დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პირადი მტრობა თუ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა?
პირადი მტრობა თუ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1975
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ქუთაისის ახალგაზრდობის პარკისა და ბოტანიკური ბაღის ხელმ“ღვანელებს ბიუჯეტის დაზოგვისკენ მოუწოდებენ

 

მთავრობის ინიციატივა, „ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით, კრიტიკის მიზეზი გახდა. ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის დასაზოგად შერჩეულ პრიორიტეტებს უწუნებს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, მთავრობა „ქამრების შემოჭერას“ მხოლოდ მანქანებზე თანხების დაზოგვით ვერ მოახდენს, რადგან სხვა სფეროებში ბიუჯეტი  არამიზნობრივად იხარჯება.

 

ორგანიზაციის დამფუძნებელმა, გია გოქაძემ ამჯერად შენიშვნები ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკსა და ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით გამოთქვა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის შემოღობვა, პარკის ადმინისტრაციულ შენობაში „ლიტერატურული სარდაფის“ მოწყობა და ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში „იმერული ოდის“ მშენებლობა - ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც ქუთაისის ხელისუფლება ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ლიტერატურული ღონისძიებებისთვის ქალაქში მწერალთა სახლი არსებობს.

 

ბრალდებებს უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი უწოდეს ბაღების დირექტორებმა და აღნიშნეს, რომ პირად შურისძიებას ქალაქის ინტერესები არ უნდა შეეწიროს.

 

გაზეთი „P.S.“დაინტერესდა, მოეპოვებინა დეტალური ინფორმაცია მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტისა და მიმდინარე სამუშაოების მიზნობრიობის შესახებ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი და ბოტანიკური ბაღი წინა ხელისუფლების დროს ადგილობრივი თვითმმართველობის იმჟამინდელ მაღალჩინოსნებს ჩააბარეს და მიტოვებული ბაღების გასამწვანებლად მწვანე შუქიც აუნთეს.

 

გასულ წლებში, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბაღებს სათანადო ყურადღება ვერ ექცეოდა. მათ პირვანდელი ფუქცია დაკარგეს, რის გამოც განადგურების პირას იყვნენ.

 

ბოლო წლების განმავლობაში, ბაღებში შესრულებული სამუშაოების გამო, კმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილობრივები. მათი თქმით, წლების მანძილზე ვერც მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში და ვერც ბოტანიკურ ბაღში მისვლას არსებული ვითარების გამო ვერ ახერხებდნენ.

 

პარკის შემოღობვისა და ადმინისტრაციულ შენობაში ლიტერატურული სარდაფის მოწყობის გამო გამოთქმულ კრიტიკას პირადი ინტერესებს უკავშირებს პარკის დირექტორი, გიზო თავაძე. იგი გია გოქაძის შენიშვნებს გასულ წლებში მათ შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს.

 

„მიმაჩნია, რომ ეს მტრობა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არის. გასულ წლებში გია გოქაძე ადგილობრივ ხელისუფლებას ჟურნალ „განთიადის“, გაზეთ „უქიმერიონისა“ და მხატვართა კავშირისთვის დაფინანსების შეწყვეტას სთხოვდა, მე მაშინ კულტურის სამსახურის უფროსი ვიყავი და  შევეწინააღმდეგე. როგორც ჩანს, ამან განაპირობა უსაფუძვლო კრიტიკა. თუმცა, მიუხედავად ამისა, შეუძლებელია, არ დაინახო ის სამუშაოები, რაც აქ ჩატარდა. ოთხი წლის წინ ეს პარკი რომ ჩავიბარე, ნამდვილი სათარეშო და სანაგვე იყო. მაწანწალა ძაღლების, ძროხების და ცხენების მოგერიებას ვერ ავუდიოდით, არ არსებობდა საპირფარეშო, ხეები იყო საპირფარეშოებად ქცეული. ამიტომ ვთხოვე ხელისუფლებას შემოეღობა პარკი, რისთვისაც 5 977 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. ჩემი ეზოს შემოღობვა ხომ არ მითხოვია? ეს არის ქალაქის საკუთრება და გვინდა, რომ მეტმა ადამიანმა დაიწყოს აქ სიარული. დავიწყეთ გაზონების მოწესრიგება, ხეების გასხეპვა. ავითვისეთ მიტოვებული ტერიტორია, გარეგანათების მხოლოდ 12 ბოძი იდგა, ახლა 60-ია. 15 სკამი იყო და 70-მდე გავზარდეთ.

 

რაც შეეხება ლიტერატურულ სარდაფს, ქუთაისში ლიტერატურული სალონები მეცხრამეტე საუკუნეში იყო და რატომაა პრობლემა ჩვენც შევქმნათ მსგავსი, სადაც არაერთი პოეტისა და მწერლის საღამო მოვაწყვეთ, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 120 წლის შენობას, სადაც 114 წლის ბუხარია შემორჩენილი. სამწუხაროა, რომ ამდენი საქმის გაკეთების მიუხედავად, მსგავსი პრეტენზიები აქვთ და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში გვადანაშაულებენ,“ - აღნიშნავს გიზო თავაძე.

 

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 195 000 ლარით ფინანსდება. როგორც პარკის დირექტორი აღნიშნავს, ბიუჯეტის დიდი ნაწილი სახელფასო ფონდსა და კომუნალურ გადასახადებს ხმარდება. პარკს ამჟამად 22 თანამშრომელი ემსახურება.

 

ბრალდებაზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს ბოტანიკური ბაღის დირექტორი. ამირან ხვადაგიანის განცხადებით, მსგავს უსაფუძვლო გამონათქვამებზე თავის მართლებას არ აპირებს, რადგან ბიუჯეტის მიზნობრივ თუ არამიზნობრივ ხარჯვაზე ბაღში შესრულებული მასშტაბური სამუშაოები მეტყველებს.

 

„ამ ადამიანების მისამართით მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მოვიდნენ, ხეს დავარგვევინებ და ერთ კეთილ საქმეს მაინც გააკეთებენ,“ - აღნიშნავს ამირან ხვადაგიანი, რომელსაც შენიშვნები ჟურნალისტების მიმართაც აქვს. მისი განმარტებით, მედიასაშუალებები მსგავსი განცხადებებით არც კი უნდა ინტერესდებოდნენ.

 

„არ მესმის, რატომ აქცევთ ამ ადამიანებს ყურადღებას. ისაუბრონ. რამდენიც უნდათ, ჩვენ კი ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. ორი წლის განმავლობაში ბოტანიკურ ბაღში, რომელიც მიტოვებული იყო, 70-მდე პროექტი განვახორციელეთ. ოთხსაუკუნოვან მუხაში სამლოცველო მოვაწყვეთ, ასევე გავაკეთეთ ამფითეატრი, დავაგეთ ქვაფენილები, დავამატეთ სკამები, მოვაწესრიგეთ მცენარეები, გავაკეთეთ ვარდნარი, სადაც 1000 ვარდი დავრგეთ, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ისტორიულ შენობას, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა უდიდესი მეცნიერი ნიკო მარი, შევაკეთეთ შადრევანი და მოვაწესრიგეთ ჭა, ეს არასრული ჩამონათვალია შესრულებული და დაგეგმილი პროექტების. ჩვენი თანამშრომლების დაუღალავი შრომით მივაღწიეთ იმას, რომ ბაღმა თავისი ფუნქცია დაიბრუნა, გვყავს როგორც ადგილობრივი დამთვალიერებელი, ასევე ტურისტები. სწორედ ტურისტებისთვის გვინდა იმერული ოდის ჩადგმა, რომ ისინი იმერელი კაცის ცხოვრებას გაეცნონ. ქეიფი და დროსტარება, რომ მინდოდეს ბაღში,  ამისთვის ოდას არ ჩავდგამდი და სხვა შენობებს გამოვიყენებდი. ყოველწლიურად 300 000 ლარის კი არა, მილიონის საქმე კეთდება. ჩვენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან გავაფორმეთ მემორანდუმი, მათ გაოცება ვერ დამალეს და გვეკითხებოდნენ ამ მიზერული თანხით ამდენი საქმის გაკეთება როგორ შევძელით,“ - აღნიშნავს ამირან ხვადაგიანი.

ბრალდებებს თავხედურს უწოდებს ბაღის 75 წლის თანამშრომელი თემურ ბანძელაძე, რომელსაც ბოტანიკურ ბაღში მუშაობის 46-წლიანი სტაჟი აქვს.

 

„ბაღში გასეირნება შეუძლებელი იყო, რადგან არაფერი კეთდებოდა, ჩვენ, ძველმა თანამშრომლებმა, მხოლოდ ის შევძელით, რომ ბაღი შევინარჩუნეთ. ბოლო ორი წელია, ბაღზე ზრუნვა დაიწყო ქალაქმა, ეს თაობების საქმეა, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს დარჩებათ. მცენარეები არავის უკვირს, ტურისტს რაღაც ახალი უნდა შევთავაზოთ, ამიტომ გვინდა იმერული კუთხის მოწყობა. ის ადამიანი კი, ვინც ამას დაიწუნებს, არის უგუნური.“

 

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მე-19 საუკუნეში იწყებს არსებობას, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე გაშენებული ბაღის ბაზაზე 1996 წელს შეიქმნა ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქუთაისის თვითმმართველობას მხოლოდ 2012 წელს გადმოეცა. ამ დროისთვის ბაღის ბიუჯეტი 315 000 ლარს შეადგენს, ბაღს 35 თანამშრომელი ემსახურება.

 

საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად, ბაღი საკუთარ შემოსავლებზე ზრუნვას იწყებს. შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ვიზიტორთათვის დაწესებული ფიქსირებული გადასახადია, თუმცა, როგორც ამირან ხვადაგიანი აღნიშნავს, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბაღში შესვლის გადასახადი მხოლოდ ჯგუფებს დაუწესდათ, სკოლებს ბაღში ექსკურსიისთვის 20 ლარის, ხოლო მექორწილეებს 50 ლარის გადახდა უწევს. გასულ წელს ბაღის შემოსავალმა 25 000 ლარი შეადგინა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია