დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
სულ ნანახია 3376
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

- ომმოგებული ვეტერანი, მხოლოდ ქართველი,

ყველაზე მეტად წაგებულია,

კეთილდღეობის „მავთულხლართები“

მისთვის დიდი ხნით დაგებულია.

ეს კიდევ ერთი დიდი სირცხვილი,

მგონი, სხვაგანაც გაგებული აქვთ!

ავტორისეული რეპლიკა

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

 

კაცობრიობამ იცის არაერთი, ოღონდ მსოფლიო მასშტაბის ომი, დიდ სახელმწიფოთა ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე რომ აღმოცენდა, რასაც დიდძალი ადამიანური და მატერიალური დანაკარგები მოჰყვა. ერთი სიტყვით, ეს იყო უდიდესი ტრაგედია... ასეთი საშინელი დიდი ომის გამოვლენა იყო რიგით მეორე მსოფლიო ომი. დამთავრდა იგი ჩვენი ქვეყნისა და სამეულთა კოალიციის (ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) ერთობლივი ძალისხმევითა და გამარჯვებით, ფაშისტური გერმანია, ჰიტლერის ტირანული რეჟიმი დაუპირისპირდა მთელ მსოფლიოს. ამ გამარჯვებაში ლომის წილი ეკუთვნის საბჭოთა კავშირს და მასში შემავალ ყველა დიდ თუ პატარა ქვეყანას. პატარა საქართველომ პროცენტულად ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო ამ ომში.

 

სამწუხაროდ, ჩვენი ისტორია მუდმივი ბრძოლისა და თავდასხმების ისტორიაა. სუვერენული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობისათვის წინარე ეპოქებში და ასევე XX საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოს არ დაჰკლებია იმპერიული რუსეთისა და სხვათა დავდასხმები, ხალხის აწიოკება და ვითარების გართულება. დიდი განსაცდელისა და მტერთან შერკინებისას არაერთი მარცხი და სირცხვილი გვქონია, მრავალი ცდომილება და პარადოქსი, და ამ მხრივ არც ახლა ვართ თავისუფალი...

 

ცხონებულმა მწერალმა და მეცნიერმა, პროფესორმა ლევან სანიკიძემ მთელი წიგნი დაწერა სახელწოდებით „309 სირცხვილი“. ამის მერე სირცხვილი, დიდი შოთა რუსთაველის თქმისა რა იყოს, „გვაქვს უთვალავი ფერითა“.

 

და აი, კიდევ ერთი (არ მინდა ვთქვა, „ეს ერთი და სხვა მრავალი“, მაგრამ რატომღაც ხდება ასე) სამარცხვინო მოქმედება ანუ სირცხვილი, რომელიც საქართველომ იწვნია იმ გამარჯვების წილად, რაც მოიხვეჭა თავისუფლებისმოყვარე ყველა ხალხმა.

 

საქართველოში დღემდე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ყველაზე დაბალ პენსიას იღებს და ეს ფრიად სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნისათვის...

 

ათეული წლებია ჩვენი ქვეყნის პოლიტელიტას და ზემდგომ ორგანოებს ამისთვის არც სცალიათ და არც სირცხვილის გრძნობა აწუხებდა. ამდენად, მე დიდი გურამიშვილის სიტყვებით გამოვთქვამ პროტესტს „უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბაძვით მორცხვიც გაურცხვდებისო.“

 

 

***

ახლა მინდა, ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად, ნათელვყო, თუ ომის ვეტერანთა მდგომარეობა რაოდენ მძიმე და აუტანელია ჩვენს ქვეყანაში. მოვიხმობ დაზუსტებულ მონაცემებს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დიდი ქვეყნების მიხედვით.

 

იმპერიული რუსეთის ომის ვეტერანი ღებულობს სამხედრო პენსიას 1500 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, აქვს სხვა შეღავათები და პრივილეგიები.

 

ამერიკის ომის ვეტერანს დანიშნული აქვს ორი პენსია. შრომითი პენსია 1200 დოლარი, ხოლო ომის ვეტერანის - 1500 დოლარი.

 

დიდ ბრიტანეთში წოდებებისა და საბრძოლო ჭრილობების გათვალისწინებით ომის ვეტერანების პენსია 2000-დან 9000 დოლარამდე  მერყეობს (გაზ. „კვ. პალიტრის“ მიხედვით).

 

სხვათა შორის, იმპერიული რუსეთი ოკუპირებულ რეგიონში პენსიებს არიგებს ისევე, როგორც თავად რუსეთში. კიდევ ერთი დეტალი აფხაზეთის სინამდვილიდან: აქ პენსიები ასაკოვან ადამიანებზე შრომითი სტაჟის გარეშე, ე.ი. მოხუცებულობის პენსია შეადგენს 400 ლარს ჩვენი ფულით. ასეა ცხინვალის რეგიონშიც, მაშინ, როდესაც ჩვენთან, საქართველოში მოხუცებულებს აქვს მცირედი სოციალური დახმარება, იმ მოხუცებულს, ვისაც შრომის სტაჟი აქვს 25 წელი, განურჩევლად წლების და დამსახურებისა, ეძლევა პენსია 150 ლარი; მაშინ, როდესაც ნორმალურ ქვეყანაში არსებითად განსხვავება არის შრომის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. აქ კი პედაგოგს, რომელიც მუშაობის 60 წლის სტაჟი აქვს, და სოფლად მცხოვრებ კოლმეურნე ქალს, თუ აქვს 22-25 წელი, ისიც ღებულობს 150 ლარს. როცა ასეთი მდგომარეობაა საქართველოში, როგორ უნდათ მიაღწიონ იმას, რომ გაიძახიან - შემოვირიგებთ ჩვენს ძმებს - აფხაზებსა და ოსებს (მაშინ, როდესაც გენეტიკურად ქართველი ძმები ერთმანეთს ებრძვიან და არ ინდობენ, როცა მათ გაცილებით მეტი აქვთ პენსია და სხვა).

 

***

რა თქმა უნდა, დიდი სირცხვილია ის, რომ დამარცხებული ფაშისტური გერმანიის ომის ვეტერანს 10-ჯერ მეტი პენსია აქვს, ვიდრე ქართველ ომის ვეტერანს. წინა ხელისუფლების დროს ომის ვეტერანის პენსია შეადგენდა 172 ლარს. 2012 წლის შემდგომ ეგ პენსია გაიზარდა 192 ლარამდე (დაემატა 30 ლარი). ამაში იგულისხმება ის შეღავათები, რომლითაც იგი სარგებლობდა 90-იანი წლებიდან 2003 წლამდე.

აქვე უნდა ითქვას იმ პარადოქსზეც, რასაც  საქართველოში ჰქონდა და აქვს ადგილი. არ ვიცი, ამ მხრივ რა მდგომარეობაა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, მაგრამ უცნაური და ორიგინალური რამ მოხდა ჩვენთან. ომის ვეტერანთან გათანაბრების სტატუსი მიენიჭა იმ ქართველ მოქალაქეს, რომელიც ომის წლებში შორეულ ზურგში იყო, არ გაუვლია არც საარმიო სამსახური და არც ბრძოლებში მიუღია მონაწილეობა. აქვე ქუთაისის თუ სამტრედიის ახლოს არსებულ სამხედრო ბატალიონში დაკისრებული ჰქონდა მოვალეობა ლექციებით და მშვიდობიან ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა. ერთ-ერთი ჩემი კოლეგა (დაბად. 1925 წელს), რომელსაც არ შეხებია სავალდებულო სამხედროში გაწვევა მიზეზთა გამო, ქუთაისის საღორიის ტყეში დაბანაკებულ ქართულ სამხედრო ბატალიონში ასრულებდა გარკვეულ დავალებებს. მას მიენიჭა ომის მონაწილესთან გათანაბრების სტატუსი და ამდენად, სამხედრო პენსია შეადგენს 162 ლარს, ომის ვეტერანს მასზე მხოლოდ 30 ლარით მეტი აქვს.

 

გარდა ამისა, ის ქართველი, რომელიც ომში არ მონაწილეობდა და ზურგში სამხედრო სამსახურს გადიოდა, ყოველ ნებისმიერ წელზე ეძლევა დამატებით 10 ლარი. 25 წელი ვინც სამხედრო მოსამსახურე იყო და დანიშნული ჰქონდა პერსია, მერე მას დაემატა დამსახურების წლების მიხედვით 10 ლარი ყოველ თვეზე და პენსია გახდა 250 ლარი, პლიუს პენსია 250 ლარი.

 

გამოდის, რომ ომის ვეტერანთან გათანაბრებულს, საქართველოში აქვს ორი პენსია. შრომითი და სამხედრო. ამ პრივილეგიას რატომ უნდა იყოს მოკლებული ომის აქტიური მონაწილე?

 

წინა ხელისუფლების დროს იყო მცდელობა და სურვილი, რომ ომის ვეტერანისთვის დაენიშნათ ორი პენსია - შრომით და სამხედრო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისში არაერთხელ შეხვდა ომის ვეტერანებს და დაგვპირდა ჯერ პენსიის გაზრდა-მომატებას, მაგრამ ზემდგომი ორგანოებიდან მალე მივიღეთ პასუხი - საპენსიო ფონდს არა აქვს საშუალება და საკითხი გადაიდო დღემდე... ესეც ერთი კეთილცრუობის გამოვლენა და სირცხვილია, მადლიერებას გამოვთქვამთ ეთდროული ფინანსური დახმარებისა და სხვათა გამო. გამარჯვების დღე აღინიშნება ომის ვეტერანებთან შეხვედრით, საზეიმო ცერემონიალით, მილოცვა-მისალმებით და კეთილი სურვილებით, ყოველივე ეს ყოველწლიურად ტარდება.

 

მრავალგზის მიმიღია ოფიციოზისაგან მილოცვა-სურვილები. მოვიხმობ შესაბამის ტექსტს, სპეციალური ბლანკის მიხედვით:

 

- „ბატონო სიმონ, გილოცავთ 9 მაისს - ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!

 

მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვამაყობთ თქვენით, ფაშიზმის წინააღმდეგ თქვენი თავგანწირული და გმირული ბრძოლით. თქვენი სულიერი სიმტკიცე და გამძლეობა, თქვენი თავდადება და ვაჟკაცობა სამაგალითო და მისაბაძი იქნება ყოველთვის, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს.

 

მჯერა, 9 მაისს მომავალი თაობებიც მოიგონებენ და იამაყებენ იმით, რომ მეორე მსოფლიო ომში ქართველებმა, სხვა ერებთან ერთად, ფაშიზმისაგან იხსნეს კაცობრიობა.

 

უდიდესი მოწიწებით და პატივისცემით მადლობას გიხდით სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის, პირნათლად მოხდილი ვალისათვის. ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.

გამარჯვების დღეს გილოცავთ!

 

პატივისცემით ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

ეს კარგია, გამამხნევებელი და ოპტიმისტური შეძახილია, მაგრამ ღრმა მოხუცი ომის ვეტერანის ერთხანს სიცოცხლის და ნორმალური ადამიანური ცხოვრებისათვის ეს როდია მთავარი პირობა. ეს მისთვის არც გარანტია და არც გრანტია.

 

ხელისუფლებას მართებს, დაფიქრდეს ამაზე და რამდენადმე უკეთესობისაკენ შეცვალოს ღრმა მოხუცების, ვეტერანთა ყოფა-ცხოვრება. ახლა ამ მხრივ საქართველოში სამარცხვინო მდგომაროება გვაქვს.

 

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მეორე მსოფლიო ომის ღრმა მოხუც ვეტერანთა დავალებით - მოგმართავთ თხოვნით და ასეთი წინადადების შემოთავაზებით - დაზუსტებულია, რომ მთელ საქართველოში ღრმა მოხუც ვეტერანთა (80-90 წ.) რიცხვი არ აღემატება 3 ათასს (სამი ათასი), ხომ შეიძლება მათ, როგორც გამონაკლისი, თვეში წაემატოთ 50 ლარი. საერთოდ ეს არ შეადგენს დიდძალ თანხას, რომ გამოიყოს ბიუჯეტიდან...

 

 

ღრმა პატივისცემით სიმონ არველაძე

 

 

მეორე მსოფლიო ომისა და შრომის ვეტერანი, რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენოსანი, მწერალი, ფილოსოფიის პროფესორი, მრავალი პრემიის ლაურეატი, ქუთაისისა და ვანის საპატიო მოქალაქე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია