დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცვლილება ოთახის კუთხიდან
ცვლილება ოთახის კუთხიდან
ავტორი: მაგდა ჩინიჯიშვილი
სულ ნანახია 1374
ავტორი:
მაგდა ჩინიჯიშვილი
მსგავსი სიახლეები

საქართველოს გაეროს ასოციაციამ და ახალი ამბების ინტერნეტ გამოცემა- www.civill.ge ბლოგერების კონკურსის გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. გაეროს რჩეულები გახდნენ: ოლიკო ცისკარიშვილი, მაგდა ჩინიჯიშვილი და  ბექა გაბადაძე.


ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამამ განახორციელა პროექტი COBERM. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინეტერნეტ-რესურსი www.opinion.civil.ge, სადაც ნებისმიერ ბლოგერს შეეძლო, საკუთარ ბლოგზე უკვე გამოქვეყნებული მასალის ატვირთვა. ბლოგ-პოსტების თემატიკა მრავალფეროვანი გახლდათ: გენდერი, ადამიანის უფლებები, ეკოლოგია, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა.


დაახლოებით 50 ავტორიდან, მკითხველთა მოსაზრებების და გაეროს ასოციაციის შეფასებების საფუძველზე შეირჩა სამი გამარჯვებული. ისინი სერთიფიკატებით და სამახსოვრო, ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 

გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ რედაქცია ულოცავ სამივე გამარჯვებულს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

 

ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება მაგდა ჩინიჯიშვილის გამარჯვება, რადგან ის წლების მანძილზე იყო ჩვენი გაზეთის ჟურნალისტი და დღესაც აქტიურად თანამშრომლობს რედაქციასთან.

 

აქვე გთავაზობთ მაგდას ერთ-ერთ საინტერესო ბლოგს.უპრეტენზიო და შეგნებული ქმარი მყავს. შესაძლებლობების ფარგლებში თვითმომსახურებაც შეუძლია. არც თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის მწყრალად და ინტერნეტ-სივრცესთანაც მეგობრობს, მაგრამ ამ დილით ასე მომმართა: „წინდა მომაწოდე, შე ბლოგერო“...

 

ცუდად მენიშნა! მომართვას ახლდა ღიმილი, მაგრამ ოდნავი აგრესიაც იგრძნობოდა.

 

დავფიქრდი, რა უნდა იყოს ამის მიზეზი. მასაც შევეკითხე, ისევ ღიმილით მიპასუხა: „კაი, რა, რა აგრესია“.

 

„ჩამოვყარე“ ვერსიები და ყველა ვერსია ერთ მთავართან მივიდა - აქტიურობა!

 

ორი დღეა, ლეპტოპთან უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე, მაგალითად, ქურასთან.

აქტიურ და დასაქმებულ მამაკაცს რატომ უნდა აღიზიანებდეს „სახლიდან გაუსვლელად“ აქტიური ქალი?!

 

ქალი, რომელიც ცვლილებებისთვის მზადაა.

 

ჩემმა მეუღლემ  „სატოპკე“ თემა მომაწოდა, მე განზოგადებას შევეცდები.

 

 

 

***

მე  ქალი  ვარ!  ყოველდღიურად ოჯახში უამრავ  საქმეს ვაკეთებ. მყავს სამი შვილი (რას გადაგვაყოლე, 12 ჰყავს ხალხს), რომლებსაც რომ ვაჭამო, საჭმელი უნდა გავუკეთო... რომ ჩავაცვა, უნდა დავაუთოვო. რომ ვამეცადინო, წიგნთან უნდა მივიყვანო და მეც იქ დავრჩე... რომ გავასეირნო, თავად უნდა გავყვე... სუფთად რომ იყვნენ, უნდა ვაბანაო... რომ დავარიგო...

რომ დავამშვიდო...

 

ამას ემატება ქმარი, რომელიც იმას არ ჭამს, რასაც შვილები. მის ტანისამოსს სხვაგვარი მოვლა სჭირდება. ჭურჭელიც უნდა დავრეცხო, სახლიც დავალაგო, თავიც მოვიწესრიგო, სტუმარიც მივიღო...

მოკლედ, ქალის საქმიანობის ყოველი დღე მიზეზ-შედეგობრივად დატვირთულია.

თუ აქტიური ქალი ხარ (ან იყავი), აუცილებლად იგრძნობ, რომ რაღაც გაკლია.

 

აქტიურობა ენერგიულობა არ არის.

 

ენერგიულობა ბევრი საქმის სწრაფად გაკეთებას ნიშნავს. აქტიურობაც საქმის კეთებაა - მიზანმიმართულად, გონებით და ინტელექტით. აქტიური რომ იყო, ენერგია უნდა გქონდეს. ენერგიულობა კი, აქტიურობის გარეშეც მშვენივრადაა შესაძლებელი.

 

რვა წლის წინ აქტიური რეჟიმიდან მოწყვეტით გადავედი ენერგიულ რეჟიმში - გავთხოვდი და სამსახურიდან საოჯახო საქმეებზე გადავერთე. ვაკეთებდი ბევრ საქმეს, თანაც ძალიან სწრაფად. მეუღლე შეეჩვია (მიუხედავად იმისა, რომ მან მე აქტიურ ფაზაში გამიცნო) ჩემს ენერგიული მეოჯახე ქალის იმიჯს. კომფორტია, როცა სადილს გიმზადებენ, გაწესრიგებენ, თბილ სახლს გახვედრებენ, თან შენი გვარის დემოგრაფიაზეც ზრუნავენ.

 

ცოტა რომ შეემსუბუქებინა შრომა, ჯერ მტვერსასრუტი მიყიდა. ცოტა ხანში - სარეცხი და ხორცსაკეპი მაქანები და ახალი მაცივარიც. რომ არ მომწყენოდა, ახალი კომპიუტერიც შეიძინა (უფრო თავისთვის). მალე მივხვდი, თანამედროვე ტექნიკამ დღის მანძილზე გარკვეული დრო გამომითავისუფლა. ბავშვებიც წამოიზარდნენ და დროის მონაკვეთი უფრო გაიზარდა.

თავისუფალმა დრომ მისი შევსების მოთხოვნილება მოიყოლა - მუშაობა მომინდა! 

გადმოვიღე ჩემი რეზიუმე და გადავაგზავნე ყველგან, სადაც სამუშაო დღე 10-ზე იწყებოდა და 6-ზე მთავრდებოდა. არ გაამართლა.

 

სტილი შევცვალე: გადავაგზავნე ყველგან, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების სპეციალისტებს ითხოვდნენ (ჟურნალისტიკასთან ახლოა) - არც ამან გაამართლა.

ერთხელ ფეისბუქზე მომწერეს: ამაში სხვა ფულს გადაგახდევინებთ, ჩვენ კი უფასოდ გთავაზობთ ვებინარს თემაზე - როგორ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესიო. პრინციპში, არც ამან გაამართლა, - ქსელური მარკეტინგის რეკლამა აღმოჩნდა.

 

მთელი გულით ვცდილობდი, ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები მომეხდინა. შინაგანად მზად ვიყავი ცვლილებებისთვის, მეუღლეც მაქეზებდა, მიდი, შენთან ვარო. საჯარო მოხელის  რამდენიმე გასაუბრებაზეც გავედი, მაგრამ „ფონად“ ყოფნა არ მომეწონა და დეპრესიაც დაიწყო...

 

ოჯახური საქმისგან თავისუფალ დროს ინტერნეტში ვიქექებოდი და რაღაცებს ვკითხულობდი. და უცებ - „ევრიკა“ - შენს ირვლივ სიტუაციის შესაცვლელად ჯერ შენს შიგნით უნდა შეცვალო რამე!

 

ცვლილებები საკუთარი თავიდან დავიწყე. მივხვდი, გამოტოვებული რვა წელი ერთი ნახტომით უნდა ამომევსო! წავიკითხე სასწავლო მასალები ფიარ-ტექნოლოგიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტზე. დავფიქრდი, როგორ აღმედგინა კომუნიკაცია ჩემს მკითხველთან სახლიდან გაუსვლელად (საწყის ეტაპზე). კომპიუტერით - ჩვენი  20 კვადრატული ოთახის ერთი კუთხე ხომ მთელ სამყაროს უკავია! წინა დღეებში მეგობარი ბლოგზე მესაუბრა და მითხრა, უნდა გასწავლოო (სამწუხაროდ, იმ დღეს ვეღარ მოიცალა), მე კი ვეღარ მოვითმინე: რა არის, რასაც ადამიანი გულით მოინდომებს და ვერ ისწავლის? არაფერი! ასე გავაკეთე ბლოგი უცნაური სახელით: WIND Or A WOMAN's BLOG და ბლოგერი გავხდი!

 

ვიცი, ინტერნეტ-სამყაროში ათასობის ბლოგერია, მე „ძაან ბომბი“ უნდა დავწერო, პოპულარული რომ გავხდე. მე რომ მეწერინება, შეიძლება, არაპოპულარული თემებია, მაგრამ, მირჩევნია სიმართლეზე, ნამდვილ შეგრძნებებზე ვწერო.

 

იმედია, მეუღლეც გაგებით მოეკიდება, ქურასთან ნაკლებ დროს  რომ გავატარებ და  ასეთ დროს საწოლშიც არ ვიქნები (ოთხი სრულდება).

 

იმედია, ცვლილებებზე, ქალის უფლებებზე და თავისუფლებაზე საუბრის მერე, არ მეტყვის: „შედი, ქალო, ბუტკაში... „კუხნაშია“ თავისუფლება!“

 

შვილებიც შეეჩვევიან, რომ დედა კომპიუტერთან ცოტა უფრო მეტ დროს ატარებს. სამაგიეროდ, მიხვდებიან, რომ დედას, ერბო-კვერცხის შეწვის გარდა, სხვა რამეებიც შეუძლია! 

 

მე უკვე ვმუშაობ! კომუნიკაციას თავიდან ვამყარე, მკითხველთან. მინდა  ჩემი ბლოგი პოპულარული და კითხვადი იყოს. ბლოგ-პოსტებით ვცდილობ, ცვლილება სხვა ადამიანებში (ზე) მოვახდინო.

 

მართალია, ფულს ჯერ არავინ მიხდისბ მაგრამ მაგის დროც მოვა...

 

გეგმის პირველი ნაწილი - აქტიური ქალის ეგო - დაკმაყოფილებულია!

 

ქალბატონებო, ვისაც ცვლილებები გინდათ, გახსოვდეთ, ცვლილება საკუთარი თავით და ოთახის პატარა კუთხით იწყება!

 

 

P.S. შეგონებები:

 

არ დაანებოთ სამსახურს თავი გათხოვების გამო.

 

მხოლოდ ერთი მხარის კომფორტი ოჯახის დისკომფორტია!

 

შენს ირგვლივ ცვლილებები საკუთარი თავით დაიწყე!

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია