დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ორგანიზაცია PIN-მა იმერეთში 4 სოციალური საწარმო დააფინანსა
ორგანიზაცია PIN-მა იმერეთში 4 სოციალური საწარმო დააფინანსა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 3965
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

სოციალური საწარმოს განვითარება ადგილობრივი პროდუქციის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას ნიშნავს

 

 

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People in need (PIN) საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები, ძირითადად, განათლებას, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება.

 

ორგანიზაცია PIN ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (ჩეხური განვითარების სააგენტოს) თანადგომით 2012 წლის მაისიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით ახორციელებს სოციალური მხარდაჭერის პროექტს. სწორედ აღნიშნული სოციალური პროგრამის ფარგლებში მოხდა იმერეთის რამდენიმე რაიონის  ჩართვა. ტყიბულის, ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში 4 სოციალური საწარმო დაფინანსდა.   


პროექტის განხორციელების პერიოდში ორგანიზაციამ ოთხი სოციალური საწარმოს დასაფინანსებლად 92 334 ლარი გაიღო. ამ თანხის ფარგლებში  საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ინვენტარი და მოწყობილობები გადაეცათ.

 

სოციალური პროექტის მიზანი არა მხოლოდ საწარმოების დაფინანსება, არამედ პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა. დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას სოციალურად დაუცველთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება წარმოადგენდა.

 

 „პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ საგრანტო კონკურსის საფუძველზე ოთხი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საწარმოს ჩამოყალიბებას და განვითარებას მიაღწია (გამარჯვებულებს გადაეცათ მათი საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარი). აღნიშნულ საწარმოებს, გარდა თავიანთი ბიზნესის განვითარების სურვილისა, ასევე სოციალური პასუხისმგებლობები გააჩნიათ. ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული საწარმოების მეპატრონეები ვალდებულებას იღებენ, დაასაქმონ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და მათ საარსებო მინიმუმის გაზრდის შესაძლებლობა მისცენ,“ განაცხადა პროექტის მენეჯერმა ნათია ახალაიამ.

 

ნათია პროექტის მიერ დაფინანსებული სოციალური  საწარმოების შესახებ დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ სოციალური საწარმოები, რომლებიც იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში გაიხსნა, მოსახლეობას რეალიზების საშუალებას აძლევს.

სოციალური საწარმო „ოკრიბის მზე“.  საწარმო ტყიბულის მუნიციპალიტეტში 7 თვის წინ გაიხსნა. სადაც ამ დროისთვის  11 ადგილობრივია დასაქმებული, მათგან 8 სოციალური სტატუსის მქონეა.  „ოკრიბის მზეში“ დღეში 1000-დან 1500-მდე პურის რეალიზება ხდება. „ოკრიბის მზის“  ფარგლებში პატარა საცხობიც  გაიხსნა, რომელშიც ქართული ლავაში ცხვება. საწარმოს მფლობელი  მომავალში მარკეტისა და კაფეს დამატებას გეგმავს. ასევე მუშაობენ საკონდიტრო მაღაზიის გახსნაზე. დაფინანსების ფარგლებში საწარმოს დამფუძნებლებს პურის საცხობის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი და მოწყობილობები გადაეცათ.

 

სოციალური საწარმო „ფარშევანგი“ - „გაიფერადეთ ღირსშესანიშნავი დღეები, შეცვალეთ სხვისი ცხოვრება“ სოციალურ საწარმო „ფარშევანგს“ სატესტო რეჟიმში ეკონომიკური საქმიანობების 9-თვიანი გამოცდილება გააჩნია. 2014 წლის ივლისამდე ის არასამთავრობო ორგანიზაცია: „საერთაშორისო განათლების და განვითარების აკადემიის“ ქოლგის ქვეშ ფუნქციონირებდა. საწარმო საინიციატივო ჯგუფის სახით 2013 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, ათი სხვადასხვა დიზაინის მისალოცი ბარათი შეიქმნა, რომელთა რეალიზაცია მხოლოდ ქ. ქუთაისში მდებარე საკანცელარიო მაღაზიებში ხდებოდა.

 

დღეისთვის, საწარმო თვეში 2000 ცალ  მისალოც ბარათს აწარმოებს, ხოლო პროდუქციის დისტრიბუცია თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოქმედი 40 მაღაზიის საშუალებით ხორციელდება. 

 

სოციალური საწარმო „ფარშევანგის“ მიზანი ასევე სოციალურად დაუცველი და შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობაა. საწარმოში მინიმუმ 12 პირი, ხოლო მენეჯმენტისა და რეალიზაციის პროცესში - 7  ადამიანი დასაქმდება.

 

პირველსავე წელს პარალელურ რეჟიმში 2 ახალი პროდუქციის:  ქვილინგის ტექნიკით დამზადებული ბლოკნოტებისა და ალბომების წარმოების დანერგვაა დაგეგმილი.

საწარმო ქ. ქუთაისში, წერეთლის მე-5 შეს. ?6-ში ფუნქციონირებს.

 

სოციალური საწარმო „ელისაბედი“  წყალტუბოს რაიონის სოფ. გუმბრაში  ფუნქციონირებს.

 

სოციალური საწარმოს დამფუძნებელია შპს „გოლეთიანი და კომპანია“, რომელსაც თავის მხრივ, მარკეტინგსა და პირდაპირ გაყიდვებში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ასევე გამოცდილება აქვს  ქალთა ჯგუფებთან მუშაობის, მათი ორგანიზების, დატრენინგებისა და მართვის სფეროში.

 

სოციალური საწარმოს  მენეჯმენტს  განახორციელებს 4 ადამიანი. პირველი  წლის განმავლობაში პროექტში  10-15-მდე სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ქალი დასაქმდება. სტაჟირების კურსს  50-დან 80-მდე  ქალი გაივლის.

 

პროექტი მარტოხელა, შშმ და სოციალურად დაუცველი ქალების ჩართვას და ქალთა  ხელითნაკეთობების  საწარმოში  და  მონაწილეთა ოჯახებში დამატებითი შემოსავლების თავმოყრას პროფესიული უნარების ამაღლებას, გადამზადებას, სწავლებას (ქსოვა, ქარგვა, კერვა, საწარმოო მარკეტინგი), ახალი  პროფესიის ათვისებას ითვალისწინებს.

 

 „ელისაბედი“ პროდუქციას  გამოუშვებს ეტიკეტით: „წარმოებულია საქართველოს სოფლებში“  (Made  in Villages of Georgia)  და თან დაურთავს პროდუქციის ავტორების სოციალურ ისტორიებს. საწარმო პროდუქციას გამოუშვებს საფირმო ნიშნით  „ელისსაბედი“  (Elissabed).

 

სოციალური საწარმო „აგროდილერი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ფუნქციონირებს.

 

შპს „აგროდილერი“ 2010 წლის 22 ივნისს დაფუძნდა. „აგროდილერის“ დამფუძნებლები ფონდი „აბხაზინტერკონტი“ და მისი თანამშრომლები არიან, რომელთაც გარკვეული ხვედრითი წილი საწარმოს საწესდებო კაპიტალში გროვდება. „აგროდილერს“ გააჩნია მიწის ნაკვეთი, სათანადო აღჭურვილობა სასათბურე მეურნეობა, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოჰყავთ.

 

„აგროდილერის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი 1250 კვადრატული მეტრის სათბურის აგება და თანამედროვე ტექნოლოგიების (წვეთოვანი ტექნოლოგიები) გამოყენებით მარწყვის დარგვასა და მოყვანას ითვალისწინებს. პროდუქციას თან დაერთვება სპეციალური წარწერა და სპეციალისტის შესაბამისი დასკვნა. საწარმოში 2 იგპ ოჯახიც დასაქმდება.

 

 

***

PIN-ის მიერ საწარმოების ხელშეწყობა, მხოლოდ საგრანტო პირობებით გათვალისწინებული მოწყობილობების გადაცემით არ შემოიფარგლება.

 

ორგანიზაცია მის მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოების თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სახის სემინარებს მართავს. 2014 წლის ოქტომბერში თბილისში მათთვის ორდღიანი სასწავლო ვიზიტი მოეწყო. მონაწილეები აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების მუშაობას  გაეცნენ.

 

თემაზე - „სოციალური და ეკონომიკური შედეგების დაგეგმვა და შეფასება“ ტრენინგს  საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ექსპერტები უძღვებოდნენ.

 

ჩატარებულ ტრენინგებს ერთ-ერთი სოციალური საწარმოს დამფუძნებელი ელისო გოლეთიანი აფასებს.

 

„სხვადასხვა სოციალური საწარმოების საქმიანობის გაცნობა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექპერტების მიერ  ჩატარებული ერთდღიანი ტრენინგი საინტერესო  და  დროული   იყო  საწარმო „ელისაბედისთვის“. ტრენინგი დაგვეხმარა იდეების დალაგებაში, სამეწარმეო და  საზოგადოებრივი აქტივობების  ერთმანეთისგან გამიჯვნაში.“ - განაცხადა სოციალური საწარმო„ელისაბედის“ წარმომადგენელმა ელისო გოლეთიანმა.

 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც საწარმოები დაფინანსდება, რაც თავის თავში ადამიანის დასაქმებას, მათთვის პროფესიის შესწავლას და გადამზადებას გულისხმობს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია