დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვინ შოულობს ფულს ქუთაისში პარკირებით?
ვინ შოულობს ფულს ქუთაისში პარკირებით?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2125
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

გოგი წულაიას ბრალდებებს პარკინგ ჰოლდინგი უარყოფს

 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრები ქუთაისში პარკირების სისტემის მუშაობას აპროტესტებენ.

 

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განცხადებით,  ქუთაისში პარკირების კორუფციული სქემა მოქმედებს და ფულის კეთების საუკეთესო საშუალებადაა ქცეული. მისივე თქმით, ქალაქის მასშტაბით არსებულ პარკირებებზე თანხა უკანონოდ იკრიბება. სწორედ ამიტომ პარტიის წევრებმა ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების მფლობელებისთვის საინფორმაციო-გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და მძღოლებს მოუწოდეს, ავტოპარკირებისთვის თანხა არ გადაიხადონ.


გოგო წულაია აღნიშნავს, რომ მერიასა და კერძო კომპანიებს შორის (რომლებიც ქალაქში პარკირების ადგილებზე კონტროლს აწარმოებენ) გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვადა აქვს გასული და მძღოლებისგან თანხები უკანონოდ იკრიბება, რისთვისაც პასუხი არა კომპანიის მფლობელებს, არამედ ფულის ამკრებებს, ე.წ. „სტაიანშიკებს“ მოეკითხებათ. „ეს არის კორუფციული სქემა, მძღოლებისგან აკრებილი 30 თეთრით, საშუალოდ, 10 000 ლარი გროვდება,“ - აღნიშნავს წულაია. მისივე თქმით, ქუთაისის საკრებულოში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა, რეაგირებას არ ახდენენ, რადგან მხოლოდ პირადი ინტერესებით არიან დაკავებულნი. წულაიამ ასევე აღნიშნა, რომ მის განცხადებას პარკირებების უკანონოდ მუშაობის შესახებ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ თოფურიძე გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ წლების წინ გამოცხადებულ ტენდერებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვადა აქვთ გასული.


გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ პარკირების ადგილზე მომუშავე ე.წ. ფულის ამკრებებს გაესაუბრა, როგორც მათ ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, შეგროვებული ფული ეტაპობრივად ბანკში შეაქვთ, გამომუშავებული თანხიდან 15-20 სამუშაო დღეში, საშუალოდ, 50 ლარს იღებენ. მათ განცხადებებს არ ეთანხმება შპს „პარკინგ ჰოლდინგის“ დირექტორი გოდერძი ქასრაშვილი, როგორც მან აღნიშნა, თანამშრომლები, საშუალოდ, 200 ლარს იღებენ.


ქასრაშვილი პარტია „თავისუფალის საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრების და მერის მოვალეობის შემსრულებლის, თენგიზ თოფურიძის ბრალდებებსაც  არ ეთანხმება.  როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, კომპანია მუშაობას კანონის შესაბამისად აგრძელებს.


„ტენდერი ექვსი წლის წინ გამოცხადდა და 10 ლოტიდან ჩვენ 3 მოვიგეთ, შესაბამისად, ქალაქის მასშატაბით 10 ქუჩაზე არსებულ პარკირების ადგილს ვაკონტროლებთ, ეს მოწესრიგებული სისტებაა, ბიუჯეტში შეგვაქვს ფული თვეში, დაახლოებით, 5000 ლარი. რამდენიმე ათეული გაჭირვებული დავასაქმეთ. სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის შესაბამისად, „იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესი, ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტის ვადის გასვლით. სადაც ვკითხულობთ: ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, თუ დამქირავებელი, ანუ ჩვენ, ვსარგებლობთ ნივთით  ვადის გასვლის შემდეგაც, და გამქირავებელი, ამ შემთხვევაში მერია, ამაზე არ გვედავება, მაშინ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით განახლდება. სწორედ იმიტომ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კანონიერად, რაც, როგორც ჩანს, არ არის ცნობილი ბატონი წულაიასთვის,“ - აღნიშნა გოდერძი ქასრაშვილმა.


მისივე განცხადებით, საკრებულომ უკვე მიიღო დადგენილება პარკირების ადგილებისთვის ხელახალი ტენდერის გამოცხადების შესახებ, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, შპს „პარკინგ ჰოლდინგი“ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას პარკირების სისტემაში არსებული სირთულეების გამო აღარ მიიღებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ბაზარზე ყოფნის ვადებში მოახდინოს პარკირების ადგილების შესაბამისი საღებავებით დახაზვა, რაც სისტემას კიდევ უფრო მოხერხებულს გახდის.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია