დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალი სქემით, „ჩაჭრილი“ მასწავლებელი სკოლაში მოვალეობის შემსრულებლად დარჩება
ახალი სქემით, „ჩაჭრილი“ მასწავლებელი სკოლაში მოვალეობის შემსრულებლად დარჩება
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 10397
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე

19 თებერვალს საქართველოს მთავრობამ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა დაამტკიცა, რომელიც სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ  შეიმუშავა.

 

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, ამ სქემით უზრუნველყოფილია პედაგოგის მომზადება პროფესიისთვის. ასევე, სქემაში ასახულია როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიაში შესვლის გზები და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი პედაგოგს კარიერულ წინსვლაში. ახალი სქემით რეგულირდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მასწავლებლის პროფესია, როგორც რეგულირებადი პროფესია, მასწავლებლის მომზადების ახალი საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიაში შესვლის ალტერნატიული გზები, მასწავლებლის შეფასების შიდა და გარე კომპონენტი სხვ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აქამდე მოქმედი სერტიფიცირების მოდელის ძირითადი ხარვეზი იყო ის, რომ მოდელი იყო არასისტემური და მასწავლებლის შეფასება ხდებოდა მხოლოდ საგამოცდო ფორმატში.

 

 

არ იყო ორიენტირებული მასწავლებლის განვითარებაზე და სრულად ვერ ასახავდა მასწავლებლის საქმიანობას და მის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. სამინისტრო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის შეფასების ახალი სისტემის დანერგვით, უკვე გამოჩნდება რამდენად ეფექტურად იყენებს პედაგოგი მის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლის შედეგები გაუმჯობესდეს.

 

რა შეიცვლება სქემის მიღების შემდეგ?!

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი სქემის ამოქმედების საფუძველზე, მოსწავლის სასწავლო შედეგები გაუმჯობესდება, მივიღებთ გაძლიერებულ და გადამზადებულ პედაგოგთა კორპუსს. მოხდება სისტემაში თავიდანვე კვალიფიციური კადრის შედინება.    

სქემის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი ფუნქციების სკოლაზე დელეგირება და ამით მისი ავტონომიურობის გაზრდა. ყველა შემდგომი ქმედების დასაგეგმად აუცილებელი წინაპირობა იქნება შეფასების კომპონენტი, რომლის სკოლაში არარსებობა ნიშნავდა, რომ სკოლა არ იყო ორიენტირებული სასწავლო შედეგების გაუმჯობესებაზე.

რაც შეეხება გარე შეფასებებს, იქნება შეფასების ორი ფორმა - საგნობრივი გამოცდა და პრაქტიკაში დაკვირვება. რადგან მასწავლებლის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო აყენებს მინიმალურ მოთხოვნებს. ხოლო ძირითადი ფუნქცია და აქტივობები  ხორციელდება სკოლაში.

 

სისტემის განუყოფელი ნაწილია ფინანსური მხარდაჭერა, რაც ნიშნავს ფინანსურ მოტივაციას ყველასთვის, თუმცა კარიერული საფეხურების განსხვავების გათვალისწინებით. უკეთესი ფინანსური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად, კარიერულ საფეხურებში მოძრაობა დაგეგმილია მაქსიმალურად მოქნილად.

 

 

მასწავლებელთა ახალი პროფესიული სქემის რამდენიმე დეტალი

 

 

სქემის განუყოფელი ნაწილია პედაგოგთა საუნივერსიტეტო პროგრამა. ის პირები, რომლებიც ახალი საუნივერსიტეტო პროგრამით მიიღებენ განათლებას, 5 წლის მანძილზე 300 კრედიტს დააგროვებენ და ახალი სქემით პირდაპირ მეორე საფეხურზე აღმოჩნდებიან. იმ  პირებს კი, რომლებიც  პროფესიაში ალტერნატიული გზით შესვლას გადაწყვეტენ ანუ სხვა პროფესიიდან შევლენ, სკოლებში 60-კრედიტიანი საუნივერსიტეტო პროგრამის დაძლევა მოუწევთ. სწავლების პროცესს კი  მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. ასევე, ახალი სქემით გათვალისწინებულია ისიც, რომ პედაგოგობის მსურველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი.

„დღეს გვყავს ისეთი პედგაგოგები, რომლებიც პირდაპირ სკოლის ატესტატით გახდნენ მასწავლებლები. ახალი სქემის მიხედვით, სწავლების უფლება მომავალში მხოლოდ იმ პირებს ექნებათ, ვისაც ექნება მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი. თუმცა მათაც  მოუწევთ 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა. ეს არ იქნება ტრენინგი, აღნიშნული 60 ქულის დაგროვებაც მასწავლებლობის მსურველს საუნივერსიტეტო დონეზე მოუწევს,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

 

ახალი  სქემის თანახმად, პედაგოგები ოთხ კატეგორიად დაიყოფიან პირველ საფეხურზე იქნებიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეს უფროსი პედაგოგები დაიკავებენ, მესამე კატეგორიას - წამყვანი მასწავლებლები, მეოთხე კატეგორიას კი მენტორი მასწავლებლები.

თუმცა, კატეგორიებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, პირველი  დაყოფის შემდეგ, მენტორი მასწავლებლები არ იქნებიან. მესამე საფეხური, ანუ წამყვანი პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ სკოლების სერტიფიცირებულ დირექტორებს და იმ მასწავლებლებს, ვისაც დოქტორის ხარისხი აქვს. მეორე კატეგორია მიენიჭებათ სერტიფიცირებულ პედაგოგებს; პირველ საფეხუზე კი ყველა სხვა მასწავლებელი აღმოჩნდება.

 

პირველ კატეგორიაზე მყოფ მასწავლებლებს, ანუ პრაქტიკოს პედაგოგებს მოუწევთ, ჩააბარონ საგნობრივი გამოცდა კომპეტენციის დასაბუთების მიზნით, შიდა საგაკვეთილო დაკვირვება და ტრენინგი პროფესიულ უნარებში.  საგნობრივ გამოცდას პედაგოგი თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჩააბარებს.

 

მნიშვნელოვანია, რომ ახალი სქემით დაინერგება პედაგოგთა შეფასების ახალი სისტემა და პედაგოგების საქმიანობა შეფასდება ორი ფორმით შიდა და გარე შეფასებით. გარე შეფასება მოიცავს საგნის გამოცდასა და გარე დაკვირვებას; შიდა შეფასება მოიცავს მასწავლებლის თვითშეფასებას და მასწავლებლის შეფასების  ჯგუფის მიერ მასწავლებლის შეფასებას. პედაგოგის შესაფასებლად გამოყენებული იქნება პრაქტიკაში დაკვირვების მექანიზმიც. გარე შეფასებას კოორდინაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს. როგორც მინისტრი ამბობს პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვება სკოლაში მისვლით და გაკვეთილზე დასწრებით არ მოხდება, არამედ საუბარია ვიდეოგაკვეთილებზე.

 

შიდა დაკვირვებისთვის სკოლებში შეიქმნება სპეციალური 5-კაციანი ჯგუფი, რომელიც მასწავლებელთა საქმიანობას შეაფასებს. აღნიშნული ჯგუფები კი შემდეგნარიად დაკომპლექტდება: დირექტორი, მოადგილე, ფასილიტატორი  მასწავლებელი და შესაბამისი საგნის პედაგოგები. შეფასება ყველა სკოლაში  სტანდარტული იქნება, თავად სტანდარტი კი ივნისის თვეში დამტკიცდება. 

 

რაც შეეხება კატეგორიიდან კატეგორიაზე გადასვლის და საფეხურზე მოჭიდების პირობებს, აღნიშნულს სქემა შემდეგნაირად არეგულირებს:

 

პრაქტიკოს პედაგოგს 4 წელი აქვს იმისთვის, რომ საგნობრივი  გამოცდა ჩააბაროს. საგნობრივი ტესტის შეთავაზება კი მათთვის წელიწადში ორჯერ მოხდება. საფეხურის შენარჩუნებას 19 კრედიტის დაგროვება სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელმა საგნობრივი ტესტი 4 წლის მანძილზე ვერ ჩააბარა, მის ადგილზე ვაკანსია გამოცხადდება, ადგილის შევსებამდე  კი „ჩაჭრილი“ მასწავლებელი სკოლაში  მოვალეობის შემსრულებლად დარჩება.

 

„დედაქალაქში ამის პრობლემა შეიძლება არ იყოს და შემცვლელი მალევე გამოჩნდეს, მაგრამ რეგიონებში და განსაკუთრებულად მაღალმთიან რეგიონებში, სკოლას და მოსწავლეებს პედაგოგის გარეშე ხომ ვერ დავტოვებთ?! თუმცა, ეს გამონაკლისი მხოლოდ პირველ საფეხურს ეხება. ყველა სხვა საფეხურზე თუ პედაგოგი  წლის მანძილზე მისი შენარჩუნებისთვის საჭირო კრედიტქულებს ვერ მოაგროვებს, ქვედა საფეხურზე გადმოინაცვლებს. თუმცა, რადგან ჩვენ ამ პედაგოგებში რესურსები გვექნება ჩადებული, მათთვის სკოლა ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმასაც  შეიმუშავებს,“ - განმარტავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

საფეხურიდან საფეხურზე გადასვლა პედაგოგებს დაჩქარებული წესითაც შეეძლებათ. მინისტრის განმარტებით, უწყება ამ მიმართულებით შეზღუდვებს არ აწესებს. იმ მასწავლებლებს, კი რომლებსაც სერთიფიცირება მხოლოდ ერთ საგანში, მეთოდოლოგიაში აქვთ ჩაბარებული, მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად დაჩქარებული წესით შეეძლებათ საგნობრივი გამოცდის ჩაბარება.

 

როგორც ცნობილია, ახალ სქემაზეა მიბმული პედაგოგის სახელფასო პოლიტიკაც. როგორც  პედაგოგთა ხელფასების ზრდა მომავალი 2 წლის მანძილზე სამ ეტაპად განხორციელდება. ხოლო ის დანამატები, რაც პედაგოგებს ამ ეტაპზე აქვთ, მომავალშიც შეუნარჩუნდებათ. მათ შორის, ხელფასები და დანამატები შეუნარჩუნდებათ ე.წ. ათასლარიან მასწავლებლებს და მათაც, ვინც  კომპიუტერისა და უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისთვის იღებს დანამატს.

ახალი სქემით კიდევ ერთი ცვლილება დაინერგება, კერძოდ, თუ სკოლაში ვაკანტური ადგილი გაჩნდა, შემოვა ახალი ცნება შიდა ვაკანსიის სახით და გამოთავისუფლებული საათები სკოლის შიგნით, პედაგოგებზე გადანაწილდება. რაც ნიშნავს, რომ, თუ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ კრედიტქულებს ვერ დააგროვებს, სკოლა ვალდებულია, გაწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადოს ვაკანსია.

 

 

როგორ აფასებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემას?!

 

როგორც უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ამბობს, აღნიშნული სქემა ადექვატურია და ის მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც მისთვის აუცილებელია.

 

„სქემა მუშავდებოდა კომისიაში, რომელშიც მეც ვიყავი, იყვნენ სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, სამინისტროს წარმომადგენლები, პროფკავშირის ხელმძღვანელობა და ეს მართლაც დისკუსიის შედეგად მიღებული დოკუმენტია. არის საკითხები, რომლებიც მხოლოდ ამ სქემით ვერ გადაწყდება. პროექტი ამბიციურია, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური დაძაბულობების გარეშე სწავლების ხარისხის მაქსიმალურად მასწავლებელთა სოციალური სტატუსის გაუმჯობესებას,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ აქ არის ასევე შესაბამისი ცვლილებები დაგეგმილი უმაღლესი განათლების სისტემაში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მასწავლებელთა მომზადებას. მართალია, ეს არ არის ერთდღიანი თუ ერთწლიანი პროგრამა, მაგრამ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში ეს მოიტანს მნიშვნელოვან ეფექტს და გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.

 

ამის საპირისპიროდ კი, საპარლამენტო ოპოზიციაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემით, მასწავლებელთა შემცირება და მათი კარიერული წინსვლის შეფერხება მოხდება.

 

ახალ სქემას დადებითად აფასებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი. მისი აზრით, სქემის სწორად განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ზოგადად განათლების დონის ამაღლებას. გიორგი მაჩაბლისთვის განსაკუთრებით მისასალმებელია სახელფასო ზრდის პერსპექტივა, რომელიც პედაგოგებს კარიერული წინსვლისთვის პროფესიული უნარების განვითარების მოტივაციას უზრდის.

 

ექსპერტს განათლების საკითხებში ნათია გორგაძეს ახლადშექმნილი სქემის მიმართ ერთი და ყველაზე მთავარი შეკითხვა აქვს. ეს შეკითხვა პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფას ეხება. მისი თქმით, სქემის სწორედ ეს ნაწილია ყველაზე ბუნდოვანი და გაურკვეველი:

 

„სქემაში გაწერილია ის კომპეტენციები, თუ რომელ საფეხურზე რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, მაგრამ გვყავს თუ არა რეალურად ის მასწავლებელი, ის ეტალონი მასწავლებელი, რომელიც უნდა იყოს ზედა საფეხურების მასწავლებელი - აი, აქ ჩნდება კითხვის ნიშნები. ანუ ვის ვიღებთ ეტალონად, რისკენაც ისწრაფვის, საბოლოო ჯამში, ეს სქემა, რომ გარკვეული წლების შემდეგ უნდა გვყავდეს ამდენი და ამდენი და ასეთი კატეგორიის და კვალიფიკაციის მასწავლებელი. აი, ეს აბსოლუტურად ბუნდოვანია. რამდენად მიღწევადია ეს პროცესი, ამ სქემაში აბსოლუტურად არ ჩანს“.

 

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, ისინი ითვალისწინებენ  სქემის მასშტაბურობას და ამიტომ 2015-2016 წლებში სქემა იმუშავებს საპილოტე რეჟიმში. თუმცა, პედაგოგის მიერ პილოტირების პროცესში მიღწეული წარმატება შენარჩუნდება და გავლენას იქონიებს მისი საფეხურებში მოძრაობის პროცესზე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია