დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 47 594 000-ლარიანი ბიუჯეტი დაამტკიცა
ქუთაისის საკრებულომ ქალაქის 47 594 000-ლარიანი ბიუჯეტი დაამტკიცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2112
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

2015 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს „ნაციონალები“ შეუსრულებლობას უწინასწარმეტყველებენ

ქუთაისის მერიამ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. ბიუჯეტი განსახილველად საკრებულოს უკვე გადაეგზავნა და შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ელოდებიან. ცვლილებებია საბიუჯეტო თანხებში, მომავალ წელს თანხა 4 მილიონით გაიზრდება და გათანაბრებითი ტრანსფერის გამოკლებით 47 7554000 ლარს შეადგენს.

ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები კი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური სფეროს დაფინანსება იქნება.

 

ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა, „ხალხის ბიუჯეტი“ ხალხთან ერთად დაეგეგმა, პრიორიტეტების განხილვა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ეტაპობრივი შეხვედრებით მიმდინარეობდა.

 

ბიუჯეტს, რომლითაც ადგილობრივი ხელისუფლება თავს იწონებს და რომლის ფარგლებშიც ქალაქში არაერთი პრობლემის გადაწყვეტას გეგმავს,  უნდობლობას უცხადებენ „ნაციონალი“ დეპუტატები, რომელთაც 19 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის დატკიცებას მხარი არ დაუჭირეს.

 

საკრებულოს სხდომამდე კი მერიის სამსახურებთან მთავარი ფინანსური დოკუმენტის, ბიუჯეტის პროექტის დეტალური განხილვა მოითხოვეს.

 

შეხვედრა 16 დეკემბერს გაიმართა, „ნაციონალებმა“ მერიის სამსახურის უფროსებს ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები გააცნეს.

 

თუმცა, რეკომენდაციებს მაინც შენიშვნები  სჭარბობდა.  ტრანსპორტის მოსაკრებელი, საჯარიმო სანქციებით შემოსული თანხები, ბიუჯეტის ცენტრალური სისტემა ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომელთა შესრულებაც „ნაციონალებმა“ ეჭვქვეშ დააყენეს და იწინასწარმეტყველეს, რომ 2015 წლის ბიუჯეტი შეუსრულებლობისთვის არის განწირული.

„თქვენ ახლა ამბობთ იმას, რასაც მე ვწინასწარმეტყველობ ბიუჯეტთან დაკავშირებით, თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტით შემიძლია ვთქვა, რომ ბიუჯეტი ვერ შესრულდება“ მიმართა საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა ბესიკ ბრეგაძემ მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსს ირაკლი ავალიანს.

 

ოპონენტის შენიშვნას შენიშვნითვე უპასუხა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა. რომელმაც აღნიშნა, რომ „ნაციონალები“ ჩასაფრებული პოზიციიდან მხოლოდ ბიუჯეტის კრიტიკით არიან დაკავებული.

 

„ნაციონალებს“ ჩასაფრებული პოზიცია აქვთ. თუ რომელიმე სამსახურის ბიუჯეტი გაზრდილია იძახიან რატომ გაზარდეთ, ხომ შეიძლება არ შესრულდესო.

 

 

 

როცა ვთქვით შევამცირეთ-თქო, მაშინვე აყვირდნენ, რატომ შეამცირეთ, ჩვენ დროს გაზრდილი იყო და ხომ შეიძლება, რაიმე აქტივობა გახდეს საჭიროო?!  მათი მიზანი მხოლოდ შენიშვნის თქმაა,“ - აცხადებს ავალიანი.

 

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ტრანსპორტის მოსაკრებელმა. რისთვისაც 500 000 ლარია გათვალისწინებული. „ნაციონალების“ თქმით, ხელისუფლება არსებულ პირობებში ტრანსპორტში ჩადებული თანხის ამოღებას ვერ  შეძლებს, წინაააღმდეგ შემთხვევაში მგზავრობის ღირებულების გაძვირება მოხდება. 

 

ამ მოსაზრებას  კატეგორიულად უარყოფენ ხელისუფლებაში. მათი თქმით, შესაძლოა, მომავალ წელს ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებაც მოხდეს. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ეს მხოლოდ მოსაზრებაა და, სავარაუდოდ, მომავალ წელს არ განხორციელდება.

„ნაციონალებმა“ შენიშვნები, არც საჯარიმო სანქციებიით ბიუჯეტის შესრულების იმედზე დაიშურეს.

 

„სამწუხაროდ, ბიუჯეტის დაგეგმვაში არაფერი შეცვლილა და წინა წლების ადეკვატურია. ჩვენ გვაკრიტიკებდით, რომ ბიუჯეტის შევსებას, საჯარიმო სანქიებიდან ამოღებული თანხებით ვცდილობდით, არადა თქვენც იგივეს აკეთებთ. როგორ აპირებთ თანხების ამოღებას, მაშინ როდესაც ქუთაისის  მთავარი გამზირი ჭავჭავაძე აღარაა სატრანზიტო და ავტობანმა ქუთაისში შემომავალი მანქანების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა?  ეს არ არის რეალურად ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა. ერთ თვეში თვითონაც მიხვდებით, რომ ცვლილება აუცილებლად უნდა შეიტანოთ, რადგან ბიუჯეტის შესრულება შეძლოთ. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ“ აღნიშნა საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ.

 

აღნიშნულ შენიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება საფინანსო სამსახურის უფროსმა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ თუკი მოხდება პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ავტობანის მიმდებარე მუნიციპალიტეტები (თერჯოლა, წყალტუბო) ქუთაისის ფარგლებში მოქცევა, ამ შემთხვევაში ავტობანზე დაჯარიმებული მძღოლებისგან ამოღებული თანხის ნაწილი ქუთაისის ბიუჯეტში შევა.

 

განსჯის საგანი თეატრების დაფინანსების სისტემაც გახდა. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, თეატრებზე  პასუხისმგებლობა კულტურის სამინისტრომ უნდა აიღოს. ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობა თეატრების საქმიანობაში არ და ვერ ერევა.

 

„წინა წლებშიც ასე იყო, მაგრამ ამაზე სულ გვქონდა კამათი კულტურის სამინისტროსთან.

 2012 წელს ეს საკითხი უნდა მოგვარებულიყო, თუმცა, ტრადიცია გრძელდება. უმჯობესია, ის თანხა, რომელიც თეატრების დაფინანსებისთვის გამოიყოფა, სხვა რამეს მოხმარდეს, ან თვითმმართველობას თეატრებთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს უფლებები გადაეცეს.
შენიშვნაზე განმარტება მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა გააკეთა. როგორც ჯუღელი აღნიშნავს, აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის მერი კულტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებას აწარმოებს. თუმცა ვარაუდობს, რომ ეს საკითხი მომავალ წელს ვერ მოგვარდება. ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თეატრების დაფინანსებაზე 2 მლნ ლარია განსაზღვრული.

 

საბიუჯეტო სისტემაში შესული ცვლილებაც გახდა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. კანონში შესული ცვლილებით, თვითმმართველობის ბიუჯეტი ცენტრალური ხდება.

ახალ საბიუჯეტო სისტემას სკეპტიკურად უყურებენ „ნაციონალები“  და აღნიშნავენ, რომ არსებული სისტემა სამუშაოების დროში გაჭიანურებას გამოიწვევს, ამავდროულად კი თვითმმართველობებს ფინანსთა მინისტრის კეთილ ნებაზე დამოკიდებულს გახდის.

შესაბამისად  უქმდება „ვი თი ბი“ ბანკთან დადებული ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2016 წელს უსრულდებოდა. სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებშიც მერიამ ბანკისგან საჩუქრად ერთჯერადად მილიონნახევარი ლარი და კოსტავას სახელობის ახალგაზრდული თეატრის შენობა მიიღო.

 

თვითმმართველობის ბიუჯეტს ფინანსთა სამინისტროზე დამოკიდებულს არ უწოდებს ირაკლი ავალიანი. რომელიც აღნიშნავს, რომ ეს იქნება ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც მერიის ყველა აქტივობას გამჭვირვალეს გახდის, რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს ჩართულობას, მისივე განცხადებით, თვითმმართველობა ყოველთვიურ ანგარიშს ისედაც უგზავნის სამინისტროს და ამ კუთხით რაიმე შეფერხება არ მოხდება. ამავდროულად ავალიანი ადასტურებს, რომ ბანკთან, რომლისგანაც ფინანსური აქტივი მხოლოდ ერთჯერადად მიიღო ადგილობრივმა ხელისუფლებამ  ხელშეკრულება გაუქმდება, რასაც მისი მოსაზრებით არანაირი საჯარიმოს სანქციები არ მოჰყვება.

 

ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა, როგორც აღვნიშნეთ, 2015 წელს ქუთაისის განვითარებისთვის 47 594 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია