დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაიზარდა თუ არა კრიმინალი საქართველოში?
გაიზარდა თუ არა კრიმინალი საქართველოში?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2200
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქვეყანაში არსებული კრიმინალური მდგომარეობა განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარა და რომლის შესახებაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ბოლო დროს მომხდარი დანაშაულების მიუხედავად, მთავრობა ამტკიცებს, რომ კრიმინალი შემცირდა, განცხადების გასამყარებლად სტატისტიკას აქვეყნებს.  მთავრობის ინფორმაციის სანდოობის არ სჯერა ოპოზიციას.  საზოგადოება კი გაძლიერებულ შიშის ფაქტორზე საუბრობს.

 

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული 10 თვის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება.
2014 წლის ოქტომბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2283 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა - 1555. დანაშაულის გახსნის პროცენტია 68,11%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა - 17,94%.

 

2014 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 22086 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა - 14369. დანაშაულის გახსნის პროცენტია 65,06%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,67%.

 

 

 

ბოლო გახმაურებული ფაქტი, რაც ქუთაისში მოხდა, 60 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობაა.

 

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს ქუთაისში ჭახათის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკებისას, ტაქსის მძღოლს, 1954 წელს დაბადებულ ივანე რ-ს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ივანე რ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხედარი მომხდარიდან რამდენიმე საათში ავტომობილში აღმოაჩინა.

 

მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზაზა ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე დღეში დააკავეს.

 

შეიცვალა თუ არა კრიმინალური მდგომარეობა და როგორ აფასებენ არსებულ ვითარებას ქუთაისელები, გაზეთმა „P.S.“-მა მცირე გამოკითხვა ჩაატარა.

 

ია აბშილავა, სტუდენტი: „არ ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრო რა სტატისტიკას აქვეყნებს, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებაში შიშის ფაქტორი გაჩნდა. რაც უმიზეზოდ არ ხდება. ადამიანები ქუჩაში გვიან გამოსვლას ერიდებიან. რა თქმა უნდა, კრიმინალი გაზრდილია. ალბათ, არ აწყობთ ზუსტი მონაცემების გამოქვეყნება და მაქსიმალურად ცდილობენ ფაქტების დამალვას. დროული და სწორი ჩარევაა საჭირო, რომ მდგომარეობა არ გართულდეს. მარტო მაღაზიის ძარცვის რამდენი ფაქტი დაფიქსირდა? იმედია, შესაბამისი სტრუქტურები ვითარების კონტროლს შეძლებენ.“

 

ლელა ჩანქსელიანი, ეკონომისტი: „არ ვთვლი, რომ კრიმინალი გაიზარდა. ყოველ შემთხვევაში, არაფერი ისეთი და იმაზე მეტი არ ხდება, რაც აქამდე არ ხდებოდა. მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო კრიმინალი და ძნელია მასთან გამკლავება. რა თქმა უნდა,  შეუძლებელია ამდენი დაუსაქმებელი ადამიანიდან ყველამ პატიოსნად იცხოვროს. რადგან მათ არსებობა სჭირდებათ, არაა სამუშაო, ვერ საქმდება ხალხი და ქუჩაში გამოდის. ეს არ არის მხოლოდ ამ ადამიანების პრობლემა და დანაშაული. ეს ერთგვარი ჯაჭვია, რაც ქმნის საერთო სურათს. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კრიმინალური მდგომარეობა არ შეცვლილა, მე ისვე ისე გავდივარ ქუჩაში, როგორც ადრე.“

 

თამრიკო კაპანაძე, დიასახლისი: „პირადად მე, გვიან გარეთ გამოსვლის ძალიან მეშინია. ჩვენს უბანში კვლავ გაჩნდა ბირჟები და ე.წ. „ძველი ბიჭები“ ყოველდღე საქმის გარჩევით არიან დაკავებული. ყოველ საღამოს ისმის გინება და ჩხუბის ხმა. ამ ადამიანებისაც მესმის, უსაქმურად არიან, სახლშიც ვერ ჩერდებიან და ისევ ქუჩაში გამოდიან, აგრესიულები არიან. სხვა საშუალება რომ არ აქვთ, ისევ იპარავენ.“

 

ნოდარი, ექიმი: „ექიმი ვარ და ციხეზეც ვმუშაობ. სამწუხაროდ, მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ადრე, თუ ექიმს ადამიანურად ექცეოდნენ, ახლა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ ციხეში მოხვედრილი ადამიანი სტრესშია, შეიძლება ფსიქიკური პრობლემებიც შეექმნას, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მათ გაგებას და დახმარებას. ვიცით, რომ დამნაშავეებიც არიან, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არ მესმის, როდესაც ამბობენ, რომ „მათი დრო მოვიდა“, რას ნიშნავს „მათი დრო“, ან რატომ მოვიდა? და ეს მხოლოდ ციხის პრობლემა არ არის, მსგავს ფაქტებს ქუჩაშიც არაერთხელ შეხვდებით და  გაიგონებთ. სამწუხაროდ, მდგომარეობა მართლაც გართულდა.“

 

ზაზა ცარციძე, მოქალაქე: „ალბათ, არ შეცვლილა. ვთვლი, რომ ისევ ისეთი მდგომარეობაა, რაც იყო. რაღაც სახის  დანაშაულები ყოველთვის ხდებოდა და მოხდება კიდეც. მგონი უფრო ტელევიზიების მიერ ფაქტის არასწორად  გაჩუქება ხდება პანიკის მიზეზი. თუმცა არ ვამბობ, რომ არ უნდა გაშუქდეს. რაც შეეხება ბირჟებს და საქმის გარჩევებს, ქუთაისში და განსაკუთრებით ჩემს უბანში, ყოველთვის იყო და სიახლე არაა. თუმცა საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია