დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯანდაცვის მინისტრის დაპირება არ გამართლდა - ამბულატორიის ექიმები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ
ჯანდაცვის მინისტრის დაპირება არ გამართლდა - ამბულატორიის ექიმები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 3137
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

უკმაყოფილო ექიმები გეგმავენ, სადაზღვევო კომპანიას სასამართლოში უჩივლონ

 

 

საქართველოს თითქმის ყველა სოფელს ჰყავს ექიმი და აქვს ე.წ. ამბულატორია, თუმცა, რეალურად არც სოფლის ექიმები არიან ჯანდაცვის საერთო სისტემის ნაწილი და არც ამბულატორიები არსებობენ იმ ფორმით, რასაც ეს მცნება ითვალისწინებს. ექიმები რეგისტრირებული ინდმეწარმეები არიან, ხოლო  ე.წ. ამბულატორიები ყველა სოფელში   გამგეობის რომელიმე ოთახში არიან შეკუჭულები და არ ხდება მონიტორინგი, როგორ ახერხებენ ისინი პაციენტთა მომსახურებას, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო  ხელისუფლების შეცვლამდე.


ჯანდაცვის პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებების შედეგად ინდმეწარმე სოფლის ექიმებს პრობლემები შეექმნათ სადაზღვევო კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადახდა ვეღარ შეძლო და სოფლის ექიმები, ფაქტობრივად, უხელფასოდ დარჩნენ.


ამბულატორიების ექიმთა ანაზღაურება 500 ლარი იყო, თანხის ნახევარს ჯანდაცვის სამინისტრო, ნახევარს კი ის სადაზღვევო კომპანია ფარავდა, რომელთანაც მედპერსონალს ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული. ამბულატორიის ექიმები დარიცხული 500 ლარიდან, არსებული წესდების ფარგლებში, პირველადი მოხმარების ნივთებს და მედიკამენტებს თავად იძენდნენ. აღსანიშნავია, რომ არ ხდებოდა არანაირი  მონიტორინგი არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც სადაზღვევო კომპანიის მიერ, რა რაოდენობის მედიკამენტს ყიდულობდა ექიმი. გატარებული ხარჯები მხოლოდ საბუთებით ფასდებოდა.


რთული მდგომარეობაა ამბულატორიების შენობების კუთხით. უმეტეს შემთხვევაში, ამბულატორიები გამგეობის შენობაშია შეხიზნული. თემაზე მუშაობის პერიოდში, რამდენიმე სოფლის ამბულატორიის მუშაობის პროცესს ადგილზე გავეცანით.


მაგალითად, სავალალო მდგომარეობაშია წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის ამბულატორია, რომელიც გამგეობის ნახევრად დანგრეულ შენობაში არსებობს და, ბუნებრივია, ასეთ პირობებში ადგილობრივი მოსახლეობა ექიმის მომსახურებით არც სარგებლობს, რადგან, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, არ ენდობიან და ურჩევნიათ, ქალაქის საავადმყოფოს მიაკითხონ.


„აქ კარგად რომ იყო, მაშინ გახდები ცუდად და ავადმყოფს რა დაემართება. დანგრეულია ყველაფერი და ანტისანიტარიაა. გვირჩევნია ქუთაისში წავიდეთ სამკურნალოდ. არ ვიცით, საერთოდ, რას მუშაობენ, მგონი აქ არც არავინ დადის,“ აღნიშნეს ადგილობრივებმა.


მსგავსი სიტუაციაა რამდენიმე სოფლის ამბულატორიაში, თუმცა ბევრია ისეთი სოფელი იმერეთში, სადაც ამბულატორიებს სასიცოცხლო დანიშნულება აქვთ.


საქმის შესწავლიდან ირკვევა, რომ პირველადი დანიშნულების ნივთების და მედიკამენტების ხელფასიდან შეძენა სხვადასხვა ამბულატორიების ექიმებს არათანაბარ პირობებში აყენებს. იმ ექიმებს, რომელთაც მეტი პაციენტის მიღება უწევთ, გაცილებით მეტ თანხას იხდიან საჭირო ნივთებში, რაც მათ ხელფასზე პირდაპირ აისახება.


ის, რომ ამბულატორიების გამართული მუშაობა ექიმების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ადასტურებენ თავად ექიმები. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ სადაზღვევო კომპანიას მათი დავალიანება ამ დრომდე არ დაუფარავს. შეწყვეტილი ხელფასების გადახდის მოთხოვნით იმერეთის რამდენიმე რაიონის სოფლის ექიმებმა ივნისში პარლამენტთან აქცია გამართეს, როგორც ისინი აცხადებდნენ, სადაზღვევო კომპანიამ ხელშეკრულება გაუფრთხილებლად შეუწყიტა და თანხის გადახდაზე უარი განაცხადა. რის გამოც, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან ამბულატორიის ექიმებს, მხოლოდ ხელფასის ნაწილი ერიხცებათ.


ია რაზმაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის ამბულატორიის ექიმი: „რა თქმა უნდა, არათანაბარ პირობებში გვიწევს მუშაობა, არიან ექიმები, რომლებიც სრული დატვირთვით არ მუშაობენ და, შესაბამისად, ნაკლებ მედიკამენტს ყიდულობენ. ჩვენ ამ ნახევარი ხელფასით, რაც 250 ლარს შეადგენს, ვიხდით დენის გადასახადს, ვაგროვებთ გარკვეულ თანხას, რომ საჭირო ნივთები და მედიკამენტები შევიძინოთ, რადგან მინისტრის ბრძანებულებით გვევალება, რომ სამედიცინო ჩანთა ყოველთვის მზად გვქონდეს, უამრავ ადამიანს ვუწევთ პირველად სამედიცინო დახმარებას და ჩვენი ისედაც მიზერული თანხა ისევ ამბულატორიისთვის გვეხარჯება. კარგი იქნება, თუ ეს მოდელი შეიცვლება, არ ვიცით, სამინისტროს ამბულატორიებთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება, რაც შეეხება ხელფასს, მხოლოდ სახელმწიფოს ნაწილი გვერიცხება, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით კი, კომპანიას ამ დროისათვის საკმარისი თანხა არ აქვს.“


ნატო გიორგაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულას ამბულატორიის ექიმი: „ჯეო ჰოსპიტალსს“ აპრილის თვიდან მოყოლებული დავალიანება არ დაუფარავს, შეგვპირდნენ, რომ ხელფასის 75 პროცენტი დაგვერიცხებოდა, მაგრამ მხოლოდ ივლისის თვეში დაგვირიცხეს 125 ლარი. ეგ იყო და ეგ. არ ვიცით, რას გვიპირებენ. ჩვენ ვაპირებთ, რომ სადაზღვევო კომპანიას სასამართლოში ვუჩივლოთ. დღემდე ტყუილი დაპირებებით მოვყავართ, მხოლოდ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს ეკონომიკური კრიზისი, ჩვენც ამ დღეში ვართ. ამიტომ ჩვენი კუთვნილი თანხისთვის სასამართლოს გზით ვიბრძოლებთ.“


 

***

ამბულატორიების თანადაფინანსების მოდელი წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და სადაზღვევო კომპანიას დაეკისრა ვალდებულება - თანხის ნახევარი სამინისტროსთან ერთად დაეფარა. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ დაკისრებულმა მოვალეობამ კომპანიები გაკოტრების პირას მიიყვანა.


სადაზღვევო კომპანიის მიერ ხელფასების შეწყვეტის მიზეზებზე  „ჯეო ჰოსპიტალსის“ ზესტაფონის რეგიონალური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ლია ებანოიძემ გაზეთ „P.S.“-სთან ისაუბრა. ებანოიძე ექიმებისთვის ხელფასის შეწყვეტის მიზეზებზე რამდენიმე თვის წინ ჩავწერეთ, თუმცა, ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა და სადაზღვევო კომპანიას დავალიანება, ჯერჯერობით, არ დაუფარავს.


„ჩვენ კარგად გვესმის ექიმების მდგომარეობა, მაგრამ დაკისრებულმა მოვალეობამ სადაზღვევო კომპანიები ცუდ პირობებში ჩააყენა. ჩვენ არ გავურბივართ იმ დავალიანების გადახდას, რაც „ჯეო ჰოსპიტალსს“ დარჩა, მაგრამ მომავალ თვეებში ვეღარ გავაგრძელებთ ხელფასების გადახდას. ეს სახელმწიფოს მოვალეობაა და სახელმწიფომ თავისი ვალდებულება უკან წაიღოს. ჩვენ ვთავაზობთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ამბულატორიების მედპერსონალის ხელფასები სამინისტრომ დაარიგოს, ჩვენ კი, ჩვენთან დაზღვეული თითოეული ადამიანის მომსახურებისათვის ექიმს ბონუსის სახით გადავუხდით გარკვეულ თანხას, რაც ექიმის ხელფასს კიდევ უფრო გაზრდის,“ - განაცხადა ლია ებანოიძემ.


ამბულატორიების გაუმართავ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, როგორც მან გაზეთ „P.S.“-თან საუბრისას აღნიშნა, ამბულატორიების უმეტესობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და აუცილებელია მუშაობის ახალ სისტემაზე გადასვლა, თუმცა, ახალ მოდელზე მუშაობა სადაზღვევო კომპანიების მიერ დავალიანების დაფარვისთანავე დაიწყება.


„ამ ეტაპზე სოფლის ამბულატორიები, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, არ არსებობენ. ეს ექიმები არიან კერძო პირები, რომელთაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები და ისინი სამკურნალო აქტივობებს ახორციელებენ მათთვის საერთოდ გაუგებარ დაწესებულებებში, ანუ ეს არის საერთოდ დაშლილი სისტემა, რომელშიც ვეცადეთ ლოგიკის ნახვა, მაგრამ ვერ მოვნახეთ. ნუ, ახლა გვაქვს ის, რაც გვაქს. პირველი აუცილებელი პირობაა, რომ სადაზღვევო კომპანიამ დავალიანება უნდა დაფაროს. მე მივიღე დაპირება სადაზღვევო კომპანიისგან, რომ შემდეგ კვირაში დავალიანების დიდი ნაწილი დაიფარება, ხოლო რაც დარჩება, მცირე ნაწილი, მისი დაფარვაც მალევე მოხდება. ამის შემდგომ კი ჩვენი ხედვა არის ის, რომ სოფლის ექიმი უნდა იყოს ერთიანი ჯანდაცვის სისტემის ნაწილი. ჩვენ საქმის ყურში უნდა ვიყოთ, რა ულხინს, რა უჭირს და როგორ მუშაობს ის. მე ახლა ამას ვერ ვაკეთებ, რადგან არ მაქვს მორალური უფლება, რომ მათ მოვკითხო: აბა, რა იმუშავეთ და ასე შემდეგ. აი, მერე კი, როცა დავალიანებები დაიფარება, ვითანამშრომლებ მათთან როგორც კოლეგებთან. მერე სულ სხვაგვარი მოთხოვნებიც იქნება ჩვენის მხრიდან და, შესაბამისად, მათგანაც. ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს არა მარტო გეგმა და სტრატეგია, არამედ უკვე არსებობს პროექტი - როგორ უნდა განხორციელდეს ეს გეგმა, როგორ უნდა იფუნქციონიროს სოფლის ამბულატორიებმა. მთავარია, დასრულდეს დავალიანებების დაფარვა. თუ როგორი იქნება ეს პროექტი, ამას შემდგომში უფრო დეტალურად განვიხილავთ,“ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.


მიუხედავად მინისტრის დაპირებისა, გასულ კვირაში ექიმებმა მხოლოდ სექტემბრის ხელფასის 75 პროცენტი მიიღეს და გასული თვეების დავალიანება სადაზღვევო კომპანიას ამ დრომდე არ დაუფარავს.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ამბულატორიის ექიმები psnews.ge-ს დაუკავშირდნენ და აღნიშნეს, რომ მიუხედავად მოლოდინისა, მათ მხოლოდ ხელფასის ის ნაწილი მიიღეს, რომელსაც სახელმწიფო ფარავს.


„გვქონდა იმედი, რომ მინისტრის დაპირება გამართლდებოდა და სადაზღვევო კომპანია დავალიანებას დაფარავდა, მაგრამ  მიმდინარე თვის ხელფასის მხოლოდ 75 პროცენტი ჩაგვერიცხა, არაფერი არ შეცვლილა და სადაზღვევო  არც ზუსტ დროს გვისახელებს, როდის დაფარავს ექიმების დავალიანებას,“ - აღნიშნა პირველი სვირის ამბულატორიის ექიმმა მანანა ცხადაძემ.


ექიმების განცხადებით, ისინი იმავე აზრზე რჩებიან - აპირებენ სადაზღვევო კომპანიას სასამართლოში უჩივლონ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია