დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ორგანიზაცია PIN-ის დახმარებით სოციალური სტატუსის მქონე ახალგაზრდებმა საკუთარი ბიზნესის აწყობა შეძლეს
ორგანიზაცია PIN-ის დახმარებით სოციალური სტატუსის მქონე ახალგაზრდებმა საკუთარი ბიზნესის აწყობა შეძლეს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2917
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

არაკომერციული ორგანიზაცია People in Need (PIN), ჩეხური განვითარების სააგენტოს თანადგომით, 2012 წლის მაისიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით სოციალური მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს. 

 

ორგანიზაციის მხარდაჭერით, სოციალური სტატუსის მქონე ახალგაზრდებისთვის პროფესიის შემსწავლელი უფასო კურსები მოეწყო. საკუთარი საქმიანობის დასაწყებად საჭირო ინვენტარის შესაძენად კი მცირე საგრანტო დაფინანსებაც მიიღეს.

 

პროექტი ხორციელდება ქუთაისში, ტყიბულსა და წყალტუბოში. პირდაპირ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 15-დან 23 წლამდე ახალგაზრდები ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახებიდან და სოციალური მომსახურებით დაკავებული ინსტიტუტების წარმომადგენლები. საერთო ჯამში, პროექტში ჩაერთო 500 ახალგაზრდა და მათი ოჯახის წევრები. შესაბამისი სამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 40 წარმომადგენელმა კი ტრენინგები გაიარა.

 

პროექტის მენეჯერის, ნათია ახალაიას თქმით,  პროექტის დაწყებიდან დღემდე ხელობის შემსწავლელი კურსები გაიარა106-მა ახალგაზრდამ, მათ შორის 23 ყველაზე წარმატებულს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შედეგად, გადაეცათ  საქმიანობების შესაბამისი აღჭურვილობები, რაც დასაქმებასა და საკუთარი მიკრობიზნესის წამოწყებაში დაეხმარათ. ექვსთვიანი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მონაცემების მიხედვით, ბენეფიციართა უმეტესობა დასაქმებულია და გააჩნია საკუთარი შემოსავალი.

„სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან ერთად შევარჩიეთ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები, რომლებმაც ხელობის შემსწავლელი კურსები გაიარეს. ახალგაზრდები მიზანდასახულობით და მაღალი მოტივაციით  გამოირჩეოდნენ, შეძლეს თავის გამოჩენა და, როგორც მოწინავე ახალგაზრდებმა, საკუთარი შემოსავლის წყარო გაიჩინეს. დღეს ისინი არ არიან სახელმწიფოს შემყურენი და შეუძლიათ, ლუკმა-პური თავადვე გამოიმუშავონ.“

 

თავიანთ მიღწევებზე დღეს ამაყად საუბრობენ პროექტის მონაწილეები, რომლებმაც ორგანიზაციის დახმარებით შეძლეს საკუთარი ბიზნესის აწყობა.

 

 

„თქვენ ჩემი ცხოვრება შეცვალეთ“

 

ნათია გვეტაძემ  ორგანიზაციიის მიერ დაფინანსებული, სტილისტის პროფესიის შემსწავლელი სამთვიანი კურსი გაიარა. მან წარმატებით დაძლია პროექტის ყველა ეტაპი შესარჩევი კანდიდატობიდან - გრანტით დაფინანსებამდე. ექვსთვიანი მონიტორინგის დროს ნათია ერთდროულად საკმაოდ მონდომებულად სწავლობდა და მუშაობდა. მან აგრეთვე გახსნა საკუთარი სილამაზის სალონი ტყიბულში. აპრილის თვიდან კვირაში ორჯერ, ნათიამ დაიწყო ქუთაისში სტილისტის პროფესიის შემსწავლელ დამატებით კურსებზე სიარული, რაც საერთო ღირებულებით 150 დოლარი ჯდება და, რაც მთავარია, ის ამ თანხას საკუთარი შემოსავლიდან იხდის. რაც შეეხება მის სალონს, ის იქ კვირაში 4 დღე მუშაობს და თვეში საშუალოდ 200-350 ლარს გამოიმუშავებს.

 

ნათია გვეტაძე, 25 წლის, სტილისტი:


„როდესაც ტყიბულის ერთ-ერთ სალონში ვიყავი, გოგონები საუბრობდნენ პროფესიულ ტრენინგებზე, რომლებსაც არასამთავრობოები ატარებდნენ იმ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, ვისაც რაიმე პროფესიის შესწავლა სურდა. დავინტერესდი ამ ამბით და მეტი ინფორმაციის გასაგებად ერთ-ერთ ადგილობრივ არასამთავრობოს მივმართე (TDDF) და შემდეგში სოციალურმა მუშაკმა ამიხსნა, რომ თურმე ორგანიზაცია „ადამიანები გაჭირვებში“ ანხორციელებდა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისა და მათი       ოჯახების მხარდაჭერის პროგრამას.

 

მე ეკონომისტი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. ყოველთვის მინდოდა სტილისტის პროფესიის დაუფლება. მეუღლეს სამუშაო არ   ჰქონდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ზემოთაღნიშნული კურსების გავლა. ამის შემდეგ, როგორც ერთ-ერთმა წარმატებულმა კურსდამთავრებულმა, მივიღე საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვების შემდეგ მომეცა საშუალება, რომ დამეწყო საკუთარი ბიზნესი ან გამეუმჯობესებინა სტილისტის პროფესიისთვის საჭირო აღჭურვილობა. ბიზნესის დაწყებამდე სოციალურ დახმარებას ვიღებდით, მაგრამ სალონის გახსნის შემდეგ ეს დახმარება შეგვიწყდა.


ამჟამად წარმატებით ვუძღვები სალონს, მაგრამ გამოცდილების შესაძენად მეტი პრაქტიკა მჭირდება. გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება და ახლა კვირაში ორჯერ ქუთასში მდებარე ერთ-ერთ სილამაზის სალონში გავდივარ პრაქტიკას. ძალიან გახარებული ვარ, რომ საშუალება მაქვს ვიმუშაო და ვისწავლო მეტი.

 

ახლა უკვე არანაირი სახელმწიფო დახმარება აღარ მჭირდება და ამ საკითხში ჩემი ოჯახი უფრო დამოუკიდებელია.

 

დიდი მადლობა ორგანიზაციას „ადამიანები გაჭირვებაში“.  მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ შეცვალეთ ჩემი ცხოვრება.“ 

 

 

„ყველაზე დიდი საჩუქარი“

 

თეონა აკობიძემ გაიარა მასაჟისტის პროფესიის შემსწავლელი სამთვიანი კურსი, რომელიც  ორგანიზაცია PIN-მა  დააფინანსა. თეონა თავიდანვე ძალიან აქტიურად და გულმოდგინედ მიუდგა ამ საკითხს და წარმატებით გაიარა პროგრამის ყველა ეტაპი კანდიდატობიდან-გრანტით დაფინანსებამდე. 2013 წლის დეკემბერში თეონამ გაიმარჯვა მცირე საგრანტო კონკურსში, რის შემდეგაც მას გადაეცა შესაბამისი აღჭურვილობა. ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგების შემდეგ, თეონას მასწავლებელმა მისცა პრაქტიკის მიღების საშუალება. რამდენიმე თვის განმავლობაში ის მუშაობდა, რათა აემაღლებინა საკუთარი კვალიფიკაცია და უნარები. მაისიდან მოყოლებული მას ჯერ საკუთარ სოფელში ჰყავდა რამდენიმე კლიენტი, ხოლო ივნისიდან კი 2-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, სრულ განაკვეთზე მუშაობა დაიწყო წყალტუბოს ?6 აბანოში, სადაც ის ჰიდრომასაჟის სპეციალისტია.

 

თეონა აკობიძე,  22 წლის, მასაჟისტი: „მე გახლავართ წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრინიდან.  მყავს ერთი უმცროსი და და ბებია, რომელმაც გაგვზარდა მე და ჩემი და, ჩვენი მშობლების სიკვდილის შემდეგ. სოციალური მუშაკისგან გავიგე, რომ თქვენი ორგანიზაცია ატარებდა სპეციალურ ტრენინგებს მათთვის, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება და სამუშაოს შეძენა სურდა.


ბავშობიდან ვოცნებობდი მედდის პროფესიაზე, ან რაიმე სახის სამედიცინო განათლებაზე, გადავწყვიტე, მასაჟის შესწავლა და ამაში ბებიაც მეხმარებოდა, რადგან ეს პროცედურები თვითონ მას სჭირდებოდა ავადმყოფობის დროს.


3-თვიანი კურსის დასრულებისა და შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის შემდეგ, უკვე ახალი პროფესიით დავიწყე მუშაობა. მინდა აღვნიშნო, რომ სწავლის პერიოდში პროფესიონალი მასწავლებელი მყავდა, რომელთანაც ძალიან თბილი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა და სწავლის დასრულების შემდეგ, მან უფლება მომცა, უსასყიდლოდ მის სამუშაო ადგილზე მიმეღო პრაქტიკა.


ივნისის დასაწყისში მე და ბებია, ჩემი მასწავლებლის რეკომენდაციით მივედით მინერალური წყლების აბანოში, სადაც დავიწყე ჰიდრომასაჟის კეთება. უკვე მესამე თვეა ვმუშაობ. მაქვს საკუთარი შემოსავალი და გაფორმებული სამუშაო კონტრაქტი 2 წლის ვადით. შემოდგომისთვის კი ვგეგმავ ჩემს ბიძაშვილთან ერთად გავხსნა ჩემი საკუთარი სამუშაო სალონი.


მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო PIN-ს. აქამდე არ მჯეროდა მსგავსი შემთხვევების, როდესაც ვინმე უსასყიდლოდ გეხმარება, სწორედ ამის გამო, ეს ყველაზე დიდი და მოულოდნელი საჩუქარია ჩემს  ცხოვრებაში.

 

აღნიშნული პროექტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია