დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„თანამედროვე ვითარებამ მწერალი „კლოუნად“ აქცია...“
„თანამედროვე ვითარებამ მწერალი „კლოუნად“ აქცია...“
სულ ნანახია 1951
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ცირა ყურაშვილი: „ლიტკონკურსი პროკრუსტეს სარეცელია“

 

მწერალმა ცირა ყურაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ პოეზიის საერთაშორისო  კონკურსში  (PoemsClub.com)  გამარჯვება მოიპოვა, გთავაზობთ ინტერვიუს მასთან.

- ქალბატონო ცირა, ჩვენი მკითხველი დროდადრო ეცნობა ამბებს თქვენი წარმატების შესახებ.  კონკურსი, რომელშიც წარმატება მოიპოვეთ, რა დონისაა, ვინ აწყობს, რამდენი წელია და რა კრიტერიუმით აფასებენ?

 

- საერთაშორისო კონკურსია, PoemsClub.com  ჰქვია, რამდენიმე წელია  ტარდება და გამარჯვებულ ნაწარმოებებს, ავტორებს ყოველთვიურად გამოავლენს. ლიტერატურულ სააგენტო „უსტარი“-ს ხელშეწყობით (ქალბატონი თამარ ნაჭყებია) დავუკავშირდი,  ინგლისურად ნათარგმნი ორი ლექსი: ჯერ „ქვა“ და შემდეგ  „მამა“ (მთარგმნელი ელისო ფანცხავა) განვათავსეთ ამ საიტზე. შეფასება მკითხველთა მიერ მოწონების ღილაკებით ხდებოდა, პირველი ლექსი მოწინავე პოზიციებზე იყო, მეორემ კი სექტემბრის თვეში გაიმარჯვა.

 

- რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა და რატომ შეარჩიეთ, მაინცდამაინც ეს ლექსი? რა მიზანი და მოლოდინი გქონდათ?

 

- დამაინტერესა, თუ როგორ რეაგირებენ  უცხო ქვეყნის მკითხველები ჩვენს მიერ არჩეულ თემებზე, ასევე, ლექსის თარგმანსაც როგორ მიიღებდნენ. პირველად სამოქალაქო თემატიკიდან წარვადგინე ლექსი, შემდეგ რელიგიური... არ მეგონა, თუ გავიმარჯვებდი,  მიჩვეული ვარ ჟიურის მიკერძოებულობას, ან ისეთი დონის არაკომპეტენტურობას, როცა საკონკურსო  ნაწარმოების ბედს შემთხვევითობა წყვეტს. თუმც, ჟიურის არაკომპეტენტურობა უფრო ნაკლებ ცოდვად მიმაჩნია, ვიდრე ლიტერატურის გემოვნებიანი ექსპერტების მიერ  ნაღდი ლიტერატურის უგულვებელყოფა და ცარიელა ეპატაჟის მქონე ტექსტების მხარდაჭერა, ამით კი ქართული ლიტერატურის კალაპოტის ნელინელ შეცვლა-დაკანონება.

 

- იქნებ, უფრო დაწვრილებითაც ლიტერატურულ კონკურსებისადმი თქვენი დამოკიდებულების შესახებ.

 

- ბოლო რამდენიმე წელია, რაც ამ ამბავში ჩავერთე, ადრე ამის სურვილი არ მქონია, რადგან მაშინ გულუბრყვილოდ მწამდა, რომ ჩემი შესაძლებლობის დამტკიცება არ მჭირდებოდა და ლიტერატურულ გარემოში ისედაც ცხადად ჩანდა  ყველაფერი...   2012   წლის   ბათუმის  „ლექსების გამოფენის“ გამარჯვებული ვარ და ამავე  წლის ლიტერატურულ „საბას“ ნომინანტი პროზაული ნაწარმოებების კრებულისთვის - „ხიზნები კომანის მონასტერთან“ (გამომცემლობა „ინტელექტი“). ამ ბოლო დროს ქუთაისში გამართულ კონკურსშიც ვმონაწილეობდი და მთავარი პრიზი დავიმსახურე.  ლიტერატურული ჟურნალები წესიერ ჰონორარს რომ გასცემდნენ, ან შემოქმედებითი შრომისთვის სხვა სახის ანაზღაურება მქონდეს, ალბათ, არ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ჩვენთან ჩატარებული ლიტერატურული კონკურსები  ზღუდავენ  მწერლის მოძრაობას, თამაშის წესებს უდგენენ, ჩარჩოში აქცევენ მის ფანტაზიას, ეგრეთ წოდებულ „მომგებიან თემებზე“  ფოკუსირებით მზერა მარადიული თემებიდან კონიუნქტურაზე გადააქვთ...  შეიძლება სხვა მწერლები კონკურსანტის ამპლუას სხვაგვარადაც განიცდიდნენ, მასტიმულირებელ და პროდუქტიულობის მომტანად თვლიდნენ,  მე კი მათში მონაწილეობისას სულ მაქვს განცდა, რომ უფრო მეტს ვკარგავ, ვიდრე ვიძენ. ზოგიერთი ჩემი მეგობარიც, ან ის მწერლები, რომელთა შემოქმედებასაც ვაფასებ უკვე გამოეთიშნენ ლიტ. კონკურსებს და პირობასაც დებენ, არ მიიღებენ მასში მონაწილეობას, სანამ ლიტმცოდნეთა მიერ ლიტერატურული ტექსტების სათანადო შეფასება-დაფასება არ აღსდგება. მეც სიამოვნებით დავიხევდი უკან, მაგრამ ვიცი, რომ მკითხველი არ გამომედევნება, უმკითხველო მწერალი და უჯარისკაცო გენერალი კი ერთი და იგივეა.

 

- კიდევ რა უსიამოვნებები ახლავს კონკურსებს?

 

- არის კონკურსები, სადაც ლიტერატურული ნაწარმოების შეფასება მთლიანად მკითხველის გემოვნებას არის მინდობილი და ჟიურის როლი ფასადურია. სხვა ქვეყანაში ამან შეიძლება გაამართლოს, რადგან იქ მართლა მკითხველია შემფასებელი, ჩვენთან, კი, როცა საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად, რაც ჩვენს პირობებში კარგ ფულად თანხასაც გულისხმობს, დედაბუდიანად ერთვება ყველა, მკითხველიც და არამკითხველიც,  რა ობიექტურ შეფასებაზე შეიძლება იყოს საუბარი?! ეს უფრო აზარტული თამაშია, სოციალური ქსელით წამოწყებული, სახელწოდებით - „ლაიკების შეგროვება“. ამიტომ მაქვს განცდა, რომ თანამედროვე ვითარებამ მწერალი „კლოუნად“ აქცია. ამას ყველაზე უარესი შემთხვევა მირჩევნია, ისიც კი, როცა ჟიური არაკომპეტენტურია, რადგან თუნდაც არაკომპეტენტური ჟიური  პასუხისმგებლობას იღებს ნაწარმოების შეფასებაზე, სოციალური ქსელების დახმარებით ჩატარებული შეფასებით კი ვინ იღებს პასუხისმგებლობას?  ხომ ყველასთვის ისედაც ცხადია, რომ მოწონების ღილაკებით მოპოვებული რაოდენობა ვერ შეესატყვისება მკითხველთა რეალურ რაოდენობას და ხშირად უფრო პიროვნული სიმპათიის დასტურია, ან უბრალოდ იძულებაა,  ვიდრე ნაწარმოებთან დაკავშირებული ემოციური გამოძახილი...

 

ის, რომ ჯერჯერობით არ არსებობს სხვა, უფრო სწრაფი და ეფექტური საშუალება  მკითხველის უშუალო ემოციის გამოვლენისა, ვიდრე სოციალური ქსელია, სულ სხვა საკითხია.

 

ერთი სიტყვით, ჩვენში ჩატარებული კონკურსები  ძირითადად მაინც პროკრუსტეს სარეცელს ჰგვანან, ტანმაღალ „მგზავრს“ ამოკლებენ, დაბალს ჭიმავენ. მერე პრესა, რადიო-ტელევიზია არეკლამებს ამ „ტანდაბალს“ და ამის შემდეგ ხელმოკლე, თუმც გამოუცდელ მკითხველსაც კი არ ენანება მის შესაძენად ჯიბიდან თანხის ამოღება. ეს ჩვენი ლიტერატურული ცხოვრების ყველაზე ცუდი ვარიანტია, თუმც, ნიშანდობლივი. ვის გაამტყუნებ, საბაზრო ეკონომიკის მგლურ გარემოში გვიწევს ცხოვრება.

 

- მაინც რას ჰმატებს მწერალს კონკურსებში მონაწილეობა და წარმატება?

 

- კონკურსი გამარჯვებულ მწერალს ჰმატებს მკითხველებს და ცოტაოდენ კაპიკებს, რომ გაძლოს და თავისი საქმე როგორღაც წინ წაიყვანოს. მწერალიც მკითხველია, ისიც ლიტერატურის სხვა მკითხველივით ბუნებით ესთეტია, მას არ შურს, როცა სხვისი ნაწარმოები დამსახურებულად იმარჯვებს, პირიქით უხარია, რადგან სამართლიანობის განცდა, ესთეტური სიამოვნება მხოლოდ „საღვთო შურის“ მაგვარ გრძნობას აღძრავს მასში, ეს კი წარმატების საწინდარია. მაგრამ, თუ კონკურსმა დაუმსახურებლად გადაასკუპა წინ  ინფანტილური, ეპატაჟური ნაწარმოები, წიგნი, მაშინ გაღიზიანებასაც იწვევს და შეიძლება, რაღაც პერიოდი მწერალი საერთოდ ამოაგდოს შემოქმედებითი კალაპოტიდან, როგორც ასპარეზდახურული. მაგრამ ყველაზე ცუდი ამგვარი ნაწარმოების, წიგნის წინ წახტუნებაში (რამაც უკვე მყარი კალაპოტი ჩვენს თვალწინ შეიძინა) ის არის, რომ მკითხველი თაობების მიერ ათვლა-სწორება, გამოცდილების ათვისება სწორედ ასეთ  მიმართულებაზე, ასეთ ნაწარმოებებზე ხდება. ახალგაზრდა, ან გამოუცდელი მკითხველი უკრიტიკოდ მიიჩნევს - რახან კონკურსებზე რომელიმე ნაწარმოები გამოარჩიეს, გამარჯვება არგუნეს წილად, რაკი ტელევიზიიდან და გაზეთებიდანაც იგივე ესმის, ესე იგი ფასეულიცაა... ეს ყველაფერი კი ლიტერატურის კანონზომიერ განვითარებას აფერხებს და როგორც ზემოთაც ვთქვი, მისთვის არაბუნებრივ კალაპოტში გადაჰყავს.

 

- რა პრიზი დაიმსახურეთ კონკურსზე?

 

- თანხა მცირეა, მაგრამ ის 5-ჯერ და მეტადაც აღემატება ჩვენს ლიტერატურულ ჟურნალებში დაბეჭდილ ამავე მოცულობის ლექსის ჰონორარს. ამ კონკურსს ასეთი წესი აქვს: თუ გამარჯვებული ავტორი რეკვიზიტებს სათანადო ვადაში არ მიაწოდებ, მაშინ საპრიზო ხარისხი შეგინარჩუნდება, მაგრამ თანხა ამავე კონკურსის სხვა წარმატებულ მონაწილეს გადაეცემა. მაილის გაგზავნა დამავიწყდა და ვიცოდი, რომ თანხა სხვას გადაეცა. მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ პოეტმა რობერტ მესხმა, რომელიც ჩემთან ერთად მონაწილეობდა ამ კონკურსში და მეორე ადგილი დაიმსახურა,  მომწერა, რომ თანხა მას ჩაურიცხეს, მან, კი ჩემს ანგარიშზე გამოუშვა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჩვენს ღატაკ ქვეყანაში, სადაც ბანკები მტრად ექცნენ მოსახლეობას, მმართველი წრეების ბევრი წარმომადგენელი კი გაზრდილი დანამატის სახით ფულის სასწრაფო „მობილიზებას“ ახდენს საკუთარ            ჯიბეში, პოეტი ინარჩუნებს უმთავრეს ფასეულობებს.

 

- რა სიახლეებია თქვენს ლიტერატურულ ცხოვრებაში და მოკლედ, სამომავლო გეგმებზე...

 

- მომზადებული მაქვს წერილები, ინტერვიუები და ჩანაწერები ერთ წიგნად, მალე მას გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს. ასევე,  მოთხრობების კრებული სათაურით - „ჟამსა თამაშობისასა“,  წესით, მისი გამოცემაც არ უნდა დაგვიანდეს. ვაპირებ ისეთ ახალ ჟანრში მუშაობას, რომელსაც ადრე არ გავეკარებოდი. ვნახოთ, რა იქნება.

 

მამა

მზე გვანდე,

არა, ჯერ მზე გაგვანდე...

და შარავანდი...

მერე მზე გვანდე  და დაგვითმე მზე

და უცაბედად ლეღვის ფოთლებზე

თბილი ჩრდილები დასხდნენ მიწურთან.

მამა, მას შემდეგ ველი თმებზე

იმ თბილ ხელისგულს...

მამა, ჩემს თმებზე მზე მიიწურა.

როგორ დაგკარგეთ,

სამაგიეროდ

თორმეტი ღრმული ვნახეთ შენს ხატზე,

ჩვენ-ჩვენს ხატში კი ასთოთხმეტი

ნივთიერება

და დაგვავიწყდა სიტყვა „ჩვენთანა“.

მზეში ჰყვაოდა ეკლის ყვავილი,

და მე მიყვარდა ეკლის ყვავილი,

ეკლის ყვავილის სახლში შეტანა.

გადაგვავიწყდა არტახები.

შენს ჟღალ წვერებზე

იცინოდნენ მშენებლები და შენობები,

თურმე ვისხედით იმ ბუდეებში

როგორც ბარტყები,

ვისხედით, როგორც შენი ობლები.

ჩვენ აგვეხილა თვალი ქვა-ღორღში

და ნანგრევებში...

ჩამოდგა კიდეც რუხი ბურანი,

რომ ვარსკვლავების ღრმა თვალებში ამოგვეკითხა

კაცთა კვლები და მიწისძურანი.

მამა, გვაკმარე ეს ჯოჯოხეთი,

ისედაც მიდის ქარავანი

ბნელი ქვესკნელის,

ჩვენ გადაგვცილდა შარავანდი,

ჩვენ ვართ წაშლილი..

ჩვენ ვართ წაშლილი ფრესკები, მამა!

 

 

FATHER

Father,                                                      

 Entrust us with the Sun

No ,first confide  the Sun to us…

…And the halo…

Then….entrust  the Sun to us

Let us have the Sun

And all of a sudden,

warm shadows settle

on the fig leaves

 next to  the mud- hut.

Father, since then

 I’ve been   longing   for the touch

 of a warm  palm on my hair ..

Father,the Sun has set on my hair.

How come we lost   you 

 and instead  

We have  found  twelve pits

 on   your icon

and  one hundred and fourteen matters,

in ours ,

 And  never remembered  the words

“ be with us”.

 The thorn flower was blooming in        the sun

 and I loved the flower of thorn.

 And I loved bringing  it  home.

We   forgot  the swaddles .

The builders and the stones

 laughed  at your red  beard,

It turned out,

 We  sat in those nests as fledglings,

we   sat  there as your orphans ,

our eyes opened to the world

amongst  stones and rabble

and  ruins ,

and the grey mist settled all over

so that we should read

in the deep eyes of the stars

the stories of  murders and earthquakes 

Father, enough of this hell

The caravan of darkness  still rolls on

Our halo is growing  pale

We are the faded frescoes.

we are the faded  frescoes,

 

Father!

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია