დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„არ მჭირდება ქვოტირებით ინიცირებული „ნებართვა“, მე „მე“ ვარ!“
„არ მჭირდება ქვოტირებით ინიცირებული „ნებართვა“, მე „მე“ ვარ!“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1354
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ჩვენი პირველი შეხვედრა სამსახურეობრივი იყო. რედაქციაში დაგვიკავშირდა და ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო“-ში მიმდინარე მოვლენების გაშუქება გვთხოვა. ჩავთვალე, რომ ჩვეულებრივი რიგითი შეხვედრა იყო და უხალისოდ გავემგზავრე დანიშნულ ადგილზე.

 

ცენტრში შესვლისთანავე ბავშვების ალყაში აღმოვჩნდი. პატარა მასპინძლები სტუმარის გაცნობას ცდილობდნენ.

 

ალბათ, როგორი რთულია აქ მუშაობა - გავიფიქრე და დირექტორის ოთახში შევედი. ლამაზთვალება და მომხიბვლელღიმილიანი ქალბატონი დამხვდა, რომელმაც ცენტრში არსებულ პრობლემებზე, სახელმწიფოს არასათანადო დამოკიდებულებასა და ბავშვების ცენტრს მიღმა დარჩენის საფრთხეზე ისაუბრა. ცდილობდა, სწორი მესიჯებით მიექცია შესაბამისი ორგანოების ყურადღება, ეჩვენებინა რაოდენ მნიშვნელოვანია მცირედი ქველმოქმედებაც კი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ცენტრი უსახსრობის გამო არ გაუქმებულიყო. საუბრის დასასრულს ცენტრის ბენეფიციარები სათითაოდ გამაცნო, ბავშვები ღიმილით და ტაშით ცდილობდნენ  მის მიმართ სიყვარულის გამოხატვას.

 

მივხვდი, რომ ცენტრში მუშაობის სირთულის შეფასებისას ვიჩქარე, რადგან ბავშვების გულწრფელი სიყვარული ბრძოლისთვის არცთუ პატარა მიზეზი იყო.

 

შემდგომ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებებზე, შშმ პირთა აქციებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე...

 

ნათია გუდავას, აქტიურობიდან გამომდინარე, ქუთაისში კარგად იცნობენ, თუმცა, თვლის, რომ ერთი ჩვეულებრივი ქალია, რომელიც სხვისი უფლებებისთვის იბრძვის.

 

„ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. თუმცა, ბავშვობიდანვე მეტყობოდა ხასიათის სიმტკიცე. მაშინ უფრო სიჯიუტე ერქვა ამას. ყოველთვის მიყვარდა სიახლეები, სოციალური აქტივობები, კომუნიკაცია ახალ ადამიანებთან... ახლა მეცინება ბევრ ისტორიაზე და საკმაოდ რთული გარდატეხის ასაკი მქონდა, ზედმეტად დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ვიყავი. კარგად მახსოვს 1989 წლის 9 აპრილი და თანმხლები მოვლენები... უკვე გააზრებულად მოვიხსენით სასკოლო ფორმიდან თეთრი საყელური და წითელი ყელსახვევი, მასწავლებლის წინააღმდეგობის მიუხედავად „ვაპროტესტებდი“ საქართველოს ოკუპაციას, გაკვეთილზე და ხანდახან მიტინგზეც.

 ძალიან პატარა დავქორწინდი, თუმცა ოჯახური თანაცხოვრება მალე დასრულდა, მყავს „ანცი“ ვაჟიშვილი, რომელიც 21 წლისაა.“

 

Xამბობს, რომ ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება არ აქვს, თუმცა, რაც აქვს სულ „მისია“. განსაკუთრებული სიყვარულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ურთიერთობას, მათზე ზრუნვის და მათი უფლებების გასაძლიერებლად შრომას იხსენებს.

 

„ჩემი ერთ-ერთი სამსახურეობრივი გამოცდილება ბავშვებს უკავშირდება... ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობით... რთული იყო სფეროში შესვლა, განსაკუთრებით მძიმე იყო პირველი გამოცდილება. ელდის და პირველი ბარიერების გადალახვის შემდეგ, დგება განსაკუთრებული მოტივაცია და პასუხისმგებლობა, ბოლომდე დაიხარჯო და გააკეთო ის, რისი ვალდებულებაც გაქვს. ხანდახან ეს ვალდებულება გაცილებით „მცირე“ და მსუბუქია, ვიდრე ისურვებდი, როგორც პროფესიონალი, მაგრამ როგორც კი ემოცია მოდის წინ  და  ტრადიციული,  „ადამიანური“ გზებით ცდილობ საქმის კეთებას, საქმე რთულდება და ბარიერები მრავლდება. სოციალურ სფეროში, განსკუთრებით ბავშვებთან, მნიშვნელოვანია საკითხისადმი პროფესიული, გააზრებული მიდგომა, გუნდური მუშაობა და ნდობა.“

მოგვიანებით ძალების მოსინჯვას პოლიტიკაშიც შეეცედა და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა. იყო ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური ქალი, რომელიც საკრებულოს მანდატის მოპოვებას თანაქალაქელების უფლებების დასაცავად და უკეთესი მომავლისთვის ცდილობდა. როგორც აღნიშნავს, თანამოაზრეთა და მხარდამჭერთა მოპოვებით, მეტი პროგრამების გატანას და ბიუჯეტისთვის უფრო სოციალური აქცენტის შემატებას შეძლებდა.

ამჟამად თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდში მუშაობს.თვლის, რომ, პოლიტიკით და მმართველობით დაინტერესება ახლა უფრო მტკიცე და სტრუქტურირებულია, უფრო არგუმენტირებული და მკაფიო. ქალბატონებსაც გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

 

„ქალის როლი, ქალთა უფლებები, ქალები ცვლილებებისთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხებია.

 

ხანდახან უკიდურესი და არარაციონალური ფემინისტი ვხდები... ვინ დააწესა ეს როლები? როდის? რატომ? პრობლემის მოსაგვარებლად და საქმის საკეთებლად რა საჭიროა როლების დიფერენცირება?

ახალს ვერაფერს ვიტყვი, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებით, სოციუმის განვითარების და ზოგადი განათლების მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია გენდერულ თანასწორობასთან... რაც უფრო მაღალია საზოგადოების განვითარების მაჩვენებელი, მით უფრო არადისკრიმინაციული, არაძალადობრივი და ტოლერანტულია გარემო. განვითარებულ გარემოში ინდივიდები აღწევენ წარმატებას, ინდივიდები იღებენ გადაწყვეტილებას, ინდივიდები ადგენენ და ახორციელებენ გეგმებს და არა გენდერული ნიშნით „დაღდასმულები“, ქალები ან კაცები, მორწმუნენი ან ურწმუნონი, ჰეტერო ან ბისექსუალები.

 

მე, ჩემი შინაგანი დამოკიდებულებით, არ ვარ მომხრე გენდერული ქვოტირების, არ მჭირდება ქვოტირებით ინიცირებული „ნებართვა“. მე „მე“ ვარ და მინდა, მიმიწვდებოდეს ხელი, ხმა და შესაძლებლობა იქამდე, ვიდრე შევძლებ, ჩემით, დამოუკიდებლად.

 

თუმცა... ვიაზრებ რა ძალიან წვრილმან ნიუანსებს: „ქალი ვიცი კუხნაში“, „ქალს რა უნდა საჭესთან“,  „პატრონს უნდა ჩაბარდე“   ჯერ კიდევ მძლავრად არის ჩვენში, სხვა გზას ვერ ვხედავ ქალების გააქტიურებისთვის. კაცებო, ცოტა გაიწიეთ! ქალებო, გამოდით „კარში“!

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია