დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ნუთუ, ქართველობა ღორობას ნიშნავს?!“
სულ ნანახია 1522
ავტორი:

ამ რამდენიმე დღის წინ ქ. წყალტუბოს მცხოვრებმა - მევლუდ ბობოხიძემ თხოვნით მოგვმართა (თავისი და სხვა პოლიტრეპრესირებულთა გასაჭირზე) და გვთხოვა საჯაროობისათვის გამოგვექვეყნებია ეს განცხადება, რომლითაც მან ერთდროულად პარლამენტის რამდენიმე პასუხისმგებელ პირს მიმართა.

 

გთავაზობთ ამ განცხადებას.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს -

დავით უსუფაშვილს!

პარლამენტის უმრავლესობის ლიდერს - დავით საგანელიძეს!

პარლამენტის უმცირესობის ლიდერს - დავით ბაქრაძეს!

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს - დავით ონოფრიშვილს!

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს - ვახტანგ ხმალაძეს!

ადამიანთა უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს - ეკა ბესელიას!

საქათრველოს პარლამენტის წევრს - დავით ბერძენიშვილს!

 

ქ. წყალტუბოში, შანიძის ქ. 6/35-ში მცხოვრებ - მევლუდ სერგოს ძე ბობოხიძის (პ.ნ. 53 001 009 156. ტელ: 595 411 290)

 

განცხადება

 

მოგახსენებთ, რომ ვარ სტალინური რეპრესიების მსხვერპლი და მრავალი წელია, ვიბრძვი რეპრესირებულთათვის ნორმალური პენსიისა და კომპენსაციის მისაღებად, მაგრამ ამაოდ. 2006 წელს საქმე სტრასბურგამდეც მივიდა,  სადაც დაავალდებულეს ჩვენი სახელმწიფო, რომ საჩივრის ავტორებისათვის 4000-4000 ევრო გადაეხადათ. ასევე მიუთითეს, რომ დაეკმაყოფილებინათ სხვა რეპრესირებულები, მაგრამ ეს გაკვეთილი საკმარისი არ აღმოჩნდა ჩვენი ხელისუფლებისათვის, რადგან მიშამ იმ 4000-4000 ევროში, 200-დან 500 ლარამდე თანხა დაინახა, ხოლო ბიძინამ (და ისიც სტრასბურგიდან განმეორებითი გაფრთხილების შემდეგ) 1000-დან 2000 ლარამდე თანხა. არადა, მიდის გამალებული ყლაპვა ხალხის ფულების: ეს იქნება გაზრდილი ხელფასები, სახელფასო დანამატები, უზარმაზარი პრემიები თუ სხვა - ფუფუნების საგნები. ხდება ისე, რომ ზოგ თვეში ზოგი უსახური (თუ კრიმინალური არა) ჩინოვნიკი იმაზე მეტ თანხას იღებს (10, 20, 30, 40 ათასი ლარი) ერთჯერადად, ხელფასის ზემოთ, პრემიებისა თუ სახელფასო დანამატების სახით, ვიდრე ეს გვეკუთვნის რეპრესირებულებს მთლიანად კომპენსაციის სახით (დაახლოებით 10000 ლარი). ხალხის კულტურულად გაქურდვამ („კანონიერად“ გაქურდვამ თუ ხელისულებაში მოკალათებული კანონიერი ქურდების მაქინაციებმა, როგორც გინდათ, ისე გამიგეთ ეს) დღეს ჩვენს სახელისუფლებო სტრუქტურებში მიაღწია უმაღლეს დონეს. ხალხი გმინავს თქვენი გაუმაძღარი სტომაქების გამო. ყველგან სიცრუე, გათახსირებაა და არანაირი სამართალი არ მოიძებნება სადმე. მხოლოდ ხალხის ქონების თქვლეფაა გამეფებული ირგვლივ და კლანებს შორის დაუსრულებელი ჩხუბი.

ამასთან, სახეზეა სახელისუფლებო კრეტინიზმიც, ანუ ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი შიმშილობს და უბინაოდაა, მილიარდ ლარზე მეტი თანხა აუთვისებელია ბიუჯეტში და არ იცით, სად წაიღოთ. უბრალოდ რომ ვთქვათ: - მეტი, ალბათ, არ ჩაგეტიათ თქვენს გაუმაძღარ მუცლებში, თორემ რას მოირჩენდით? არადა, როგორც ცნობილია, ბოლო ათ-თხუთმეტ წელიწადში (შევარდნაძე გველს რომ თავი დავანებოთ), იმდენი თანხები იფლანგება ხელისუფლების მიერ ჩვენს გაძვალტყავებულ ქვეყანაში, რომ ასჯერ მაინც გაგვისტუმრებდნენ არამარტო სტალინური რეპრესიების მსხვერპლთ, არამედ გადაჭრიდნენ ყველა პრობლემას, რაც კი გააჩნია ჩვენს ხალხს დღეს.

სირცხვილია, ბატონებო! ნუთუ, ქართველობა ღორობას ნიშნავს, რომ ვერაფრით მოინახა, ხელისუფლებაში მაინც, ისეთი ხალხი, რომლებიც თუნდაც ათასობით ლარიანი ხელფასების საფასურად მოემსახურებოდა ქვეყანას? რა გახდა ასეთი თქვენი მოცლების ამოყორვა, რომ არ დაგადგათ საშველი? მარტო ის, რომ ხელფასების დანამატები და პრემიები არ მიგეღოთ ბოლო ორ წელიწადში (რომ არაფერი ვთქვათ „ნაციონალთა“ ქურდობებზე), სტალინის დროინდელ რეპრესიათა მსხვერპლთ სამჯერ მაინც გაისტუმრებდით, ვინაიდან, როგორც თქვეს, სულ რვაათასზე ცოტა მეტი რეპრესირებული ყოფილა ქვეყენაში, რომელთაც სულ 80 მილიონი ლარიც ყოფნის. და თქვენს პრემიებსა და სახელფასო დანამატებს რომ თავი დავანებოთ. წელს ბიუჯეტში აუთვისებელი ფულიდან, ხომ მხოლოდ 8%-ია ამისთვის საჭირო და მეტი არა. მაშ რა ხდება, რატომ ვერ იმეტებთ? გადადგით ბოლოსდაბოლოს ეს ნაბიჯი, გააკეთეთ თუნდაც ერთი კეთილი საქმე მაინც ცხოვრებაში თუ სულ ასე ბოროტების გზით გინდათ იაროთ?

ცხადია, ჩემი წერილი ყველას ერთნაირად არ გეკუთვნით (ან კიდევ შეიძლება ზოგს სრულებით არ გეკუთნოდეთ) მაგრამ ვინაიდან ხელისუფლებაში ხართ, ვალდებული ხართ, თქვენი მოვალეობის შესრულებისათვის იბრძოლოთ, თუ არა და დატოვეთ ხელისუფლება. საკუთარ სინდისსაც ხომ გაფრთხილება უნდა?

 

მევლუდ ბობოხიძე

12.12. 2014 წ.

 

 

 

P.S. მევლუდ ბობოხიძე: „აღნიშნულ განცხადებაზე მალევე გამომეხმაურა პარლამენტის დეპუტატი დავით ბერძენიშვილი და თანაგრძნობა გამოხატა ჩვენს მიმართ. ბატონი დავითი ერთ-ერთი ის ადამიანია იმ 7 პირს შორის, რომელიც მართლა იბრძოდა ჩვენი უფლებების დასაცავად ყოველთვის და როგორც ჩანს, ახლაც გრძნობს პასუხისმგებლობას, განსხვავებით სხვებისაგან, რომლებიც, ჯერჯერობით, თავს იკავებენ და სიტყვიერადაც არ გამოხატავენ თანაგრძნობას ჩვენს მიმართ.“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია