დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გენოციდი ხალიფატის სახელით
გენოციდი ხალიფატის სახელით
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 4006
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე
მსგავსი სიახლეები

ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ქრისტიანი სარწმუნოების გამო მოკლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები. თანაც, ამ საშინელების ამსახველი ვიდეოები სოციალური ქსელით გაავრცელეს, რაც ნამდვილი შოკი იყო განვითარებული და ადამიანის უფლებებზე მოღაღადე დასავლური საზოგადოებისათვის.

 

„თავს აჭრიან, წვავენ, აწამებენ ბავშვებს, დიდებს, ყველას, რადგან ისინი არიან ქრისტიანები. თუმცა კლავენ არამარტო ასურელ ქრისტიანებს, არამედ ყველას, ვინც მათ არ ემორჩილება. ისინი თხოვენ მათ სარწმუნოების შეცვლას. ეს არის ვიდეოები, სადაც ბავშვებს აჭრიან თავს, ცემენ, წვავენ, უკლავენ ოჯახის წევრებს. რელიგიური წმენდა მიმდინარეობს სირიაში,“ - განაცხადა მამა სერაფიმემ, რომელიც  ცამეტი ასურელი მამის ეკლესიის წინამძღვარია და წარმოშობით ასურელია.

 

საქართველოში ასურელების (იგივე ასირიელების) მცირე ნაწილი უკვე საუკუნეზე მეტია, ცხოვრობს. ისინი ხშირად უკავშირდებიან თავიანთ მოძმეებს სირიასა და ერაყში. როგორც მამა სერაფიმე ამბობს, ასურელი ქრისტიანები მსოფლიოსგან დღეს დახმარებას ითხოვენ.

 

„სირიასა და ერაყში ძალიან მძიმე ვითარებაა, ფაქტობრივად, სახეზეა რელიგიური დაპირისპირება. ამ ორ ქვეყანაში ცხოვრობენ  ე.წ. ძველი აღმოსავლური ეკლესიების წარმომადგენლები - სირიელი ქრისტიანები, ერაყელი ქრისტიანები და იეზიდები. ისინი ითვლებიან ყველაზე მოწყვლად ნაწილად ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ სახეზე გვაქვს მათი გეგმაზომიერი განადგურება. საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ამ საქმეში“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ პლენარულ სხდომაზე. ვიცე-სპიკერმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ     „ცოტა მეტი იფიქროს“ ამ ადამიანებზე და საქართველო ჩაერთოს ჰუმანიტარულ პროცესებში.

 

 

„ქვეყანამ უნდა აჩვენოს თავისი სახე, რომ ის ზრუნავს ადამიანებზე არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ქართულმა ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სპეცსამსახურებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა მეტი უნდა ვიფიქროთ ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

 

სირიაში და ერაყში მომხდარ ფაქტებს კაცობრიობის წინაშე დანაშაულს უწოდებს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც.

 

„არის მომენტები, როცა პოლიტიკა, გეოგრაფიული მდგომარეობა, საკუთარ სახლში მშვიდად ყოფნა მეასეხარისხოვანია და მდუმარებით დანაშაულის თანამონაწილე ხდები. ის, რაც ახლო აღმოსავლეთში  ხდება, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე“ - ამგვარად აფასებს კახა კალაძე სირიაში ასირიელი ქრისტიანების განადგურებას.

 

„სასაკლაო - ალბათ, ეს არის ზუსტი განმარტება იმ ფაქტისა, რაც დღეს სირიაში, კენიაში, ლიბანსა თუ ერაყში ხდება. ყოველდღე ვრცელდება ადამიანების წამების, ცოცხლად დაწვის, თავის მოკვეთის ფაქტები... ISIS-ის მეომრებმა ორიოდე თვის წინ, 12-13 წლის ბიჭებს თავები მოკვეთეს. მიზეზი ფეხბურთის თამაში იყო. ერთ-ერთი პირველი, რამაც მსოფლიოს უეცარ ტალღად გადაუარა, გასული წლის შემოდგომაზე, ერაყის ტერიტორიაზე ერთ-ერთი არაბული ტომის 150-მდე წარმომადგენლისათვის თავის მოკვეთა გახლდათ, მერე ერაყიდან ქურთების მასობრივი დევნა, შიგადაშიგ, მძევლების საჯაროდ დაწვა, თავის მოკვეთა... ბოლოს კი სირიაში მცხოვრები ქრისტიანები.“ - წერს თამარ კარელიძე „ლიბერალის“ ბლოგების გვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში „სად არის დასავლეთი?“

 

ბლოგერის მსგავსად, დღეს ბევრი მიიჩნევს, რომ დასავლეთი მრავლისმეტყველად სდუმს და მხოლოდ შეშფოთებით და მშრალი განცხადებებით პასუხობს   „ისლამური სახელმწიფოს“ არაადამიანურ ქმედებებს, რომელთა ამსახველ კადრებს ტერორისტები თავად ავრცელებენ სოციალური ქსელების მეშვეობით.

 

 

მაინც ვინ არიან ესისლამური სახელმწიფოსმებრძოლები?!

 

„ისლამური სახელმწიფო“ - ეს არის მოვლენა, რომელიც ნატოს უელსის სამიტის დეკლარაციაში ნომერ პირველი საფრთხის სტატუსი მიენიჭა და რაც გაერომაც გაიზიარა. მას რამდენიმე სახელი აქვს - „ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფო“, „არაბული ხალიფატი“, „ISIS“, „ISIL“.  როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, „ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებაში და გაძლიერებაში შეერთებული შტატების წვლილიცაა, რომელიც საკმაოდ სერიოზული დაფინანსებითა და გამალებული შეიარაღებით ეხმარებოდა იმ ამბოხებულებსა და გაურკვეველი წარმოშობის ტერორისტებს, რომლებსაც მისთვის არასასურველი რეჟიმების წინააღმდეგ იყენებდა, დღეს კი გაძლიერებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადეს.

 

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ტერორისტული დაჯგუფების ასეთ გაძლიერებას ხელი შეუწყო ჯერ ერაყის ომმა და სადამ ჰუსეინის ხელისუფლების განადგურებამ, რადგან ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება არც ისე ადვილი აღმოჩნდა და ასეთმა ორგანიზებულმა სამხედრო დაჯგუფებამ სწრაფად შეძლო დიდი ტერიტორიის დაკავება. ისლამური სახელმწიფოს წინამორბედი ორგანიზაციის სახელი იყო „ალ-ქაიდა ერაყში“. ეს ორგანიზაცია დააფუძნა მოჯაჰედინმა, წარმოშობით იორდანელმა აბუ მუსაბ ალ-ზარქავიმ ერაყში ამერიკული ინტერვენციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. ყველაზე დიდ წარმატებას ჯგუფმა 2014 წელს მიაღწია, როცა დომინოს პრინციპით აიღო მოსული და სხვა ქალაქები ერაყში.

 

ისლამისტურმა დაჯგუფებამ ხალიფატის შექმნის შესახებ 2014 წელს გამოაცხადა და ღიად განაცხადეს, რომ მთლიანად გეგმავენ ერაყისა და სირიის ტერიტორიების დაკავებას, სამომავლო პერსპექტივაში კი ლიბანის, პალესტინის, იორდანიის და სხვა მიმდებარე ქვეყნების დაკავებას, ასევე, კავკასიის გათავისუფლებასაც (ანუ, ორგანიზაციის მიზანი ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე ისტორიული ხალიფატის აღდგენაა). ასე რომ, ხალიფატი არამარტო გლობალურ, არამედ დიდ რეგიონალურ საფრთხეებსაც შეიცავს. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ძირითადად სუნიტები არიან, რომლებიც ორ შიიტურ ხელისუფლებას ებრძვიან სირიასა და ერაყში. მათ უკვე, ფაქტობრივად, მთელი ერაყი და სირიის დაახლოებით 70% აქვთ დაკავებული.

 

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ „ისლამური სახელმწიფო“ სრულიად ახალი მოვლენაა ტერორიზმის ისტორიაში. თუ აქამდე ტერორისტები დამოუკიდებელი ორგანიზაციის სახელით მოქმედებდნენ და ახორციელებდნენ ტერორს საკუთარი მიზნების მისაღწევად, დღეს უკვე ისინი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში არიან. ათობით მილიარდი დოლარისა და ათასობით მებრძოლის ფონზე სანამდე წავა მათი ამბიციები რთული სათქმელია. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ფაქტია, რომ მსოფლიო და ჩვენი რეგიონი უსერიოზულესი გამოწვევების წინაშე დგას, სადაც საქართველომ მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადადგას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია