დავითაშვილის ჩავარდნილი ინიციატივის გამო, ხორცის მაღაზიის მეპატრონეების გაკოტრების პირას არიან
მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებით, ხორცის მაღაზიის მეპატრონეებს საქონლის სოფლებში დაკვლა და ხორცის სარეალიზაციოდ გატანა აეკრძალათ. ახალი კანონმდებლობით, პირუტყვი ბოინზე უნდა დაიკლას, საიდანაც ხორცის ბაზარზე რეალიზაცია მოხდება.
აღნიშნულმა აკრძალვამ ხორცის მაღაზიების მეპატრონეების უკმაყოფილება გამოიწვია. მალე პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო და ქუთაისში ხორცის მაღაზიებმა მუშაობა შეაჩერეს. გაფიცულები ირწმუნებოდნენ, რომ პირუტყვის ცოცხლად ჩამოყვანის გამო ხარჯები საგრძნობლად გაიზრდებოდა და, შესაბამისად, ხორცის ღირებულება მოიმატებდა.
გაფიცულები უკმაყოფილებას მოსახლეობის უყურადღებობის გამოც გამოთქვამდნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ, მომხდარი მოსახლეობის მცირე ბიუჯეტს მძიმედ დააწვებოდა.
მოგვიანებით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, მაღაზიის მეპატრონეებმა პირუტყვის სოფლებიდან ჩამოყვანა და ქუთაისში ბოინზე დაკვლა დაიწყეს.
კანონის ინიციატორები ირწმუნებოდნენ, რომ პირუტყვის ბოინზე დაკვლა ბაზარს უხარისხო ხორცისგან დაიცავდა, თუმცა, „მეხორცეების“ განცხადებით, მხოლოდ აღნიშნული აკრძალვა ბაზრის დაცვას ვერ შეძლებდა.
გაზეთი „P.S.“ დაინტერესდა გაეგო, 7 თვის შემდეგ რამდენად გაამართლა ბოინის მუშაობამ. ქალაქის მასშტაბით არსებული ხორცის მაღაზიებში გამოკითხვა ჩავატარეთ. მაღაზიის მეპატრონეების და რეალიზატორების მოსაზრება ერთმანეთის იდენტურია და ყველანი მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ:
ავთანდილ ჭაბუკაშვილი, ხორცის მაღაზიის მეპატრონე: „რასაც მაშინ ვამბობდით, ისევ იმას ვიტყვით. ამ კანონით ჩვენი მდგომარეობა გაუარესდა. გაკოტრების პირას ვართ მისულები. წარმოიდგინეთ, ჯერ უნდა მოვძებნოთ საქონელი, მერე წავიდეთ და ცოცხლად ჩამოვიყვანოთ მანქანით, ესეც ხომ ხარჯია; ამას ემატება ბოინზე დაკვლის ფული - კილოზე 50 თეთრი, მერე ექიმის შემოწმების თანხა, ამას დამატებული - ბოინიდან ხორცის წამოღება. გამოდის, რომ ერთ პირუტყვზე 200 ლარის ზარალი გვაქვს. ეს ყველაფერი, თავისთავად, ხორცის ფასზე აისახება.“
ნიკო იობიძე, მაღაზიის მეპატრონე: „თქვენი დაინტერესება რას გვიშველის, ვისაც ეხება, ის ადამიანები არ ინტერესდებიან. გაუარესებულია მდგომარეობა, ჩვენ ხარჯს ვერ ავუდივართ, მოსახლეობა კი ხორცს ვერ ყიდულობს. ისევ ის მდგომარეობა სჯობდა, დაკლული პირუტყვი ჩამოგვყავდა, ექიმი ადგილზე ამოწმებდა და ხარჯიც ნაკლები იყო. მთავრობისთვის მთავარია, კანონი მიიღოს და ხალხის მდგომარეობით არავინ ინტერესდება. კერძო ინტერესები იყო ჩადებული და ამიტომ მიიღეს ეს ცვლილება. გაცილებით ნორმალური იქნება, პირუტყვების სასაკლაო სოფლებში იყოს მოწყობილი და არა - ქუთაისში“.
შეგახსენებთ, რომ ბოინი ქუთაისში, ნიკეას დასახლებშია, და მიმდებარე სოფლებს ემსახურება. ბოინის თანამშრომლებიც, ხორცის მაღაზიების მეპატრონეთა მოსაზრებას იზიარებენ და აცხადებენ, რომ დაკლული საქონლის ჩამოტანა გაცილებით ხელსაყრელი იყო, ვინაიდან ბოინის ორ თანამშრომელს დატვირთულ გრაფიკში უწევს მუშაობა და ანაზღაურებაც ნაკლები აქვს.
ე.წ. სასაკლაოების სოფლებში მოწყობის წინადადებით პარლამენტს აწ უკვე ყოფილმა უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა ივნისში მიმართა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ, ყოფილი თანაგუნდელის ინიციატივას მხარი ერთსულოვნად არ დაუჭირა და კანონპროექტი ორი ხმით ჩავარდა.