დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წარმატებულთა თუ წარუმატებელთა იმპორტი?
წარმატებულთა თუ წარუმატებელთა იმპორტი?
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 2033
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე
მსგავსი სიახლეები

უკრაინის ახალ მინისტრთა კაბინეტში ჯანდაცვის მინისტრის პორტფელი ქართველს ჩააბარეს. უკრაინის რადამ მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა, რომლის  შემადგენლობაში ალექსანდრე კვიტაშვილიც არის. ახალ მინისტრთა კაბინეტს რადას 288 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი წავიდა.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს ბლოკმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. კვიტაშვილი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში ანალოგიურ პოსტს იკავებდა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა. უკრაინის მოქალაქეობა ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად კიდევ ორმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ - ნატალია იარესკომ და აივარას აბრამოვიჩუსმა მიიღეს.

 

„უკრაინას რეფორმები სჭირდება, ჩვენ დღეს როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოს მართვის, კორუფციასთან ბრძოლის, ფინანსური მართვის, ანტიკრისიზული მენეჯმენტის საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის შემოტანა მხოლოდ უცხოელ სპეციალისტებს შეუძლიათ. ჩვენ ვიპოვეთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, უკრაინის მოქალაქეები გახდნენ. ამიტომ ხელს ვაწერ სამი მაღალპროფესიონალი სპეციალისტისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას. ერთად გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა პოროშენკომ.

 

„არ ვიყავი მზად არც შემოთავაზებისთვის და არც გრძელვადიანი დარჩენისთვის, ამიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი პირადი ნივთები წავიღო. დაძაბული პერიოდია, ბიუჯეტის მიღებაა საჭირო, ანტიკრისიზული პროგრამის გატანაა საჭირო, მსოფლიო სავალუტო ბანკთან და ფონდთან არის საუბარი და ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფერს ძალიან კარგი რეაქცია მოჰყვა, ძალიან ძლიერი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს უკრაინას,“ - განაცხადა საქართველოში პირადი ნივთების წასაღებად ჩამოსულმა სანდრო კვიტაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნა, მზად არის, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდეს, თუ ეს პროტოკოლით იქნება გათვალისწინებული.

 

 

რეაქცია საქართველოდან - „საქართველოში კვიტაშვილის მინისტრობის დროს ჯანდაცვის სფეროს მაინცდამაინც სიკეთე არ დატყობია

 

 

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, გადაცემა „ბარიერში“ აღნიშნა, უცხო ქვეყნებიდან მინისტრების მოწვევის პრაქტიკა მსოფლიოში მაინცდამაინც არ არის გავრცელებული.

 

„ჩვენ ვიცით, რომ არის ბევრი გზა და საშუალება, თუ ვინმეს სურს გამოცდილების გაზიარება, მიღება. ჩვენ ქართველები ძალიან ხშირად მივმართავთ ამ ხერხს და ბევრი უცხოელი კონსულტანტი ყოფილა და არის საქართველოში. ეს არის საკონსულტაციო დონის შეხვედრები. ასე ნატურალიზაციის გზით მინისტრების გამოძებნა, ცოტა არ იყოს უჩვეულო ხერხია. მე ვიცი ნატურალიზაციის გზით, როდესაც კალათბურთის ეროვნულ გუნდში მოიწვევ ადამიანს და მოქალაქეობას მიანიჭებ. რაც შეეხება ქვეყნის მართვას, ამას კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების გარდა, რაც არ უნდა მაღალი იყოს ამა თუ იმ პირის კომპეტენცია, კიდევ სხვა რამ სჭირდება,“ - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ეს უკრაინელების მხრიდან საკმაოდ საინტერესო და რისკიანი ექსპერიმენტია.

 

„მე უკრაინელ ხალხს ვუსურვებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ნახონ გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემაში. ამასობაში, კი ბატონ კვიტაშვილს ვუსურვებ, რომ უკრაინაში მაინც იქნებ მოახერხოს თავისი იდეების რეალიზება, ვინაიდან საქართველოში  მინისტრობის დროს ამ დარგს მაინცდამაინც სიკეთე არ დატყობია,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნების უკარინაში დანიშვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოში გაჩნდა კითხვა, ხომ არ იმოქმედებს ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე და უფრო მეტიც - ხომ არ გადაიდება ან ჩაიშლება უკრაინაში დაგეგმილი საქართელოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი. ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის გადადების აუცილებლობა არ არსებობს.

 

„კონკრეტული დანიშვნები, რომელიც კვიტაშვილს და ზღულაძეს ეხება, ნამდვილად არ არის იმის საბაბი, რომ პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გადაიდოს. ეს მათი საკადრო პოლიტიკაა, მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ამ ორ ადამიანს უკრაინაში წარმატებებს ვუსურვებ“ - განუცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედს“.

 

ამ თემას „კავკასიის“ ეთერში გამოეხმაურა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. გადაცემა „ბარიერში“ სტუმრობისას ნინო ბურჯანაძემ განმარტა, თუ რა შემთხვევაში ფიქრობდა იმას, რომ საქართველოს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაეწყვიტა.

 

 

 

უკრაინაში შექმნილია მითი, რომ სააკაშვილმა საქართველო ააყვავა...

 

 

„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ინფორმირებული იყოს უკრაინის ხელისუფლება და არავითარ შემთხვევაში არ წავიდეს იმ ნაბიჯზე, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში იძებნებიან კონკრეტული დანაშაულისთვის, აღმოჩნდნენ მეგობარ სახელმწიფოში მაღალ თანამდებობებზე“ - განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ასე დაფასებულები არიან, ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დანაშაულია და ეს ხელისუფლებამაც აღიარა.

 

„კვიტაშვილი ნაწილია იმ მითისა, რომელიც უკრაინაშია შექმნილი, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საქართველო ააყვავა, რომ საქართველოში პრობლემები აღარ არის, კორუფცია აღარ არის. საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი რამ, რომ საბჭოთა ავადმყოფი ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფია მსოფლიოშიო. ეტყობა, უკრაინაში ჰგონიათ, რომ კვიტაშვილის მინისტრობის შემდეგ საქართველოში ან ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფები არიან, ან საერთოდ აღარ ავადმყოფობს არავინ“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც ბურჯანაძე მიიჩნევს, უკრაინაში სააკაშვილის დროინდელი მაღალჩინოსნების დანიშვნამ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან სერიოზულად ემზადება და უკრაინაში მათი ყოფნის მთავარი მოტივი ნამდვილად არ არის საქართველოდან წასვლა. ისინი უკრაინაში ამზადებენ სერიოზულ პლაცდარმს იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნდნენ.

 

პარლამენტის დეპუტატი გიორგი გაჩილაძე კი ვარაუდობს, რომ უკრაინის მთავრობაში ქართველი კადრების დანიშვნა საქართველოსთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება. როგორც გაჩეჩილაძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, მოსალოდნელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მაღალჩინოსნები მეზობელ ქვეყანაში არასწორ რეფორმებს გაატარებენ.

 

„ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ უკრაინის ახალი ხელისუფლება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას რაღაცას დაეკითხება და რჩევებს მიიღებენ იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებმაც საქართველო წლების განმავლობაში უბედურებაში ამყოფა. კიდევ ვამბობ, მათ რაც უნდათ ის ქნან, მაგრამ საქართველოს ეს ძალიან ცუდად მოუტრიალდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ იტყვიან - ნახეთ, რა გვიქნეს ქართველებმა. ეს ძალიან ცუდია იმიტომ, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა,“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, გარდა კვიტაშვილისა, მაღალ თანამდებობაზე ინიშნება ვანო მერაბიშვილის ყოფილი მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე.  დეპუტატისთვის გაუგებარია ეკა ზღულაძის როლი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებაში. „აქ ზღულაძე რას წარმოადგენდა? მარტო განცხადებებს აკეთებდა. ვინ ეკითხებოდა რამეს, ან რა იცის საერთოდ რა არის შინაგან საქმეთა სამინისტრო? მეტი საქმე არ ჰქონდა მერაბიშვილს ზღულაძისთვის ჩაებარებინა ანგარიში. რისთვის გააკეთა ეს უკრაინამ ვერაფრით ვხვდები,“ - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ექსპერიმენტებს მიმართავს...

 

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ უკრაინაში ალექსანდრე კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა საკვირველია.

 

„კვიტაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მინისტრობიდან გადააყენეს. მისი მუშაობა არაეფექტურად თავად შეაფასეს. ყველასთვის საკვირველი იყო, რომ მაინცდამაინც კვიტაშვილი აღმოჩნდა უკრაინაში მინისტრად“ - განაცხადა მან. როგორც გამზარდიამ „პირველ პრესკლუბში“ აღნიშნა, მსგავსი რამ საქართველოში რომ მომხდარიყო, საზოგადოება მეტად მტკივნეულად აღიქვამდა.

 

„არათბილისელ პიროვნებას ლამის მერობის უფლება წაართვეს. ამ ფონზე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში უცხო ქვეყნის მოქალაქე რომ  წარმოდგენილიყო, შეურაცხმყოფელი იქნებოდა. რაც შეეხება უკრაინულ საზოგადოებას, როგორც ჩანს, ის ჩვენზე ნაკლებად მტკივნეულია მსგავსი საკითხების მიმართ. ალბათ, იქნება იქაც ხალხი, რომელთაც ეს არ მოსწონთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თუკი ეფექტური იქნებიან ეს პირები, საზოგადოება შეიძლება უარყოფითად არ შეხვდეს ამ ფაქტს, რადგან საკუთარი მთავრობის არაეფექტურობა გამოცდილი აქვთ. როგორც ჩანს, ამჟამინდელი პრეზიდენტი უცხოელების დანიშვნით ექსპერიმენტს მიმართავს იმიტომ, რომ უკრაინაში დიდი ხანია, აღმასრულებელი ხელისუფლება არც ისე ეფექტურია. რაც შეეხება პოსტზე ქართველის დანიშვნას, უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობა“ - როგორც ხელისუფლება თავის დროზე საკმაოდ კარგად გაყიდეს. „ნაციონალები“ მათთან ურთიერთობდნენ და ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში ამჟამინდელ ხელისუფლებაზე უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები,“ - აღნიშნა მან.

 

გამზარდიას აზრით, არსებული ვითარებით ორი ქვეყნის ურთიერთობებში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

 

„როდესაც პოსტზე მხოლოდ კვიტაშვილია დანიშნული და საუბარია ეკა ზღულაძის დანიშვნაზე, ეს არ არის მოცემულობა, რომლის გამოც ჩვენმა ხელისუფლებამ სხვა ქვეყანასთან მიმართებაში განსაკუთრებული პოზიცია უნდა დაიჭიროს. თუ ეს მოცემულობა შეიცვლება და მნიშვნელოვან თანამდებობებზე ის პირები აღმოჩნდებიან, რომლებიც საქართველოში სხვა სტატუსით არიან წარმოდგენილნი, მაშინ ვითარება შეიცვლება,“ - აღნიშნა მან.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია