დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რამდენი დღის ცენტრი ექნება ხარაგაულს?
რამდენი დღის ცენტრი ექნება ხარაგაულს?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 2983
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით საქართველომ უნდა მოახერხოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის გარემოს ადაპტირება, მისცეს შშმ პირებს თვითრეალიზაციის საშუალება, ამ ყველაფრისათვის ყველაზე მეტად საჭიროა ე.წ. დღის ცენტრების და სოციალური საწარმოების  სრულფასოვანი მუშაობა. სწორედ დღის ცენტრებმა უნდა მოახერხოს არასრულწლოვან ბენეფიციართა რეაბილიტაცია, აბილიტაცია და არაფორმალური განათლება. ცალკე საკითხია სოციალური წარმოება და მეურნეობა. უკვე ბევრ მუნიციპალიტეტში მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩამოყალიბებული დღის ცენტრები. არსებობს რეგიონები, სადაც ამგვარი ტიპის ორგანიზაციები არ არსებობს და შშმ პირები რჩებიან ყველა იმ სერვისის გარეშე, რომელსაც სახელმწიფო ვაუჩერულად აფინანსებს.

 

როცა სახალხო დამცველის წარმომადგენლის (ნათია ფირაშვილი) წინაშე დავსვით კითხვა, რატომ არ ახორციელებს თავად სახელმწიფო დღის ცენტრების პროგრამას, მისგან მივიღეთ ასეთი პასუხი: დღის ცენტრის მომსახურებას ყველა განვითარებულ ქვეყანაში ახორციელებს არასამთავრობო სექტორი, რომელსაც მხარს უჭერს  სახელმწიფო.

 

დღის ცენტრების ჩამოყალიბების ინიციატორი, ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში „პირველი ნაბიჯი“ იყო. რადგან „პირველი ნაბიჯი“ მხოლოდ დიდ ქალაქებში ამუშავებდა დღის ცენტრებს, ამიტომ რესპუბლიკაში ერთ-ერთმა ყველაზე გაუხმაურებელმა და უპრეტენზიო ადამიანმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხარდამჭერი ორგანიზაციის დამფუძნებელმა, მაგდა ყურაშვილმა, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში მოძებნა აქტიური ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს მიხედავდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი მაგდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მიდიოდა და სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებს ეხმარებოდა (მათ შორის, ისეთ ადგილებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური სამსახურების წარმომადგენლებიც არ ყოფილან).

მაგდა ყურაშვილის და მისი მეგობრების დახმარებით დღის ცენტრი ჩამოყალიბდა საჩხერეში და უკვე ფუნქციონირებს, დაიწყო ხონში, ხარაგაულში, ტყიბულსა და ჭიათურაში  ცენტრების ჩამოყალიბების პირველი ეტაპები.

 

ერთი იმ მუნიციპალიტეტთაგანი, სადაც მაგდა ყურაშვილის სურვილი იყო, რომ გაკეთებულიყო დღის ცენტრი, აღმოჩნდა ხარაგაული. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე  ხარაგაულსა და ტყიბულს ერთ დღეს ეწვია ქალბატონი მაგდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ისაუბრა ამ თემაზე და თავის მხრივ რამდენიმე ათასიანი დახმარების პარალელურად სთხოვა თვითმმართველობებს, რომ მხარი დაეჭირათ შშმ პირთა პრობლემების აღმოფხვრაში. ხარაგაულში ჩამოყალიბდა ააიპ „ნაბიჯი ხარაგაული“, რომლის დამფუძნებელმა რუსუდან გურგენიძემ ჩვენთან საუბარში დღის ცენტრის აუცილებლობაზე ასეთი რამ გვითხრა:  „ხარაგაულში დღის ცენტრის გახსნა აუცილებელია. მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი სხვადასხვა შეზღუდვის 18 წლამდე ბენეფიციარია. ბენეფიციარების ნაწილი სარგებლობს ზესტაფონში მოქმედი დღის ცენტრ „ორიონის“ მომსახურებით, თუმცა ბენეფიციართა დიდ ნაწილს ხარაგაულის გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამის საშუალებაც არ აქვთ. თუ გავითვალისწინებთ ხარაგაულის გეოგრაფიულ მდებარეობას, საუკეთესო გამოსავალია რამდენიმე დღის ცენტრის გახსნა, რათა ეს ბავშვები არ დარჩნენ შესაბამისი სერვისების მიწოდების გარეშე.“

 

როგორც აღმოჩნდა, მოკლე ხანში „ნაბიჯი ხარაგაულის“ მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბება გადაწყდა მუნიციპალიტეტში. ამ შემთხვევაში სსიპ ბორის საჯარო სკოლამ (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სკოლის დირექტორმა), რომელიც პანსიონურ მომსახურებასაც ახორციელებს,  გამოთქვა სურვილი, რომ ბორში ჩამოყალიბებულიყო დღის ცენტრი. ამ აზრს ეწინააღმდეგება „ნაბიჯი ხარაგაული“:  „ბორის სკოლა-პანსიონში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღის ცენტრის გახსნა იმიტომ, რომ ბორი 10 კილომეტრითაა დაშორებული მუნიციპალიტეტის ცენტრს. მიმდებარე სოფლებში მხოლოდ 10-მდე ბენეფიციარია. მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან ბავშვების მოყვანა აქ რთული იქნება, თუმცა როგორც კულუარული ინფორმაცია მაქვს, ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ამ ბავშვებს იქ ღამეც დატოვებენ, თუ მშობლების სურვილი იქნება. ეს კი უკვე დღის ცენტრი აღარ იქნება და მას სხვა სტანდარტები სჭირდება“.

 

„ნაბიჯი ხარაგაულის“ წინააღმდეგობისგან განსხვავებით, ბორის სკოლაში დღის ცენტრის გახსნას მხარს უჭერს გამგეობა და ფინანსური დახმარებაც სოლიდური ოდენობით გამოიძებნა მუნიციპალური ბიუჯეტიდან.

 

ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა ბორის სკოლა-პანსიონის დირექტორმა, ბატონმა ჰამლეტ ბერაძემ: „სკოლაში პანსიონური მომსახურეობით სარგებლობს 20 ბავშვი, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, ლტოლვილები და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის შვილები. დღევანდელი მონაცემებით სკოლაში  სწავლობს 115 მოსწავლე და სკოლამდელი ასაკის 28 ბავშვი... სკოლა ფინანსდება, როგორც საჯარო სკოლა, ცენტრალური ბიუჯეტიდან ვაუჩერულად. აღნიშნული თანხები მთლიანად ხმარდება სკოლაში პედაგოგების, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასებს და სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვას. პანსიონი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და აღნიშნული თანხის 90 პროცენტი ხმარდება პანსიონის თანამშრომელთა ხელფასებს, ხოლო დანარჩენი 10 პროცენტი პანსიონის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ და სხვა ხარჯებს. გარდა ამისა, სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ამერიკელი მეგობრები, რომლებიც აფინანსებენ  ბევრ პროექტს და ეხმარებიან სოციალურად დაუცველ ბავშვებსაც და სხვა მოსწავლეებსაც. აღნიშნული პროექტები იქმნება   სკოლის ადმინისტრაციის, თანამშრომლების და მოსწავლეების  მიერ. მინდა გითხრათ, რომ უკვე რვა წელია, არასამთავრობო ორგანიზაციის და ამერიკელი მეგობრების დახმარებით სკოლის ყველა სოციალურად დაუცველი მოსწავლე იკვებება შუადღით (70 ბავშვი)ერთჯერადად, ხოლო სკოლამდელი აღზრდის ჯგუფი (28 ბავშვი)და პანსიონური სერვისით მოსარგებლე ბავშვები (20 ბავშვი) სამჯერადი კვებით. ავადმყოფობის შემთხვევაში სკოლის ყველა მოსწავლის მკურნალობა ფინანსდება (ის, რაც არ ფინანსდება სახელმწიფო დაზღვევით). სკოლის ყველა მოსწავლე სარგებლობს სტომატოლოგიური მომსახურებით. წელიწადში ორჯერ ბავშვებს უტარდებათ გამოკვლევები. სკოლაში ყველა მოსწავლეს აძლევენ თბილ ქურთუკებს, ფეხსაცმელებს, თბილ წინდებს და ხელთათმანებს, საჭიროების შესაბამისად სასწავლო რესურსებს, მედიკამენტებს. ასევე შემოაქვთ სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე ბავშვებისათვის ლეიბები, საბნები, თეთრეული, სხავადასხვა ელექტროტექნიკა (მაცივარი, წყლის გამათბობელი, ტელევიზორი და სხვა). გვიხდიან ელექტროენერგიის საფასურს, მიმდინარეობს სახელობო სწავლება, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასაქმებულია 7 ადამიანი (სტილისტის, კერვის, სიმღერის, ცეკვის, პურის ცხობის (სკოლა თავისთვის საჭირო პურს თვითონ აცხობს) ხატვის, კომპიუტერულ პროგრამებში  გადამზადების, ხალხური საკრავების). გასულ წლებში ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები: გარემონტდა და დაიხურა სასადილოს კორპუსი, საძინებელი, სკოლამდელი აღზრდის ჯგუფისათვის ოთახები. მოწესრიგდა სველი წერტილები და კანალიზაცია. გარემონტდა და შემოვიდა შესაბამისი ტექნიკა სახელობო სწავლების უზრუნველსაყოფად. დღესდღეობით მიმდინარეობს საძინებლისა და სკოლამდელი აღზრდის ჯგუფის ოთახებში ფილაქნების დაგება, ეზოში გაკეთდა ატრაქციონები, სკოლის თანამშრომლების და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობით მოეწყო ბიბლიოთეკა, ასევე ერთობლივი ძალებით მოეწყო გარე სპორტულ მოედანზე ბეტონის საფარი და ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. თუმცა ყველა ეს ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა თანდათანობით და ნაწილ-ნაწილ. ამას დაემატა ბორის საჯარო სკოლის სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია განათლების სამინისტროდან მიღებული დაფინანსებით. ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც სკოლის ინფრასტრუქტურა შედარებით გაუმჯობესდა, არასამთავრობოები, ძირითადად  მოსწავლეთა უნარ-ჩვევებისა და სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერების და სოციალური პრობლემების მოგვარების მიზნით, დაგეგმილ პროექტებს აფინანსებენ“.

 

 ბორის სკოლაში დღის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა ინგა მაღრაძემ ასეთი კომენტარი მოგვაწოდა:  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 6 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, მიეცა დამატებით 37 000 ლარი, სუბსიდიის სახით, ბორის სკოლა-პანსიონისთვის.  როგორც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განმარტა, თანხა სკოლა-პანსიონში დღის ცენტრის მოწყობას უნდა მოხმარდეს. კერძოდ, უნდა მოწესრიგდეს სკოლის  ინფრასტრუქტურა, რათა სკოლა პანსიონმა შეძლოს დამატებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მოწყობა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დღის ცენტრთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს. აქტიურად ვმუშაობთ  ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან და იმ ორგანიზაციებთან, რომელთაც დღის ცენტრების ფუნქციონირების დიდი გამოცდილება აქვთ,  მაგრამ ბორის სკოლა-პანსიონთან დაკავშირებით არსებობს სხვა კითხვები. ეს არის პანსიონი, რომელიც   თვითმმართველობის მიერ ფინანსდება, არ ხვდება  საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ, რომელსაც ვერ ხედავს სისტემა და სადაც ბავშვის უფლებები რისკის ქვეშ დგას. არ ხორციელდება  პანსიონის საქმიანობის მონიტორინგი. როგორც გაირკვა,  კანონმდებლობით, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის დაცვა სკოლა-პანსიონებისთვის სავალდებულო  არ არის. ასეთი ტიპის დაწესებულებები  საქმიანობის დაწყებამდე საგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზიას განათლების სამინისტროსგან იღებენ და ეს მათი არსებობის ერთადერთი კანონიერი საფუძველია. პრობლემა,  რომელიც სკოლა პანსიონთან დაკავშირებით არსებობს, არის თვითონ ზრუნვის ფორმა. პანსიონში ამ დროისათვის 16 ბავშვი ცხოვრობს.  გაუგებარია, შეუძლია თუ არა პანსიონს გაუწიოს ამ ბავშვებს ხარისხიანი მზრუნველობა.  ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ,  რომ ვიდრე  სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობა არ იქნება შესწავლილი, ვიდრე ჩვენ  არ გვეცოდინება,  რომ პანსიონში მცხოვრები ბავშვების პირობები შეესაბამება ბავშთა ზრუნვის სტანდარტებს, მანამდე ამ დაწესებულებისათვის კიდევ ახალი ვალდებულების გაჩენა არ იქნება მიზანშეწონილი“.

 

სხვა ხედვა აქვს ხარაგაულის გამგებელს, ბატონ კობა ლურსმანაშვილს. მან ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ბორის სკოლისათვის სუბსიდირება დღის ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პოზიტიურია და თუ სხვა ორგანიზაციებიც შეძლებენ დღის ცენტრის მომსახურების გაწევას, თვითმმართველობა მათაც დაეხმარება.

 

როგორც გამგებლის და ბორის სკოლის დირექტორის საუბრიდან გაირკვა, მუნიციპალიტეტში არა ერთი, არამედ სამი დღის ცენტრის გახსნის აუცილებლობაც კი არის.

 

რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომ ბორის სკოლა-პანსიონში დაფიქსირდა ძალადობის ფაქტ(ებ)ი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ასეთი პასუხი მივიღეთ: აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები, ვიდრე არ გამოქვეყნდება ექსპერტიზის დასკვნა, მანამდე ამ თემით სპეკულირება არაეთიკურია, მით უფრო, რომ ამ ეტაპისთვის არ არის გამოკვეთილი დაზარალებული და მოძალადე პირები, რაც შეეხება სამართლებრივ მოკვლევას, ის დაწყებულია ინკოგნიტო პირის მიერ 112-ზე გაკეთებული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია