დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, საქართველოს პრეზიდენტი და მისი დედინაცვალ-მამინაცვალი
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, საქართველოს პრეზიდენტი და მისი დედინაცვალ-მამინაცვალი
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 1694
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 490-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა. შეთანხმების რატიფიცირება ხორვატიამ, რუმინეთმა, ბულგარეთმა, ლიტვამ, ლატვიამ, მალტამ, სლოვაკეთმა, ესტონეთმა, უნგრეთმა, შვედეთმა და დანიამ მოახდინეს.

რატიფიკაციის პროცესს საქართველოს ახლანდელი და ყოფილი პრეზიდენტები ერთად ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილის მიწვევა ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებაზე საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისათვის ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა.  თუმცა, ხელისუფლება თავს იმით „იმშვიდებს,“ რომ ეს ჟესტი სულაც არ ნიშნავს სააკაშვილის პოლიტიკურ გავლენას ევროპაში, არამედ, უბრალოდ, ეს „გასეირნება სტრასბურგში“ იყო და მას ეს დიდი ხნის პარტნიორმა პარტიამ „ჩაუწყო.“

 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი  მიიჩნევს, ეს საკითხი „სახალხო პარტიის“ მნიშვნელოვანმა გავლენამ და მათმა უფლებამ გადაწყვიტა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მიემგზავრებიან მთავრობის წარმომადგენლები ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესზე დასასწრებად, ვოლსკის თქმით, ეს არის საპარლამენტო ღონისძიება და სამთავრობო სტრუქტურების დასწრებას არ ითვალისწინებს.

 

„უსიამოვნო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც ევროპული ფასეულობებისგან შორს დგას, ასეთ ღონისძიებაზეა მიწვეული, მაგრამ „სახალხო პარტიის“ სოლიდარობის მნიშვნელოვანმა გავლენამ და მათმა უფლებამ გადაწყვიტა ეს საკითხი“ - განაცხადა ვოლსკიმ.

 

მიხეილ სააკაშვილის რატიფიცირებაზე დასწრებამ ერთგვარი ინტრიგაც გამოიწვია. გაჩნდა კითხვა, ხომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტები. ყოფილმა პრეზიდენტმა ევროპარლამენტის შენობაში მოქმედ პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას კი ისე უპასუხა, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილსაც გადასწვდა.

„პრეზიდენტს იმდენი დედინაცვალი გამოატანა მამინაცვალმა, იმდენი მეთვალყურე გამოაყოლეს და იმდენი ელოდება მის დაბრუნებას, არ მინდა, რომ ვინმეს უხერხულობა შევუქმნა. მეტიც, ახლა მივდივარ, თან ძალიან მეჩქარება აუცილებელ შეხვედრაზე ანგელა მერკელთან ერთად,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველი გეგმით, რატიფიცირების პროცესზე დასასწრებად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უნდა გამგზავრებულიყო. თუმცა, ბოლო მომენტში მან გამგზავრება ვერ შეძლო, როგორც ამბობენ პრობლემების გამო. შესაბამისად, საქართველოს დელეგაცია მხოლოდ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების ამარა რჩებოდა, რაც არც თუ ისე მაღალი რანგით წარმოდგენაა საერთაშორისო ტრიბუნაზე. ბოლო მომენტში კი შეთანხმების  რატიფიცირების პროცესზე საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა. ამჯერად პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კინკლაობა აღარ ყოფილა, რადგან ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ამ ვიზიტში ჩართვა დელეგაციის ხელმძღვანელად, თურმე, საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის იდეა იყო, თუმცა ამ უკანასკნელმა ამ ფაქტზე კომენტარს დიპლომატიური დუმილი არჩია.

 

პრეზიდენტის ჩასვლა სტრასბურგში მისაღები აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობისათვის. როგორც დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, მისთვის მისაღებია, რომ საქართველოს რატიფიცირების პროცესის დროს ქვეყანას პრეზიდენტი წარადგენს. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რატიფიკაციის პროცესზე დასწრებას გამოეხმაურა.

 

„სტრასბურგში წავიდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც წავიდა როგორც ქვეყნის წარმომადგენელი და შესაბამისი სტატუსითა და ფუნქციით ესწრება სხდომას. რაც შეეხება სააკაშვილს, მე არ ვიცი, სააკაშვილი რა სტატუსით არის. ამ წუთებში გავრცელდა ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება, რომელიც ასევე ამბობს, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ რა სტატუსით არის. თუმცა თქვენც რომ ჩახვიდეთ, მეც რომ ჩავიდე, ან ნებისმიერი ადამიანი, თავისუფლად შეძლებს დაესწროს ამ სხდომას, ვინაიდან ეს არის ღია დაწესებულება, სადაც დასწრება საჯაროა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის სტრასბურგში გამგზავრება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო.

 

„მე მივესალმები პრეზიდენტ მარგველაშილის გადაწყვეტილებას სტრასბურგში წაბრძანებასთან და რატიფიცირების პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით. მისი მხრიდან ეს არის სწორი და დროული გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ  ის წარმოადგენს  სახელმწიფოს უმაღლეს უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს, მისი ჩასვლა სტრასბურგში და მნიშვნელოვან სარიტუალო ღონისძიებაზე დასწრება, არის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

როგორც თინა ხიდაშელი განმარტავს, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია.

 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, „ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის ახალი სამართლებრივი ჩარჩოა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა მიმართულებით“. ბერუჩაშვილი აღნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების, განვითარების და გამთლიანებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი.

რატიფიცირების პარალელურად, ევროპარლამენტმა რეზოლუციაც მიიღო, რომელსაც ხმა მისცა 491 დეპუტატმა 84-ის წინააღმდეგ (კენჭისყრას არ ესწრებოდა 63 პარლამენტარი). რეზოლუციაში ევროპარლამენტის წევრები ხაზს უსვამენ, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძალაშია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას.

 

ევროპარლამენტი გმობს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ეგრეთ წოდებულ“ შეთანხმებას აფხაზეთსა და რუსეთს შორის, როგორც აფხაზეთის სრული ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, და მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს ეს შეთანხმება. 

 

გარდა ამისა, ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას რეფორმების გატარების კუთხით და სხვა ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს მსგავსად, მასაც აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, თუ ის დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს. მიუხედავად ამისა, ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს რეფორმების კონსოლიდაციისკენ, მოუწოდებს მას წერტილი დაუსვას სამართლის შერჩევით და პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას და  ძალისხმევა მიმართოს ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, რომლისთვისაც უცხო იქნება დისკრიმინაცია, რომელშიც იქნება პლურალიზმი, ტოლერანტობა, სოლიდარობა და თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია