დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„მე არამარტო შვილები, არამედ მშობლებიც მივიყვანე წიგნამდე“
„მე არამარტო შვილები, არამედ მშობლებიც მივიყვანე წიგნამდე“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 3856
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

ნინო მასწავლებელი: „მშობელი მეხმარება ბავშვთან ურთიერთობის გასაღების პოვნაში, ჩვენ ერთად ვეძებთ ბავშვის ფსიქოლოგიისკენ მიმავალ გზას“

 

ძლიერი პედაგოგი, კრეატიული, შრომისმოყვარე, საუკეთესო პიროვნება, კომუნიკაბელური - ეს იმ ეპითეტების მცირედი ჩამონათვალია, რასაც ქუთაისის 33-ე სკოლის I კლასის მშობლები ნინო მასწავლებლის მიმართ გამოხატავენ.

 

ნინო საკანდელიძე უკვე 35 წელია, პედაგოგია. ამჟამად  33-ე საჯარო სკოლაში  I კლასის 26 აღსაზრდელი აბარია. 

 

1982 წელს დაამთავრა  ქ. ქუთაისის პედაგოგიური  ინსტიტუტი, 1978 წლიდან  მუშაობს პედაგოგად.  აქვს არაერთი  სერთიფიკატი.  2009 წელს  იყო  მენტორი-პედაგოგი, მიღებული აქვს  განათლების სამინისტროს სიგელი. ამავე წელს წლის საუკეთესო პედაგოგად  დაასახელეს და იაკობ  გოგებაშვილის  სახელობის მედალი და სიგელი გადასცეს.  არის დაწყებითი კათედრის ხელმძღვანელი. ჰყავს მეუღლე,  სამი შვილი და ერთი შვილიშვილი.

 

ნინო საკანდელიძე გამორჩეული პედაგოგია, იგი არაერთი პროექტის და ინიციატივის ავტორია. განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა მისი აღსაზრდელების  მშობლების მიმართ. მისივე ინიციატივით იმართება შეხვედრები მშობლებთან, დღემდე 9 შეხვედრას გაუწია ორგანიზება და მშობლებიც აქტიურად არიან ჩართული თითოეულ ღონისძიებაში. როგორც თავად ნინო მასწავლებელი აღნიშნავს, მშობელმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ბავშვის სწავლის პროცესებში. შექმნა პრობლემების შემსწავლელი მშობელთა ჯგუფი,  რომლებიც  აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებებში, პრომლემურ თემებზე მსჯელობებში და ა.შ.

 

როგორც ნინო მასწავლებელმა გვითხრა, ეს მშობლები  (12  მშობელი)   სხვადასხვა  ჯგუფებში განაწილდნენ და მათთან ერთად მართავენ სხვადასხვა ღონისძიებებს.

 

„არ მივეკუთვნები მასწავლებელთა ისეთ კატეგორიას, მშობლებს მათი შვილების დასატუქსად რომ იბარებენ ხოლმე. პირიქით, ბავშვს სწავლას ვერ დააძალებ, მე იქეთ ვამშვიდებ მშობლებს,  როდესაც ღელავენ ბავშვების ზარმაცობასა თუ მორიდებულობაზე. მშობელი მეხმარება ბავშვთან ურთიერთობის გასაღების პოვნაში, ჩვენ ერთად ვეძებთ ბავშვის ფსიქოლოგიისკენ მიმავალ გზას. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა როლი სასკოლო ცხოვრებაში, მე არაჩვეულებრივი მშობლები მყავს, მყვებიან ინიციატივებში და ერთად ძალიან ბევრ სასიკეთო და შემეცნებით პროექტს ვახორციელებთ. როგორ უნდა ესაუბროს დედა შვილს, როგორ უნდა აღზარდოს ბავშვი სწორად, მშობელთა როლი სასკოლო ცხოვრებაში ეს და სხვა თემები უკვე გავიარეთ. როდესაც რაიმე იდეა დამებადება, ან საინტერესო ინფორმაციას წავაწყდები ხოლმე, მაშინვე ამოვბეჭდავ და ჩემს მშობლებს დავურიგებ. ისინიც ეცნობიან თემებს, გადააქვთ პრაქტიკაში და შემდეგ ისევ ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ, ვდისკუსიობთ. ეს ჯანსაღი ურთიერთობა კი სასარგებლოა როგორც სკოლისთვის, ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც, ისინი დღითიდღე უფრო აქტიურად ერთვებიან თავიანთი შვილების სასკოლო პროცესებში და ყოველდღიურობაში გადააქვთ რჩევები და ა.შ. ვფიქრობ, რომ პედაგოგზე ძალიან ბევრია დამოკიდებული,“ ამბობს ქალბატონი ნინო.

 

როგორც აღვნიშნეთ, ნინო საკანდელიძის წყალობით, 33-ე სკოლაში ნამდვილად არ არიან პასიურები. კლასგარეშე გასვლები, ღია გაკვეთილები, პროექტები, პრეზენტაციები...  პედაგოგი ხშირად მართავს სხვადასხვა შეხვედრებს, ერთ-ერთი აქტივობა კი 18 დეკემბერს განხორციელდა.

„ინფორმაციული და კვლევითი“ პროექტი, რომელზეც 33-ე საჯარო სკოლის I კლასის პედაგოგი მის სადამრიგებლო კლასის მშობლებთან ერთად მუშაობდა, უშუალოდ ნინო საკანდელიძის ინიციატორობით და ორგანიზებით გაიმართა.

 

„გაჩნდა თემა, რატომ უნდა იცოდეს ყველა მშობელმა, რა საკვებს უნდა მოარიდონ მათი შვილები. მეც მივანდე მათ ამ პროექტის ორგანიზება. მშობლები ესტუმრნენ საკვები პროდუქტების მაღაზია „გურმანს“, ინტერვიუ აიღეს მთავარი ტექნოლოგისგან, გადაიღეს ფოტოები, აჩვენეს ყველა ოთახი, სადაც კი რამე მზადდება, ინფორმაცია მოიძიეს სასარგებლო და საზიანო საკვების შესახებ. მშობლები ძალიან კმაყოფილები არიან. ამ პროექტმა ისინი გააერთიანა, დაახლოვდნენ ოჯახებით და მშვენივრად გაართვეს თავი ყველაფერს. მე არამარტო შვილები, არამედ მშობლებიც  მივიყვანე წიგნამდე.“

 

როგორც ნინო საკანდელიძემ განაცხადა, მისმა მშობლებმა ერთი თვის განმავლობაში ჩაატარეს კვლევა მეოთხე კლასის ბაზაზე.  მოსწავლეებს პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით დაურიგდათ კითხვარი, სადაც ჩამოთვლილი საკვები პროდუქტებიდან მათთვის სასურველი და ხშირად მოხმარებადი პროდუქტები უნდა აერჩიათ. შედეგი კი სავალალო აღმოჩნდა. კვლევის მაჩვენებლებით, მოზარდთა 80%-ზე მეტი ყოველდღიურად მოიხმარს ისეთ პროდუქტს, რაც სავსეა ემულგატორებით და ზიანს აყენებს მათ ორგანიზმს.

 

„პროექტი შეეხებოდა სასარგებლო და საზიანო საკვებს. პროექტი მიზნად ისახავდა, რომ  მშობლებმა შეძლონ, შვილების საკვების სწორად შერჩევა და კვების რაციონის გაკონტროლება, რაც დღეს დიდი პრობლემაა. ამიტომ გადავწყვიტეთ იდეის განხორციელება და ერთობლივი ძალისხმევით გავმართეთ პრეზენტაციაც. პროექტის ძირითადი თემა საკვებ პროდუქტებში გამოყენებული დანამატები, კერძოდ, ემულგატორების მსგავსი ნივთიერებები წარმოადგენდა, რომლებიც ხელს უწყობენ მწარმოებელს, რომ მათი პროდუქცია დიდხანს იყოს ვარგისი, ხოლო  ჯანმრთელობას კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ჩვენი დევიზია ჯანსაღი ცხოვრების წესი, გვაქვს პირამიდა, ათი მცნებაც და მთავარია, მოვინდომოთ და ყველაფერი გამოგვივა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა თეა დონგუზაშვილმა.

 

თემასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, მსჯელობა, მოწვეულ სტუმართა შორის პედიატრი სოფო კერძერაძე იყო. მან რჩევები მისცა მშობლებს და ბავშვებს, თუ რა პროდუქტები აყენებს ზიანს მათ ორგანიზმს და პირიქით.  გამოსავალს კი საქართველოში სოფლიდან ჩამოტანილი ნატურალური  პროდუქციის მიღებაში ხედავენ.

 

„ეს ყველაზე კარგი გამოსავალია, ჩვენი პატარები მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც არასასურველი პროდუქტი იყიდება,“ განაცხადა პედაგოგიური უნივერსიტეტის დაწყებითი კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა მალვინა შანიძემ.

 

აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან , რასაც ნინო მასწავლებელი ახორციელებს. 2014 წლის 4 ნოემბერს 33-ე საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლები და პედაგოგი ესტუმრნენ ქალაქის საპატიო მოქალაქეს, მრავალი წიგნის ავტორს, სამამულო ომის მონაწილეს, ოთხმოცდათხუთმეტი წლის პროფესორ სიმონ არველაძეს, რომელიც დღესაც შესაშური შემართებით მუშაობს ახალ წიგნზე.

 

„როცა პედაგოგი ბავშვებთან მუშაობ, ბევრი პრობლემა ამოტივტივდება ხოლმე. სიმონ არველაძე სხვა თაობას ეკუთვნის. გადავწყვიტე რჩევები მიგვეღო წინა თაობის წარმომადგენლისაგან და შეგვედარებინა ადრინდელი და დღევანდელი მდგომარეობა. ვესაუბრეთ ბატონ სიმონს და მის მეუღლეს ქალბატონ მარი ხვედელიძეს, შვილებს მეგის და დარეჯანს. ბატონმა სიმონმა მშობლები საკუთარი წიგნით „ესთეტიური პრელუდიებით“ დაასაჩუქრა,“ განაცხადა ნინო საკანდელიძემ.

 

ინფორმაციული და კვლევითი   პროექტის პრეზენტაციაზე სტუმართა შორის სიმონ არველაძის ქალიშვილი, მეგი არველაძეც იყო.

 

„მასწავლებლისა და მშობლების ასეთი ხელჩაკიდებული ურთიერთობა ძალიან იშვიათია. მოხარული ვარ ასეთი აქტივობების და ყველანაირად ხელს შევუწყობ მათ თითოეულ ახალ იდეას. რაც შეეხება კონკრეტულ კვლევას, ეს უბრალოდ გასაოცარია და მშობლები ამ კვლევის შედეგებს საკუთარ შვილებში დაინახავენ,“ განაცხადა მეგი არველაძემ.

 

შეხვედრა თემის შეჯამებით დასრულდა. გაიჟღერა ინიციატივამ, რომ მსგავსი წარმატებები სხვა ჯგუფებსაც გადაეცეს და მასიური სახე შეიძინოს.

 

ნინო მასწავლებელი კი აქ არ აპირებს გაჩერებას. ის კვლავაც გეგმავს მშობლებთან ერთად არაერთი ინიციატივის განხორციელებას.

 

„ჩვენ მხოლოდ ერთობლივად თუ მოვახერხებთ იმ პრობლემების დაძლევას, რაც ირგვლივ არსებობს. ჩვენს შვილებს კი, იმისათვის, რომ კარგი მომავალი შევუქმნათ, პირველ რიგში, საუკეთესო მაგალითი ჩვენვე უნდა მივცეთ.“

 


 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია