირების აუქციონთან მიმართებაში გია გოქაძის ინტერესებზე ალაპარაკდა. „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელმა გია გოქაძემ კი მის ბრალდებებს ასე უპასუხა:     

 

 „შოთა მურღულიას ტელეკომპანია „რიონში“ გამოსვლისას ეყო სითავხედე და განაცხადა, გია გოქაძის ე.წ. შესაძლო ინტერესებზე პარკირების ადგილებთან დაკავშირებით. შოთა მურღულიას სითავხედეს და უუნარობას დაემატა მისი და მისი გუნდის წევრების ინტერესი ე.წ. შავ ფულთან დაკავშირებით, რაც პარკირების მოსაკრებელს უკავშირდება. სად მიდის ეს პარკირებიდან აკრეფილი უკონტროლო ფული დღეს, თუ არა მერის და მისი გარემოცვის ჯიბეში?“

 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქუთაისის მერს აქვს პირადი ინტერესი ასევე პარკირების საქმეში. ამის დასტურია ორჯერ ჩაშლილი აუქციონი და ამ საქმის გაჯანჯლება მისი მმართველობის პერიოდში.

 

„დემოკრატიულ ქვეყნებში ორჯერ ჩაშლილი აუქციონი და უკონტროლო შავი ფულის მასა,  გახდებოდა მერის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყისი,“ - აცხადებს „ევროპა ჩვენი სახლია“.

 

ქალაქში არსებულ 274 პარკირების ადგილზე მერიამ ბოლო წლის განმავლობაში აუქციონი ერთ ლოტად მეორედ გამოაცხადა. ლოტის ღირებულება 660 000 ლარი იყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსაკრებლის მომგროვებელ ფირმებსა და მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას დიდი ხანია, ვადა გაუვიდა, ქალაქში პარკირების ადგილებიდან თანხის მოკრება არ შეწყვეტილა.

 

„ევროპა ჩვენი სახლია“-ს თავმჯდომარე ამ თემასთან დაკავშირდებით სხვა ქვედინებებზეც საუბრობს. იგი ქუთაისის მერსა და „პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერს  ფარულ გარიგებაში ადანაშაულებს. მორიგ ბრიფინგზე  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გია გოქაძემ პარკირებისათვის გამოცხადებული ტენდერის ჩაშლაში ქუთაისის მერი შოთა მურღულია ისევ დაადანაშაულა და მიანიშნა, რომ ეს არის მურღულიასა და „პატრიოტ“ გოჩა თევდორაძის გარიგების შედეგი.

 

გოქაძე აცხადებს, რომ თავის დროზე ქუთაისის მერად შოთა მურღულიას „მოვლინებისათვის“ შედგა გარიგება, რის გამოც ქალაქში პარკირებისათვის გამოცხადებული ტენდერი ზედიზედ მეორედ ჩაიშალა.

„რატომ ჩაიშალა პარკირების აუქციონი ქუთაისში ორჯერ? 660000 ლარი მიუღებელი აღმოჩნდა ამ ბიზნესით დაინტერესებულთათვის? არა, ეს ბიზნესი არ არის წამგებიანი. მაგრამ ამ ეკონომიკურ ინტერესს  აფერხებს პოლიტიკური ინტერესი, რომელიც თითქმის ორი წლის წინ იღებს სათავეს.

 

2013 წლის 21 ნოემბერს ქუთაისს მერად „მოევლინა“ შოთა მურღულია, რაშიც ლომის წვლილი მაშინდელი საკრებულოს იმ წევრებმა შეიტანეს, რომელთაც გოჩა თევდორაძე მფარველობდა.

შედგა გარიგება - რაღაცა რაღაცის სანაცვლოდ და არა ლამაზი თვალებისთვის. ანუ „ბიფშტექსის“ რა ნაწილი შეხვდებოდათ. ეს „ბიფშტექსი“ აღმოჩნდა პარკირებაც და სხვა გასაყოფებიც. იმისთვის, რომ შოთა მურღულია ამ საქმეში „სუფთა“ გამოსულიყო, საჭირო იყო ე.წ. „სანდო კაცი“ ორივე მხარისთვის. ასეთი „სანდო კაცი“ აღმოჩნდა ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი, მეტსახელად „კაცი შუამავლის გარეშე“.

ეს გარიგება დღესაც მუშაობს და ხვალ თუ „წარმატებით“ მოინდომეს აუქციონის ჩატარება, აქაც ესენი იქნებიან, სხვისი გვარ-სახელებით. დანარჩენი დაპირისპირება მურღულიას კლანსა და გოჩა თევდორაძის კლანს შორის არის მხოლოდ ბრიყვთათვის.

 

„ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „დემოკრატიული საქართველო“ არიან ის პოლიტიკური ძალები ქუთაისში, რომელთა შორის ხდება ყველაფრის გადანაწილება, რისი გადანაწილებაც შეიძლება,“ - აცხადებს გია გოქაძე.

 

ორჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ საეჭვო გარიგებებზე მიანიშნებს „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი სულხან ქობულაძეც. მისი აზრით, პარკირებასთან დაკავშრებული პროცესებიდან ჩანს, რომ ბიუჯეტში შესატანი თანხა ან გაბერილია, ან ვიღაცები უცდიან თანხის „დაგდებას“, რათა უფრო იაფად ჩაიგდონ ხელში მომგებიანი ლოტი.  ქობულაძე ქალაქის მერს ურჩევს, თავად მერიაში შექმნას სამსახური, რითიც ამ საქმიანობით მიღებული მოგება ქალაქის ბიუჯეტს შეავსებს და ეს უკეთესი გამოსავალი იქნება.

 

„წინა წლებში პარკირებიდან შემოსავალი 50-55 ათასი ლარი იყო. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით კი - გამარჯვებულმა 660 ათასი ლარი უნდა შემოიტანოს ბიუჯეტში. თუ ეს გათვლები სწორია, გამოდის, რომ გამარჯვებული ფირმის ყოველწლიური მოგება რამდენჯერმე მეტია ბიუჯეტში შემოსატან თანხაზე.

 

მივმართავ ქალაქის მერს, ბატონ შოთა მურღულიას, თუ თქვენი გათვლები მართალია, შექმენით მერიაში შესაბამისი სამსახური, ქუთაისს დოტაციური ბიუჯეტი აქვს და დღეს ეს საკმაოდ წაადგებოდა ქალაქს. იმედია, ტენდერი, რომელიც გამოაცხადეთ რეალურია და რატომ უნდა თქვას ქალაქმა ასეთ შემოსავალზე უარი? მით უფრო, ორჯერ ჩატარებული ტენდერის ჩავარდნა იმაზე მიანიშნებს, რომ ბიუჯეტში შესატანი თანხა ან გაბერილია, ან ვიღაცები უცდიან თანხის დაგდებას.“- ამბობს სულხან ქობულაძე.

 

ასეთი შეფასებების, რჩევებისა და ეჭვების ფონზე, ქუთაისის თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალურ ადგილებზე ტენდერს უკვე მესამედ აცხადებს.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია