საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ლოგიკური აზროვნების საწყისები
ლოგიკური აზროვნების საწყისები
ავტორი: ნატო გუბელაძე
სულ ნანახია 2788
ავტორი:
ნატო გუბელაძე
მსგავსი სიახლეები

ინტერვიუ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორ გენადი მარგველაშვილთან

 


- ბატონო გენადი, წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს გაზეთში დაიბეჭდა სტატიათა ციკლი თქვენი სკოლის შესახებ, რომლის მიღწევები ქალაქისთვის უცხო არ არის, ტექნიკური მიმართულების საგნებში (მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ქიმია, ბიოლოგია) თქვენი წარმატებები თვალსაჩინოა, ახლა ამას დაემატა საგამომგონებლო წრეც, სულ ახლახან სკოლაში გაიხსნა ღვაწლმოსილი პედაგოგის აგლაია აბზიანიძის სახელობის მათემატიკის კაბინეტი და როგორც იტყვიან, სტატიათა ციკლი განახლდა, ახლა რას გვეტყვით ამის შესახებ?

 

- სასაუბრო ბევრია, ქალბატონო ნატო, კარგი შანსია, გაზეთის საშუალებით ხმა მივაწვდინო ერთგულ მკითხველს და ყველა ქუთათურს, პირველ რიგში კი, მინდა, მივესალმო და წინსწრებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო მათ და ყველა მართლმადიდებელს.

 

რაც შეეხება კითხვას, შევეცდები, მოკლედ ჩამოგითვალოთ ის მიმართულებები, რომელთაც უპირატესობას ვანიჭებთ, ე.წ. სტრატეგიები, რომელთა განხორციელება სკოლას კიდევ უფრო გააძლიერებს, ხოლო სხვა კითხვებში კიდევ უფრო დავკონკრეტდეთ და გავაანალიზოთ თითოეული თემა თუ საკითხი... მაშ, ასე:

ა) სკოლა გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სტატუსისაა, ასეთი საქართველოში სულ ოთხიოდეა, ერთ-ერთი მათგანის, ე.წ. „კომაროვის“ სკოლის კვალზე ჩვენ ჩამოვაყალიბეთ და გავხსენით „საკვირაო სკოლა“, რომელიც ფუნქციონირებს უკვე მესამე წელია, მესამედან მეშვიდე კლასელთათვის, პირობითად, ამ სწავლების კურსს, რომელიც აბსოლუტურად ნებაყოფლობითია, ჩვენ დავარქვით „ლოგიკური აზროვნების საწყისების“ კურსი, სწავლების თემატიკა აქ არ თანაიკვეთება ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან. ჩვენ ვცდილობთ, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები შევაჩვიოთ დამოუკიდებელ, ლოგიკურ, კრეატიულ აზროვნებას, ფაქტობრივად, არ გვაქვს საშინაო დავალებები და უკვე გვაქვს წარმატებები...

სათქმელი რომ არ გაგვექცეს, გეტყვით, რომ ამ სკოლაში შაბათ-კვირაობით სხვა სკოლიდანაც დადიან საუკეთესო მოსწავლეები, რომლებიც იმარჯვებენ სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა კომერციულ ოლიმპიადებზე, თუმცა სწორედ იმ სკოლის სახელით, სადაც სწავლობენ. კარგი იქნებოდა, თუ სხვებიც, რომელთაც აქვთ მათემატიკური და ლოგიკური უნარები, მიბაძავენ მათ და ჩვენს სკოლაში გადმოსვლის გარეშე „გაუსინჯავენ გემოს“ „საკვირაო სკოლის“ ამოცანებს. რაც შეეხება გადასახადს, საუკეთესო წარმატების მქონე მოსწავლეთათვის აქ სწავლა უფასოა, ასევე მნიშვნელოვანი შეღავათებია სოციალურად დაუცველი თუ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, თუმცა არც დანარჩენთათვისაა ხელმიუწვდომელი.

ბ) სტანდარტის მიხედვით, სკოლის სტატუსის შესატყვისი ცვლილება საბაზო საფეხურიდან ხორციელდება. სწორედ ამ საფეხურის დასაწყისიდან (VII კლასიდან) შეფასებათა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დახმარებით ვატარებთ გამოცდას მათემატიკაში, რათა ყველა მოსწავლეს მიეცეს შანსი, ჩვენი თუ სხვა სკოლიდანაც - თუკი მას ტექნიკური მიმართულების ინტერესი გაღვივებული აქვს, ეს „მარცვალი“ კარგ „ნიადაგში“ ჩააგდოს. სწორედ VII კლასიდან მნიშვნელოვნად იზრდება დატვირთვა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებებით, გახსნილია ჩვენი სკოლის მოსწავლეთათვის უფასო წრეები ამ საგნებში, რომელთაც ახლა უკვე ემატება ქიმია-ბიოლოგიის (VIII კლასიდან) წრეები, თუმცა არც ერთი სხვა საგანი შეზღუდული არაა. მივესალმებოდი, მაგალითად, სამოქალაქო განათლების წრის არსებობას, მით უფრო, რომ გვყავს გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებმაც, ფაქტობრივად,  მხოლოდ საკუთარი  შრომის ხარჯზე მიაღწიეს წარმატებას...

 

რა თქმა უნდა, ამ წრეებშიც შეუძლიათ იარონ სხვა სკოლის მოსწავლეებმა, ჩვენ არავითარი შეზღუდვა არ გვაქვს.

 

გ) განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით გაუთვალისწინებელი წრეები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პროგრამირების, ანუ „ინფორმატიკის“ წრე, რომელიც სკოლისთვის უკვე ტრადიციულად ძლიერი მიმართულებაა და ახლა მას უკვე დაემატა მეორე მიმართულება „საგამომგონებლო წრე“, რომლის მუშაობას უკვე სერიოზული შედეგი აქვს. ორივე ამ წრეს ჩვენ მივუძღვენით ცალკე სტატიები თქვენს გაზეთში.

 

დ) განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩვენთან აბიტურიენტთა სწავლებას. ჩვენი სურვილი კი არის, რომ მათ შეექმნათ სრული კომფორტი სწავლების თვალსაზრისით, რასაც ნაწილობრივ ვაღწევთ ხოლმე, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ეს ვრცელი თემაა, უფრო გლობალურად შესასწავლი, რომელსაც ახორციელებს კიდეც განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ჩვენი სურვილია, მოსწავლის დამაგრება სკოლაში და სწორი გეზის მიცემა, ამისთვის კი საჭიროა მეტი თანამშრომლობა და სიყვარული როგორც სწავლებისა, ასევე სკოლის მიმართ...

 

- ერთბაშად ბევრი მიმართულებით გაგვიჩნდა კითხვები, რომ დავუბრუნდეთ „ლოგიკური აზროვნების საწყისების“ თემას და „საკვირაო სკოლას“, როგორც ვიცი, სკოლას აქვს დაწყებითი საფეხური, განა აქ ვერ განახორციელებდით ამ ტიპის სწავლებას?

 

- ჩვენი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები („საკვირაო სკოლის“ ხელშეწყობითაც) წარმატებულ და გამარჯვებულ მოსწავლეები ათეულში ხვდებიან. იქამდე, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ოლიმპიადის გამარჯვებულ მასწავლებლებში (10 საუკეთესოში საქართველოს მასშატაბით) ზუსტად ნახევარი ჩვენი სკოლის მასწავლებელი იყო, მაგრამ I კლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ფონზე, ჩვენს სკოლაში ხვდებიან სწორედ ის მოსწავლეები, რომელთა მშობლებმა თუ მეურვეებმა უბრალოდ მოასწრეს რეგისტრაცია დანარჩენებს, რეგისტრაცია კი ჩვენი სკოლისთვის 3-5 წუთში უკვე დარსულებულია ხოლმე.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ვინც რეგისტრაცია მოასწრო და სკოლაში ჩაირიცხა, მათ შორის ბევრის აზროვნება შეიძლება არ იყოს „ტექნიკური“ მიმართულების, ისევე, როგორც ბევრი მოსწავლე, რომელიც სწორედ ძლიერია ტექნიკური მიმართულებით, ვერ დარეგისტრირდა (ადგილების შეზღუდვის გამო). ცხადია, I კლასელთათვის გამოცდის მოწყობა სკოლაში მოსახვედრად ყოვლად გამორიცხულია, ამიტომ ეს სელექცია რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და რუდუნებით უნდა განვახორციელოთ.

 

არ შევუქმნათ ცრუ ილუზია მშობლებს, ხშირად და სწორად ჩავაყენოთ საქმის კურსში. პირადად მე, ისეთივე დარღვევად მიმაჩნია მოსწავლის უფლებისა - ძალად ასწავლო მეთემატიკა მას, ვისაც ამისი უნარი და ნება არ აქვს, როგორც - არ მისცე მათემატიკის სწავლების შესაძლებლობა მას, ვისაც ამის შესაძლებლობა და ნება აქვს. აქ უნდა გამოიკვეთოს სწორედ სკოლის, პედაგოგის, მშობლის როლი, თანამშრომლობა მოსწავლის სასარგებლოდ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით წინააღმდეგობებს სწორედ მშობლების მხრიდან...

 

- მშობელი კი მაინც ამჯობინებს შვილის თქვენს სკოლაში გადმოყვანას...

 

- შედეგად ვიღებთ მოსწავლეს, რომელიც (თუ, რა თქმა უნდა, მისი აზროვნება არ არის მათემატიკით გაჯერებული) თავის ნების წინააღმდეგ იზუთხავს და იზეპირებს მათემატიკას, უკვე დაწყებითი საფეხურიდან ემზადება დამატებით ე.წ. „რეპეტიტორთან“, რაც საერთოდ კლავს მასში შემოქმედს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოგეხსენებათ პატარა ბავშვიც კი, როცა სიარულს სწავლობს, უკადრისობს, როცა ვინმე გადაწყვეტს მას მიეხმაროს და ცდილობს, მას ხელი გააშვებინოს. ვფიქრობ, ბავშვს მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ და ეს, პირველ რიგში, მშობელმა უნდა გააცნობიეროს. თითოეული ინდივიდი უნიკალურია და თუ ამ ეტაპზე, რომელიმეს არ ექნება მზაობა მეთემატიკის შესწავლისა, ეს არ ნიშნავს, რომ მას ყოველგვარი პერსპექტივა გაუქრა. ზოგს გვიან ეხსნება მათემატიკოსობის „მუზა“, ზოგი შეიძლება ბრწყინვალე თეატრალი, ხელოვანი, სპორტსმენი გამოვიდეს. თხოვნაა, ნუ დავაზიანებთ ბავშვების სულს, ის რასაც ჩვენ „საკვირაო სკოლაში“ ვაკეთებთ, ხშირ შემთხვევაში თამაშის პრინციპზეა აგებული, გაზრდილია მოსწავლეთა ჩართულობა, ის არ ითრგუნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ამოცანის ამოხსნას ვერ გაიაზრებს.

მაგრამ აქ ვაწყდებით ისევ მშობლების არასწორ დამოკიდებულებას, რომლებიც თავიდან ცდილობენ, დაეხმარონ მოსწავლეებს ამოცანების ამოხსნაში, ხშირად არასწორი გზით და როგორც წესი, უხშობენ საკუთარი აზროვნების გახნის შესაძლებლობას...

 

- როგორ ხდება მოსწავლეთა მიღება ამ წრეებზე?

 

- ამისთვის საკმარისია განაცხადის შემოტანა სკოლის ადმინისტრაციაში: ან ძირითად კორპუსში, ან ბატონ მერაბ გრიგოლაშვილთან - დაწყებითების კორპუსში. ელემენტარული ფორმალობის გავლის შემდეგ, რაც წესდების გაცნობას უკავშირდება, დაიდება ხელშეკრულება მშობელთან, სწავლება სექტემბრიდანვე იწყება, სამი სამთვიანი მოდელისგან შედგება, მოსწავლის ჩართულობის პრინციპი არ არის დამოკიდებული, რომელი მოდელიდან ჩაერთვება იგი „საკვირაო სკოლაში“, შეიძლება ძველი თემებიც გავიმეოროთ და ა.შ.

 

- როდისღა ასწრებთ ამ მოსწავლეებთან მუშობას და თანამშროლობას, როცა თითქმის ყველა შაბათ-კვირა გადატვირთულია კომერციული ოლიმპიადებით, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა...

 

- გეთანხმებით, სავალალო მდგომარეობაა. ვინმემ დაწვრილებით უნდა შეისწავლოს, რამდენად გამართლებულია, რომ ხშირად ერთი და იმავე დღესაც კი მოსწავლეს უწევს ორ ან სამ ამნაირ ტურნირში მონაწილეობის მიღება.

 

რას ვიღებთ აქედან, ნიჭიერი მოსწავლე ტესტურ ტურში ხშირად გაიმარჯვებს, გაიზრდება თუ შემცირდება მისი მოტივაცია?

 

როცა პასუხის გაცემა მხოლოდ ტესტის შემოხაზვაზეა, ვფიქრობ, ეს ნიჭიერი მოსწავლის გაზარმაცებას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე შემდგომ მზაობას - შეისწავლოს მეტი, შეიმეცნოს გაცილებით ლამაზი მეთოდები და ა.შ.

 

ჩვენ „საკვირაო სკოლაში“ ვასწავლით იმას, თუ როგორ უნდა გაიმარჯვონ მოსწავლეებმა არა მხოლოდ ამ ოლიმპიადებში, არამედ ისეთ ოლიმპიადებში, სადაც აუცილებელია მსჯელობის ტექსტური გადმოცემა, ანუ ე.წ. „ღია დავალება“.

 

ანუ ჩვენთვის არაა მთავარი მონაწილეობა, არამედ მთავარია გამარჯვება, რომელიც არ ნიშნავს ვინმეს დამარცხებას, გამარჯვება ამოცანაზე, სწორი, მწყობრი, ლოგიკური აზროვნებით, შეუპოვრობა, შრომისმოყვარეობა, ესენია ძირითადი პრინციპები...

 

- სკოლაში გაიხსნა აგლაია აბზიანიძის სახელობის მათემატიკის კაბინეტი, ამ ფაქტს ერთ-ერთ წინა ნომერში გამოვეხმაურეთ, მაგრამ სკოლა ხომ ფიზიკა-მათემატიკურია...

 

- მიგიხვდით, სხვათა შორის სრული მზაობაა, ფიზიკის კაბინეტიც მოვაწყოთ, ისეთი, როგორიც  XXI საუკუნეს და ჩვენს სკოლას შეეფერება. ამისთვის კი აუციელებლია მძლავრი ლაბორატორიის არსებობა, მუშობა ამ მხრივ დაწყებულია. როგორც ყოველთვის, ზურგს გვიძლიერებს როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე ქალაქის მერია, სკოლას მრავალი სპონსორი და მეოხიც გამოუჩნდა.

ამაზე უფრო დაწვრილებით შემდეგში მოგახსნებეთ.

 

- დიდი მადლობა პასუხებისთვის.

 

- მადლობა თქვენ!

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია