დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ეს მე მაგონებს ბერლინის კედელს“
„ეს მე მაგონებს ბერლინის კედელს“
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1971
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

დიცსა და დვანში რუსების მიერ აღმართული ბარიერები საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა მოინახულეს. „ეს მე მაგონებს ბერლინის კედელს“ - ასე შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რუსების მიერ აღმართული მავთულხლართები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ვიზიტის დროს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის განცხადებით კი, რუსეთის ასეთი ქმედება საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. როგორც საქართველოს მთავრობის წევრები აცხადებენ, ისინი ყველაფერს აკეთებენ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისათვის, თუმცა, რუსეთთან ომს ვერ დაიწყებენ.

 


რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ელჩების ვიზიტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ იმის დასტურია, რომ მსოფლიო ოკუპაციას ეუბნება - არას. ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც ელჩები და მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.
„ჩვენ ახლა მავთულხლართებთან ვდგავართ, რაც არის ერთ-ერთი სამარცხვინო ფორმა ოკუპაციის გაგრძელების, რომელიც ცხინვალის მიმართულებით ასე გამოიყურება, აფხაზეთის მიმართულებით ამას მიწათხრილებისა და კედლების ფორმა აქვს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


მისივე თქმით, მავთულხლართები მიუღებელი ფორმაა, მითუმეტეს 21-ე საუკუნეში.


„ამ მავთულხლართების უკან ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ცხოვრება გაურთულდათ, საკუთარი კარ-მიდამო გაუყვეს ორად და ეს არანაირ ნორმაში არ ჯდება. მადლობას ვეუბნები ელჩებს თანადგომისათვის, ეს იმის ნიშანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს გვიჭერს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ელჩებმა საკუთარი თვალით ნახონ ადგილზე შექმილი ვითარება, რადგან ჩვენ ეს დაგვეხმარება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მცდელობების კონსოლიდაციაში.


„თქვენ მოწმე გახდით იმისა, თუ როგორ არის სახლები გაყოფილი, როგორ არის მავთულხლართებს იქეთ დარჩენილი მოსახლეობის ერთი ნაწილი, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება საკუთარი სალოცავების, საფლავების მონახულების, ადამიანური განზომილებიდან ეს მართლაც დაუშვებელია. 21-ე საუკუნეში ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიც არის თავისუფალი გადაადგილების უფლება, შეიძლება ირღვეოდეს და საერთაშორისო თანამეგობრობამ ხმა უნდა ამოიღოს ამის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ზალკალიანმა.


მისივე თქმით, ელჩებს უნდა მიეწოდოთ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია, რომ შემდეგ თითოეულმა მათგანმა ეს ინფორმაცია თავიანთ დედაქალაქებს მიაწოდონ.
აღსანიშნავია, რომ ხურვალეთისგან განსხვავებით, დიცში, საოკუპაციო ზოლთან მავთულხლართების ნაცვლად კაპიტალური ღობეებია აღმართული. ღობის იქით არ შეინიშნებოდა რუსი ოკუპანტების არანაირი აქტივობა, მხოლოდ ცოტა ხნით გამოჩნდა ორი მესაზღვრე, რომელიც თავდაპირველად ე.წ. საზღვარზე გავლებული ღობისკენ გაემართნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ.

 

 

ეს გავს ბერლინის კედელს...

 

ვითარება, რასაც ჩვენ ვხედავთ, ტრაგიკულია - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სოფელ ხურვალეთში დიპლომატებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სტუმრობისას.


„მე ეს მაგონებს ბერლინის კედელს, როდესაც ხელოვნურად აღმართული ბარიერებით ხდება ხელის შეშლა, ადამიანები ვერ ახერხებენ თავის მინდვრებზე და თავის წინაპრების საფლავებზე გასვლას. ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად, აქ ხალხს თავისუფალი გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეს,“ - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.


ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები, 30 სექტემბერს საქართველოში სტუმრობისას, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სტუმრობდნენ. ამის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, მოეხსნა ეს ბარიერები.


„რუსეთის უშიშროების ძალების მიერ საქართველოში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების შორის არსებული ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის მიზნით საქმიანობის გაგრძელებასა და გააქტიურებაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დიდ შეშფოთებას გამოთქვამს. ეს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, მნიშვნელოვან სირთულეებს მოსახლეობას უქმნის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს და წარმოშობს სერიოზულ გამოწვევას სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ამ რეგიონებში,“ - ნათქვამია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის  განცხადებაში. 


„დიპლომატიურ კორპუსმა გადაწყვიტა, ადგილზე ნახოს და შეამოწმოს ეს ყველაფერი, რადგან ეს არის ქმედება, რომელიც ხალხს გადაადგილებას უკრძალავს და ერთამენთს აშორებს, მავთულხლართების გავლებით ადგილობრივი მაცხოვრებლების საკუთრების უფლება ირღვევა, გვინდა, ყველაფერი ვნახოთ და შევამოწმოთ, რომ უკეთ გავიგოთ რა ხდება,“ - აღნიშნა ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ივან იესტრჟაბმა.


 

ჩვენ ომს ვერ დავიწყებთ

 

როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ამავე დროს, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დიცის და დვანის მოვლენების შეფასებისას განაცხადა, ეს მოვლენები ახლა არ დაწყებულა და ეს წინა ხელისუფლების უაზრო ქმედებების შედეგია.


„მთავრობა ყველაფერს ხედავს და აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს. ეს ახლა არ დაწყებულა, ეს წინა ხელისუფლების უაზრო ქმედებების შედეგია. ჩვენ ომს ვერ დავიწყებთ. ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი. რთულია იმ პროცესების ყურება, რაც ხდება. ადამიანები საკუთარი ხელით აშენებულ სახლებს ანგრევენ, მაგრამ მთავრობა მაქსიმალურად გვერდში დაუდგება მათ. ყოველთვის ვამბობთ, რომ პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება ძალიან რთული იქნება,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება ქვეყნის ერთიანობაზე უარს არასდროს იტყვის.


„არასდროს ვიტყვით უარს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც 1990-იან წლებში დავკარგეთ და იმ მიწებზე, რომლებიც სააკაშვილმა დაკარგა. ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის გაერთიანებისთვის, თუმცა, მოსახლეობას ვერ მოვატყუებთ და უნდა ვთქვათ, რომ ეს პრობლება დღეს და ხვალ ვერ გადაწყდება,“ - აღნიშნა კალაძემ.


კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით კი, ის რაც ხდება დიცსა და  დვანში დრევანდელი ხელისუფლების უნიათობის ბრალია. ამის თაობაზე მან „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლაა.


„ის, რაც ქვეყანაში ხდება, იმ უნიათო პოლიტიკის ბრალია, რომელსაც ეს ხელისუფლება ატარებს, მათ რუსეთს ყველა შეზღუდვა და  საერთაშორისო ზეწოლა მოუხსნეს, ეს არასწორი პოლიტიკაა, რომ ჩვენ დასავლეთის გარეშეც შევძლებთ რუსებთან ურთიერთობის მოგვარებას. ვიდრე საქართველო ნატო-ში არ შევა, ჩვენ ეს პრობლემები მუდმივად გვექნება. რუსეთი ამ ყველაფერს წინა პერიოდებში ვერ ბედავდა, ისინი ყველანაირად ცდილობენ დაგვიმორჩილონ, მათთან საუბრები უარეს შედეგს იღებს. საუბედუროდ, რუსეთს აქვს ისეთი პოლიტიკური კონცეფცია, რომლის მიხედვით, მისი ყველა მეზობელი სახელმწიფო სუსტი და დაუცველი უნდა იყოს, რომ თვითონ იყოს დაცული,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.


 

რატომ არ ჩავიდა პრემიერი დიცსა და დვანში...

 

ოპონენტების ერთ-ერთი პრეტენზია დღევანდელი ხელისუფლების მისამართით ისიც იყო, რომ მაღალი რანგის პირებს საოკუპაციო ზოლზე აღმართული ბარიერები და ამით დაზარალებული ქართული მოსახლეობა არ მოუნახულებიათ. როგორც  ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პრემიერმა რომ მოახერხოს, ყოველთვის ყველგან მივიდეს და ყველას დაწყნარება შეძლოს, რთულია.


„ცუდი არ იქნებოდა, ეს არ იქნებოდა ზედმეტი. არაფერს არ გააფუჭებდა, თუ დამატებით პოზიტივს არ მოიტანდა. გაჭირვებულები ჩვენდა საუბედუროდ არ არიან მხოლოდ დიცში. გაჭირვებულები არიან ყველა კუთხე-კუნჭულში. ცუდი არ იქნებოდა იქ ჩასვლა, მაგრამ თქვენ ერთი რამ გავიწყდებათ და ერთ რამეს ვერ აფასებთ - რამდენი საქმე გვაქვს. რამდენ ადამიანს სჭირდება დამშვიდება და დაწყნარება თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. ათასობით არიან ასეთი ადამიანები. თქვენ რა გინდათ, რომ ყველა ოჯახში ცალკ-ცალკე ვიარო და ვაწყნარო ისინი? ცუდი არ იქნებოდა, კარგი იქნებოდა ჩემი ჩასვლა არა მანდ, არამედ იქ, სადაც ხალხს უჭირს. ეს რომ ვაკეთო მხოლოდ გზაში ვიქნებოდი მთელი დროის განმავლობაში, იმდენი გაჭირვებული გვყავს. მე ათასად ვერ გავიჭრები,“ - აღნიშნა ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას.


პრემიერის მხრიდან დიცისა და დვანის მოსახლეობის პრობლემების შედარება ქვეყანაში არსებულ სხვა    „გაჭირვებულებთან“ ღირებულებების პრობლემად შეაფასა „საქართველოს  რეფორმების ასოციაციის“ დირექტორმა სერგი კაპანაძემ.


„მას აქვს ღირებულებების პრობლემა. არ ესმის, რომ დიცის და დვანის მოსახლეობის გვერდზე დადგომის შედარება ქვეყანაში არსებულ სხვა პრობლემებთან და „გაჭირვებულებთან“, როგორც მინიმუმ, მორალური არ არის. მას არ სჯერა ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის. მისთვის, როგორც ჩანს, ევროპული ინტეგრაცია და ნატო უფრო პრაგმატული გათვლაა, ვიდრე ღირებულება,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და ამჟამად „საქართველოს  რეფორმების ასოციაციის“ დირექტორმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია