დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარკუს მეტრეველი: „საკუთარი დაგვეფასებინა, პირველ რიგში...“
მარკუს მეტრეველი: „საკუთარი დაგვეფასებინა, პირველ რიგში...“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1982
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

როცა სვამენ კითხვა, როგორ მდგომარეობაშია ქართული თანამედროვე ხელოვნება, ცალსახა პასუხს იძლევიან: როგორც ყველაფერს საქართველოში, ხელოვნებასაც კრიზისული პერიოდი აქვს. სახელოვნებო სფეროდან ყველაზე უკეთეს პირობებში, წესით, შოუბიზნესი უნდა იყოს, თუმცა, ჩანს, რომ ამ სფეროშიც არასახარბიელო მდგომარეობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით მომღერალი მარკუს მეტრეველი საკუთარ აზრს ჩვენთან აფიქსირებს.

 

 

- მარკუს, რა არის იმის საფუძველი, რომ ქართული შოუბიზნესი რჩება არასახარბიელო მდგომარეობაში?

 

- ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ მისაუბრია და გამიცია პასუხი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემი პროფესიაა და გული შემტკივა მასზე, პასუხის გაცემას არასდროს დავიზარებ. დავასახელებ იმ „ინგრედიენტებს“, რომელიც სჭირდება გამართული შოუბიზნესის შექმნას: ნიჭიერი მომღერლები, პროდიუსერები,  ფული, კარგი საკონცერტო დარბაზები, კარგი აპარატურა, კარგი განათება, მუსიკალური ტელევიზიები, მუსიკალური დაჯილდოებები, კონკურენცია, მუსიკალური სტუდიები, ლეიბლები, ვინც ორგანიზებას გაუკეთებს მთლიანად შემსრულებლის ალბომს და მის პროპაგანდას, ეკომომიკური სტაბილურობა, ხალხის დასაქმება, ეკომონიური კეთილდღეობა.

 

- ჩამონათვალიდან რომელიმე გააჩნია საქართველოს?

 

- ამ ჩამონათვალიდან რომელი გააჩნია ქვეყანას? მხოლოდ ნიჭიერი არტისტები, მომღერლები!

 

- სოციალურ ქსელში წერდი, რომ შოუბიზნესი უყურადღებოდ არის მიტოვებული...

 

- დიახ, საერთოდ უყურადღებოდაა მიტოვებული ქართული შოუბიზნესი. ზოგადად, რომ იცოდეთ, ესტრადა არის ქვეყნის ლამაზი ფასადი და მას მუდმივად სჭირდება მოვლა და გაფრთხილება.

 

- ამბობენ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და შოუბიზნესისთვის მცირე ბაზარია...

 

- ძალიან მცდარი მოსაზრება და გამონათქვამია ის, რომ საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა და აქ ვერ განვითარდება შოუბიზნესი. 90-იან წლებში ყვაოდა ესტრადა. კონცერტები ხშირად ტარდებოდა და დასაქმებული იყო ყველა არტისტი. ჩვენი ბრალია, რომ დღეს უკვე ქართველ შემსრულებლებს ნაკლებად უსმენენ და „ეგოიმებათ“. იცით,  რისი ბრალია ეს ყველაფერი: დღეს საქართველოში მომღერალს ევაჭრებიან 100-200 ლარზე და, უკიდურეს შემთხვევაში, 50 ლარზეც. ამდენი რომ დაიკლოს შემსრულებელმა, მისი ჰონორარი ვერანაირად ვერ მოახერხებს იმას, რომ ჩაწეროს ხარისხიანი სიმღერა და მიაწოდოს მსმენელს. კლიპზე ხომ ოცნებაც აღარ შეიძლება! დღეს ქვეყნის პრიორიტეტი უცხოური პოპ და ჯაზ მუსიკაა. ქართული სიმღერა ისევ ჩრდილშია. დააკვირდით, ყველა მუსიკალურ კონკურსზე ქართველები უცხოურს მღერიან, საკუთარს არ სცემენ პატივს და არ ავითარებენ. რესტორნებსა და კლუბებში სიმღერით შოუბიზნესი არ პროგრესირდება. სახელმწიფომ გამოგვიცხადა, რომ ესტრადა თვითკმარი უნდა  იყოს. აქაც არაპროფესიონალიზმი  ჩანს. თუკი შეუძლია ქვეყანას, რომ დააფინანსოს მცირე და საშუალო ბიზნესი, თუ შესაძლებელია, რომ ხელი შეუწყოს ღვინის, მინერალური წყლების რებრენდინგს, რატომ არ უნდა შეეწყოს ხელი შოუბიზნესს?! ხომ შეიძლება, რომ ის უაზროდ გადაყრილი თანხები, რომლებიც გააქვთ უცხოელ  ვარსკვლავებს ჩვენი ქვეყნიდან, მოხმარდეს ქართული ხელოვნების განვითარებას?

 

- დაახლოებით რამდენია საჭირო იმისათვის, რომ „სისხლი გადაესხას“ ქართულ შოუბიზნესს?

 

- თუნდაც 1 მილიონი ერთხელ მაინც ჩაიდოს ქართულ შიუბიზნესში! დამერწმუნეთ, ასეთ დოტაციას უდიდესი შედეგი მოჰყვება, რადგან ჩვენ ძალიან ნიჭიერი მომღერლები გვყავს და ეს ყველაზე დიდი კაპიტალია. თუ არ ვისწავლით საკუთარის დაფასებას, ხელისშეწყობას და პატივისცემას, სხვა ნაკლებად დააფასებს  ყველაფერ ქართულს.

 

- ბოლო პერიოდში ვნებათაღელვა მოჰყვა მომღერალთა გადანაწილებას დედაქალაქისა და რეგიონების საახალწლო კონცერტისათვის. რას გვეტყვი ამაზე?

 

რაც შეეხება მომღერლების გადანაწილებას საქართველოში, ჩემთვის,  როგორც პროფესიონალისთვის, მნიშვნელობა  არ აქვს, ვიდგები თბილისში თუ რომელიმე სოფლის სცენაზე. მთავარია, რომ ესიამოვნოს საზოგადოებას და  მსმენელს ჩემი გამოსვლა. ყოველთვის მზად ვარ, გავულამაზო წუთები მსმენელს და ვაჩუქო ხალხს ჩემი სიმღერები. ამბიცია იქიდან არ უნდა გამომდინარეობდეს, თუ სად და ვის წინ იდგები. მუსიკალურ აკადემიაში მასწავლეს, თუნდაც ერთი ადამიანი იჯდეს დარბაზში, მუსიკოსი მზად უნდა იყოს, რომ მაინც ბოლომდე დაიხარჯოს მისთვის. ამიტომ აჯობებს, ჩვენი ამბიციები ჩვენს განვითარებაში დავხარჯოთ და არა საზოგადოების დიფერენციაციასა და აწონ-დაწონვაში.

 

- სად ხვდება მომავალ წელს მარკუს მეტრეველი?

 

ძალიან მიხარია, რომ ახალ წელს შევხვდები უსაყვარლეს და ულამაზეს ქალაქ ჭიათურაში. როგორც ვიცი, ოთხი მომღერალი  ვიმღერებთ 2015 წელს სამთოელთა ქალაქში, სადაც გემოვნებიანი, ინტელექტით გამორჩეული მაყურებელი გვეყოლება. იქიდან მთელ საქართველოს მივულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს. შემდეგ დავბრუნდები თბილისში და ჩემს კოლეგებთან ერთად გავაგრძელებ „გუგუნს“.

 

რას იტყვი იმ ადამიანზე, რომელიც კულუარულად წყვეტს თურმე მომღერლების „ხარისხს“?

 

ძალიან მიკვირს, როგორ აკეთებს განცხადებებს კულტურის სამინისტროდან არაპროფესიონალი კადრი. იმ ქალბატონის კომპეტენტურობაში ეჭვი მეპარება, რომელმაც განაცხადა, ახალი წლის კონცერტებზე ის მომღერლები იმღერებენ, ვისაც ცოცხლად სიმღერა შეუძლიაო. ამ განცხადებით ძალიან ბევრ მომღერალს მიაყენა შეურაცხყოფა. საკითხავია, რატომ უნდა იყოს „მეტრი“ ვინმე არაპროფესიონალი, ვინც განაგებს ამ კონცერტების სიას და ადგენს, ვინ სად უნდა იმღეროს? აქვე დავამატებ, რომ მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მათი, ვინც თბილისის კონცერტზე იმღერებს!

 

- ანუ, ქართველ მომღერლებს შეუძლიათ ცოცხალი შესრულებაც... და რატომ მღერით ფონოგრამით?

 

შეუქმნან მომღერლებს პირობები და სულ ცოცხლად ვიმღერებთ! ამაზე დიდი სიამოვნება მუსიკოსისთვის არაფერია. მაგნიტოფონის დინამიკებითა და ორლარიანი კარაოკეს მიკროფონით ცოცხლად შესრულება წარმოუდგენელია.

 

ცოცხლად რომ ვიმღერო, იმ პირობებს მაინც ვერ შექმნიან, რომელიც შესრულებისთვის საჭიროა და იოგების გაყინვას არ ვაპირებ. ელემენტარულად, სცენა უნდა თბებოდეს და, რასაკვრიველია, ინსტრუმენტებიც სათანადო პირობებში უნდა მოექცეს, რადგან ტონალობას იცვლის ხმაც და ინსტრუმენტიც სიცივის დროს...

 

გაქვს, როგორც ჩანს, სახმო იოგების გაყინვის გამოცდილება...

 

- ერთხელ მივიღე მონაწილეობა გალა-კონცერტში და იოგები ისე გამეყინა სცენაზე, რომ ლამის სცენაზე დავტოვებ ხმა აღარ მემორჩილებოდა. შესაფერის პირობებში  ცოცხლად შესრულება სულ სხვა რამეა. მე საქართველოში ვისწავლე ფონოგრამაზე სიმღერა, თორემ ევროპაში სასაცილოც არის ამ თემაზე საუბარი...

 

 

ტექნიკური მხარის მოწესრიგებას თავად თუ ეცადე? ვთქვათ და, სიმღერა გიწევს ნორმალური ტემპერატურის პირობებში და საკუთარი აპარატურა რომ გამოიყენო კონცერტის დროს...

 

- მაქვს ჩემი საკუთარი მიკროფონი, საუნდის აპარატურა, უმაღლესი დონის და წარმოიდგინეთ, ვერავინ ვერ გაუგო და ვერ გამისწორა საუნდი. აქ, ჩვენთან, ხომ ყველამ  ყველაფერი იცის, ამ დროს საქმისა არაფერი გაეგებათ!

 

რას   გვეტყოდი  უცხოელი  შემსრულებლების    საქართველოში „იმპორტზე“?

 

- ის მომღერლები, რომლებიც ჩამოჰყავთ, კარგია, მაგრამ ხომ შეიძლება, ის ათობით  თასი მოხმარდეს ქართულ შოუბიზნესს და ჩაიწეროს ტემპიანი და ხალისიანი საახალწლო სიმღერები და არა ისეთი, მოსმენისას თავის ჩამოხრჩობა რომ მოგინდება. ბუნებრივია, რომ საქართველო კულტურულ საზღვრებს ვერ ჩაკეტავს, მაგრამ საკუთარი დაგვეფასებინა პირველ რიგში, ალბათ,           სჯობდა!

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია