დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აურზაური ოპერის კართან
აურზაური ოპერის კართან
სულ ნანახია 2258
ავტორი:

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახე-ლობის ოპერის თეატრი კვლავ ხმაურის საბაბი გახდა. ამჯერად თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურას აპროტესტებს, რომელიც კულტურის მინისტრმა უნდა დაამტკიცოს.

 

ოთხი კანდიდატურიდან საკონკურსო კომისიამ ამ თანამდებობაზე ირინა ლომინაძე დაასახელა, რომლის ლობირებაში თეატრის თანამშრომლები ქალაქის მერს ადანაშაულებენ.

 

მათმა ნაწილმა გასულ კვირას ქალაქის მერიასთან ახალი სამხატვრო დირექტორის კანდიდატურა ღიად გააპროტესტა. მათი ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ 4 კანდიდატიდან ქორმაისტერი ირინა ლომინაძე აირჩია და გადაწყვეტილება კულტურის მინისტრს ხელმოსაწერად წარუდგინა. „რუსთავი 2“-თან საუბარში ისინი აცხადებდნენ:

 

ნათია ჩანქსელიანი, ოპერის გუნდის წევრი: „ქუთაისის მუსიკალურმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს  პიროვნება არ უნდა მოვიდეს თეატრში“.

 

კობა ლილუაშვილი, ფლეიტისტი: „ჩვენ ყველაზე მეტი კომისია ვართ ამ ოპერის თეატრისთვის და ჩვენი არჩევანი არის ბატონი ლაშა ნიქაბაძე.“

ლაშა ნიქაბაძე ოპერის სოლისტი, 4 საერთაშორისო ვოკალური კონკურსის ლაურეატი, აქედან 2 ოქროს მედლის მფლობელი საქართველოდან ლა სკალას აკადემიის პირველი კურსდამთავრებულია. ის წლების განმავლობაში მსოფლიოს ცნობილ თეატრებში გამოდიოდა. რეკომენდაციას კი ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ნიკოლოზ რაჭველი და სხვა არაერთი მუსიკოსი უწევს.

 

„ირინა ლომინაძეს კი რეკომენდაცია გაუწია ქუთაისის ოპერის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ“, ამბობს ლაშა ნიქაბაძე. 

 

ლაშა ნიქაბაძის კონკურენტი, ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის მთავარი პრეტენდენტი, მერის მფარველობას კატეგორიულად უარყოფს.

 

ირინა ლომინაძე: „გამორიცხულია! არ დაიჯეროთ ეს! მე რომ დავამთავრე კონსერვატორია, ჩამოვედი, იმის შემდეგ ძალიან დიდი საქმე მაქვს გაკეთებული. დავდგეთ მე და ლაშა: მან რა გააკეთა ქუთაისისთვის?“

საკორკურსო კომისიის ქუთაისის მერის გავლენაზე საუბრობს ოპერის ყოფილი დირექტორიც.

 

ხატია ვედმედევა, ქუთაისის ოპერის ყოფილი დირექტორი: „შოთა მურღულია, ქუთაისის მერი, არ უნდა წყვეტდეს იმ საკითხებს, რომელშიც ის არ არის კომპეტენტური. უკვე ამაზრზენია ის მომენტი, როცა ერთი თვით ადრე იცი, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ის ლობირებს ირინა ლომინაძეს იმ მოტივით, რომ მას აქვს კარგი ყური და ამიტომ უნდა იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი.“

 

ხატია ვედმედევა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობიდან იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ გაათავისუფლა. მოტივი თანხების არამიზნორბრივი ხარჯვა იყო, რაც მალე ეგრეთ წოდებული „ეპილაციის“ სკანდალში გადაიზარდა. ქუთაისში ამბობდნენ, რომ ვედმედევა სალონის მომსახურების თანხას ბიუჯეტიდან იხდიდა. ყოფილმა დირექტორმა 11 თვე სასამართლოში იდავა და 2 ინსტანცია მოიგო.

 

„არის მომენტი, რომ მერს არ მოწონხარ ქუთაისში იმიტომ, რომ მას „ნაციონალი“ კადრები მოსწონს, მას მოწონს მაია პაქსაძე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ან დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც არის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და საერთოდ, მან რა იცის ოპერის თეატრზე?“ აცხადებს ყოფილი დირექტორი ვედმედევა.

ქუთაისის მერი არ უარყოფს, რომ კულტურის სამინისტრომ კანდიდატების განხილვამდე მისი მოსაზრებაც იკითხა.

 

შოთა მურღულია, ქუთაისის მერი: „განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ორ კანდიდატზე, ეს იყო ქალბატონი ლომინაძე და ბატონი ლაშა ნიქაბაძე. მფარველობა რას ნიშნავს, ვერ ვხვდები, ან რატომ უნდა ვმფარველობდე ეს ერთი, და მეორე ჩემი გადასაწყვეტი არ არის, გამოცხადებულია კონკურსი და კანდიდატი კომისიაზე გადის“.

 

ვინ გახდება ქუთაისის ოპერის თეატრის ხელმძღვანელი და როდის დაასახელებს მას კულტურის მინისტრი, უწყება ზუსტ თარიღს არ ასახელებს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია