დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„უკან ჰრჩეს კვალი განათლებული...“
„უკან ჰრჩეს კვალი განათლებული...“
ავტორი: ირმა მარდალეიშვილი
სულ ნანახია 2062
ავტორი:
ირმა მარდალეიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში აგლა აბზიანი’ის სახელობის მათემატიკის კაბინეტი გაიხსნა

 

ის არ ყოფილა ჩვეულებრივი, რიგითი მასწავლებელი, არც „მასწავლებელთა მასწავლებელი“  და არც „მათემატიკის მინდია“ უწოდეს უბრალოდ და შემთხვევით.

 

„ვერ წარმოგვიდგენია, ვინმე უკეთესად ასწავლიდეს მათემატიკას, ვიდრე აგლა მასწავლებელი გვასწავლიდაო“ - ერთხმად აცხადებენ მისი ყოფილი მოსწავლეები, დღეს უკვე ცნობილი მათემატიკოსები, მეცნიერები, წარმატებული ადამიანები.

 

3 მარტს აგლაია აბზიანიძე 85 წლის გახდებოდა.

 

ამ დღეს ანდრია რაზმაძის სახლობის ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში, იქ, სადაც 35 წელზე მეტი იმუშავა აგლა მასწავლებელმა, მისი სახელობის  მათემატიკის კაბინეტი გაიხსნა.

 

კაბინეტს სასკოლო მუზეუმის ფუნქციაც ექნება და აქ გამოიფინება ის უამრავი პრიზი, ჯილდო, დიპლომი, სიგელი, თასი, რასაც ამ სკოლის აღსაზრდელები და პედაგოგები საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ ასპარეზზე მოიპოვებენ. აქვე მოეწყობა საკონფერენციო დარბაზიც.

 

კაბინეტ-მუზეუმს პირველი ექსპონატები აგლაია აბზიანიძის ოჯახის წევრებმა გადასცეს - მისი პირადი ბიბლიოთეკა, ძირითადად, მათემატიკური ლიტერატურაა.

 

გენადი მარგველაშვილი (ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლის დირექტორი): „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ სკოლაში ათწლეულების მანძილზე მოღვაწეობდა ისეთი გამორჩეული პედაგოგი, როგორიც იყო აგლაია აბზიანიძე. ლეგენდად დარჩა მისი სახელი და არა მხოლოდ ჩვენს სკოლაში. ის იყო მასწავლებლის ეტალონი და მათემატიკაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი. იმდენად უყვარდა მათემატიკა, რომ იმასაც კი აპროტესტებდა, ფიზიკა-მათემატიკური კი არა, მათემატიკა-ფიზიკის უნდა ჰქვიოდეს ჩვენს სკოლასო. იდეა მისი სახელობის კაბინეტის გახსნისა, სკოლაში გაჩნდა, აგლა მასწავლებლის ოჯახიც გვერდით დაგვიდგა და დღეს, მის დაბადების დღეს, გავხსენით ეს კაბინეტი, სადაც, გარდა იმისა, რომ არაერთი საინტერესო ღონისძიება მოეწყობა, მომავალი თაობები იმასაც ნახავენ, როგორ ფასდება ღვაწლი და ამაგი ისეთი პედაგოგებისა, როგორიც იყო აგლა მასწავლებელი“.

 

3 მარტს, „დედის დღეს“, აგლა მასწავლებლის სახელობის კაბინეტის გახსნაზე შეიკრიბნენ მისი ყოფილი მოსწავლეები, კოლეგები, ოჯახის წევრები. ლენტის გაჭრის პატივი ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას და სკოლის დირექტორს, გენადი მარგველაშვილს ერგო.

 

სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს აგლა მასწავლებლის ბიოგრაფია, წაიკითხეს წერილები მისი პირადი არქივიდან, ეკრანზე მიდიოდა კადრები და ყველა ერთად ცრემლიანი  თვალებით, მაგრამ მაინც ხალისით და დიდი სითბოთი იხსენებდა მას.

დარბაზში იყვნენ ქალბატონ აგლაია აბზიანიძის მეუღლე - ბატონი ნოდარ ჯუღელი, შვილები: თემური, ვაჟა და ქეთევან ჯუღელები, შვილიშვილები.

 

შოთა მურღულია (ქ.ქუთაისის მერი): „როცა მასწავლებელს ასეთ პატივს მიაგებენ, ეს სტიმულია ახალი თაობისთვის. დღეს აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მასწავლებლის როლი ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში და  საამაყოა, რომ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას ჰყავდა ქალბატონი აგლა აბზიანიძე, რომლის წვლილიც ამ სკოლის მიღწევებში ნამდვილად განუზომელია. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ აგლა მასწავლებლის შვილი, ვაჟა ჟუღელი ქუთაისის მერიაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს და მის ყოველ ნაბიჯს ეტყობა, როგორი დედის გაზრდილია. მე თავადაც პედაგოგის შვილი ვარ, დედაჩემი დღესაც აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას და ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოწიწებით ვხრი თავს ყველა მასწავლებლის წინაშე“.

 

გიორგი ონიანი (ყოფილი მოსწავლე): „მე მქონდა პატივი, ვყოფილიყავი აგლა მასწავლებლის მოსწავლე და თუ მე დღეს ვარ შემდგარი და წარმატებული მათემატიკოსი, ამ ყველაფერს საფუძველი სწორედ აგლა მასწავლებელმა ჩაუყარა. ის იყო თხემით ტერფამდე მასწავლებელი. მას დიდი პოტენციალი ჰქონდა იმისი, რომ ყოფილიყო მეცნიერი, მკვლევარი, თუმცა მან მასწავლებლობა არჩია, უამრავ ბავშვს შეაყვარა მათემატიკა და განსაზღვრა მათი მომავალი.“

 

ზაზა სოხაძე (ყოფილი მოსწავლე):    „აგლა მასწავლებელი ჩემთვის იყო დედის დარი ადამიანი, მასწავლებელზე ბევრად მეტი, დღემდე მახსოვს მისი გაკვეთილები, როგორც მათემატიკის, ასევე ცხოვრების  და მგონია, რომ ვერასდროს გადავიხდით მის ამაგს მისი ყოფილი მოსწავლეები.“

 

გიორგი მანდარია (ყოფილი მოსწავლე): „მათემატიკის უამრავი კარგი მასწავლებელი მინახავს, ჩვენთანაც, საზღვარგარეთაც, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ წარმოუდგენელია, ვინმე უკეთესად ასწავლიდეს მათემატიკას, ვიდრე აგლა მასწავლებელი ასწავლიდა. ის, მას შემდეგაც, რაც ჩვენ სკოლას ვამთავრებდით, სულ ინტერესდებოდა ჩვენი შემდგომი ცხოვრებით, წარმატებებით. დღემდე საკუთარ მშობლად ვთვლი.“

 

ბადრი ვაშაკიძე (ქუთაისის განათლების რესურს-ცენტრის უფროსი): „მე არ ვიცნობდი ქალბატონ აგლაიას, თუმცა ბევრი რამ მსმენოდა მასზე აქამდეც და ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღირსეული ადამიანი, გამორჩეული პედაგოგი დავაფასეთ დღეს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გმირები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მაგალითს გვაძლევენ თავიანთი ცხოვრებით და მოღვაწეობით.“

 

მზია ანთიძე (41-ე სკოლის პედაგოგი):  „აგლა მასწავლებელი იყო ჩემი გზამკვლევი პედაგოგობის ურთულეს სამყაროში. პირველ გაკვეთილზე მიმავალ ახალბედა მასწავლებელს კიბესთან დამხვდა და მითხრა: შვილო, ნუ შეგეშინდება, კლასში რომ შეხვალ, დაელოდე, სანამ ყველა არ დაწყნარდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე გაკვეთილიო. ძალიან გამომადგა მისი ეს რჩევა. სანამ ერთად ვმუშაობდით, სულ ვგრძნობდი მის თანადგომას.“

 

 

ლია კუხიანიძე (41-ე სკოლის პედაგოგი):  „ის, რომ ჩვენ დღეს ამდენს ვსაუბრობთ აგლა მასწავლებელზე, რომ მისი სახელობის კაბინეტი გავხსენით, ეს ჩვენ უფრო გვჭირდება სტიმულისთვის, მომავალი მუშაობისთვის. მე მიხარია, რომ მის გვერდით ვმუშაობდი წლების მანძილზე და ვხედავდი იმ დიდ შრომას, რასაც ის ეწეოდა თითოეულ მოსწავლესთან. იყო ძალიან სამართლიანი და ამიტომაც არის, რომ ის მოსწავლეებიც კი, რომლებსაც არცთუ კარგი ნიშნები ჰყავდათ მათემატიკაში, დღესაც დიდი სიყვარულით საუბრობენ მასზე.

 

კარგი სკოლა არის ის, სადაც მოსწავლეს უნდა, რომ წავიდეს იმ სკოლაში, მშობელს უნდა, რომ მისი შვილი იმ სკოლაში სწავლობდეს და მასწავლებელს არ უნდა, რომ წავიდეს იმ სკოლიდან. და თუ ჩვენი სკოლა სწორედ ასეთ სკოლად, ერთ-ერთ გამორჩეულ სკოლად ითვლება დღეს მთელს საქართველოში, ამაში ლომის წვლილი აგლა მასწავლებელს მიუძღვის.“

 

აკაკი მარგველაშვილი (ყოფილი მოსწავლე): „მე ვიყავი აგლა მასწავლებლის ბოლო სადამრიგებლო კლასის მოსწავლე. თავიდანვე შეამჩნია ჩემში მათემატიკის განსაკუთრებული სიყვარული და  ამის გამო ჩემს სიცელქეს მპატიობდა, თუმცა შენიშვნებსაც ხშირად მაძლევდა. ის ჩემი მეზობელიც იყო და როცა უკვე აღარ მუშაობდა სკოლაში, ხშირად დამირეკავდა და მეტყოდა, აკაკი, ისეთი საინტერესო ამოცანა ვნახე, გადმოდი, ერთად ამოვხსნათო. მერეც, როცა მე წავედი ქუთაისიდან, სულ კითხულობდა ჩემს ამბავს. და თუ დღეს მე მასაჩუსეტის უნივერსიტეტში ვარ და ღირსეულად წარმოვაჩენ საქართველოს, ამაში უდიდესია აგლა მასწავლებლის წვლილი.“

 

ქეთევან ჯუღელი (ქალიშვილი): „ძნელია დედაზე ასე საჯაროდ და ხმამაღლა საუბარი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: დედა მართლაც საოცარი ადამიანი იყო, ახსოვდა ყველა მისი მოსწავლე, როდის სწავლობდა, როგორ სწავლობდა, ვინ ვის კლასში იყო, ყოველ მათგანზე დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობდა სულ. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო: შესანიშნავად კერავდა, ქარგავდა, ქსოვდა, აცხობდა, მღეროდა, უკრავდა, ცეკვავდა. სამი შვილის დედობას, მეუღლეობას და მასაწავლებლობას კარგად უთავსებდა ერთმანეთს. სკოლა მისი მეორე ოჯახი იყო და აქაც სულ ისე მოუხაროდა, როგორც საკუთარ სახლში. უღრმეს მადლობას მოვახსნე, ყველას, ვინც დღეს ასე თბილად და დიდი სიყვარულით გაიხსენეთ დედა.“

 

 

სიმბოლურია ისიც, რომ იმ დღეს პირველად გაჟღერდა „ფიზ-მათის“ ჰიმნი, რომლის ავტორიც გახლავთ სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია