დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როგორ მოვიქცეთ გულმკერდის არეში ტკივილის დროს
როგორ მოვიქცეთ გულმკერდის არეში ტკივილის დროს
სულ ნანახია 1778
ავტორი:

დასავლეთ საქართველოს რეფერალური ჰოსპიტალის კარდიოლოგის, ზურაბ კლიმიაშვილის რჩევა

 

 

ტკივილი გულ-მკერდის არეში საკამოდ ხშირია და მას ექიმთან მიმართვიანობის კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. ის სხვადასხვა ლოკალიზაციის, ხასიათისა და ინტენსივობის დისკომფორტს გულისხმობს, რომელიც ხშირად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გამოვლინებაა და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებით გამოწვეული ტკივილის შემთხვევაში, დროული ჩარევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს და პროგნოზს.

 

გამოიყოფა გულ-მკერდის არეში ტკივილის ორი ძირითადი ჯგუფი:

 

1. გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული კარდიული ტკივილი (გულის იშემიური დაავადებით - სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის კუნთისა და პერანგის ანთებითი დაავადებებით - მიოკარდიტი, პერიკარდიტი, გულის სარქველების პათოლოგიით, გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის - აორტის პათოლოგიით, ფილტვის არტერიების თრომბოემბოლიით - დახშობით გამოწვეული  ტკივილი);

 

2. არაკარდიული ტკივილი, რაც შეიძლება, გამოწვეული   იყოს ფილტვებისა და შუასაყრის (ფილტვებს შორის სივრცე) პათოლოგიით, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებით, ხერხემლის მალების ოსტეოქონდროზით, ნევრიტით, გულმკერდის ჩონჩხის კუნთების პათოლოგიით, ასევე ჰერპეს-ვირუსული ინფექციით.

 

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ტკივილი, რომელიც ხშირად საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. კლასიკურ შემთხვევაში სტენოკარდიული ტკივილი ლოკალიზდება არა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, არამედ მკერდის ძვლის უკან და აქვს მოჭერითი, ან სიმძიმის, წვის ხასიათი (შეიძლება, ტკივილი გადაეცემოდეს ზედა კიდურებში, კისერში, ქვედა ყბაში, ბეჭში), თუმცა სხვა ხასიათისა და ადგილმდებარეობის ტკივილი არ გამორიცხავს კარდიალურ წარმოშობას.

 

გულმკერდში ტკივილის სიმპტომის ვარიაბელურობა და მისი გამომწვევი დაავადებების მრავალფეროვნება ხშირად პროფესიონალ ექიმსაც საკმაოდ დიდ სირთულეს უქმნის და სწორი დიფერენცირებისათვის საჭიროებს დამატებით ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ გამოკვლევებს.

 

 

როგორ უნდა მოვიქცეთ:

ადამიანებმა, რომელთაც უკვე დადგენილი აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადების ესა თუ ის ფორმა, გავლილი აქვთ კარდიოლოგთან კონსულტაცია და, როგორც წესი, მიღებული აქვთ რჩევები, იციან, როგორ იმოქმედონ. მათ კი, ვისაც ტკივილი გულ-მკერდში პირველად აქვთ, მინდა, ვურჩიო, რაც შეიძლება სწრაფად მიმართონ ექიმს - გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მიაკითხონ ახლომდებარე კლინიკას.

 

მნიშვნელოვანია, რომ არ აყვნენ შიშს, პანიკას, რადგან მაშინაც კი, თუ ტკივილი მიოკარდიუმის ინფარქტით არის გამოწვეული, დროული (განსაკუთრებით პირველ 3 საათში) ქმედებების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, რომ  გულის დაზიანება თავიდან იქნას აცილებული ან  მინიმუმამდე დაყვანილი. ამისათვის თანამედროვე კარდიოლოგიას საკმარისი საშუალებები გააჩნია.

საბედნიეროდ, ეს საშუალებები გვაქვს საქართველოშიც და პრაქტიკულად, მის ყველა რეგიონში. რაც შეეხება გულის არეში ტკივილის დროს ნიტროგლიცერინის გამოყენებას, გამოუცდელი ადამიანისათვის ეს არც თუ ისე უსაფრთხოა და გარკვეულ შემთხვევაში, მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად, შეიძლება გაუარესებაც კი გამოიწვიოს.

 

 გულმკერდის არეში ტკივილის დროს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ე.წ. გულსისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის  მქონე ადამიანებს. ასეთები პირველ რიგში არიან - არაჯანსაღი ცხოვრების წესით (არეული კვების რეჟიმი, ზედმეტი წონა, მცირე ფიზიკური აქტივობა, მწეველობა) მცხოვრები მამაკაცები, 40 წელს ზევით, ქალბატონები მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, ადამიანები, რომელთაც აქვთ მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ გულის იშემიური დაავადების განვითარება საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში (წლები) მიმდინარეობს. როდესაც ტკივილი გულ-მკერდის არეში ამ დაავადებით არის გამოწვეული, ეს მის უკვე შორსწასულ ფორმაზე მიუთითებს.

 

თანამედროვე კარდიოლოგიას საკმარისად ბევრი და ეფექტური სადიაგნოსტიკო საშუალება გააჩნია დაავადების ადრეულ-საწყის ეტაპზე გამოსავლენად. ასეთ შემთხვევაში კი, პროფესიონალი ექიმის რჩევების გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია, თავიდან იქნეს აცილებული ისეთი საშიში გართულებები, როგორიცაა სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და ა.შ.

 

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია