დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსეთის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ანექსიისკენ
რუსეთის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ანექსიისკენ
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 1794
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე
მსგავსი სიახლეები

რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა - ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიცია რუსეთს ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს დე ფაქტო რეჟიმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.

 

„რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეჟიმთან ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ ხელმოწერა არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ჩვენს არაერთ ნაბიჯს და ჩვენს ძალისხმევას“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულება ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ 18 მარტს გაფორმდა და იგი ოკუპირებული რეგიონის სრულ ინტეგრაციას ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში. შეთანხმებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მოაწერეს. ე.წ. „ხელშეკრულების“ პროექტის თანახმად, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თავდაცვისა და ძალოვანი სტურუქტურები უნდა გაერთიანდეს. შეთანხმება 25 წლის ვადით, შემდგომ პერიოდებში მისი გაგრძელების შესაძლებლობით გაფორმდა.

 

მსგავსი შეთანხმება რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გასული წლის ნოემბერში გააფორმა. საერთაშორისო თანამეგობრობა ე.წ. ხელშეკრულებებს არ აღიარებს.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის გამო ეუთო-ს მუდმივ საბჭოს მიმართა და ხაზგასმით დააფიქსირა, რომ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“ იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა, აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ხელს უწყობს ვითარების დესტაბილიზაციას არა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში და  ევროპულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

18 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულებას არ აღიარებენ და ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ ამერიკის შეერთებული შტატები. ევროკავშირი და ნატო ლეგიტიმურად, საქართველოს ხელისუფლება კი საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას ცდილობს. ამ მიზანს ემსახურებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაც საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღეს.

 

„ეს ხელშეკრულება არ უწყობს ხელს საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობას, იმუშაოს რეგიონში  სტაბილურობის და უსაფრთხოების განვითარებისთვის. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. ეს ე.წ. ხელშეკრულება არღვევს საერთაშორისო ნორმებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისგან არის მკაფიო მოწოდება რუსეთისთვის, რომ დაემორჩილოს საერთაშორისო წესებს“ - განაცხადა ბერუჩაშვილმა დიპკორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

 

„ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასო“ - განაცხადა 18 მარტს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ლეგიტიმურად არ ცნობს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთან - ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებას. არც ეს და არც აფხაზეთთან 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება არ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ შეთანხმებას.

 

ხელშეკრულებას, რომელსაც 18 მარტს კრემლში მოეწერა ხელი, „უბრალო ქაღალდებს“ უწოდებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებით რეალურად აღარ არსებობს რუსეთის მიერ ფორმალურად აღიარებული კვაზისახელმწიფო სამხრეთ ოსეთი. ეს არის საერთაშორისო თვალსაზრისით უკანონო დოკუმენტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით რუსეთს ხელი შეეშლება რეგიონის ეფექტურ მართვაში. კახა გოგოლაშვილს ამ გზაზე საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავლად საკითხის უკრაინასთან ერთ პაკეტში განხილვა მიაჩნია.

„რეაქცია საკმაოდ მძლავრი იყო დიდი საერთაშორისო აქტორების - შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის - მხრიდან და მე მგონია, ისინი მზად არიან უკრაინისა და საქართველოს ეს საკითხები გააერთიანონ, ერთ თემად წარმოაჩინონ და შემდეგ უკვე სანქციები და ყველა სახის ქმედება რუსეთის წინააღმდეგ ორივე მიმართულებით იყოს განხორციელებული“ - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

 

საგარეო საკითხებში ექსპერტ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. 18 მარტს ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი ჩიტაძემ „პირველის“ პრესკლუბში შეაფასა.

 

„ეს ე.წ. ხელშეკრულება შემდგომი ანექსიისკენ მიმართული მცდელობაა. ამ ხელშეკრულებასა და აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას შორის მსგავსება არის, მაგრამ ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თუ აფხაზეთის შემთხვევაში საქმე გვაქვს სეპარატისტულ ხელისუფლებასთან, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის სურვილი აქვს, ცხინვალის მიზანია ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდეს და ე.წ. დიადი ოსეთის სახელმწიფოში გაერთიანდეს. გარდა ამისა, თუ რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის გადმორიცხული თანხები ბიუჯეტის 70%-ს ფარავს, სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში 99%-ია. ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში ყველა დე ფაქტო ძალოვანი უწყება რუსეთს ექვემდებარება. ამიტომ ამ შემთხვევაში ანექსიაზეა საუბარი,“ - განაცხადა ჩიტაძემ.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია აჟიოტაჟის ატეხა და დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერება, რომ რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდეს. თუმცა, მისივე აზრით, აჟიოტაჟტან ერთად, რუსეთს იმპერალისტურ ზრახვებს ჩვენც რაღაც რეალური და ხელშესახები უნდა დავუპირისპიროთ.

 

„თუ საქართველო ევროპის მიმართულებით ივლის და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დადგება, შეიძლება ამან დე ფაქტო მთავრობების საქართველოთი დაინტერესება გამოიწვიოს. მაგრამ როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ვერ ვითარდება და არის ძალებს შორის კონფრონტაცია, ეს მათთვის ცუდი მაგალითია. შეიძლება რუსეთი ვაკრიტიკოთ იმპერიალისტური ზრახვების გამო, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ რას ვუპირისპირებთ ამ ზრახვებს? რითი ვცდილობთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაინტერესებას?“ - ფიქრობს ნიკა ჩიტაძე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია