7 წლის ანანო იმ დღესაც ჩვეულებრისამებრ წავიდა სკოლაში. დუმდა და ვერავინ შეატყო, რომ მამის ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი შეშუპებული თვალები და დაღლილი სახე უძილობით ახსნეს. მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ გამოტყდა, რომ თავი ტკიოდა. სწორედ მაშინ გაიგეს ანანოს ოჯახური კონფლიქტის შესახებ.
როგორც გოგონა ჰყვება, მამამ (რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს) დედის დატოვებული ოთხი ლარის გამო სასტიკად ცემა.
ანანო მამასთან ერთად მარტო ცხოვრობდა და ძალადობის პირისპირაც მარტო აღმოჩნდა. დედა მამის რჩევით სამუშაოდ საზღვარგარეთ იყო წასული.
მიუხედავად მომხდარისა, კლასის დამრიგებელი ამბობს, რომ მას ანანოზე ძალადობის კვალი არასდროს შეუმჩნევია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბავშვი განსხვავებულ ხასიათს ავლენდა, ჯიუტი იყო და შეეძლო გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ოთახიდან ყოველგვარი ნებართვის გარეშე გასულიყო.
„ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ამბავი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მამასთან მარტო ცხოვრობდა, ყოველთვის მოწესრიგებული დადიოდა. ყურადღებას აქცევდა და არც სკოლას აცდენინებდა. ანანომ ერთხელ ისიც მითხრა, რომ მამამ ლობიანი გამოუცხო და ანანო დააწერა. ვერ ვიტყვი რა მოხდა. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დედასაც არ უსაუბრია და სახლში რა ხდებოდა, ნამდვილად ვერ გავიგებდი, თუ ძალადობის შემთხვევები იყო, დედას ბავშვი მოძალადე მამასთან არ უნდა დაეტოვებინა.“
ოჯახში არსებულ ძალადობაზე დაგვიანებით საუბრობს ანანოს დედაც ე.პ. რომელიც, როგორც ირკვევა ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში იყო.
„მეუღლე ჩემზე მუდმივად ძალადობდა. ბავშვის მიმართ კი ასეთი აგრესია არასდროს გამოუვლენია. შეიძლება, ეყვირა და მსუბუქად დაესაჯა, მაგრამ ცემით არასდროს უცემია. ასე რომ ყოფილიყო, მასთან როგორ დავტოვებდი?! სამწუხაროდ, ჩემი შვილი ძალადობის პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. მეუღლეს ფსიქიკური პრობლემა აქვს, მაგრამ „თეთრი ბილეთი“ თუ ჰქონდა, არ ვიცოდი და ახლა გავიგე.“
მომხდარი, შესახებ სკოლამ სოციალური მომსახურების სააგენტოს და საპატრულო პოლიციას იმ დღესვე აცნობა. ბავშვი მამიდასთან გადაიყვანეს, მამაზე კი შემაკავებელი ორდერი გაიცა.
შემთხვევის სიმძიმის მიუხედავად, ფსიქიკური პრობლემის მქონე მშობლის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანაც არ მომხდარა. როგორც აღვნიშნეთ, ერთადერთი შეზღუდვა, რაც მამას დაუწესდა, მასზე გამოწერილი შემაკავებელი ორდერია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მოძალადის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შემაკავებელი ორდერი მისთვის დაბრკოლება ვერ იქნება და შესაძლოა, ბავშვზე ძალადობის ფაქტი ისევ განმეორდეს, რის ალბათობასაც ანანოს მამიდის ნაამბობიც ამყარებს. როგორც მოძალადის და ჰყვება, ოჯახიდან დედასთან ერთად ძმის მიერ მათზე არაერთხელ განხორციელებული ძალადობის გამო წავიდა.
შემაკავებელი ორდერი რომ უსაფრთხოების გარანტია არ არის, ადასტურებს ანანოს დედა ე.პ. როგორც იგი ამბობს, სკოლაში წასვლისას გზად მეუღლის სახლთან უხდებათ გავლა, რაც მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც ე.პ. აღნიშნავს, მომხდარის შემდეგ მასთან პოლიცია აღარ მისულა, თუმცა, ბოლო გამოძახებისას პატრულმა უთხრა, რომ შორიდან ადევნებენ თვალს და რისკების თავიდან ასაცილებლად მათ ამბავსაც ეცნობიან, რაც დედა-შვილისთვის დამამშვიდებელ ფაქტორი მაინც არ არის.
„შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, მაგრამ თავს უსაფრთხოდ ვერ გვრძნობ. მეშინია, გზაში არ დაგვხვდეს და ჩემმა შვილმა კიდევ არ მიიღოს ტრავმვა. ძალადობა მას შემდეგაც კი განმეორდა, რაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. სახლში ბავშვის ნივთების წამოსაღებად რომ მივედი, მიუხედავად სასამართლოს ნებართვისა, ნივთების წამოღების უფლება არ მომცა და ჩხუბი დამიწყო. პოლიცია გამოვიძახე, ვიდრე ისინი მოვიდნენ, ჩემი ქმარი უკვე სახლში აღარ იყო. პოლიციამ მითხრა, რომ შორიდან იგებენ ჩვენს ამბავს, ესეც კარგია, მაგრამ მარტო როცა ვიქნები, როგრო მოვიქცე? როგორც გითხარით, ჩემს მიმართ ხშირად ძალადობდა. რამდენიმე წლის წინ დავშორდი, მაგრამ ანანოს დაჟინებული თხოვნის გამო ისევ შევურიგდი. თუმცა, რას წარმოვიდგენდი, რომ ძალადობის მსხვერპლი ჩემს შემდეგ ჩემი შვილიც გახდებოდა.“
***
არის თუ არა კანონით გათვალისწინებული ზომები საკმარისი ოჯახურ ძალადობასთან საბრძოლველად და რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლის ეფექტურად დაცვას?
ერთადერთი ბერკეტი, რაც სახელმწიფოს რეალურად აქვს, შემაკავებელი და დამცავი ორდერებია, რაც თავის მხრივ ძალადობის მსხვერპლთა და თვითმხილველთა თქმით, ძალადობის აღსაკვეთად საკმარისი არ არის. მართალია, შემაკავებელი ორდერი მოძალადეს კანონის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლთან მიახლოვებას უკრძალავს, თუმცა, ის, როგორც აკრძალვა, მაინც ვერ იქნება გარანტი ბავშვის დაცულობისა. სამწუხაროდ, განმეორების შემთხვევაში ძალადობა, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს.
ქალაქში ასევე თავშესაფრების პრობლემაც არსებობს, რომლის შესახებაც პედაგოგები და რიგითი მოქალაქეები საუბრობენ.
შევეცადეთ, თავშესაფრებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გავცნობოდით, მაგრამ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ მისამართებზე თავშესაფრები ვერ ვიპოვეთ.
როგორც მეურვეობა-მზრუნველობის იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ნათია წივწივაძე საუბრობს, სახელმწიფოს მიზანია ბავშვი ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს, რისთვისაც მაქსიმალურად ცდილობს, პრობლემა ნაკლებად მძიმე მექანიზმებით დაარეგულიროს.
„ყველანაირად ვცდილობთ, ბავშვი ბიოლოგიურ მშობლებთან დარჩეს, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანა. მოძალადის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, რაც უფლების შეზღუდვით გამოიხატება.
ამის პარალელურად, ძალადობის მსხვერპლზე მონიტორინგს ვაგრძელებთ. თუ პირი გადალახავს ორდერით დაწესებულ ვალდებულებას, მოქმედებას იწყებს დამცავი ორდერი. მხარეების (მშობლები) მიერ ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში, დამცავი ორდერი უქმდება,“ - ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილე, მეურვეობა-მზრუნველობის იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ნათია წივწივაძე.
***
კანონში არსებულ ხარვეზებთან ერთად მნიშვნელოვან ფაქტორს სამოქალაქო განათლების პრობლემა წარმოადგენს. მშობლის ან მეურვის უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ ყურის აწევა, ყვირილი და მსუბუქად ცემა ძალადობაა და რომ ამით ბავშვის დისკრიმინაცია ხდება. როგორც მოძალადეები, ასევე მსხვერპლები, ძალადობის ფაქტებს უმეტესად ოჯახის იმიჯის შესაძლო შელახვის მოტივით მალავენ.ჯ
***
ძალადობამ 7 წლის ანანოზეც დატოვა კვალი. დედის თქმით, ანანო უფრო ჩაკეტილი და აგრესიული გახდა. არ საუბრობს, ყველაფრის ეშინია და ყველაფერზე ტირის.
მასთან ახლა ფსიქოლოგი მუშაობს. ანანოს და დედამისს წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომ, აპირებენ თავშესაფრით ისარგებლონ. დედას იმედი აქვს, რომ მომავალში სამუშაოს იპოვის და შვილის გაზრდას დამოუკიდებლად შეძლებს.
ანანოს დედასთან ერთად სკოლაში შევხვდი. ერთი შეხედვითაც გამოარჩევთ სხვა ბავშვებისგან - ჩუმად არის, გარიყულად დგას და თავდახრილია. თითქოს საკუთარი მამის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ მასზე სამუდამო დაღი დატოვა და არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩინა, ამიტომ ბავშვი, რომელმაც წლების წინ დედას გაშორებულ მეუღლესთან შერიგება მამისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო სთხოვა, დღეს მამას საერთოდ აღარ ახსენებს. ერთადერთი, რასაც ახლა გრძნობს, მხოლოდ შიშია, შიში საყვარელი მამისგან დაუცველობის.