დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სად შევინახოთ გასაღები?
სად შევინახოთ გასაღები?
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 1761
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე

ვის უნდა ჰქონდეს „გასაღები?!“ - ამ კითხვაზე პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის საკმაოდ ცხარე დისკუსია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არა ჩვეულებრივ გასაღებზე, არამედ ფარული მოსმენისათვის განკუთვნილ „გასაღებზეა“ საუბარი. ფარული მოსმენების საკითხი ჯერ კიდევ არ არის მოწესრიგებული. კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებამ ხელისუფლება იძულებული გახადა კვლავ დაეწყო დისკუსია და ახალ-ახალი ინიციატივების შექმნა ამ საკითხზე.

 

ე.წ. გასაღების თაობაზე არსებულ დისკუსიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით მიესალმება. მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ კანონი მალე მომზადდება და მას პოზიციის ჩამოყალიბება ბოლო წუთებში არ მოუწევს.

 

„ვფიქრობ, აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა განსასაზღვრი. პირველი - კანონიერ მიყურადებას უნდა ახორციელებდნენ ამ საქმის პროფესიონალები. მეორე - ნებისმიერი სქემა, რომელიც განიხილება, უნდა გამორიცხავდეს სასამართლოს ნებართვის გარეშე ნებისმიერ მიყურადებას. იმედი მაქვს, ეს დისკუსია კანონის ფორმას მალე მიიღებს და მე არ ვიქნები იგივე ფორსმაჟორული არჩევანის წინ დაყენებული, როგორც წინა შემთხვევაში ვიყავი. მადლობა მინდა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც წინა განხილვის პროცესში ამის იმედი მომცა, რომ ჩემი პოზიციის ჩამოყალიბება საათებსა თუ წუთებში არ მქონდეს გადასაწყვეტი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ფარული მოსმენების მოდელები

 

დღევანდელი მდგომარეობით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტში ორი კანონპროექტია ინიცირებული. ერთი - დეპუტატების: ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის კანონპროექტი, რომელიც ორგასაღებიან სისტემას ითვალისწინებს, სადაც ერთი გასაღები შსს, მეორე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს. მეორე პროექტი არის ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივა და ის ე.წ. გასაღების გადაცემას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას ითვალისწინებს. პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადების შემდეგ, დეპუტატებმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები 1 დეკემბრამდე უნდა შეიტანონ.

 

ფარული მიყურადების კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკანონმდებლო ორგანოს ამ საკითხზე საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივით ორი კვირის წინ მიმართეს. არასამთავრობოების პროექტი ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს ფარული მოსმენის განხორციელება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის (ანუ ოპერატორის) და სასამართლოს დაშვების შედეგად შეეძლებათ. კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“-ის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები დაუშვებლად მიიჩნევენ თუნდაც ერთი გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში დატოვებას.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორი ეკა გიგაურის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ოპტიმალურია მათ მიერვე შემუშავებული მოდელი, როდესაც გასაღები პროვაიდერის და სასამართლოს ხელშია. ისინი არ ეთანხმებიან ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ვარიანტს, ხოლო ხმალაძის მოდელის განხილვას შესაძლებლად მიიჩნევენ.

 

„ბესელიას მოდელი არასამთავრობეობისთვის მიუღებელია, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული მოსმენის ბერკეტი რჩება. ამასთან თუკი მეორე „გასაღები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა და მას ჩავრთავთ პროცესში, ქვეყანაში აღარავინ დარჩება, ვინც ჩვენს პერსონალურ მონაცემებს გააკონტროლებს და მონიტორინგს გაუწევს. ეს არალოგიკური და მიუღებელია. რაც შეეხება ხმალაძის ვარიანტს, კარგია, რომ ე.წ. გასაღები შსს-დან გადის. თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ, უნდა დავფიქრდეთ თუ რა ზეგავლენას მოახდენს მარეგულირებელ კომისიაზე ეს პროცესი. შიში გვაქვს, რომ ეს დამოუკიდებელი ორგანო შესაძლოა, გავლენის ქვეშ მოექცეს. თავიდან ალბათ, მასზე გარკვეული „ზეწოლა“ იქნება შსს-ს მხრიდან, რადგან გარდამავალი პერიოდი მტკივნეულია. თუმცა მაინც ეს მოდელი საინტერესოდ მიგვაჩნია და მასზე მსჯელობა შესაძლებელია,“ - განაცხადა გიგაურმა. მისივე თქმით, პარლამენტში გარკვეული ჯგუფები „სამწუხაროდ, ცდილობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აწყენინონ.“

 

ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი მერაბ ტურავა მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას ისეთი მოდელი, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს მოქალაქეთა პირად თავისუფლებას, მაგრამ იმავდროულად სახელმწიფოს უსაფრთხოება უგულებელყოფილი არ იქნება. ყოფილი მოსამართლე თვლის, რომ  შს სამინისტროსთან ერთად, მეორე გასაღების პერსონალური დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემა პრობლემის გადაწყვეტისთვის ერთდაერთი სწორი გზაა.

 

„ერთი გასაღებით შს სამინიტრო დაიცავს ეროვნულ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე გასაღები, რომელიც იქნება პერსონალური დაცვის ინსპექტორის ხელში, გარანტი იქნება იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არ იქნება ეს გასაღები გამოყენებული არასათანადოდ. შესაბამისად, პერსონალის დაცვის ინსპექტიორი იქნება იმის გარანტი, რომ მოქალაქის პირადი ცხოვრება იქნება ხელშეუხებელი,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ.

 

ექსპერტი მამუკა არეშიძე ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით ორგასაღებიანი სისტემის შემოღებას მიესალმება. მისი თქმით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით შსს ამ საკითხზე პასუხისმგებელი ოფიციალურად უნდა იყოს  - ერთი გასაღები ღიად უნდა ჰქონდეს შსს-ს. რაც შეეხება მეორე გასაღებს, ვის ექნება მეორე გასაღები, ეს საზოგადოებრივი კონსესუსის თემა უნდა გახდეს. „მე წინააღმდეგი არ ვარ პერსონალური სისტემების ინსპექტორის არსებობის, ვთვლი, რომ გარკვეული ხიბლი და ინტერესი ამ ორგანიზაციას აქვს,“ - აცხადებს არეშიძე. მისივე განცხადებით, კერძო ოპერატორების ხელში არსებობს იმის საფრთხე, რომ შეიქმნას ხელოვნურად ასეთი ოპერატორი და ეს ყველაფერი კვლავ უსაფრთხოების სისტემებმა გააკონტროლონ. ამასთან, ექსპერტის აზრით, საქართველოში ერთგასაღებიანი სისტემის დაშვება შეუძლებელია.

 

 

ექსპერიმენტების უფლება არ გვაქვს...

 

 

ე.წ. „გასაღების“ თემაზე გაჩაღებულ დისკუსიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. პრემიერი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარულ მოსმენებზე წვდომა საერთოდ დაკარგოს და მიიჩნევს, რომ ეს შსს-ს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს, დაასუსტებს.

 

„ექსპერიმენტების უფლება არ გვაქვს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც არის აპრობირებული სხვა ევროპულ, თანამედროვე, ცივილიზებულ სახელმწიფოებში. მე არ ვიცი, რატომ ვართ ჩვენ, საქართველო იმაზე უფრო დემოკრატიული, ვიდრე არის საფრანგეთი, ან პოლონეთი, ან ჩეხეთი, ისრაელი ან ამერიკა. დამისახელოს ვინმემ, ვინც არის ამ პროექტის ავტორი, ჭკუათმყოფელი, გამოვიდეს და თქვას, აიღოს პასუხისმგებლობა მაშინ სახელმწიფოს წინაშე. მათი მთავარი მიზანი ეს არის - შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს,“ - განაცხადა პრემიერმა. პრემიერს ეთანხმება ერთ-ერთი კანონპროექტის ავტორი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

 

„სახელმწიფო და შსს, როგორც ინსტიტუცია იყოს პასუხისმგებლობის მატარებელი, რომ მან უსაფრთხოებაზე იზრუნოს, რაც ადამიანის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია და აკონტროლოს ეს ე.წ. საკონტროლო გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, რომელიც არის სწორედ მაკონტროლებელი ინსტიტუტი. რომელიც არ არის პოლიტიკურ ძალებთან გაიგივებული. მას გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე მარეგულირებელ კომისიას და არა მგონია, რომ საქართველოში ჩვენ უნდა ჩავატაროთ ექსპერიმენტები და შემოვიღოთ ის მოდელი, რომელიც არსად, არცერთ ქვეყანაში არ მუშაობს,“ - აცხადებს ბესელია.

 

 

ვისთვის არის მიმზიდველი ესგასაღები?!

 

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ გასაღებს სასამართლოს აკუთვნებს, ხოლო მეორეს - კერძო ოპერატორს,  კითხვის ნიშნები გააჩნია.

„ყველამ კარგად იცის, რომ მოსამართლე არის პროცესის მთავარი მონაწილე, იგი გასცემს ბრძანებას, ამ ბრძანების  გარეშე არ შეიძლება მოსმენის განხორციელება ან თვალყურის დევნება. ამიტომ, ჯერჯერობით, ცოტა რთულად მესახება, რომ პროცესის მთავარი მონაწილე, რომელიც ბრძანებას გასცემს თავად პროცესში, შემდეგ იყოს თავისივე ბრძანების  განმახორციელებელი,“ - განაცხადა კუბლაშვილმა.

 

რაც შეეხება კერძო ოპერატორი კომპანიებისათვის ერთი გასაღების გადაცემას, როგორც აღმოჩნდა, თავად აღნიშნული კომპანიებისათვის ეს მოდელი არც თუ მიმზიდველია. როგორც სააგენტო „პირWელთან“ საუბარში „სილქნეტის“ ინფორმაციული მართვის დირექტორი გიორგი ზღულაძე აცხადებს, ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რომ ინფორმაცია სათანადოდ იყოს დაცული.

 

„თუ დაგვავალდებულებენ, რომ ეს გასაღები იყოს ჩვენს ხელში, იქნება. ჩვენ ამ ეტაპზე მაგისთვის მზად არ ვართ, რომ მით უმეტეს, 1 დეკემბრამდე ეს  გავაკეთოთ. ეს არის დაკავშირებული ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან... ძალიან რთულია, რომ ეს ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახო, ინფორმაციის გაჟონვის საფრთხეა,“ - განაცხადა ზღულაძემ.

 

ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების განკარგვის საკითხს ეხმაურება „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა.“ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფარული მოსმენების ე.წ. „გასაღების“ ოპერატორი კომპანიებისთვის გადაცემა, მიუღებელია როგორც სახელმწიფოს ინტერესების დაცვის, ისე ბიზნესსტრუქტურების ინტერესების თვალსაზრისით.

 

„ამდენად, „აფბა“ მიუღებლად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას, რომ ე.წ. გასაღები მობილურ ოპერატორებს გადაეცეთ. ეს არ შედის არც თავად კომპანიების ინტერესებში და სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხსაც რისკის ქვეშ აყენებს.

 

 

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების კერძო კომპანიებზე მინდობა დაუშვებელია. ბიზნესსაც და სახელმწიფოსაც გააჩნიათ საკუთარი ინტერესები და საქმიანობის სფეროები და არ უნდა ხდებოდეს ამ სფეროების გადაფარვა, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების ბიზნესზე გადაკისრება და პირიქით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია