დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იქცევა თუ არა ქუთაისი მიკროავტობუსების ქალაქად და რა იმალება საქალაქო
იქცევა თუ არა ქუთაისი მიკროავტობუსების ქალაქად და რა იმალება საქალაქო
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 3232
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

ავტობუსების მუნიციპალურ ტრანსპორტად გადაკეთების იდეის უკან?


 

ქუთაისში მალე საქალაქო ტრანსპორტის ნაწილი შესაძლოა, მუნიციპალურ ტრანსპორტად გადაკეთდეს. კერძო ბიზნესისთვის გაცემული ნებართვების ჩამორთმევის და საავტობუსო ხაზების  ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში გადაცემის იდეა ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურს ეკუთვნის.  სამსახურის უფროსის ნესტორ კეპულაძის განმარტებით, მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში, ქალაქში ახალი ავტობუსები ივლიან და შესაძლოა,  მგზავრობის ტარიფიც შემცირდეს.


 

ქუთაისის მერიაში სატრანსპორტო სფეროში მასშტაბური ცვლილებების განხორციელების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც, დაახლოებით, ერთი თვის წინ, ქუთაისის მერიასთან ავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა მოაწყვეს. გაფიცული მძღოლები  ახალი მიკროსაავტობუსო ხაზის დანიშვნას და ტრანსპორტის სფეროში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებდნენ. ისინი მაშინ აცხადებდნენ, რომ ქალაქში ყველა ხაზს პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე აკონტროლებს, რომელსაც ქუთაისის მიკროსაავტობუსო  ქალაქად გადაქცევა სურს.


ავტობუსების ორდღიანი გაფიცვის შემდეგ, რამაც ქალაქის რამდენიმე უბნის სრული პარალიზება გამოიწვია, ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ არ შეიძლება ქალაქი მუდმივად იყოს დამოკიდებული მძღოლების „ხუშტურებზე“. ზუსტად იგივე გაიმეორა კეპულაძემ ავტობუსების მუნიციპალურ ტრანსპორტად გადაკეთების იდეის გაჟღერების დროსაც. მან იმავე დღეს განაცხადა, რომ ახალი ?57 მიკროავტობუსის დაბრუნება თავად მძღოლებმა მოითხოვეს, რის გამოც,   კეპულაძემ  ექსპერიმენტალური ხაზის აღდგენა არ გამორიცხა.

 

 

როგორ აპირებს ტრანსპორტის სამსახური იდეის რეალობად ქცევას?

 

მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის სამსახურში  ინიციატივასთან დაკავშირებით  დეტალური გეგმა, ჯერჯერობით, არ შეუმუშავებიათ, უკვე ცნობილია, რომ ცვლილება მხოლოდ რამდენიმე საავტობუსო ხაზს შეეხება და აღნიშნული იდეის განხორციელებას მინიმუმ 3 მილიონი ლარი დასჭირდება.


ქუთაისში სულ 9 საავტობუსო ხაზია. ხაზზე მუშაობის ნებართვის მოპოვება ტრანსპორტის სამსახურში გამოცხადებული ტენდერის გზით ხდება. ნებართვები კი კომპანიებისთვის რამდენიმეწლიანი ვადით  გაიცემა.


შპს „სითი ლაინსა“ და „თეგეტა მოტორსი ქუთაისს“, რომელსაც   საავტობუსო ხაზებზე  გამოცხადებული ყველა ტენდერი აქვს მოგებული, 7 ხაზზე მუშაობის უფლება 2019 წლამდე აქვთ, დარჩენილ 2 ხაზზე კი სატენდერო პირობებით გათვალისწინებული  ვადა  მომავალ წელს იწურება. შესაბამისად, გამოდის, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტად გადაკეთება მინიმუმ 2 საავტობუსო ხაზს შეეხება, თუმცა, როგორც ტრანსპორტის სამსახურის უფროსი განმარტავს, ტენდერით გათვალისწინებული ვადა არ არის ამ ვადის ამოწურვამდე მუშაობის გარანტია, რადგან, მისი თქმით, სატენდერო პირობებში წერია, რომ ყველა შპს ვალდებულია, წელიწადში ერთხელ განაახლოს ავტოპარკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახური იტოვებს უფლებას, მას ჩამოართვას ნებართვა და ხაზზე გამოაცხადოს ახალი ტენდერი.


როგორ დაარეგულირებს ტრანსპორტის სამსახური კერძო ბიზნესთან ურთიერთობებს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე, სამსახურში, ჯერჯერობით, არ იციან. 


„წინასწარ ვერ ვისაუბრებ ამ პროცესებზე, თუმცა, ფაქტია, რომ არავის უჩუქნია მათთვის ეს ხაზები და არც საგვარეულო შტოს წარმომადგენლები  არიან,  საუკუნეების მანძილზე რომ გადაყვეთ უფლებები.  გარკვეული დროით აქვთ მოგებული ტენდერი. გარდა ამისა, სატენდერო პირობებში წერია გარკვევით, რომ თუ არ განაახლებენ ავტოპარკს, შეგვიძლია, ნებართვა ჩამოვართვათ. როდემდე უნდა იაროს ქალაქში დასკოჩილმა ავტობუსებმა? პირველ რიგში, ხალხის ინტერესებიდან გამოვდივართ, რომ კომფორტულად იმგზავრონ და, შესაძლოა, ტარიფმაც დაიწიოს,“ - ამბობს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ნესტორ კეპულაძე.


შპს „სითი ლაინისა“ და „თეგეტა მოტორსი ქუთაისის“  ავტოპარკი ამჟამად 150 ერთეულ ავტობუსს ითვლის. ყოველდღიურად სვლაგეზზე 60-დან 65-მდე ავტობუსი გამოდის. კომპანიების დირექტორი ალეკო დვალიშვილი არ მალავს, რომ ავტობუსების დიდი ნაწილი      ძველია, თუმცა, მისი თქმით, კომპანიები ახალი ავტობუსების ჩამოყვანას, ჯერჯერობით, არ აპირებენ, რადგან ტრანსპორტის სამსახურის გეგმების არ სჯერათ.


„ჩვენთვის აღარ რჩება ბაზარი. მიკროავტობუსებმა ჩაანაცვლა ყველაფერი. ეგ არის მაგათი მიზანი. ცოტა ხანში იმდენ ახალ ხაზს გახსნიან, ქაოსი შეიქმნება  ქალაქში. საერთოდ უცოდინარი ხალხია. არანაირი გათვლები მაგათ არ აქვთ. ამ საქმეს სჭირდება ცოდნა და ფული, მაგათ კი არც ერთი არ აქვთ.  სამი მილიონი როგორ ეყოფა ქალაქისთვის საჭირო რაოდენობის ავტობუსების ჩამოყვანას. მაგ ფასში 30 ავტობუსსაც ვერ იყიდიან, მაგრამ როგორც ვთქვი, აქ სხვა რამეშია საქმე. ეს არის კორუფციის გაგრძელება. მალე მიკროსაავტობუსო ქალაქად გადაიქცევა ქუთაისი,“ - ამბობს შპს „სითი ლაინისა“ და „თეგეტა მოტორსი ქუთაისის“ დირექტორი ალეკო დვალიშვილი.


 

რა მოხდება, თუ ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება?

 

იმ შემთხვევაში, თუ ქალაქში მოძრავი ავტობუსები კერძო პირის მფლობელობაში აღარ იქნება, მძღოლებს ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი სახსრებით დაიქირავებს და სტაბილურ ხელფასს დაუნიშნავს. ასეთ შემთხვევაში მძღოლს პრეტენზიის გამოხატვის საფუძველი მომსახურების ტარიფთან თუ ახალი ხაზის გახსნასთან დაკავშირებით აღარ ექნება. შესაბამისად, ტრანსპორტის სამსახური, რომელსაც კერძო ბიზნესის პირობებში, ავტობუსების მძღოლებსა და მათ გადამზიდავ კომპანიებზე ზემოქმედების ბერკეტები არ გააჩნია, მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში  თავიდან აიცილებს ისეთ ფორსმაჟორულ ვითარებას, რომელსაც ნესტორ კეპულაძე მძღოლების „ხუშტურს“ უწოდებს.


როდის დაიწყება საავტობუსო ხაზების მუნიციპალურ ტრანსპორტად გადაკეთების პროცესი, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც სამსახურში ამბობენ, იდეა შემუშავების პროცესშია და დეტალური გეგმის ჩამოსაყალიბებლად ეკონომისტებთან და იურისტებთან კონსულტაციაა საჭირო.


 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია